სოფი ეცადაშვილი: “ხელოვნებაში თავისუფლებას საზღვარი არ აქვს”
გააზიარე:
ხელოვანის ხასიათს ყველაზე უკეთესად, რა თქმა უნდა, მისი შემოქმედება წარმოაჩენს. სოფი ეცადაშვილის ნამუშევრები – დახვეწილი სამკაული, ეროვნულ მოტივებზე შექმნილი მინიატურები და ნახატები, უპირველეს ყოვლისა, იმ სიყვარულზე გვიყვება, რომელსაც დიზაინერი თავისი ქვეყნის, მისი ტრადიციებისა და კულტურის მიმართ გრძნობს. მხატვრის თვალით დანახული სამყარო და ნაციონალური შტრიხები, გემოვნებით შერჩეული, ნათელი ფერები და ორიგინალური ფორმები მის შემოქმედებას განსაკუთრებულობას სძენს.
როცა საქმისთვის სიყვარულით იხარჯები, ამას ყველა გრძნობს და აფასებს. პოპულარობა ნიჭთან ერთად სიყვარულსაც მოაქვს. სოფი ეცადაშვილის შემოქმედებამ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი ნამუშევრები არაერთ გალერეაში გამოიფინა და არაერთი ცნობილი ადამიანის კერძო კოლექციაში მოხვდა. მათ შორის არიან კონსტანტინოპოლის პატრიარქი, მონაკოს პრინცი, ფრანგი მსახიობი ფანი არდანი, ტოპმოდელი დებრა შოუ...
– ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში ხელოვნებაზე უკეთესი – პასუხი დღემდე ვერ ვიპოვე. აქ თავსუფლებას საზღვარი არ აქვს, ჩარჩოების გარეშე კი ყველაფერი გაცილებით საინტერესოა.
დიდი ხანია ვქმნი სამკაულს ქართულ მოტივებზე. ეს სკრუპულოზურ შრომას მოითხოვს. ტიხრული მინანქარი შრომატევადი, რთული სამუშაოა: ტიხრების აწყობა, ფერების დადება და რამდენჯერმე გამოწვა, მერე – დამუშავება და გაპრიალება. მაგრამ როცა ვხედავ დასრულებულ ნამუშევარს, ვხედავ იმ ადამიანების რეაქციას, ვისაც ჩემი შრომის ნაყოფი სიხარულს ანიჭებს, დაღლილობა სადღაც ქრება. ეს, ალბათ, ენერგიათა გაცვლაა. უფრო ზუსტად, გაცემით მიღებული ათმაგი სიხარული. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი პროფესიის წყალობით მარტოობა არასოდეს მიგრძნია.
– თქვენი ნამუშევრები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა, როგორც ვიცი, ყველაზე დიდი წარმატება ეროვნულ მოტივებზე შექმნილ სამკაულებს და მინიატურებს ხვდა წილად.
– ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა ნაციონალურ მოტივებზე შექმნილ მინიატურებს – “ჩოხას”, “ხევსურულ ტალავერს”, “ქართულ აბჯარს”, “ხალხურ ინსტრუმენტებს”; ეფექტური აღმოჩნდა ლურჯი სუფრის ორნამენტების სამკაულში გადატანაც, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი პროექტი მაინც “ამბასადორია”, რომელიც ლიეტუვაში მოღვაწე ღირსეულ ადამიანს, საქართველოს ელჩ ხათუნა სალუქვაძეს მივუძღვენი. შევქმენი ძლიერი და, იმავდროულად ნაზი ქალის სახე.
ვხატავ კიდეც, თუმცა მინანქარზე მუშაობას ჩემი დროის უდიდესი ნაწილი მიაქვს. თანამედროვე სტილის სამკაულებსაც ხშირად ვაკეთებ. ვიყენებ მოგზაურობის დროს შეძენილ ქვებს. განწყობას ხშირად ფერებით გამოვხატავ. ფორმასაც განწყობა შთამაგონებს, თუმცა მუშაობის დროს ესკიზი ხშირად შემიცვლია. ამ დროს თავად ნამუშევარი იცვლის მიმართულებას, თითქოს შექმნაში შენთან ერთად რაღაც სხვა ძალაც მონაწილეობს.
დღეს საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების უამრავი შესაძლებლობაა. საზღვრები ღიაა და ყველას შეუძლია, თავისი შემოქმედება უცხოეთშიც წარადგინოს. მინანქრის საერთაშორისო ბიენალეებში ხშირად ვმონაწილეობ. მათ უმეტესად ლიეტუვა მასპინძლობს. ერთ-ერთ ბიენალეზე, ვილნიუსში, ჩემს ნამუშევარს – ქართულ მოტივებზე შექმნილ მინიატურულ სახლს – ლიეტუვის პრიზი გადაეცა. ჩემს გამოფენას კლაიპედამაც უმასპინძლა, სადაც გემების ფესტივალზე გახლდით მიწვეული. იქ ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ. მილანში, არტექსპოზე, კულტურის სამინისტროს ეგიდით გამართულ გამოფენაშიც მივიღე მონაწილეობა – იქ ქართული ლურჯი სუფრა იყო წარმოდგენილი, რომელსაც იუნესკომ მატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სუფრის ორნამენტების სამკაულში გადმოტანის იდეაც წარმატებული აღმოჩნდა. შარშან უზბეკეთში, ქალაქ კოკანდში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე გახლდით, სადაც ქართულმა კუთხემ გამორჩეული მოწონება დაიმსახურა. ნიუ-იორკში, არტექსპოზე, მეგობრებთან ერთად წარვადგინე ნახატები და მინანქარი. მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრები ასეთ ინტერესს იწვევს.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ახალი სერია დავიწყე, რომელიც უმეტესად ბროშებისა და სამაჯურებისგან შედგება. მზისფერი ქარვა და მინანქარი, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კომბინაცაა.
– რა არის საჭირო ხელოვნებაში წარმატების მისაღწევად?
– მთავარია, ზუსტად იცოდე, რა გინდა და არასოდეს დაყარო ფარ-ხმალი, თუმცა ხელოვნებაში ხმლითა და ფარით გზას არ იკვლევენ. აქ უფრო ნებისყოფაა საჭირო. მიმაჩნია, რომ ეს თვისება მეც მაქვს. ჯიუტი ვარ, თავდაუზოგავად ვშრომობ და ვცდილობ, ყოველთვის მართალი ვიყო საკუთარ თავთან, თუმცა ყველაფერს მაინც ვერ ვასწრებ – გონებაში უამრავი იდეა მიტრიალებს, რომელთა განხორციელებას კიდევ ბევრი რესურსი, დრო და ენერგია სჭირდება, ოჯახი, შვილები და ყოვლდღიურობა მაინც თავისკენ მექაჩებიან.
– ოჯახიც გაგვაცანით.
– ორი შვილის დედა ვარ. გოგონა 23 წლისაა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. პარალელურად ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის კონცეპტუალური ქანდაკების ფაკულტეტის სტუდენტია. ვაჟი 16 წლისაა და იმედი მაქვს, პროფესის არჩევისას სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ვცდილობ, კარგი დედა ვიყო, თუმცა ამდენ ქვეყანაში ასე ხშირად მოგზაურობას ალბათ ვერ მოვახერხებდი, ოჯახს ხელი რომ არ შეეწყო. ჩემი ცხოვრება ორ ფრონტზე ბრძოლას ჰგავს, მაგრამ საქმე ჩემი ცხოვრების ნაწილია და ოჯახის წევრები ამას გაგებით ეკიდებიან.
ხელოვნება და ჯანმრთელობა
– ხელოვნება რომ მსხვერპლს მოითხოვს, ეს უბრალო სიტყვები არ არის. მას მართლაც უამრავი ენერგია, შრომა, თავდადება, ემოცია სჭირდება. ზოგჯერ ჯანმრთელობასაც იმსხვერპლებს ხოლმე და მთელ სიცოცხლესაც. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანმა თავი თუ არ გაწირა, მთლიანად არ დაიხარჯა, სამუდამოდ მოყვარულად დარჩება.
პროფესიის გამო ხშირად მიწევს დახურულ სივრცეში დიდხანს ჯდომა. ვცდილობ, ეს ცხოვრების ჯანსაღი წესით გავანეიტრალო. ხშირად დავდივარ ფეხით და ეს ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება. მიხარია, რომ თბილისში უამრავი ველობილიკი გაკეთდა. ეს კიდევ ერთი მიზეზია, ადამიანებმა, მით უფრო – ახალგაზრდებმა, გადაადგილებისთვის ველოსიპედი აირჩიონ.
ჯანმრთელობა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა არ არის, ის სულიერი მდგომარეობაცაა. განწყობა ხშირად, გადამწყვეტ როლს ასრულებს. მიყვარს ბუნების წიაღში ყოფნა – ენერგიით მავსებს და საყვარელი საქმის კეთებაში მეხმარება.
რაზე ვოცნებობ
– ხშირად ვფიქრობ საკუთარ სახელოსნოზე... უკვე გითხარით, რომ ხშირად ვმოგზაურობ – გამოფენებს ვმართავ საზღვარგარეთ – და ეს თვალსაწიერის გაფართოების საშუალებას მაძლევს, რადგან შემიძლია, მოვისმინო უამრავი განსხვავებული ადამიანის შეფასება, ჩემი შემოქმედება მათი თვალით დავინახო.
როცა გაქვს საყვარელი საქმე, გყავს ჯანმრთელი შვილები, ოჯახი, რომელიც სიხარულით გავსებს, როცა გიყვარს და უანგაროდ გასცემ ამ სიყვარულს, როცა სამყაროს მადლიერი ხარ მეგობრებისთვის და ყოველი გათენებული დღისთვის, – ალბათ, ეს არის ბედნიერება. მე თავს სწორედ ასე ვგრძნობ.
თამარ ციბალაშვილი