მულტფილმების გავლენა ბავშვზე
გააზიარე:
ბავშვის გონებრივ და ემოციურ განვითარებაზე, მის ფიქრებსა და განცდებზე, გავლენას ახდენს გარემო, რომელშიც ბავშვი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ატარებს, მისი ყოველდღიური საქმიანობა, ცხოვრებისეული გამოცდილება და ის მძაფრი შეგრძნებები, რომლებიც მას, უკვე ზრდასრულს, წამიერად ისევ ბავშვობაში დააბრუნებს ხოლმე.
მულტფილმები დღევანდელი ბავშვების ყოველდღიურობის ნაწილია. დადგენილია, რომ საშუალოსტატისტიკური ბავშვი, რომელსაც ხელი მიუწვდება ტელევიზორზე, 12 წლამდე საშუალოდ 18 000 საათს ატარებს ეკრანთან.
რა გავლენას ახდენს ეს ბავშვის გონებაზე? რა სახის ინფორმაცია მიეწოდება ბავშვის ტვინს ამა თუ იმ მულტფილმის საშუალებით?
მულტფილმების ჯადოსნობა
მაინც რა ძალა აქვს მულტფილმს, ბავშვს ასე რომ მიაჯაჭვავს ხოლმე ეკრანს? მულტფილმები, უბრალო ენით რომ ვთქვათ, გაცოცხლებული ნახატებია და ამიტომაა, რომ დიდი თუ პატარა თვალს ვერ სწყვეტს. ანიმაციის ტექნიკა კი იმდენად დაიხვეწა, რომ ვერაფრით გავამტყუნებთ ბავშვს, რომელიც მოჯადოებული შესცქერის ეკრანს და მულტფილმის დასრულების შემდეგ კიდევ დიდ ხანს მიჰყვება ემოცია.
მულტფილმების დროა
კვლევებმა აჩვენა, – მაგრამ ალბათ კვლევების გარეშეც გულწრფელად ვაღიარებთ, – რომ ბავშვს მულტფილმს ყველაზე ხშირად მაშინ ვურთავთ, როცა საქმე გვაქვს და არ გვაცდის, ან როცა არ ჭამს. უჭმელი პატარაც კი, თუ მულტფილმს ჩაურთავთ, თვალის დახამხამებაში მოასუფთავებს თეფშს, ამიტომ ამ ხერხს ბევრი მშობელი მიმართავს, მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს, რომ ასე ბავშვს ერთ-ერთ ძნელად მოსაშორებელ ჩვევას უვითარებს.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლიეს ბავშვები, რომლებიც მულტფილმებს უყურებენ და ასეთი მონაცემები მიიღეს:
* 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები კვირაში საშუალოდ 32 საათს ატარებენ ეკრანთან;
* 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები – 28 საათს;
* 12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდების 70%-ს თავის ოთახში აქვს ტელევიზორი. მათ 53%-ს ტელევიზორის ყურებისას მშობელი არ აკონტროლებს.
* ოჯახების 53%-ს ტელევიზორი მუდმივად ჩართული აქვს.
მულტფილმების როლი
UNICEF-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვის ტვინის განვითარებაზე სამი ძირითადი ფაქტორი ახდენს გავლენას:
1. გენებსა და ტვინის განვითარებას შორის ძალიან მჭიდრო კავშირია. მიუხედავად ამისა, მაინც გარემოა მთავარი ფაქტორი, რომელიც ბავშვის ტვინის ამა თუ იმ მიმართულებით ფუნქციობას განაპირობებს.
2. თორმეტ წლამდე ბავშვის ტვინის ფუნქციობა უმთავრესად ფიქრით და წარმოსახვით განისაზღვრება.
3. გონების მიმართულება ადრეულ ასაკშივე ყალიბდება. ამის შემდეგ უკვე შეიძლება ვივარაუდოთ, როგორ მოიქცევა ბავშვი ამა თუ იმ სიტუაციაში, ისევე როგორც ვხვდებით ზრდასრული ადამიანის რეაქციას, რადგან მისი ხასიათის ძირითად თვისებებს ვიცნობთ.
ფსიქოლოგმა შონ ბრაზერსონმა ბავშვის ტვინი ახალაშენებულ სახლს შეადარა, რომელსაც აქვს კედლები, სახურავი და კარ-ფანჯარა, მაგრამ სრულფასოვანი ფუნქციობისთვის კიდევ ბევრი რამ სჭირდება: ელექტროგაყვანილობა, წყალგაყვანილობა, ავეჯი... ეს ყველაფერი ჩვენ თვითონ უნდა შევიძინოთ მაღაზიაში და გავმართოთ. როგორს შევიძენთ და სად დავამონტაჟებთ, ჩვენი გადასაწყვეტია. ამ დროს ან საკუთარ გამოცდილებას ვეყრდნობით, ან სხვისი სახლებიდან ვიღებთ ინსპირაციას, ან კეთილისმსურველთა რჩევებს ვითვალისწინებთ. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ტვინის ჩამოყალიბების პროცესს.
დღევანდელი ბავშვები ძალიან მცირე ასაკიდან იწყებენ ანიმაციური ფილმების ყურებას. შესაბამისად, ეს ფილმები მათი ტვინის ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.
ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე ბავშვის ტვინი გამუდმებით ეძებს ახალ გამოცდილებას. სასიამოვნო გარეგნობის პერსონაჟს, საინტერესო ამბავს, ვიზუალურ და ხმოვან ეფექტებს მასზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია. ხშირად ბავშვი ისე მიეჯაჭვება ხოლმე პერსონაჟს, რომ ბაძავს მეტყველებით, ქცევით, ჟესტებით, ჩაცმის სტილითაც კი. აქედან გამომდინარე, თუ მულტფილმის ფუნდამენტი სიკეთე, მზრუნველობა და სხვების დახმარებაა, საყვარელი პერსონაჟის მიბაძვით ბავშვმა შესაძლოა ბევრი კარგი თვისება შეიძინოს, ისეთებიც კი, რომელთა ჩამოყალიბება სკოლამდელ აღმზრდელობით დაწესებულებებში საკმაოდ რთულია.
განსაზღვრულ სიტუაციაში მოხვედრისას ბავშვი უფრო იოლად გაიხსენებს, როგორ მოიქცა ასეთივე ვითარებაში მისი საყვარელი ანიმაციური პერსონაჟი, ვიდრე მასწავლებლის ან მშობლის თუნდაც ათასჯერ გამეორებულ დარიგებას.
საკუთარი თავიც რომ წარმოვიდგინოთ, რომელიმე ფილმის სიუჟეტი ან კადრი უფრო იოლად ამოგვიტივტივდება გონებაში, ვიდრე ყოველგვარი ვიზუალური თუ ხმოვანი ეფექტის გარეშე მოყოლილი ამბავი.
ამიტომ მშობლები უნდა ვეცადოთ, ის დრო, რომელსაც ბავშვი ეკრანთან ატარებს, უმთავრესად საგანმანათლებლო ხასიათის ანიმაციურ ფილმებს დავუთმოთ. საბედნიეროდ, ისინი მრავლადაა ინტერნეტში. მათი წყალობით ბავშვი ბევრ სასარგებლო თვისებას და უნარს შეიძენს. მხოლოდ მხიარულ ნახატებსა და მუსიკაზე აწყობილი, უშინაარსო ფილმები კი ვერავითარ დადებით გავლენას ვერ მოახდენს ბავშვის ჩამოყალიბებაზე, მხოლოდ უსარგებლო, ზედმეტად მკვეთრი და გაურკვეველი ემოციებით აუვსებს გონებას.
დადებითი ეფექტი
კარგ მულტფილმს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ბავშვისთვის: ასწავლის ზრდილობას, დამჯერობას, მოხუცების პატივისცემას, უმცროსებზე ზრუნვას, გასაჭირში მყოფის დახმარებას, სიმამაცეს, მეგობრობას, გუნდურ თამაშს შურისა და ბრაზის გარეშე.
კარგმა მულტფილმმა ბავშვს შესაძლოა სპორტის ამა თუ იმ სახეობის მიმართაც გაუჩინოს ინტერესი, ასწავლოს, რომ თუ პირველ ცდაზე არ გამოუვიდა, არ დანებდეს და მანამდე სცადოს, სანამ მიზანს არ მიაღწევს.
სწორად შერჩეული მულტფილმი ბავშვს ასწავლის, რატომ არ შეიძლება დიდი სიმაღლიდან გადმოხტომა, ქუჩაზე გადასვლის წესების დარღვევა, რითია საშიში ცეცხლსა და ელექტრობასთან თამაში... გარდა ამისა, საყვარელი გმირის თავგადასავლებიდან მან შესაძლოა ისწავლოს ჭრილობის მოვლა და გადახვევა, ველურ ბუნებაში მოქცევა, კომპასის გამოყენება და დამზადებაც კი, ტივის შეკვრა, კარვის დადგმა და ბევრი სხვა რამ, რაც ცხოვრებაში გამოადგება.
ასე რომ, შეარჩიეთ მულტფილმი იმის მიხედვით, რომელი უნარების განვითარება გსურთ თქვენი შვილისთვის – დაინახავთ, რა ნაყოფიერი იქნება მისი წყალობით ეკრანთან გატარებული დრო.
ვინაიდან ანიმაციური ფილმის გმირს ილუსტრატორი და სცენარისტი საზოგადოდ ადამიანისთვის დამახასიათებელ უარყოფით თვისებებს აშორებენ, საბოლოოდ ბავშვი ეცნობა პერსონაჟს, რომელიც, პატარ-პატარა ნაკლოვანებებისა და შეცდომების მიუხედავად, ყოველთვის სიკეთეს ირჩევს და იმარჯვებს, ეს კი ბავშვის ზნეობრივ განვითარებას, თავისთავად, სწორ მიმართულებას მისცემს.
უარყოფითი ეფექტი
გაითვალისწინეთ ისიც, რომ შესაძლოა მულტფილმმა ბავშვი რეალურ სტრესზე არანაკლებ დააზიანოს. განსაკუთრებით - თორმეტ წლამდე. ზოგიერთი ანიმაციური ფილმი ისეთ ინფორმაციას აწვდის ბავშვს, რომელიც აბნევს მას და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს უშლის, რადგან მულტფილმში მოცემული ვექტორები შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს მშობლებისა და პედაგოგების დარიგებებსა და მითითებებს.
უარყოფითი მესიჯის შემცველი მულტფილმი ბევრია, ამიტომ აუცილებლად უნდა აკონტროლოთ, რას უყურებს ბავშვი, წინასწარ გაარკვიოთ, რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი ესა თუ ის მულტფილმი. შესაძლოა, მის მთავარ მესიჯს სულაც არ ჰქონდეს უარყოფითი შინაარსი, მაგრამ მოვლენები ბავშვის ასაკისთვის შეუფერებლად იყოს ახსნილი და წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში ბავშვს გაუჭირდება იმის გააზრება, რა ნახა და შესაძლოა დაითრგუნოს. მეტიც - ვერც კი გაიგოს, რა იყო მულტფილმის მთავარი სათქმელი.
უარყოფითი პერსონაჟის გმირად გამოყვანამ შესაძლოა ბავშვს დაუმსხვრიოს წარმოდგენა იმის შესახებ, რა არის კარგი და რა – ცუდი, აგრესიულად განაწყოს მშობლებისა და მასწავლებლების მიმართ, რადგან ისინი სხვანაირად არიგებენ, მისი საყვარელი გმირი კი სხვანაირად იქცევა, შეუცვალოს დამოკიდებულება ოჯახის წევრების, მეგობრების თუ საყვარელი ნივთების მიმართ. თუ შეამჩნიეთ, რომ რომელიმე მულტფილმმა ბავშვზე ასეთი გავლენა მოახდინა, ნელ-ნელა სცადეთ სიტუაციის გამოსწორება. ესაუბრეთ, ჰკითხეთ, რატომ მოსწონს ეს გმირი, რამ მოახდინა მასზე შთაბეჭდილება, მისი აზრით, როგორ გრძნობენ თავს ადამიანები, რომლებსაც მისი საყვარელი პერსონაჟი უსამართლოდ მოექცა, მოეწონებოდა თუ არა, თავად რომ მოქცეოდნენ ასე. თუ ბავშვი აგრესიულად გპასუხობთ, საუბარს ნუ დააძალებთ, მაგრამ როცა მულტფილმის ყურების დრო მოვა, სხვა ფილმი შესთავაზეთ, შეურჩიეთ ისეთი, რომელიც დადებით გზავნილს ავრცელებს, რომელშიც სწორი კუთხითაა ნაჩვენები ყველაფერი ის, რის მიმართაც ბავშვს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
ძალადობა
მულტფილმში ასახული ძალადობის ყველაზე ნათელი მაგალითი ალბათ ტომისა და ჯერის მუდმივი ქიშპობაა: ჯერი ტომს თავში ბეისბოლის ჯოხს ურტყამს, ტომი რეტიანდება, თუმცა რამდენიმე წამში გონს მოდის და ისევ მისდევს ჯერის.
როგორ მოქმედებს მსგავსი სცენები ბავშვზე?
მათი ყურებისას მოვლენების ორი სცენარით განვითარებაა მოსალოდნელი.
პირველ შემთხვევაში ბავშვს ეცვლება წარმოდგენა სწორსა და არასწორზე; თუ აქამდე პირადი გამოცდილებით იცოდა, რომ თავში მძიმე საგნის ჩარტყმა მტკივნეულია და ამაში სასაცილო არაფერია, ახლა ხედავს, რომ ეს სახალისო ყოფილა და ტომიც შესანიშნავად გრძნობს თავს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ თანატოლს თავში სათამაშოს ჩაარტყამს გასართობად, ხოლო როდესაც მისი მეგობარი ან იმავეთი უპასუხებს, ან ატირდება – დაიბნევა: რატომ არ მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მის საყვარელ მულტფილმში ხდება?
წარმოდგენები მეორე შემთხვევაშიც იცვლება, მაგრამ საპირისპირო ნიშნით: აქამდე ბავშვს ეგონა, რომ თავში ჩარტყმით სხვა ადამიანს ატკენდა, მაგრამ, გამოდის, ასე არ ყოფილა; იქნებ არც მოფერებაა ისეთი სასიამოვნო, როგორიც ეგონა, იქნებ კოცნითაც აწყენინოს დედას? და ბავშვმა შესაძლოა საკუთარი ქმედებების გადაჭარბებული კონტროლი დაიწყოს, რადგან უკვე აღარ ეცოდინება, რა რეაქცია მოჰყვება თითოეულ მათგანს.
ეცადეთ, მოარიდოთ ბავშვები ძალადობის სცენებს. შეძლებისდაგვარად მიაქციეთ ყურადღება, რას უყურებენ. აკონტროლეთ ასაკობრივი ზღვარი. იკითხეთ მშობლების შეფასებები ამა თუ იმ მულტფილმის შესახებ, თუ თავად არ გინახავთ და ყოველი მულტფილმის ნახვის შემდეგ ესაუბრეთ ბავშვს, მოაყოლეთ, რა მოეწონა, რა – არა, რა ისწავლა და რით იყო ეს მულტფილმი მისთვის მნიშვნელოვანი.
ლიკა ქათამაძე