შუადღის ძილი

გააზიარე:

ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის ძილი აუცილებელია. სრულფასოვნად გამოსაძინებლად პატარებს ღამის ძილი არ ჰყოფნით, ხშირად შუადღისით დაძინებაც სჭირდებათ.

შუადღის ძილი:

* უზრუნველყოფს ფიზიკურ და გონებრივ დასვენებას დღის განმავლობაში, რაც ადრეული ასაკის ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

* იცავს ბავშვს გადაღლისგან. გადაღლილი ბავშვი ღიზიანდება და, შესაბამისად, ღამით ჩაძინება უჭირს.

* მშობლებს საშუალებას აძლევს, დაისვენონ და მიხედონ საოჯახო საქმეებს, რასაც ბავშვთან ერთად ვერ ახერხებენ.

შუადღის ძილის საჭიროება ასაკის მიხედვით

რამდენ ხანს უნდა ეძინოს ბავშვს შუადღისას? – საყოველთაო ნორმა არ არსებობს. გააჩნია ბავშვის ასაკს, მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და იმასაც, რამდენ ხანს სძინავს ღამით. მაგალითად, ერთ ბავშვს ღამით შესაძლოა 13 საათი ეძინოს, დღისით კი სულ რამდენიმე წუთით ხუჭავდეს თვალებს, ხოლო მეორის ღამის ძილი სულ 9 საათი გრძელდებოდეს, სამაგიეროდ, დღისით იძინებდეს 2-3 საათით – საბოლოო ჯამში, ორივე ბავშვი გამოძინებული და დასვენებული იქნება.

თუმცა მაინც არსებობს საორიენტაციო ნიშნულები ასაკის მიხედვით:

დაბადებიდან 6 თვემდე

ჩვილებს დღე-ღამეში 14-18 საათი უნდა ეძინოთ. ახალდაბადებულ პატარას ფაქტობრივად სულ სძინავს, მხოლოდ 2-3 საათში ერთხელ იღვიძებს და ჭამას ითხოვს. 4 თვის ასაკისთვის ძილის რუტინა შედარებით სტაბილური ხდება. პატარების უმეტესობას ღამით 9-12 საათი სძინავს, მხოლოდ მცირე ხნით იღვიძებს კვებისთვის, ხოლო დღის განმავლობაში 2-3-ჯერ იძინებს, თითოეულ ჯერზე – 30 წუთიდან 2 საათამდე.

6 თვიდან წლამდე

ამ ასაკის პატარებს დღე-ღამეში 14 საათი სძინავთ. ეს დრო მოიცავს ორ შუადღის ძილს, რომელიც ზოგი ბავშვისთვის 20 წუთი გრძელდება, ზოგისთვის კი რამდენიმე საათი. ამ ასაკში ბავშვების უმეტესობა ღამით საჭმელად აღარ იღვიძებს, მაგრამ შესაძლოა გაუჩნდეთ მშობლის გარეშე ძილის შიში, რაც ძილის დარღვევას უწყობს ხელს.

1-დან 3 წლამდე

ამ ასაკის ბავშვებს 12-14 საათი უნდა ეძინოთ, რაც მოიცავს შუადღის ძილსაც, რომელიც 1-დან 3 საათამდე გრძელდება. შესაძლოა, დღისითაც დაიძინონ, ორჯერაც კი, მაგრამ ეცადეთ, დღის ძილი ღამის ძილთან მეტისმეტად ახლოს არ იყოს, რადგან თუ საკმარისად არ დაიხარჯა, პატარას ღამით ჩაძინება გაუჭირდება.

3-დან 5 წლამდე

ამ ასაკის ბავშვებს ღამით დაახლოებით 11-12 საათი სძინავთ. ამას ემატება ერთი დღის ძილიც, რომელსაც 5 წლისთვის ბავშვების უმეტესობა გადაეჩვევა. 

5-დან 12 წლამდე

სასკოლო ასაკის ბავშვებს 10-11-საათიანი ღამის ძილი სჭირდებათ. დღისით უმეტესობა აღარ იძინებს, თუმცა ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა ისევ დასჭირდეს შუადღის ძილი და თუ დღის განმავლობაში ამის საშუალება არ აქვს, უმჯობესია, ღამით ჩვეულებრივზე ადრე დააწვინოთ დასაძინებლად.

როგორ მივხვდეთ, სჭირდება თუ არა ბავშვს შუადღის ძილი

ზოგიერთ მშობელს შუადღის ძილი არც ისე მნიშვნელოვნად მიაჩნია, მაგრამ დადასტურებულია, რომ მისი ნაკლებობა უარყოფითად აისახება ბავშვის არა მარტო განწყობაზე, არამედ საერთო განვითარებაზეც.

დააკვირდით:

* დღის განმავლობაში ძილმორეული, მოთენთილი ხომ არ გეჩვენებათ ბავშვს;

* განსაკუთრებით გაღიზიანებული ხომ არ გეჩვენებათ შუადღისას;

* დილით გაღვიძება ხომ არ უჭირს;

* ყურადღება ხომ არ ეფანტება, ადვილად ხომ არ ბეზრდება დაწყებული საქმე;

* ხომ არ უჭირს საშინაო დავალებაზე ან სხვა საქმიანობაზე ყურადღების კონცეტრირება.

თუ ამ კითხვებიდან ორს მაინც დადებითად უპასუხეთ (იმ პირობით, რომ ბავშვს არ აქვს ჯანმრთელობის დარღვევა, რომელმაც შეიძლება აღნიშნული პრობლემები გამოიწვიოს), აშკარაა, ძილი აკლია და მისი ძილის რეჟიმი უნდა გადაიხედოს.

ძილის რუტინა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები

კარგი ძილის საიდუმლოს გასაღები არცთუ ისე ძნელი საპოვნელია. ყველაზე ხშირად ეს არის რუტინა, რომელიც, სასურველია, ბავშვს ადრეულ ასაკშივე ჩამოვუყალიბოთ და რაც შეიძლება იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გადავუხვიოთ. თუ შეამჩნიეთ, რომ ჩვილი უაზროდ ტირის და თვალებს ისრესს, საწოლში ჩააწვინეთ. მაშასადამე, იმ დროს, როდესაც ეძინება და არა იმ დროს, როდესაც უკვე სძინავს. ამით ბავშვს დამოუკიდებლად ჩაძინებას მიაჩვევთ. წყნარი მუსიკა, სუსტი სინათლე, ძილისპირული, ზღაპარი ბავშვს დაამშვიდებს და ძილისთვის მოამზადებს.

სკოლამდელი ასაკის ბავშვის დღისით დაძინება კი ხშირად ტანჯვაა. ბავშვების უმეტესობას სძულს ძილი და რაც ძალი და ღონე აქვს, ებრძვის თავს, რომ არ ჩაეძინოს და არაფერი გამოტოვოს, მაშინაც კი, როცა თვალები ეხუჭება. თუ თქვენი ბავშვიც ასეთია, ნუ მოიქცევით ისე, რომ შუადღის ძილის რუტინა ბრძოლის ველს დაემსგავსოს – ეს მხოლოდ გააუარესებს საქმეს. ნუ დააძალებთ ბავშვს დაძინებას, უბრალოდ, დაუწესეთ სიმშვიდის საათი, რომლის განმავლობაშიც არც ირბენს, არც ვირტუალურ თავგადასავალში გადაეშვება, არც ტელევიზორს უყურებს; ნაცვლად ამისა, დაჯდება და წიგნს წაიკითხავს ან რომელიმე მშვიდი თამაშით შეიქცევს თავს. გაოცდებით, რა ადვილად შეიძლება სიმშვიდის საათმა ბავშვს ძილი მოანდომოს. მაგრამ რომც არ მოხდეს ასე, ბავშვი მაინც დაისვენებს, რაც აუცილებელია მისი გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის.

თუ ბავშვი კატეგორიულ უარი ამბობს შუადღის ძილზე და ვერც სიმშვიდის საათს ატარებთ ძალდატანების გარეშე, უმჯობესია, ღამით ადრე დაძინების საკითხი განიხილოთ.

ბევრი მშობელი ბავშვს შუადღისით არ აძინებს, რადგან ეშინია, ვაითუ ღამით აღარ დაიძინოსო, მაგრამ სანამ სამუდამოდ იტყოდეთ უარს შუადღის ძილზე, გაიხსენეთ, რომ კარგად დასვენებული ბავშვის დაძინება უფრო ადვილია, ვიდრე ემოციურად გადაღლილისა. ემოციურად გადაღლილი ბავშვები ვერ ისვენებენ, უჭირთ ჩაძინება და ჩაძინებულებსაც კი ხშირად ეღვიძებათ მოზღვავებული ემოციების გამო.

მაგრამ თუ მიგაჩნიათ, რომ შუადღის ძილი თქვენს ბავშვს ნამდვილად უშლის ხელს ღამით ჩაძინებაში, შეგიძლიათ, დილით ჩვეულებრივზე ადრე გააღვიძოთ, შუადღისას შედარებით ადრე დააძინოთ და ძილის ხანგრძლივობაც ოდნავ შეამციროთ. ერთი სიტყვით, ბავშვს ისე მოარგეთ შუადღის ძილის რუტინა, რომ შუადღის ძილზე საერთოდ უარის თქმა არ მოგიწიოთ, რადგან ის ნამდვილად მნიშვნელოვანია და არც ისე გამოგივიდეთ, რომ დღისით გამოძინებულ ბავშვს ღამის ძილი გაუტყდეს. ეცადეთ, იპოვოთ ოქროს შუალედი.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: