ჩვილი იზრდება - სიცოცხლის მეოთხე-მეშვიდე თვე

გააზიარე:

ბავშვის ცხოვრების პირველი სამი თვე ნამდვილი სასწაულია მშობლებისთვის: თქვენ თვალწინ ვითარდება მისი პიროვნება, ხედავთ მის პირველ ღიმილს, გესმით მისი კისკისი, ღუღუნი და პირველი მარცვლები...

ოთხი თვის ასაკისთვის ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული აქვს კვების, ძილის, თამაშისა და ბანაობის განრიგი, ღამის ძილიც უკვე მოწესრიგებული აქვს. ეს რუტინა საშუალებას გაძლევთ, საკუთარი თავისთვისაც გამონახოთ დრო.

ოთხი თვიდან სიახლეების ახალი კასკადი იწყება: ჩვილი უფრო და უფრო უკეთესად ივითარებს კოორდინაციას, სწავლობს სათამაშოზე მოჭიდებას, გადაბრუნებას, ცდილობს წამოჯდომას და ხოხვასაც კი. სიცოცხლის პირველი თვეებისგან განსხვავებით, მისი ქმედებები არა რეფლექსური, არამედ გააზრებულია. ის იწყებს ემოციებისა და სურვილების გამოხატვას. მაგალითად, ადრე თუ მხოლოდ შიმშილისა და დისკომფორტის გამო ტიროდა, ახლა შესაძლოა იმის გამო ატირდეს, რომ სხვა სათამაშო უნდა და არა ის, რომელიც მიეცით.

როცა პატარა 5-6 თვისა გახდება, მიხვდებით, რომ აღზრდის იდეალური მეთოდი არ არსებობს, რომ ყველა ბავშვს თავისებური მიდგომა სჭირდება – რაც ჭრის ერთთან, მეორესთან შესაძლოა არ გამოგადგეთ.

ფიზიკური განვითარება

ზრდა

ოთხიდან შვიდ თვემდე ბავშვი ყოველთვიურად 450-550 გრამს მოიმატებს. მერვე თვისთვის უკვე საწყის წონაზე 2,5-ჯერ დიდი იქნება. ძვლები ამ პერიოდში სწრაფად იზრდება – სიგრძე 5 სმ-ით იმატებს, ხოლო თავის გარშემოწერილობა – 2,5 სმ-ით. ეს, რა თქმა უნდა, საშუალო მაჩვენებლებია, ყველა ბავშვი ერთი და იმავე ტემპით არ იზრდება, მაგრამ თუ ამ მაჩვენებლებს მეტისმეტად ჩამორჩა ან გადააჭარბა, აუცილებლად მიმართეთ კონსულტაციისთვის პედიატრს.

მოძრაობა / კოორდინაცია

მესამე თვის ბოლოს ბავშვს უკვე იმდენად კარგად ჰქონდა განვითარებული თვალებისა და კისრის მამოძრავებელი კუნთები, რომ შეეძლო, საინტერესო საგნებისთვის თვალი გაეყოლებინა. ახლა ახალი ცვლილების დროა – კისრის, ტორსისა და მუცლის კუნთები კიდევ უფრო განვითარდება და პატარა წამოჯდომას ეცდება. თავდაპირველად თავს წამოსწევს მუცელზე წოლისას, მერე იდაყვებს დაეყრდნობა და მკერდს ასწევს. შეგიძლიათ, ავარჯიშოთ – დააწვინოთ მუცელზე, ხელები სახის გასწვრივ დააწყობინოთ და სახესთან მისთვის საინტერესო ნივთი მიუტანოთ, ან ეს ვარჯიშები სარკის წინ ჩაუტაროთ (ამ ასაკის პატარებს ძალიან საინტერესო ეჩვენებათ საკუთარი გამოსახულება). მისთვის ეს ერთსა და იმავე დროს თამაშიც იქნება და ვარჯიშიც.

ამ პერიოდში პატარები გადაგორებასაც იწყებენ – მუცლიდან ზურგზე ან ზურგიდან მუცელზე. ზოგი ჯერ მუცლიდან ზურგზე გადატრიალებას სწავლობს, ზოგი კი – პირიქით.

როცა პატარას კისრის კუნთები კარგად განუვითარდება, შეგიძლიათ, წამოჯდომაში ავარჯიშოთ (თუ რამე სამედიცინო უკუჩვენება არ არსებობს). ზურგს უკან ბალიში ამოუდეთ, რომ ბალანსირება შეძლოს და თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ წამოსვით. შეეცადეთ, ამ მდგომარეობაში დიდხანს გაართოთ – ეთამაშეთ, უმღერეთ, მოეფერეთ ან უბრალოდ ელაპარაკეთ.

მხედველობა

ბავშვის მხედველობის ხარისხი პროგრესულად უმჯობესდება, რაც საფუძვლად ედება მის მოტორულ და გონებრივ განვითარებას. რა თქმა უნდა, პატარები დაბადებიდანვე ხედავენ, მაგრამ მხედველობა სრულყოფილად 7-8 თვის ასაკისთვის უყალიბდებათ.

ბავშვი ოთხი თვიდან იწყებს ფერთა სრული გამის გარჩევას, მოსწონს კაშკაშა ფერები და მათი კონტრასტული შეხამება. გაითვალისწინეთ ეს სათამაშოსა თუ წიგნის შერჩევისას.

4-5 თვის ასაკისთვის მხედველობის არეალი რამდენიმე მეტრს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარა რამდენიმე მეტრზე იდეალურად ხედავს საგნებს. ამ დროისთვის თვალების მოძრაობაც უფრო კოორდინირებულია და ბავშვს აღარ უჭირს სწრაფად მოძრავ საგნებზე დაკვირვება, პირიქით – დიდი ინტერესით აკვირდება მათ. კარგი იქნება, თუ საწოლზე ან მანეჟში ფერად სათამაშოებს ჩამოუკიდებთ ან სპეციალურ სარკეს დაუმაგრებთ – საკუთარი ანარეკლის ყურება ძალიან გაართობს. სარკეში საკუთარი თავისა და მოძრაობების აღქმა მნიშვნელოვანი თამაშ-ვარჯიშია, რომელიც გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს.

ხუთი თვიდან, როცა პატარა უფრო აქტიური გახდება, ერთი და იმავე საგნის ყურება მობეზრდება. ამ დროს უმჯობესია ხელით ატაროთ და გარემო ათვალიერებინოთ, არა მარტო შინ, არამედ გარეთაც; უცხო საგნები დაანახოთ და დაუსახელოთ (მაგალითად: „შეხედე, ძაღლი/კატა!“ ან „ნახე, წითელი მანქანა!“).

მეტყველება

მეტყველებას ბავშვი ეტაპობრივად სწავლობს. სიცოცხლის პირველ თვეებში ის იღებს ინფორმაციას ენასა და მეტყველებაზე, კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. თავდაპირველად მას უფროსების ხმის ტემბრი და მელოდიურობა იზიდავს, თანდათან გარშემო მყოფთა მეტყველების ინდივიდუალურ შტრიხებსაც არჩევს, აღიქვამს ხმოვნებსა და თანხმოვნებს, მარცვლებს და სიტყვებს და მისი მეტყველებაც ნელ-ნელა დანაწევრებული ხდება.

განვითარების ახალ ეტაპზე კი პატარები უკვე ბგერების გამოცემას სწავლობენ. თუ პირველ თვეებში მათი მეტყველება ტირილითა და ღუღუნით შემოიფარგლებოდა, ახლა ისინი მშობლიური ენისთვის დამახასიათებელ რიტმულ ლუღლუღს იწყებენ. თუ მათ "საუბარს" დაუკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ინტონაციასაც ცვლიან – კითხვითს ან ბრძანებითს  იყენებენ. აუცილებლად წაახალისეთ და შესაბამისი პასუხი გაეცით. ასევე დაუკვირდით, რომელ მარცვლებს წარმოთქვამს და ისეთი სიტყვები უთხარით, რომლებიც ამ მარცვლებისგან შედგება (მაგალითად, თუ პატარა ამბობს "ბა-ს", უთხარით: "ბაბუა", "ბალახი", "ბავშვი"...).

გონებრივი განვითარება

პატარები სიცოცხლის პირველივე წუთებიდან იწყებენ გარე სამყაროს შესწავლას, ხოლო როცა რამე სიამოვნებთ ან არ სიამოვნებთ, შესაბამისი რეაქცია აქვთ.

ოთხი-ხუთი თვის ასაკისთვის ბავშვი მიზეზშედეგობრივი კავშირების აღქმასაც იწყებს. ეს შემთხვევით ხდება: როცა საყვარელ სათამაშოს გააჩხაკუნებს, მიხვდება, რომ აქეთ-იქით ქნევისას ის ხმას გამოსცემს, რაც შესაძლოა მოეწონოს და მის საყვარელ თამაშად იქცეს.

როცა მიხვდებიან, რომ გარემოზე ზემოქმედება შეუძლიათ, პატარები იწყებენ ექსპერიმენტებს. მაგალითად, კოვზს იატაკზე აგდებენ და აკვირდებიან, რა რეაქცია ექნება მშობელს. შესაძლოა, ეს ექსპერიმენტები თქვენთვის გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია. გაბრაზების ნაცვლად ეცადეთ, ეს თამაშად აქციოთ, ოღონდ ნუ ჩაუგდებთ ხელში მსხვრევად ნივთებს, ნურც იმდენად პატარას, რომ გადაეყლაპოს.

ზრუნვა

საკვები

ოთხ თვემდე ბავშვის რაციონი დედის რძისგან ან ადაპტირებული ნარევისგან შედგება. ოთხიდან ექვს თვემდე კი შეგიძლიათ, პატარას მყარი საკვებიც გაასინჯოთ. იმისთვის, რომ ბავშვი კოვზით ჭამას და უცნობ გემოებს შეეჩვიოს, დროა საჭირო.

ბავშვებს ენის ბიძგების რეფლექსი აქვთ, რაც იმას გულისხმობს, რომ პირში მოხვედრილ ყველა საგანს ენის ბიძგებით აგდებენ გარეთ. ეს რეფლექსი ოთხ თვემდე ნარჩუნდება, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა ის უფრო გვიანაც ქრება.

კვების მომდევნო ეტაპზე გადასვლა რომ გაიადვილოთ, შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:

* ლუკმა არ რომ გადასცდეს, პატარა მჯდომარე გამოკვებეთ.

* თუ ჭირვეულობს და პირს იბრუნებს, ნუ დააძალებთ. რამდენიმე დღით დაუბრუნდით რძეს ან ნარევს, მერე კი ხელახლა სცადეთ ბავშვის კოვზით გამოკვება.

* გამოიყენეთ პატარებისთვის განკუთვნილი რეზინის კოვზები, რათა ღრძილების დაზიანება თავიდან აიცილოთ. დასაწყისისთვის პატარა ზომისა შეარჩიეთ.

* ელაპარაკეთ ჭამის დროს, ყოველ ლუკმაზე წაახალისეთ (ყველას გახსოვთ "მატარებელი");

* უმჯობესია, ბავშვი ნაბიჯ-ნაბიჯ მიაჩვიოთ მყარ საკვებს – პირველ ხანებში ცოტა ხანს ძუძუ მოაწოვეთ (ან ნარევი მიეცით), მერე რამდენიმე კოვზი ახალი საკვები აჭამეთ, ბოლოს კი ისევ ძუძუ აწოვეთ (ან ბოთლით გამოკვებეთ). ლუკმების რაოდენობას თანდათან გაზრდით და საბოლოოდ პატარაც შეეჩვევა ახალ საკვებს.

* ყოველი ახალი საკვები განცალკევებით მიეცით და 3-4 დღე დააკვირდით. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მშვიდად ჩართეთ ეს კერძი ბავშვის რაციონში. თუ რომელიმე პროდუქტზე ღებინება ან დიარეა დაეწყო ან გამონაყარი გაუჩნდა, ნუღარ მისცემთ და პედიატრს დაუკავშირდით.

მყარ საკვებზე გადასვლის პერიოდში, 2-3 თვის განმავლობაში, ბავშვის რაციონს უნდა შეადგენდეს დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი, ბურღული, ბოსტნეული, ხილი, ხორცი და ეს ყოველივე სამ ჯერზე უნდა იყოს განაწილებული.

როცა ბავშვი დამოუკიდებლად ჯდომას ისწავლის, შეგიძლიათ მისცეთ ხელით საჭმელი საკვები, რომელიც ნერწყვს ადვილად შეერევა, დარბილდება და ადვილად გადავა საყლაპავში – პურის გული, რბილი გალეტი, ბურბუშელა, ასევე – ხილი: ბანანი, რბილი ატამი, მარწყვი, საზამთრო, ნესვი, ავოკადო, მანგო, მსხალი.

* ბოსტნეული – სტაფილო, კარტოფილი, გოგრა – უმთავრესად წყალში ან ორთქლში მოხარშული აჭამეთ.

* ნუ მისცემთ ისეთ საკვებს, რომელსაც დაღეჭვა სჭირდება, თუნდაც კბილები უკვე ჰქონდეს. ნუ დატოვებთ მარტოს კვებისას.

ძილი

ბავშვების უმეტესობა 4-5 თვის ასაკში დღის განმავლობაში ორჯერ იძინებს. საზოგადოდ, უმჯობესია, პატარას სურვილისამებრ ეძინოს, თუ დღის განმავლობაში ხანგრძლივი ძილი ღამის უწყვეტ ძილს არ უშლის ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში უმჯობესია, შუადღის ძილის ხანგრძლივობა შეუმციროთ.

ამ პერიოდში პატარები უფრო აქტიურები ხდებიან, ამიტომ მათი დამშვიდება და ძილისთვის მომზადება უფრო რთულია, ვიდრე ადრეულ ასაკში. ამის გასაადვილებლად შეიმუშავეთ ძილის რუტინა ბავშვის ხასიათის გათვალისწინებით – ძილის წინ მიაღებინეთ თბილი აბაზანა, გაუკეთეთ დამამშვიდებელი მასაჟი, წაუკითხეთ წიგნი, უმღერეთ იავნანა. პატარას ძილის წინ კვებაც (ძუძუთი, ბოთლით) ამშვიდებს და ჩაძინებაში ეხმარება. გახსოვდეთ, რიტუალი მანამდე უნდა დაიწყოთ, ვიდრე პატარა დაღლილობისგან ზედმეტად აღეგზნება. მომავალში ეს რიტუალი მის ცნობიერებაში მჭიდროდ დაუკავშირდება ძილს, რაც დამშვიდებასა და ჩაძინებაში დაეხმარება.

5-6 თვის ასაკში, როცა საბოლოოდ შეაჩვევთ რუტინას, თავის საწოლში ჩააწვინეთ, რომ დამოუკიდებლად დაძინება ისწავლოს. უსურვეთ ტკბილი ძილი (უმღერეთ, მოეფერეთ) და ოთახიდან გადით. თუ წამოიტირა, დახედეთ – დაანახეთ, რომ იქვე ხართ, რათა თავი მიტოვებულად არ იგრძნოს, მოეფერეთ და ისევ გადით ოთახიდან. თავიდან გაგიჭირდებათ, მაგრამ თუ მოინდომებთ, ბავშვი ნელ-ნელა შეეჩვევა დამოუკიდებლად დაძინებას.

კბილები

კბილების ამოჭრა 4-6 თვის ასაკში იწყება, მაგრამ თუ დაგვიანდა, არ შეშინდეთ – ყველა ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება.

ამ დროს პატარები ჩვეულებრივზე მეტად არიან გაღიზიანებულები, უფრო ხშირად ტირიან, შესაძლოა, ჰქონდეთ ტემპერატურაც (38-38,3 გრადუსამდე), უძლიერდებათ ნერწყვდენა და უნდებათ რამე მყარის ღეჭვა.

დისკომფორტის მოსახსნელად შეგიძლიათ ნაზად დაუზილოთ ღრძილები, მისცეთ რეზინის სპეციალური სათამაშოი. ღრძილებზე წასასმელ მალამოს სპეციალისტები არ გვირჩევენ – ძლიერი ნერწყვდენის გამო ის ადვილად ჩამოირეცხება, შეიძლება, ბავშვს ზომაზე მეტი გადაეყლაპოს და აწყინოს.

თუ ტემპერატურა 38,3 გრადუსს ასცდა, შესაძლოა, ეს კბილების ბრალი არც იყოს. ამ შემთხვევაში უმჯობესია ექიმს დაუკავშირდეთ.

რაც შეეხება კბილების მოვლას, შეგიძლიათ, გაუხეხოთ ჩვილებისთვის განკუთვნილი რბილი ჯაგრისით. ეცადეთ, კბილების გამოხეხვის გარეშე არ დააძინოთ, ვინაიდან ღრძილებზე შერჩენილი საკვები ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციებისთვის ხელსაყრელი ნიადაგია.

დისციპლინა

რაც უფრო მოძრავი და ცნობისმოყვარეა თქვენი პატარა, გარე სამყაროს გაცნობის მით უფრო ძლიერი მოთხოვნილება უჩნდება. ეს კარგია მისი განვითარებისა და თვითშეფასებისთვის და უნდა წავახალისოთ, მაგრამ ამ თავგადასავალში ბევრი ხიფათია. მაგალითად, როცა სურს, ყვავილს გემო გაუსინჯოს, ცხელ ჩაიდანს მოჰკიდოს ხელი ან შეამოწმოს, შინაურ ცხოველს ყურები და კუდი ხომ არ სძვრება.

პირველი ექვსი თვის განმავლობაში ადვილია, ყურადღება სხვა გასართობზე გადავატანინოთ. დისციპლინის სხვა მეთოდები არ გამოდგება, ვიდრე ბავშვის მეხსიერება საკმარისად დიდი არ გახდება საიმისოდ, რომ თქვენი მითითებები დაიმახსოვროს, ეს კი შვიდ თვემდე მაინც არ მოხდება.

როცა ბავშვისთვის შეზღუდვების დაწესებას დაიწყებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ დისციპლინა სწავლასა და ინსტრუქტაჟს გულისხმობს და არა დასჯას. ყველაზე მარტივი მეთოდი დაჯილდოებაა. როცა ბავშვს გარკვეულ სიტუაციაში სასურველი რეაქცია ექნება (მაგალითად, როცა სთხოვთ, რომელიმე ნივთი მაგიდიდან არ გადააგდოს  და დაგიჯერებთ), შეაქეთ, გაუღიმეთ, ჩაეხუტეთ ან სათამაშოთი დააჯილდოეთ. თუ ხელახლა სცადა იმავეს გაკეთება, გაბრაზებას ნუ იჩქარებთ – დააკვირდით, როგორ მოიქცევა. თუ დარწმუნდით, რომ ნამდვილად რამის დაშავებას აპირებს, მკაცრად შეახსენეთ თხოვნა.

დისციპლინის მთავარი მიზანი ბავშვისთვის ზღვრის დაწესებაა – მან უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ ის ეკრძალება, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს; სამაგიეროდ, არსებობს ბევრი სხვა რამე, რაც არც ეკრძალება,  სასიამოვნოცაა და სასარგებლოც. თუ, მაგალითად, პატარამ თმაზე მოგქაჩათ, მშვიდად უთხარით: "ასე არ შეიძლება!" – და ყურადღება ნებადართულ საქმიანობაზე გადაატანინეთ.

ნივთების შეხებას ნუ აუკრძალავთ – შეხებით ხომ პატარები გარემოს იკვლევენ. პირიქით, წაახალისეთ, მაგრამ სამომავლოდ ეცადეთ, აკრძალული ნივთები მისი თვალთახედვის არეს მოარიდოთ.

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: