მეიგსის სინდრომი – უწყინარი სიმსივნის შიშისმომგვრელი ნიღაბი

გააზიარე:

მუცლის ან პლევრის ღრუში სითხის დაგროვება ალბათ რაღაც ძალიან საშიში გგონიათ. შესაძლოა, თქვენი წარმოდგენა არც იყოს უსაფუძვლო, რადგან სითხის დაგროვება ხშირად ორგანიზმში მიმდინარე რთული პროცესების შედეგია, მაგრამ იცოდეთ, რომ ის სრულიად უწყინარმა დაავადებამ – საკვერცხის ფიბრომამაც შეიძლება გამოიწვიოს. ეს მდგომარეობა მეიგსის სინდრომის სახელით არის ცნობილი.

რა არის

მეიგსის სინდრომზე საუბრობენ, როდესაც საკვერცხის ფიბრომას მუცლისა და პლევრის ღრუებში სითხის დაგროვება ახლავს თან. ათიდან შვიდ შემთხვევაში პლევრული გამონაჟონი მარჯვენამხრივია.

პირველად 1934 წელს აღწერეს კავშირი მენჯის ღრუში არსებულ კეთილთვისებიან სიმსივნესა და პლევრაში სითხის დაგროვებას შორის, 1937 წელს კი ამერიკელმა პროფესორმა, გინეკოლოგმა ჯო ვინსენტ მეიგსმა, აღრიცხა შვიდი კლინიკური შემთხვევა, სადაც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული საკვერცხის ფიბრომა, ასციტი (სითხის პათოლოგიური დაგროვება მუცლის ღრუში) და ჰიდროთორაქსი (სითხის დაგროვება პლევრის ღრუში). ამავე წელს სინდრომს მეიგსის სახელი უწოდეს.

მეიგსი თუ ფსევდომეიგსი?

მეიგსის სინდრომს, წესისამებრ, სათავეს უდებს საკვერცხის ფიბრომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც საკვერცხის შემაერთებელი ქსოვილისგან, კერძოდ, სტრომისგან ვითარდება. ეს არის მკვრივი, თეთრი ან მორუხო წარმონაქმნი, რომელიც თითისტარისებრ უჯრედებს შეიცავს.

თუმცა მუცლის ღრუსა და პლევრაში სითხე შესაძლოა დაგროვდეს მენჯის ღრუს სხვა სიმსივნეების დროსაც. სწორედ ამ მდგომარეობას უწოდებენ ფსევდო- ანუ ცრუ მეიგსის სინდრომს.

იშვიათად სინდრომი ატიპურადაც მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვერცხის ფიბრომას თან ახლავს მხოლოდ პლევრის ღრუში სითხის დაგროვება, რომელიც, მეიგსის სინდრომის მსგავსად, სიმსივნის ამოკვეთისთანავე გაიწოვება.

რა იწვევს

ფიბრომა უმთავრესად 50 წელს გადაცილებულ ქალებშია გავრცელებული, შედარებით ნაკლებად – მომწიფების და რეპროდუქციული ასაკის ქალებში.

მეიგსის სინდრომი საკვერცხის ფიბრომით დაავადებულთა ერთ პროცენტთან აღირიცხება. მისი უშუალო მიზეზი უცნობია.

ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, სიმსივნე მექანიკურად აღიზიანებს მუცლის ღრუს ამომფენი და ორგანოების მფარავი მემბრანის, პერიტონიუმის, ზედაპირს. ამის შედეგად პერიტონიუმის ღრუში გროვდება სითხე, რომელიც დიაფრაგმის ან ლიმფური სადინარების საშუალებით პლევრის ღრუში გადადის.

ამ დროს მნიშვნელოვანია სიმსივნის ზომა. კვლევები მოწმობს, რომ როდესაც ფიბრომას თან ახლავს მუცლის ღრუში სითხის დაგროვება, ის უმეტესად 10-სანტიმეტრიანი ან უფრო დიდი ზომისაა.

არსებობს მეორე მოსაზრებაც – რომ საკვერცხის სტრომის შეშუპებას და არაანთებითი სითხის წარმოქმნას სიმსივნისთვის სისხლის მიწოდებასა და იქიდან სისხლის გამოსვლას შორის ბალანსის დარღვევა იწვევს.

კიდევ ერთი თეორია კი სითხის წარმოქმნას სისხლძარღვის ენდოთელიუმის ზრდას მიაწერს, რის შედეგადაც იმატებს კაპილარის განვლადობა და უჯრედშორის სივრცეში სითხე გამოთავისუფლდება.

აღწერილია შემთხვევები, როდესაც მეიგსის სინდრომის დროს აღირიცხა სიმსივნის ანტიგენის – CA 125 ცილის – მაღალი შემცველობა შრატში.

როგორ ვლინდება

ქალებს, რომლებსაც მეიგსის სინდრომის დიაგნოზს უსვამენ, ხშირად უდასტურდებათ საკვერცხის სიმსივნის ოჯახური ანამნეზი. თავად ფიბრომა შესაძლოა დიდხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, შესაძლოა მენჯის არეში ტკივილით გამოვლინდეს, თან ახლდეს (მენოპაუზის წინა პერიოდში მყოფ ქალებთან) მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან შეწყვეტა.

თანდართული მეიგსის სინდრომისთვის კი დამახასიათებელია:

* დაღლილობა;

* სუნთქვის გაძნელება;

* მუცლის გარშემოწერილობის ზრდა;

* წონის კლება ან მატება;

* მშრალი ხველა;

* შეშუპება.

არის შემთხვევები, როცა გამოხატულია ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება), სუნთქვის გახშირება.

დიაგნოსტიკა

მეიგსის სინდრომი კეთილთვისებიანია, თუმცა სიმსივნურმა წარმონაქმნმა და მუცლისა და პლევრის ღრუებში სითხის დაგროვებამ თავდაპირველად შესაძლოა ავთვისებიანი პროცესი გვავარაუდებინოს. შრატში სიმსივნის ანტიგენი ცილის მაღალმა შემცველობამაც შესაძლოა იგივე ეჭვი გააჩინოს, თუმცა ის ყოველთვის ავთვისებიან პროცესზე არ მიუთითებს.

მეიგსის სინდრომისთვის დამახასიათებელია რკინადეფიციტური ანემია, ამიტომ ამ დროს ტარდება სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც იძლევა ინფორმაციას რეტიკულოციტების, სისხლის ახალგაზრდა უჯრედების, რაოდენობაზე, შრატის რკინასა და ფერიტინზე. თუ ანემია დადასტურდა, ოპერაციამდე შესაძლოა დაინიშნოს სისხლის გადასხმა, ხოლო ოპერაციის შემდეგ – მკურნალობა რკინის პრეპარატებით.

აუცილებელია ელექტროლიტების, კრეატინინის და გლუკოზის დონის განსაზღვრაც, რათა საჭიროების შემთხვევაში ოპერაციამდე მათი კორექციაც მოხდეს.

განისაზღვრება პროთრომბინის დროც კოაგულოპათიის გამოსარიცხად და საჭიროების შემთხვევაში დროული კორექციისთვის.

ყველა ჩამოთვლილ კვლევაზე საინტერესოა შრატში სიმსივნის მარკერის, ანტიგენ 125-ის, განსაზღვრა, თუმცა ავთვისებიანი პროცესის უტყუარ ნიშნად ვერც მისი მომატება ჩაითვლება.

მუცლისა და პლევრის ღრუებში სითხის დიაგნოსტიკისთვის ინფორმაციულია გულმკერდის რენტგენოგრაფია და მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა, ხოლო მენჯის ღრუში სიმსივნური პროცესი მენჯის ღრუს ულტრაბგერითი კვლევით დგინდება. ამ დროს მეტასტაზები არსად აღირიცხება.

მნიშვნელოვანია მუცლისა და პლევრის ღრუებში დაგროვილი სითხის გამოკვლევა. ამ პროცედურებს თორაკოცენტეზი და პარაცენტეზი ეწოდება. სითხე ამ დროს უმეტესად არაანთებითია და მასში ავთვისებიანი უჯრედები არ არის.

ძალზე ინფორმაციულია სიმსივნური ქსოვილის ჰისტოლოგიური გამოკვლევა, რითაც ირკვევა, ავთვისებიანია ქსოვილი თუ კეთილთვისებიანი.

კიდევ რა იწვევს

მეიგსის სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები სხვა პათოლოგიური პროცესების დროსაც გვხვდება, კერძოდ:

* საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის;

* ნაწლავის`ფილტვის სიმსივნის;

* ნეფროზული სინდრომის;

* გულის შეგუბებითი უკმარისობის;

* ციროზის;

* ტუბერკულოზის დროს.

ასე რომ, მიუხედავად მაღალინფორმაციული დიაგნოსტიკური მეთოდების არსებობისა, საბოლოო დიაგნოზს მაინც ოპერაციის შემდეგ, პლევრის სითხის, მუცლის ღრუში დაგროვილი ასციტური სითხისა და სიმსივნის ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგად სვამენ.

როგორ მკურნალობენ

მეიგსის სინდრომის დროს საჭიროა კონსულტაცია როგორც გინეკოლოგთან სიმსივნის დიაგნოსტირებისთვის და შემდგომ ქირურგიული საკითხების გადასაწყვეტად, ისე პულმონოლოგთანაც. შესაძლოა, საჭირო გახდეს პლევროსკოპიაც.

ყველაზე მარტივი ჩარევა პლევრისა და მუცლის ღრუდან სითხის გამოღებაა.

რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, არჩევის მეთოდია დიაგნოსტიკური ლაპაროტომია – მუცლის ღრუდან ბიოფსიური მასალის აღება, რათა დადასტურდეს სიმსივნის კეთილთვისებიანობა და გამოირიცხოს მეტასტაზების არსებობა ლიმფურ კვანძებსა თუ სხვა მიმდებარე ქსოვილებში. თუ სიმსივნის კეთილთვისებიანობა დადასტურდა, არჩევის მეთოდად მიიჩნევა კონსერვატიული ქირურგიული ოპერაცია — საკვერცხის ამოკვეთა ცალკე ან საშვილოსნოს მილებთან ერთად.

რეპროდუქციული ასაკის ქალებს უტარდებათ საშვილოსნოს მილებისა და საკვერცხის ცალმხრივი ამოკვეთა.

მენოპაუზის მქონე ქალებისთვის მიზანშეწონილია საშვილოსნოს მილებისა და საკვერცხეების ორმხრივი ამოკვეთა. შესაძლოა, საშვილოსნოსიც.

პრებუპერტატულ პერიოდში ანუ სქესობრივ მომწიფებამდე მიზანშეწონილია საკვერცხის ნაწილობრივი და საშვილოსნოს მილების ცალმხრივი ამოკვეთა.

ნებისმიერი ტიპის ქირურგიული მკურნალობისას შედეგი ძალიან კარგია. რეციდივი ანუ დაავადების ხელახალი განვითარება თითქმის არ აღირიცხება.

ოპერაციის შემდეგ

სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ, რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე ხანგრძლივობის პერიოდში, მუცლისა და პლევრის ღრუებში სითხე თავისთავად ქრება და აღარც მისი ხელახლა გაჩენაა მოსალოდნელი. ულტრაბგერითი კვლევის საშუალებით აკვირდებიან სითხის კლების დინამიკას. შესაძლოა, პლევრაში აღმოჩნდეს 3-5 მლ-მდე ნარჩენი სითხე.

შრატის სიმსივნის მარკერი, სიმსივნის ანტიგენი 125, ოპერაციისთანავე ნორმას უბრუნდება.

პროგნოზი

მხოლოდ ერთი პროცენტია ალბათობა, ფიბრომის შემდეგ განვითარდეს ფიბროსარკომა, ანუ კეთილთვისებიანი პროცესი ავთვისებიანად იქცეს.

ამრიგად, მეიგსის სინდრომი – მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჰგავს ავთვისებიან პროცესს – სიცოცხლისთვის საშიში არ არის და ქირურგიული მკურნალობის შემთხვევაში ძალზე კეთილსაიმედო პროგნოზი აქვს.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: