საშარდე გზების ინფექცია ბავშვებში

გააზიარე:

  რამდენიმე დღის წინ მეგობარმა შემომჩივლა, ჩემს ხუთი თვის დისშვილს მაღალი სიცხეები ჰქონდა, პიელონეფრიტი აღმოაჩნდა და საავადმყოფოში დააწვინესო. იქვე მეორემ გაიხსენა, ჩემს ანუკის რომ ჰქონდა ცისტიტი, ისე სტკიოდა, შარდვის დროს ტიროდაო, მესამემ თქვა, ამ ბოლო დროს ნიკოლოზის შარდი არ მომწონს, რაღაც მძაფრი და უსიამოვნო სუნი აქვსო. მოკლედ, ბავშვთა საშარდე გზების ინფექცია ამ ვიწრო წრეშიც კი ისეთი აქტუალური თემა აღმოჩნდა, გადავწყვიტე, კვალიფიციურ სპეციალისტს გავსაუბრებოდი და მოპოვებული ინფორმაცია თქვენთვისაც გამეცნო. ამ მიზნით ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ გურამ ჩიტაიას ვესტუმრე.
– ბავშვთა ავადობის საერთაშორისო სტატისტიკაში საშარდე გზების ინფექციას მეორე ადგილი უკავია რესპირაციული (სასაუნთქი გზების) ინფექციების შემდეგ. განსაზღვრულ თავისებურებას ვაწყდებით სხვადასხვა ასაკისა და სქესის ბავშვებში დაავადების გავრცელების კუთხით. ეს ინფექცია ახალშობილთა საშუალოდ 2-3%-თან გვხვდება, მაგრამ უმეტესად ვაჟებთან, რადგან აქ უფრო ხშირია საშარდე გზების ანომალიები და ინფექციაზე პასუხი ნაკლებსრულყოფილია, ვიდრე გოგონებთან.
მომდევნო ასაკობრივ ჯგუფებში, კერძოდ, სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებში, სურათი იცვლება: ინფექცია 8-10-ჯერ უფრო ხშირია გოგონებთან – მათი ურეთრა შედარებით მოკლე და განიერია და ინფექცია აღმავალი გზით ადვილად ვითარდება. ავადობით ზრდასრულ ასაკშიც ქალები ლიდერობენ, განსაკუთრებით – სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას, და მხოლოდ 50 წლიდან იცვლება სურათი – საშარდე გზების ინფექციები ხშირდება მამაკაცებში, რასაც პროსტატის ჰიპერტროფია განაპირობებს.
– რა იწვევს დაავადებას?
– საშარდე გზების ინფექცია განპირობებულია ენდოგენური – ორგანიზმში ჩვეულებრივ არსებული – მიკრობული ფლორით. ასიდან თითქმის 95 შემთხვევაში მას ნაწლავის ჩხირი იწვევს – ნაწლავურ რეზერვუარში გაბატონებული მიკრობი, რომელიც აღმავალი გზით საშარდე გზებში ხვდება. შედარებით იშვიათია კლებსიელათი, პროტეუსით, ენტეროკოკით, სტაფილოკოკითა და სხვა მიკრობებით გამოწვეუკლი ფორმები.
– რა ხდება საშარდე გზებში ინფექციის დროს და რა ნიშნები მიუთითებს მასზე?
– ტერმინი “საშარდე გზების ინფექცია” კრებითი ცნებაა და ბავშვთა ასაკში ორი ლოკალიზაციის  – ქვემო და ზემო საშარდე გზების – ინფექციას გულისხმობს. ქვემო საშარდე გზების ინფექცია შარდის ბუშტის ანთებით (ცისტიტი) ვლინდება, ზემო – თირკმლის ანთებით (პიელონეფრიტი). მხოლოდ ურეთრიტი ან მხოლოდ პიელიტი ბავშვებთან არ გვხვდება.
ახალშობილებთან ინფექციას არავითარი სპეციფიკური ნიშანი არ ახასიათებს, მაგრამ თუ ბავშვი ცუდად იმატებს წონას, უხანგრძლივდება სიყვითლე, აქვს უმიზეზო სიცხე ან კონვულსიები (კრუნჩხვები), ექიმმა აუცილებლად დაიწყოს კვლევა საშარდე გზების ინფექციის გამოსარიცხად. სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებთან კი სიმპტომატიკა ძალზე მკაფიოა. თავდაპირველად თავს იჩენს ქვემო საშარდე გზების ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხშირი და მტკივნეული შარდვა, წვა, ტკივილი შარდვისას. თუ ამას დაერთო ინტოქსიკაცია, გულისრევა, ღებინება, უმადობა, ტკივილი წელის არეში ან მუცლის გვერდითა მიდამოში და, რაც მთავარია, ცხელება, რომელიც 38.5 გრადუსს აჭარბებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია თირკმელშიც გავრცელდა.
მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ტემპერატურულ რეაქციებს, რომლებსაც არ ახლავს ხველა, სურდო, დააკვირდნენ შარდის სუნს (ინფექციისთვის დამახასიათებელია მძაფრი სუნი), მოზრდილ ბავშვებში – შარდვის აქტის დარღვევას.  
– როგორ ადგენენ საშარდე გზების ინფექციას?
– ინფექციის დიაგნოზი ემყარება მხოლოდ ერთ კრიტერიუმს – ჭეშმარიტ ბაქტერიურიას, ერთ მილილიტრ შარდში გარკვეული რაოდენობის მიკობის აღმოჩენას. შარდის აღება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება: პირდაპირ შუა ნაკადიდან, კათეტერით, შარდის ბუშტის პუნქციის გზით (ამ შემთხვევაში მიკრობის ერთი კოლონიის აღმოჩენაც კი ამტკიცებს ინფექციას).
შარდის საერთო ანალიზით ლეიკოციტების რაოდენობის მომატების – ლეიკოციტურიის – დადასტურება საშარდე გზების ანთების ირიბი ნიშანია და არა  კრიტერიუმი, რადგან ლეიკოციტურია ბავშვს შესაძლოა სასუნთქი გზების ინფექციის დროსაც ჰქონდეს (ამ შემთხვევაში ის წარმოდგენილია ლიმფოციტებით – არაანთებადი ლეიკოციტებით). მიუხედავად ამისა, აუცილებელია, ცხელების მქონე ყველა პაციენტს ჩაუტარდეს შარდის საერთო ანალიზი, რასაც საჭიროების შემთხვევაში სხვა კვლევებიც დაემატება.
გარდა ამისა, უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი, გამოვიკვლიოთ  C რეაქტიული ცილა ან მწვავე ფაზის სხვა ცილები, რაც მიგვანიშნებს, სად არის ინფექცია – შარდის ბუშტში თუ თირკმელში.
ასევე ტარდება საშარდე გზების ულტრასონოგრაფია, ზოგჯერ მიმართავენ კვლევის სპეციალურ მეთოდებსაც – ექსკრეტორულ უროგრაფიას,  კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
ძალიან მნიშვნელოვანია რენტგენოლოგიური კვლევა – მიქციური ცისტოგრაფია, რომლითაც შეიძლება იმის დადგენა, ხდება თუ არა შარდის ბუშტიდან თირკმელში შარდის უკუდენა ანუ რეფლუქსი.
– რა გართულებებს იწვევს საშარდე გზების ინფექცია?
– საშარდე გზების ინფექციის გართულებაა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. დიალიზის განყოფილებაში პაციენტთა თითქმის 10% სწორედ ამ მიზეზით ხვდება, მაგრამ ესენი არიან საშარდე გზების იმ ანომალიების მქონე ბავშვები, რომლებიც აფერხებს შარდის დინებას და ზრდის ხშირი ინფიცირების რისკს. საკმაოდ მძიმე ანომალიებია ურეთრის უკანა სარქველი, ჰიდრონეფროზი, ურეთერო-ჰიდრონეფროზი, ურეთეროცელე... ამ შემთხვევაში უროდინამიკის აღსადგენად ზოგჯერ ოპერაციაა საჭირო.
რეფლუქსის აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს გოგონებისთვის. ხშირი ინფექციის გამო თირკმელი კარგად არ ვითარდება, კარგავს ფუნქციას, ზოგჯერ იჭმუხნება კიდეც. ასეთ გოგონებს მეთვალყურეობა სჭირდებათ, რათა ორსულობისას თირკმლის ფუნქციის დარღვევამ არ იჩინოს თავი. თუ ორსულს მაინც განუვითარდა ინფექცია, მკურნალობენ პირველი რიგის პრეპარატებით, რომლებიც არ ვნებს ნაყოფს. ასეთ ორსულებს პორფილაქტიკური მკურნალობა თითქმის ორსულობის ბოლომდე უტარდებათ.
– როგორ მკურნალობენ საშარდე გზების ინფექციას ბავშვებში?
– ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირია ვირუსული ინფექციები, რომლებიც ანტიბიოტიკებით მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ მაინც ხშირად იყენებენ. არსებობს რამდენიმე დაავადება, რომელთა ანტიბიოტიკებით მკურნალობა აუცილებელია. ეს დაავადებებია: პნევმონია (ფილტვების ანთება), ოტიტი (შუა ყურის ანთება), სინუსიტები (ცხვირის დანამატი წიაღების ანთება), მენინგიტი (ტვინის გარსების ანთება). ამ ჩამონათვალში შედის საშარდე გზების ინფექციაც. მის სამკურნალოდ საერთაშორისო გაიდლაინები გვთავაზობს ანტიბიოტიკებს, რომლებიც სწრაფად იძლევა ეფექტს. ვინაიდან საქართველოში ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენების გამო მათ მიმართ რეზისტენტობაც მომატებულია, ამჟამად როგორც მკურნალობისთვის, ისე პროფილაქტიკისთვისაც ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა მესამე თაობის ცეფალოსპორინები. ასევე ეფექტურია ცეფაკლორიც – მეორე რიგის ცეფალოსპორინი – და ამოქსიცილინი კლავულანის მჟავათი. ჩამოთვლილი პრეპარატები პირველი რიგის სამკურნალო საშუალებებად ითვლება.
მეორე რიგის პრეპარატებია ფთორქინოლები, რომლებსაც ახლა უკვე ბავშვთა ასაკშიც გამოიყენება.
– იყენებენ თუ არა მცენარეეებს საშარდე გზების ინფექციის დროს?
– თუ ბავშვს რეფლუქსი დაუდასტურდა ან აქვს ინფექციის რეციდივები, ვუტარებთ ქიმიოპროფილაქტიკას – ხანგრძლივ პროფილაქტიკას ქიმიურად შექმნილი ანტიბაქტერიული პრეპარატებით. ამ მიზნით ბავშვს ვაძლევთ წამლის თერაპიული დოზის მეოთხედს ან მეხუთედს 18-24 თვის განმავლობაში, სანამ ხელმეორედ არ ჩატარდება გამოკვლევა და არ დადასტურდება, რომ რეფლუქსი გაქრა. სწორედ აქ ვიყენებთ მცენარეულ პრეპარატს, კერძოდ, შტოშს. დადგენილია, რომ ამ ნივთიერების გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით ძალიან ეფექტურია. ის ინფექციის გამომწვევ მიკრობს, ნაწლავის ჩხირს, საცეცებზე ედება და შარდის ბუშტის ლორწოვანზე მიწებების საშუალებას არ აძლევს. თავდაპირველად მას ანტიბიოტიკთან ერთად ვუნიშნავთ, მერე კი ვცდილობთ, ანტიბიოტიკი მთლიანად მისით ჩავანაცვლოთ.
– არის თუ არა საჭირო საშარდე გზების მკურნალობის დროს დიეტის დაცვა და სითხის უხვად მიღება? 
– საშარდე გზების ინფექციის დროს დიეტის დაცვა არ არის საჭირო. დიეტა ინიშნება შეშუპების, ჰიპერტენზიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. სითხის მიცემა შეიძლება, რადგან მიიჩნევა, რომ ცხელებისას კანის საშუალებით სითხე ორთქლდება და ორგანიზმი მის დეფიციტს განიცდის, თუმცა სახელდობრ რამდენია საჭირო, ჯობს, ექიმმა გადაწყვიტოს. 
– მაღალია თუ არა და როდის იმატებს საშარდე გზების განმეორებითი ინფექციის რისკი?
– რეინფექციის რისკი საკმაოდ მაღალია გოგონებთან (60%ში), განსაკუთრებით – ჰიგიენის დაუცველობისას და ინფექციის ხელშემწყობი სხვა ფაქტორების (მაგალითად, ყაბზობის) არსებობისას, საშარდე გზების ანომალიისა და მოშარდვის აქტის დარღვევისას.
– როგორ ავაცილოთ ბავშვს თავიდან საშარდე გზების ინფექცია? 
– საშარდე გზების ინფექციის პრევენციისთვის აუცილებელია:
* ნაწლავთა რეგულარული მოქმედება – შეკრულობა ხელს უწყობს ინფექციას. შარდის ბუშტის უკანა კედელს აწვება განავლოვანი მასა, ბუშტი არ იცლება, ხოლო ნარჩენ შარდში ინფექცია ადვილად იკიდებს ფეხს.
* სწორი დაბანა, განსაკუთრებით – გოგონებისთვის. უნდა ჩაბანოთ საპნით, რომელიც ძალიან არ ქაფდება, რადგან ქაფის ბუშტებს გასკდომისას გარეთა სასქესო მიდამოში მობინადრე მიკრობები შიგნით შეაქვთ; ჩაბანისას ხელი უნდა ამოძრაოთ წინიდან უკან და არა უკნიდან წინ.
* ნატურალური ბამბის საცვლების ხმარება, ამასთან, არც საცვალი, არც შარვალი არ უნდა იყოს მჭიდრო, რათა ამ მიდამოს აერაცია ხდებოდეს. 
საშარდე გზების ინფექცია შეიძლება განვითარდეს მაშინაც, როდესაც ბავშვი ხშირად იღებს მედიკამენტებს  (განსაკუთრებით – ანტიბიოტიკებს) – აღმოჩნდა, რომ ეს არღვევს შორისის კანის დაცვით ფუნქციას, მიკრობები აქტიურდებიან და ადვილად აღწევენ შარდის ბუშტში.
ინფექცია ვაჟებშიც აღმავალი გზით ვითარდება. საინტერესოა, რომ მუსულმანებსა და იუდეველებს, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით იტარებენ წინადაცვეთას, დაახლოებით 30-ჯერ იშვიათიად ემართებათ საშარდე გზების ინფექცია. ამიტომ, თუ ახალშობილ ვაჟს ინფექცია ხშირად აქვს, რეკომენდებულია წინადაცვეთა, რაც მკვეთრად ამცირებს ინფექციის რისკს.
– საჭიროა თუ არა ჩუჩის სპეციალური მოვლა ინფექციის თავიდან ასაცილებლად?
– ძველად ჩუჩის გადაწევა, გაწმენდა აუცილებლად მიიჩნეოდა. ბოლო ხანს გაირკვა, რომ ეს არათუ არ იცავს ინფექციისგან, ხელსაც კი უწყობს მის განვითარებას. ჩუჩას არ სჭირდება გადაწევა, ის სველი ბამბით უნდა გაიწმინდოს ზემოდან. ზოგჯერ დედა ამჩნევს თეთრ გამონაყოფს, რომელიც მარილი ჰგონია. სინამდვილეში ეს გახლავთ სმეგმა, საგოზავის მსგავსი მასა, რომელსაც ასოს თავის ირგვლივ არსებული ჯირკვლები გამოყოფს, რათა ასოს თავი არ შეუხორცდეს კანს. ის გარედან უნდა მოიწმინდოს. ჩუჩა მხოლოდ ექიმმა შეიძლება გადასწიოს, ისიც – მაშინ, თუ ის ინფიცირებულია, ბავშვი ვერ შარდავს ან სხვა პრობლემა აქვს.

გააზიარე: