ნიკოლოზ (კოლია) კახიანი - ექიმი, რომელმაც ცოტა იცხოვრა, მაგრამ ბევრი დათესა

გააზიარე:

ათი წელიც არ გაუტარებია საქართველოში როგორც ექიმს, მაგრამ იმდენად მრავალფეროვანი ქირურგიული პრაქტიკა ჰქონდა, იმდენად მნიშვნელოვანი სამეცნიერო მემკვიდრეობა დატოვა, იმდენად დიდი წვლილი შეიტანა ექიმთა თაობების აღზრდაში, რომ მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწერა ქართული მედიცინის ისტორიაში.

სადაცაა, ასი წელი გავა ნიკოლოზ (კოლია) კახიანის გარდაცვალებიდან. მედიცინის ისტორიის მოამაგის ხუტა პაჭკორიასა და ბატონი ნიკოლოზის შვილიშვილის ჯანა კახიანის დახმარებით თავი მოვუყარეთ მისი ცხოვრების საინტერესო ფაქტებს, რომ თქვენთვის გაგვეზიარებინა.

როკითი

იმერეთის ეს სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. სწორედ იქ დაიბადა ნიკოლოზ კახიანი 1883 წლის 11 ივლისს და სიცოცხლის ბოლომდე არ განელებია მისი სიყვარული. ეს გრძნობა მის შვილებსა და შვილიშვილებში გაგრძელდა.

პოლკოვნიკი საულ კახიანი, თავისი დროის კვალობაზე საკმაოდ განათლებული ადამიანი, ადრე გარდაიცვალა. თერთმეტი წლის მკვირცხლი, ცნობისმოყვარე, ნიჭიერი ნიკოლოზის აღზრდა მამის უმცროსმა ძმამ გიორგი კახიანმა ითავა. გიორგის მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, იყო ქუთაისის, სენაკის, ზუგდიდის მაზრის ექიმი, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა როკითში მისივე ინიციატივით გახსნილ საავადმყოფოს (როგორც იმხანად უწოდებდნენ – ქსენონს), იყო აკაკი წერეთლის მკურნალი ექიმი და მეგობარი.

ნიკოლოზს ბავშვობიდანვე ყველა კოლიად იცნობდა – დედა, მარია პოპოვა, შვიდივე შვილს რუსული საალერსო სახელებით მიმართავდა, თუმცა ქართულიც შესანიშნავად იცოდა – მამამისი, იაკობი, ახალგაზრდობიდანვე ქუთაისში ცხოვრობდა და ცოლიც ქართველი ჰყავდა.

სადაურსა სად წაიყვან

1896 წელს ბიძამ ცამეტი წლის კოლია ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანა. ბიჭი ყველაფერს ადვილად ითვისებდა. ერთ დღეს მასწავლებელმა მეექვსეკლასელებს დაფაზე შეცდომით მეათეკლასელებისთვის განკუთვნილი ამოცანა დაუწერა. კოლიამ ადვილად ამოხსნა. მასწავლებლმა არ დაიჯერა, რომ ბიჭმა წინასწარ არ იცოდა მისი ამოხსნა. უნდობლობამ კოლია ძალიან გაანაწყენა და გიმნაზიაში ერთ დღესაც აღარ დავრჩებიო, განაცხადა. არც მასწავლებლების თხოვნამ გაჭრა, არც დირექტორისამ. ისევ ბიძა მოევლინა მხსნელად – მეგობრისა და კოლიას ნათლიის, იმხანად ვლადიკავკაზში მცხოვრები ცნობილი ექიმის მიხეილ კალანდარიშვილის დახმარებით ვლადიკავკაზის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასში გადაიყვანა.

ვლადიკავკაზში ნიკოლოზი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეუერთდა და ქართველ მოსწავლეებს რუსულ ენასა და მათემატიკას ასწავლიდა. ხშირად მონაწილეობდა თანაკლასელისა და მეგობრის, შემდგომში ცნობილი რეჟისორის ევგენი ვახტანგოვის სამოყვარულო დადგმებში. შენი საქმე სცენააო, არწმუნებდა ევგენი, თუმცა ნიკოლოზ კახიანმა მსახიობობასაც და მათემატიკოსობასაც ექიმობა ამჯობინა. ამაში, რა თქმა უნდა, დიდი იყო ბიძისა და ნათლიის წვლილი, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ კოლიას ნიჭი სხვაგან არ უნდა გაფლანგულიყო.

1904 წელს ნიკოლოზი ოდესის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამ სამხრეთულ ქალაქს ქართველი სტუდენტები რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებზე მეტად ეტანებოდნენ.

კოლიას ნიჭიერება მალევე შეამჩნია იმ დროის ერთ-ერთმა კორიფემ – ანატომიის კათედრის გამგემ ნიკოლაი ბატუევმა. მეორეკურსელს უკვე პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას და ანატომიური პრეპარატების დამზადებას ანდობდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კოლია ოთხი წელი მუშაობდა ანატომიის კათედრაზე. სწორედ მაშინ დაინტერესდა ანთროპოლოგიით. 1911-1913 წლებში, ბატუევის რეკომენდაციით, ნიკოლოზი სამჯერ მიავლინეს კაიროს უნივერსიტეტში, ადამიანის ანატომიის კათედრაზე, უდიდეს მეცნიერ ბეი-ვაბთან. ეგვიპტეში კოლია კახიანმა ძველი ეგვიპტელების ას ოცზე მეტი თავის ქალა შეისწავლა და ამის საფუძველზე სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა.

კოლია მუმიით, მამონტის ხერხემლით და ვეშაპის ულვაშით ხელდამშვენებული დაუბრუნდა ალმა მატერს. ეს ექსპონატები ალბათ ახლაც ამშვენებს ოდესის უნივერსიტეტის მუზეუმს, ისევე როგორც იამბოს, ოდესელების საყვარელი სპილოს, მისივე ხელით დამზადებული ფიტული.

ეს ამბავი ასე მოხდა: დინჯი, თვინიერი იამბო ერთ მშვენიერ დღეს გადაირია და არავინ მიიკარა. იფიქრეს, გაცოფდაო და სხვა რომ ვერაფერი მოუხერხეს, მოკლეს. კოლიამ გაკვეთა სპილოს ნეშტი და ცოფი ვერა, მაგრამ ტვინის სიმსივნე კი აღმოუჩინა. სწორედ ის იყო იამბოს აგრესიის მიზეზი.

რამდენიმე ხნის შემდეგ კოლია ტოპოგრაფიულმა ანატომიამ გაიტაცა და ნიკოლაი ვისენკოვის კათედრაზე გადავიდა (სხვათა შორის, კაიროში მივლინებისას ბატუევთან ერთად მას ვისენკოვმაც გაუწია რეკომენდაცია). თუმცა გავიდა კიდევ მცირე ხანი და ორ ნიკოლაის კონკურენტი გამოუჩნდა – ცნობილი ქირურგი კონსტანტინ საპეშკო, რომლის ოპერაციებსაც ხშირად ესწრებოდა ნიკოლოზ კახიანი. თანდათან მისი პროფესიული არჩევანის სასწორი ანატომიიდან ქირურგიისკენ გადაიხარა...

ამასობაში პირველი მსოფლიო ომიც დაიწყო. ფრონტზე კოლიამ უდიდესი გამოცდილება მიიღო და დივიზიის მთავარი ქირურგიც გახდა.

სწორედ იმხანად კატერინოსლავის (ახლანდელი დნეპროპეტროვსკის) ქალთა უმაღლესი სასაწვლებლის ბაზაზე გაიხსნა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი, რომელსაც მალევე მიენიჭა აკადემიის სტატუსი. 1917 წელს ნიკოლოზ კახიანი ამ სასწავლებლის ანატომიის კათედრის გამგედ აირჩიეს.

დაბრუნება

საქართველოდან სასიხარულო ამბავი გავრცელდა – დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტი. უცხოეთში გაფანტული ქართველებიდან ბევრმა არჩია, თავისი გამოცდილება სამშობლოსთვის მოეხმარებინა. 1919 წელს კოლიაც თბილისისკენ გამოეშურა, თუმცა ულამაზესი მეუღლე არ წამოჰყვა – უცხოეთში ემიგრაცია არჩია.

ნიკოლოზ კახიანს ჩააბარეს თბილისის უნივერსიტეტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრა, რომელიც მალე ზოგადი ქირურგიის კათედრას შეურთდა. მისი არჩევით ბევრი უკმაყოფილო დარჩა, რადგან კოლია ანატომ–თეორეტიკოსად მიაჩნდათ, მაგრამ მან მალე დაუმტკიცა ყველას, რომ ცდებოდნენ – ანატომიაც ბრწყინვალედ იცოდა და ქირურგობის საკმაო გამოცდილებაც ჰქონდა, ხოლო რაც არ იცოდა, თვალის დახამხამებაში ითვისებდა.

კოლია 1921 წლიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიული პათოლოგიის კათედრასა და პროპედევტიკის კლინიკას. დიდი ქირურგის სახელიც მალე მოიხვეჭა. რა ტიპის ოპერაციებს აღარ ატარებდა... ერთ პაციენტს თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა. იმ დროის უდიდესმა ექიმებმა: სპირიდონ ვირსალაძემ, ალექსანდრე ალადაშვილმა, გრიგოლ მუხაძემ, – ქირურგიული ჩარევა სარისკოდ მიიჩნიეს. მხოლოდ კოლიას აღმოაჩნდა გამბედაობა ოპერაციის ჩასატარებლად. ასისტენტობას გრიგოლ მუხაძე უწევდა. სწორედ აქ გამოადგა ანატომიის ბრწყინვალე ცოდნა... არაჩვეულებრივი შედეგი მიიღეს.

კიდევ ერთ პაციენტს, რომელსაც ჰიპოფიზის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ნიკოლოზმა ტრეპანაციის გარეშე, ცხვირიდან ჩაუტარა ოპერაცია. მანვე უმკურნალა ლერიშის სინდრომის მქონე პაციენტს (ეს დაავადება მუცლის აორტისა და თეძოს არტერიების შევიწროების გამო ვითარდება). კიდევ ერთ პაციენტს, რომელსაც თირკმელებიდან სისხლდენა ჰქონდა, სისხლძარღვები გადაუკვანძა... მრავალი სიახლეც დანერგა: კუჭის რეზექცია წყლულოვანი დაავადების დროს, თირკმლისა და თირკმელზედა ჯირკვლის რეზექცია, თავის ქალას ტრეპანაციის, გულის ჭრილობის გაკერვისა და სხვა ურთულესი ოპერაციები. იმავდროულად, კითხულობდა ლექციებს ოპერაციულ ქირურგიაში. ქართულ ენაზე გამოსცა ნორმალური ანატომიის მოკლე კურსი, რუსულიდან თარგმნა ტოპოგრაფიული ანატომიის სახელმძღვანელო, თავად დაწერა არაერთი სახელმძღვანელო და სამეცნიერო ნაშრომი, ზრუნავდა ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნასა და სრულყოფაზე. ნიკოლოზ კახიანი იყო ერთ-ერთ პირველი, ვინც სტუდენტების ოპერაციაზე დასწრების პრაქტიკა დაამკვიდრა – მანამდე ეს არ იყო მიღებული. მისი ლექციები ძალიან უყვარდათ ახალგაზრდებს. მშვენიერ ბედუინს ეძახდნენ – მაღალი კაცი იყო, ხორბლისფერი კანით და სევდიანი სახით. მჭევრმეტყველებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ისე ხსნიდა ოპერაციის მექანიზმს, უვიციც გაიგებდა.

კახიანების ტრადიცია

ყოველ ზაფხულს ჩადიოდა როკითში, მიჰყავდა თავისი სტუდენტებიც, მათ შორის – ისეთი გამორჩეული ექიმები, როგორებიც იყვნენ ეგნატე ფიფია და მიხეილ ჩაჩავა. სხვათა შორის, მათზე ამბობდნენ შემდეგ – კახიანის ხელი გამოჰყვათ, მისი ვირტუოზული ტექნიკა მხოლოდ მათ აითვისესო. ქალაქიდან ჩასულ ექიმებთან პაციენტების ნაკადი არ წყდებოდა. ხალხი მიდიოდა ურმებით, ცხენებით, ფეხით. კოლია ოპერაციებს შინ, საოპერაციოდ გადაკეთებულ ოთახში ატარებდა, თუმცა პაციენტის სახლში და, თუ გადაუდებელი შემთხვევა იყო, ურემზეც კი ჩაუტარებია. საოპერაციო მედდობას და, კატიუშა უწევდა. მადლიერი პაციენტები ლექსებს უძღვნიდნენ: სიკვდილისა არ გვეშინია, ნიკოლოზ კახიანი მოგვარჩენსო.  ბევრ ოჯახში მისი ფოტო "ზალა-ოთახში" საპატიო ადგილას ეკიდა.

ერთხელ მეზობელ სოფელში ქალს მშობიარობა გაუჭირდა. დახმარებისთვის კოლიას მიაკითხეს. ისიც დაუფიქრებლად გაეშურა იქით, სადაც იმედით ელოდნენ და მშობიარობა მიიღო. ასე გადარჩა მშობიარე და დაიბადა დიდი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე.

მოგვიანებით კოლიას შვილებმა, საულმა და ზაზამ, როკითის სახლი სახლ-მუზეუმად გადააკეთეს, სადაც უამრავი ფოტომასალაა დაცული. სოფლის შესასვლელში კი ნიკოლოზ კახიანის ძეგლი დგას, რომელიც სოფლის მოსახლეობამ აღმართა მადლიერების ნიშნად. ამბობენ, უფროსი თაობის ადამიანები ძეგლთან რომ გაივლიდნენ, ცოცხალივით ესალმებოდნენო.

კოლია ლამაზ, ჭკვიან, განათლებული ტერეზა მაჭავარიანზე დაქორწინდა. 1922 წელს საული შეეძინათ, 1927 წელს – ზაზა. ვინ იფიქრებდა, რომ ბედი ასე უმუხთლებდათ – ზაზა შვიდი თვისა იყო, კოლია ავად რომ გახდა და 43 წლისა ფილტვების ანთებამ გადაიყოლა. 25 წლის ტეკა მცირეწლოვანი შვილებით მარტო დარჩა, თუმცა გარდაცვლილი ქმრის სურვილი შეასრულა – სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და მეან-გინეკოლოგი გახდა. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ორსულთა ფსიქოთერაპიის საკითხებზე მუშაობდა. მეორედ გათხოვდა, მაგრამ შვილები როკითში მუდამ დაჰყავდა. მან შეაყვარა ბიჭებს მამაპაპისეული სოფელი. ზაზა მხატვრობაზე ოცნებობდა, მაგრამ დედის გავლენით (ჯერ ექიმი გახდი და მერე, რამდენიც გინდა, ხატეო) სამედიცინო განათლება მიიღო. საულმაც ექიმობა არჩია. ძმებმა ბევრი რამ შესძინეს ქართულ მედიცინას, თუმცა ხატვა არ მიუტოვებიათ. არაერთი ერთობლივი გამოფენაც გამართეს.

ქალბატონი ჯანა კახიანი იხსენებს:

– ზაზა განსაკუთრებით ცდილობდა მამაპაპისეული ტრადიციის გაგრძელებას. როკითში დილაობით ეზოში პაციენტების დიდი რიგი გვხვდებოდა. ზოგჯერ დედას და მეც კი მეძახდნენ, როცა ვინმეს გინეკოლოგიური კითხვები ჰქონდა. რა ჩივილით აღარ მოდიოდნენ მამასთან – ტკივილით დაწყებული, "ვეღარ ვხედავ, რამე წამალი გამომიწერეთი" დამთავრებული. მამას ძალიან უყვარდა სოფელი. ჩვენც შეგვაყვარა.

ბაბუაზე მამამაც გადმოცემით იცოდა ბევრი რამ, მე კი ბებიასაც ძლივს მოვესწარი – ტეკა 52 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

ბაბუას, როგორც ამბობენ, კარგი სმენა ჰქონდა, კარგად ხატავდა. ეგვიპტეში მუშაობის დროს მუმიების თავის ქალას მიხედვით სახეებს აღადგენდა.

მწერალმა დოდო ხიმშიაშვილმა კოლიას შესახებ პატარა მოთხრობა დაწერა ნამდვილი ამბის საფუძველზე, რომელიც ჩვენმა საერთო ნათესავმა დიმიტრი (დიკა) მამულეიშვილმა უამბო. დიკა ციმბირში გადაასახლეს, სადაც მოგვიანებით დიდი ქარხნის დირექტორი გახდა. დროდადრო ისევ ჩამოდიოდა საქართველოში. მშობლები არ ჰყავდა. ბავშვობაში საშობაოდ ჩვენთან, დიდ წვეულებაზე მოუყვანია ბებიას. ბიჭმა თვალი ვერ მოაშორა ნაძვის ხის სათამაშოებს. რომელიც მოგწონს, აიღეო, – უთქვამს კოლიას. რად მინდა, ნაძვის ხე არ მაქვსო... შესანიშნავი დრო გაატარეს, შინ დაბრუნებულებს კი სახლში ვეებერთელა ნაძვის ხე და სათამაშოებით სავსე ყუთი დახვდათ. ჯადოქარმა მოიტანაო? – უკითხავს დიკას. კოლიაა ჩვენი ჯადოქარიო, – უთქვამს ბებიას.

ამბობენ, როცა ატყობდა, რომ ავადმყოფის ოჯახს უჭირდა, ბალიშის ქვეშ ფულს უტოვებდაო. ყველა კოლიას ეძახდა – დიდიც და პატარაც, ბატონოთი არავინ მიმართავდა. თუმცა ფეთქებადი და ემოციური ყოფილა. ზაზას მამის ხასიათი გამოჰყვა, საული კი რბილი და დამთმობი იყო.

ბაბუას გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ საქართველოში ერთი ნორვეგიელი ნეიროქირურგი ჩამოვიდა. წინასწარ შეგვატყობინეს, თქვენი ნათესავი მოდისო. ძალიან გაგვიკვირდა – ნორვეგიაში ნათესავები არ გვყავდა. ნიკალაი ბაბუას პირველი ცოლის დისშვილი აღმოჩნდა (თვითონ პირველი ცოლისგან შვილები არ ჰყოლია). დეიდა იმდენს უყვებოდა კოლია კახიანზე, გადაწყვიტა, მისი შთამომავლები გაეცნო. მერე ნორვეგიაში დაგვპატიჟა. მამამ ლექციებიც წაიკითხა იქ. ძალიან დამეგობრდნენ, მიმოწერაც ჰქონდათ. 1990-იანებში, დიდი გაჭირვების წლებში, ზაზას ყოველთვე რაღაც თანხას უგზავნიდა – ვიცი, გიჭირთო...

ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ნიკოლოზ კახიანმა მოასწრო, ღრმა კვალი დაეჩნია ქართული მედიცინისთვის და ადამიანთა ხსოვნაში დიდი სიყვარულით დარჩენილიყო. დიდი ქირურგი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

 მარი აშუღაშვილი

გააზიარე: