საკეისრო კვეთის შემდეგ
გააზიარე:
ბავშვის დაბადება ძალიან ამაღელვებელი მომენტია – ცხრათვიანი მოლოდინის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, თქვენს პატარას გულში ჩაიკრავთ! თუმცა მშობიარობა ისეთი რამაა, რაც უნდა მომზადებული ხვდებოდეთ, მაინც შეიძლება, გაუთვალისწინებელმა დეტალებმა იჩინოს თავი.
საკეისრო კვეთა, გეგმური იქნება ის თუ სასწრაფო, ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესია. ძალ-ღონის აღსადგენად და ჩვეულ ფორმაში დასაბრუნებლად იმაზე მეტი დრო დაგჭირდებათ, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ.
ბუნებრივად ნამშობიარებ ქალებს შესაძლოა შორისისა და საშოს ტრავმები ჰქონდეთ. ამ დეტალის გამოკლებით, ლოგინობის ხანაში თქვენც იგივე ჩივილები შეგაწუხებთ, რაც მათ – საშვილოსნოს შეკუმშვით გამოწვეული მუცლის ტკივილი, ლოქიები, მკერდის გადიდება და გაჯირჯვება, მშობიარობის შემდგომი განწყობის ცვლილებები, გადაღლილობა, თავბრუსხვევა.
რას უნდა ელოდეთ ოპერაციის შემდეგ
კლინიკაში იმაზე მეტხანს დარჩებით, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ მოგიწევდათ – საშუალოდ 4-6 დღე.
ოპერაციის შემდეგ მელოგინე (თუ გაურთულებელი შემთხვევაა) პოსტოპერაციულ პალატაში გადაჰყავთ, სადაც მის არტერიულ წნევას, პულსს, სხეულის ტემპერატურას, შარდის რაოდენობას, საშოდან გამონადენს, საშვილოსნოს შეკუმშვას მედპერსონალი გააკონტროლებს.
რამდენ ხანს დაგტოვებენ ამ პალატაში, თქვენი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
თუ ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით ჩატარდა, პოსტოპერაციული პალატიდან გამოფხიზლების შემდეგ გადაგიყვანენ.
როდესაც ანესთეზიის მოქმედება შესუსტდება, ჭრილობის არეში ტკივილს იგრძნობთ. მისი ინტენსიურობა არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – თქვენსავე ტკივილის აღქმის ზღურბლზე. თუ ტკივილი შემაწუხებელი გახდა, მოითხოვეთ გაუტკივარება.
ხშირია სისუტის, თავბრუხვევისა და გულისრევის შეგრძნება. ამ სიმპტომების მოსახსნელად შესაბამის წამლებს გაგიკეთებენ.
შემდეგი გაჩერება მელოგინეთა პალატაა, სადაც თქვენს პატარასთან ერთად გადაგიყვანენ.
მელოგინეთა განყოფილებაში
მელოგინეთა პალატაში გადასვლის შემდეგ მალევე უნდა ამოძრავდეთ. შარდის ბუშტიდან კათეტერს ამოგიღებენ, მერე კი მედპერსონალის დახმარებით წამოდგებით და გაივლით. რაც უფრო მეტს იაქტიურებთ, მით უფრო ადვილად დაიწყებს ორგანიზმი აღდგენას. ასე რომ, ეცადეთ, დროის უმეტესი ნაწილი მოძრაობაში გაატაროთ.
ამ დროს ხშირია მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა და ტკივილი ჭრილობის არეში, საერთო სისუსტე და თავბრუხვევა. ეცადეთ, არ დარჩეთ მარტო, ვიდრე თავს კარგად არ იგრძნობთ. თუ ტკივილი გაუსაძლისი გახდა, მოითხოვეთ გაყუჩება.
მშობიარობიდან 12-24 საათის შემდეგ იწყება საშვილოსნოს კუმშვით გამოწვეული მუცლის ტკივილი, რომელიც ძუძუს წოვების დროს ძლიერდება. საქმე ის არის, რომ ძუძუს წოვება ხელს უწყობს ჰორმონ ოქსიტოცინის გამოყოფას, რომელიც საშვილოსნოს კუნთების ძლიერ შეკუმშვას იწვევს.
მართალია, კუმშვები არასასიამოვნოა, მაგრამ აუცილებელი, რათა არ განვითარდეს მშობიარობის შემდგომი სისხლდენა, რომელიც ძალიან ძნელად სამართავი გართულებაა.
ოპერაციის დროს ჩადგმული ინტრავენური კათეტერი შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღე დაგიტოვონ. მისი საშუალებით მიიღებთ ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსა და სითხეებს. ყურადღებით იყავით, კათეტერი არ დააზიანოთ. თუ მის გარშემო კანზე სიწითლე, შეშუპება ან მტკივნეულობა შეამჩნიეთ, ჩააყენეთ მედპერსონალი საქმის კურსში. შესაძლოა, ვენის კედლის ანთებასთან (ფლებიტთან) გვქონდეს საქმე. კათეტერის დროულად ამოღება კი ამ და სხვა უსიამოვნებებისგან გვაზღვევს.
ოპერაციის შემდეგ აუცილებელია სპეციალური ელასტიკური წინდების ტარება, რომლებსაც მხოლოდ ბანაობისა და ძილის დროს გაიხდით. ქვედა კიდურების ელასტიკური კომპრესია ხელს უშლის თრომბოემბოლიური გართულებების განვითარებას.
თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, აქტიურობაში ხელს არაფერი გიშლით და საერთო მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, თქვენს პატარასთან ერთად სახლში გაეწერებით.
ოპერაცია და ძუძუთი კვება
თავდაპირველად სარძევე ჯირკვალში ცოტაოდენი ხსენი წარმოიქმნება, რომელიც უმთავრესად ცილოვანი კომპონენტებისგან შედგება. რაც უფრო მონდომებულია დედა და უკეთ ასრულებს ძუძუთი კვების თაობაზე რეკომენდაციებს, მით უფრო იმატებს რძის ხარისხი და რაოდენობა.
მიჩნეულია, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობისას, როცა ორგანიზმი ბუნებრივად ემზადება პროცესისთვის და ყველა შესაბამის საფეხურს გადის, სარძევე ჯირკვალიც შესაბამისად რეაგირებს ცვლილებებზე და ხსენის გამოყოფას იწყებს. მშობიარობიდან მეორე-მესამე დღეს ხდება რძის მოწოლა – სარძევე ჯირკვალი იწყებს რძის უხვ გამომუშავებას, რაც ახალშობილის კვებით მოთხოვნილებებს ეპასუხება.
საკეისრო კვეთის შემდეგ კი რძე მოსალოდნელზე ოდნავ გვიან გამოიყოფა, რაც ოპერაციის თანმხლებ სტრესთან არის დაკავშირებული. ამ დაბრკოლებამ არ შეგაშინოთ, მიეცით ბავშვს ძუძუ, რამდენჯერაც მოითხოვს. ეს აუცილებლად გაამართლებს.
შინ დაბრუნების შემდეგ
როგორც არ უნდა მიგიწევდეთ გული შინისკენ, სამშობიაროდან გამოწერა მაინც დიდი სტრესია – ამიერიდან აღარც ექთანი გეყოლებათ გვერდით და აღარც ექიმთან გექნებათ ურთიერთობა ისე ხშირად. მოგიწევთ, ყოველდღიურ პრობლემებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ.
* კარგად დაისვენეთ!
საკეისრო კვეთის შემდეგ აღსადგენად 6-8 კვირა დაგჭირდებათ. თუ ოპერაციის დროს ან მის შემდეგ რამე გართულებამ იჩინა თავი -გაცილებით მეტიც. ეს პროცესი უფრო მეტად რომ არ გაჭიანურდეს, ეცადეთ, ოპერაციის მომდევნო კვირებში კარგად იძინოთ, აღიდგინოთ წყლის დაკარგული მარაგი და სათანადოდ იკვებოთ.
ორგანიზმს ისე არაფერი უხდება, როგორც საკმარისი და ჯანმრთელი ძილი. ეცადეთ, შუადღისას ბავშვთან ერთად დაიძინოთ. დასვენება დადებითად აისახება რძის სეკრეციაზეც.
რაც შეეხება კვებას – დღეში 1500-2200 კილოკალორია მაინც უნდა მიიღოთ, ორგანიზმის რეჰიდრატაციისთვის კი 2-2,5 ლ წყალი სვათ.
ამ პერიოდში პარტნიორის, დედის, მეგობრის, ძიძის დახმარება თქვენთვის აუცილებელია და მისი მოთხოვნის მორალური უფლებაც გაქვთ, ასე რომ, თამამად მოითხოვეთ.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს სხეულს
ლოგინობის ხანა ორსულობის მეოთხე ტრიმესტრად განიხილება – ორგანიზმი ჯერ კიდევ ორსულობის ჰორმონების გავლენის ქვეშაა და ნელ-ნელა უბრუნდება არაორსულ მდგომარეობას.
გუნება-განწყობა ამ დროს დეპრესიისკენ არის მიდრეკილი, რაც რამდენიმე მიზეზით აიხსნება: ჰორმონული ფონით, რომელიც მკვეთრად იცვლება მშობიარობის შემდეგ; გადატანილი სტრესით, მუდმივი გადაღლილობა. ამ ყველაფრის მოწესრიგებას დრო სჭირდება. მოთმინებით აღიჭურვეთ და იზრუნეთ საკუთარ თავზე.
ჭრილობის მოვლა
ჭრილობას შეხორცებამდე სათანადოდ უნდა მოუაროთ. მნიშვნელოვანია პოსტოპერაციული ტკივილის სწორი მართვაც. ამისთვის მოითხოვეთ დეტალური დანიშნულება და რეკომენდაციები მკურნალი ექიმისგან.
მოგიწევთ, ძილისთვის ისეთი პოზა შეარჩიოთ, რომელშიც ჭრილობა ნაკლებად გეტკინებათ. ასეთ პოზაში კი შესაძლოა ყოველთვის კომფორტულად ვერ დაისვენოთ. რამდენიმე დღე გაგიჭირდებათ სწრაფი მოძრაობა, ლოგინიდან წამოდგომა, დაჯდომა და ადგომა.
ხშირია ჭრილობის მახლობლად კანის მგრძნობელობის დაქვეითება ან გაქრობა. ჭრილობის შეხორცებასთან ერთად ნელ-ნელა მგრძნობელობაც აღდგება.
ლოგინობის ხანის ვაგინალური გამონადენი, ლოქია, 6-8 კვირა სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება. ამ პერიოდში ზედმიწევნით დაიცავით ჰიგიენის წესები – ხშირად მიიღეთ ნელთბილი შხაპი (აბაზანა აკრძალულია!) და გამოიცვალეთ ჰიგიენური საფენები. თუ გამონადენმა არასასიამოვნო სუნი მიიღო, დაერთო ძლიერი ტკივილი, ცხელება ან თავად გამონადენის რაოდენობამ იმატა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ, აუცილებელია, ორივე ძუძუდან ერთნაირი დატვირთვით კვებოთ: ერთ კვებაზე ერთი ძუძუ აწოვეთ, მეორეზე – მეორე. თუ ერთი არ ეყო, მეორეც მიეცით. თუ მორიგ კვებამდე იგრძენით, რომ ერთი ან ორივე სარძევე ჯირკვალი გადავსებული გაქვთ, გამოიწველეთ. ამით თავიდან აიცილებთ სარძევე სადინარების დახშობას, შესაბამისად, ტკივილს და ანთებით პროცესს.
ძუძუთი კვებისას ჭრილობა რომ არ გაგიღიზიანდეთ, გამოიყენეთ მეძუძური დედებისთვის განკუთვნილი სპეციალური ბალიში – ეს თავიდან აგაცილებთ ჭრილობაზე ზეწოლას და ტკივილს. ან სცადეთ ძუძუთი კვების სხვადასხვა პოზიცია (მაგალითად, გვერდულად მწოლიარემ).
წონის კლება
ქალი მშობიარობისთანავე კარგავს ორსულობის დროს მომატებული წონის 30-40%-ს (თუ ორსულობის დროს წონამ ფიზიოლოგიური ნორმის ფარგლებში მოიმატა). ეს არის ნაყოფის (დროული ახალშობილი 3500 გრამია), მომყოლის (500-600 გრამი), სანაყოფე წყლებისა (0,5-1 კგ) და მშობიარობისას დაკარგული სისხლის (500-600 გრამი) წონათა ჯამი. ამის შემდეგ იწყება დარჩენილი 60-70%-ის ეტაპობრივი კლება.
ორსულობის დროს სხეულის ყველა უჯრედი სითხით არის გადავსებული. მშობიარობის შემდეგ ორგანიზმი ზედმეტი სითხისგან გათავისუფლებას იწყებს. ის გამოიყოფა ოფლის, შარდის, ვაგინალური გამონადენის სახით.
ორსულობის დროს ქალის სხეულში ზედმეტი ცხიმის დაგროვების მიზანი ბავშვის კვებითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. მას შემდეგ, რაც ბავშვი დატოვებს დედის სხეულს, ეს უკანასკნელი ზედმეტი ცხიმის ბუნებრივად მოშორებას იწყებს. თუმცა დროა საჭირო, რომ დანაკარგი შესამჩნევი გახდეს.
თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ, წონას უფრო სწრაფად დაიკლებთ, ვიდრე ის დედები, რომლებიც პატარებს ხელოვნური ნარევებით კვებავენ. ძუძუთი კვების დროს ორგანიზმი ენერგიას ხარჯავს – მეძუძური დედები დღეში საშუალოდ 250-500 კალორიას წვავენ.
ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა
მშობიარობის შემდეგ 6-8 კვირის განმავლობაში, ვიდრე ჭრილობა ხორცდება, ერიდეთ ყოველგვარ ფიზიკურ დატვირთვას, მით უმეტეს – ვარჯიშს. გახსოვდეთ, რომ ყველა ქალის ორგანიზმი ინდივიდუალურია – ზოგი ადვილად გადის აღდგენის პროცესს, ზოგს კი მეტი დრო სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოპერაციის მსვლელობისას ან მის შემდეგ რამე სამედიცინო გართულება (ცხელება, ჭრილობის ინფიცირება, სისხლდენა) წარმოიშვა და დამატებითი მკურნალობა (სისხლის გადასხმა, მუცლის ღრუს დრენირება, ჭრილობის სანაცია) დაგჭირდათ.
თქვენი ენერგია, უპირველეს ყოვლისა, აღდგენასა და გამოჯანმრთელებას უნდა მოხმარდეს. თუ თავს უკეთესად გრძნობთ, უმჯობესია, დაიწყოთ სიარულით. ისეირნეთ საღამოს ან ადრიანი დილით, ნუ ირბენთ, ველოსიპედით ნუ იქროლებთ, ნუ ასწევთ მძიმე საგნებს. ერთი სიტყვით, ერიდეთ ყოველგვარ აქტივობას, რომელიც მუცლის ღრუში წნევას გაზრდის. თქვენი კუნთები ასეთი დატვირთვისთვის ჯერ არ არის მზად.
ოპერაციის შემდეგ მუცელს არაბუნებრივი, მოშვებული შესახედაობა აქვს. მისი პირვანდელი ფორმისა და გარშემოწერილობის აღსადგენადაც დროა საჭირო. დაფიქრდით: თქვენს მუცელს ცხრა თვე დასჭირდა, რომ ნაყოფის ზრდის შესაბამისად გადიდებულიყო. ლოგიკურია, რომ დაახლოებით ამდენივე დრო დასჭირდება ორსულობამდელი ზომების დაბრუნებას. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ცხრა თვე არ ელოდება შედეგს. ამ პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი სხეულის პირვანდელ წონაზე, ორსულობის დროს წონის ნამატზე, თქვენი ფიზიკური აქტივობის დონესა და გენეტიკაზე.
სქესობრივი ცხოვრება ოპერაციის შემდეგ
მშობიარობის შემდეგ 6-8 კვირის განმავლობაში სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავებაა რეკომენდებული. ამ რეკომენდაციის მიზანი ინფექციებისა და დროზე ადრე ხელახალი დაორსულების თავიდან აცილებაა. მშობიარობის შემდგომ საშვილოსნოს ყელი დაახლოებით 6 კვირის შემდეგ იხურება ბოლომდე, მანამდე კი საშვილოსნო ინფექციებისადმი უფრო მგრძნობიარეა.
ზოგს ჰგონია, საკეისრო კვეთის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების გაგრძელება უფრო ადვილია, ვინაიდან ამ დროს ქალი შორისისა და საშოს ტრავმებისგან დაზღვეულია.
სინამდვილეში ყოველთვის ასე არ არის.
რეგენერაციის (აღდგენის) პროცესი ერთნაირად მიმდინარეობს როგორც ბუნებრივი მშობიარობის, ისე საკეისრო კვეთის შემდეგ. ერთადერთი განსხვავება მუცლის წინა კედელზე არსებული პოსტოპერაციული ნაწიბურია. ჭრილობის შეხორცებას 6-8 კვირა მაინც სჭირდება. გარდა ამისა, ხშირია დაბუჟების შეგრძნება ჭრილობის არეში, რომელიც უკვე ვახსენეთ (თუმცა ეს შეგრძნება რამდენიმე თვეში გაივლის).
მშობიარობის შემდეგ შესაძლოა ღელავდეთ, ფიქრობდეთ იმაზე, რას იგრძნობთ სექსის დროს, ძველებურად სასურველი იქნებით თუ არა პარტნიორისთვის. გახსოვდეთ, სექსი არა მხოლოდ ფიზიკური პროცესია, არამედ გონებრივიც, ამიტომ შიშმა, მღელვარებამ, შებოჭილობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს სქესობრივ ქცევასა და გამოცდილებაზე. ესაუბრეთ პარტნიორს, მეტი დრო დაუთმეთ ერთმანეთს და რომანტიკული განწყობის შექმნას, მაქსიმალურად მოეშვით და ისიამოვნეთ.
ზოგიერთი ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ საშოს სიმშრალეს უჩივის. ეს უსიამოვნებაც დროებითია. ასე რომ, გამოიყენეთ ლუბრიკანტი და თამამად გააგრძელეთ პარტნიორთან ურთიერთობა. საშოს სიმშრალე თანდათან ალაგდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მენსტრუალური ციკლი აღგიდგებათ და ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით დაიწყებს ესტროგენების გამომუშავებას.
კონტრაცეფცია
ოპერაციის შემდეგ კონტრაცეფციაზე ფიქრი სქესობრივი ცხოვრების განახლებამდე და მენსტრუალური ციკლის აღდგენამდე უნდა დაიწყოთ. თუ სქესობრივი ცხოვრება მენსტრუაციის აღდგენამდე დაიწყეთ, აუცილებლად გამოიყენეთ მამაკაცის კონდომი. ამით თავიდან აიცილებთ, უპირველეს ყოვლისა, ინფექციას, მერე კი – არადროულ ორსულობასაც. გახსოვდეთ: შესაძლოა, ციკლი ჯერ კიდევ არ იყოს აღდგენილი, მაგრამ დაორსულების რისკი მაინც არსებობს.
საკეისრო კვეთის შემდეგ საშვილოსნოზე ნაწიბური რჩება და დროა საჭირო, რომ საშვილოსნოს კედელმა თავდაპირველი სიმკვრივე და ელასტიკურობა დაიბრუნოს, ამიტომ ექიმები გირჩევენ, ოპერაციიდან, სულ მცირე, ორი წელი დაორსულებაზე არ იფიქროთ. აცადეთ ორგანიზმს, დახარჯული რესურსი აღიდგინოს და მომდევნო ორსულობას მომზადებული შეხვდეს.
რაც შეხება კონტრაცეფციის სხვა მეთოდებს: აბებს, სპირალს, იმპლანტს, – შეგიძლიათ, მათი გამოყენება ციკლის აღდგენის შემდეგ დაიწყოთ, ოღონდ მანამდე აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ:
* შარდვისას გაწუხებთ ტკივილი;
* იღებთ ტკივილგამაყუჩებელს, მაგრამ ტკივილი არ იკლებს ან პირიქით, იმატებს კიდეც;
* მუცლის წინა კედელი დაჭიმული და შეხებისას მგრძნობიარეა;
* ჭრილობის არე მტკივნეულია, მგრძნობიარე და/ან შეშუპებული;
* ჭრილობიდან გაჩნდა გამონადენი;
* სხეულის ტემპერატურამ მოიმატა (>38C);
* საშოდან გამონადენი ჭარბია და დიდი ხანია გრძელდება; იმავდროულად, გრძნობთ სისუტეს, თავბრუხვევას, გულისრევას, გულისცემა აჩქარებული გაქვთ;
* გამონადენს არასასიამოვნო სუნი აქვს;
* გიჭირთ სუნთქვა, ქოშინებთ;
* გაქვთ მაღალი (>150 მმ ვწყ სვ) არტერიული წნევა, რომელიც საჭირო მედიკამენტების მიღების შემდეგაც არ გიწევთ;
* გტკივათ თავი, ამჩნევთ, რომ მხედველობა გაგიუარესდათ, გაღებინებთ, გრძნობთ ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში;
* უჩივით ცალი ფეხის ტკივილს, სიწითლეს ან შეშუპებას.
სესილი ცირეკიძე