ინციდენტალომა – შემთხვევით აღმოჩენილი სიმსივნე

გააზიარე:

უფრო და უფრო იხვეწება სამედიცინო ტექნოლოგიები, უფრო და უფრო ფართოვდება კლინიკურ პრაქტიკაში მათი გამოყენების არეალი, ამიტომ უფრო და უფრო ხშირად ხდება, რომ სულ სხვა მიზეზით ჩატარებული  გამოსახულებითი კვლევის (ულტრასონოგრაფიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული ვიზუალიზაციის) დროს პაციენტის ორგანიზმში სულ სხვა დაავადების ნიშნებს აღმოაჩენენ.

ერთ-ერთმა ასეთმა "მოულოდნელმა" პათოლოგიამ სახელიც შესაბამისი მიიღო: ინციდენტალომა (ინციდენტალ ლათინურად უეცარს, შემთხვევითს ნიშნავს).

ინციდენტალომების უმეტესობა საშიში არ არის, მაგრამ შეფასება აუცილებელია, რათა არ გამოგვეპაროს შემთხვევათა ის მცირე ნაწილი, რომელიც შესაძლოა დიდი უსიამოვნების მიზეზად გვექცეს.

რა ევალება თირკმელზედა ჯირკვლებს

ადამიანს ორი თირკმელზედა ჯირკვალი აქვს, რომლებიც, როგორც მათი სახელწოდებაც მიგანიშნებთ, თირკმელების ზემოთ მდებარეობს. ეს ჯირკვლები რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰორმონს წარმოქმნის:

* კორტიზოლი ორგანიზმს სტრესთან, ტრავმებსა და ავადმყოფობასთან ბრძოლაში ეხმარება, არეგულირებს არტერიულ წნევას და სისხლში გლუკოზის დონეს;

* ალდოსტერონის დახმარებით ორგანიზმი ინარჩუნებს წყალმარილოვან ბალანსს, რეგულირდება არტერიული წნევა, სისხლის მოცულობა, მასში კალიუმის შემცველობა;

* თირკმელზედა ჯირკვლის ანდროგენები იღლიისა და ბოქვენის თმიანობას  უზრუნველყოფს;

* ადრენალინი და ნორადრენალინი სტრესის პასუხად გამოიყოფა. ამ დროს იმატებს არტერიული წნევა, ჩქარდება გულისცემა, ხშირდება სუნთქვა და იმატებს ჟანგბადის მოხმარება, მეტი სისხლი მიეწოდება კუნთებს.

რა არის ინციდენტალომა

ინციდენტალომას, როგორც ვთქვით, უწოდებენ თირკმელზედა ჯირკვალზე აღმოჩენილ სიმსივნურ წარმონაქმნს, რომლის დიამეტრიც, წესისამებრ, 1 სმ-ზე მეტია. ის ცალმხრივიც შეიძლება იყოს და ორმხრივიც. მისი აღმოჩენის შემდეგ ექიმმა ორ მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი: არის თუ არა წარმონაქმნი ავთვისებიანი და ფუნქციურად აქტიურია თუ არა.

ფუნქციურად აქტიურია ინციდენტალომა, რომელსაც ერთი ან მეტი თირკმელზედა ჰორმონის ჭარბი გამოყოფა ახლავს თან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმონაქმნი უფრო საშიშია – აქტიური შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი სიმსივნე.

თირკმელზედა ჯირკვლის ინციდენტალომის განვითარების რისკი ასაკთან ერთად იმატებს. 30-40 წლამდე ის ფაქტობრივად არ გვხვდება, 50 წლისთვის ალბათობა 3%-ს აღწევს, ხოლო 70 წლისთვის – 7%-ს.

სახელწოდება "ინციდენტალომა" წარმონაქმნის მხოლოდ მდებარეობასა და დიაგნოსტიკის თავისებურებებზე მიუთითებს. სიმსივნის ბუნებაზე ის არაფერს ამბობს. არადა, ინციდენტალომა საკმაოდ მრავალფეროვანია და მისი ბუნების დადგენა აუცილებელია მკურნალობისთვის.

ინციდენტალომად შეიძლება მოგვევლინოს: ადენომა (არაავთვისებიანი სიმსივნე), ადრენოკორტიკული კიბო, ფეოქრომოციტომა – თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებისგან განვითარებული სიმსივნე, რომელიც იწვევს ადრენალინისა და ნორადრენალინის ჭარბ გამოყოფას, სხვა ორგანოს სიმსივნის მეტასტაზი, ლიპომა, მიელოლიპომა, ნეიროფიბრომა, ნეირობლასტომა, ლიმფომა (ლიმფოსარკომა), ჰემანგიომა, ლეიომიომა, ლეიომიოსარკომა, ტერატომა, ამილოიდოზი, აბსცესი, ტუბერკულოზური გრანულომა, ექინოკოკური ცისტა და სხვა.

როგორ ვლინდება

ინციდენტალომის დროს კლინიკური სურათი იმაზეა დამოკიდებული, ფუნქციურად აქტიურია თუ არა სიმსივნე და რომელ ჰორმონებს გამოყოფს ჭარბად.

კორტიზოლის ჭარბი გამოყოფის დროს (კუშინგის სინდრომი, სუბკლინიკური ჰიპერკორტიციზმი) მოსალოდნელია:

* კუნთების ატროფია და სისუსტე;

* წონის მატება სხეულის ზედა ნაწილში (ცხიმი ლაგდება დისპლაზიურად, უპირატესად – მუცელზე, გულმკერდზე, კისერზე, სახეზე, რაც მას მთვარისებრ შესახედაობას აძლევს, და ზურგზე);

* ალისფერი ან იასამნისფერი სტრიები, რომელთა სიგანე შესაძლოა რამდენიმე სანტიმეტრს აღწევდეს, სისხლჩაქცევები კანზე;

* აკნეს ტიპის გამონაყარი;

* დეპრესია, გაღიზიანება, სისუსტე, ადვილად დაღლა, ძილის დარღვევა;

* ქალებთან – სახისა და სხეულის ჭარბთმიანობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

კორტიზოლის სიჭარბე უარყოფითად მოქმედებს ძვლების სიმტკიცეზე, იწვევს არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზის დონის მომატებას.

ალდოსტერონის დონის მომატებას (პირველადი ალდოსტერონიზმი) შეუძლია გამოიწვიოს არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც, თუ ნებაზე მივუშვით, სიცოცხლისთვის საშიშია. შესაძლოა განვითარდეს კუნთების სისუსტეც.

თუ ინციდენტალომის აღმოჩენისას პაციენტს არ აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დამატებითი კვლევა ჰიპერალდოსტერონიზმის გამოსავლენად, როგორც წესი, მიზანშეწონილად არ მიიჩნევა.

ადრენალინის ან ნორადრენალინის სიჭარბისას (ფეოქრომოციტომა) ჩქარდება გულისცემა და ირღვევა მისი რიტმი, ვითარდება ოფლიანობა, ძლიერი თავის ტკივილი, კანკალი, სიფითრე, მაღალი არტერიული წნევა.

ანდროგენების  დონის მომატება ქალებთან ჭარბთმიანობთ, აკნეს ტიპის გამონაყარით, არარეგულარული მენსტრუალური ციკლით ვლინდება. ანდროგენების სიჭარბე კორტიზოლისა და ალდოსტერონის არასაკმარის გამომუშავებასთან ერთად თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიისთვისაა დამახასიათებელი.

როგორ ფასდება

სიმსივნური წარმონაქმნის აღმოჩენის შემდეგ იწყება კვლევა. უნდა დაზუსტდეს მისი ბუნება, შეფასდეს მის მიერ ჰორმონების წარმოქმნის უნარი... ეცნობიან პაციენტის სამედიცინო ისტორიას, დადასტურებულ სიმპტომებს და მათი გამოხატულების სიმძიმეს. იზომება არტერიული წნევა, პულსი, სხეულის წონა და სხვა პარამეტრები. სისხლისა და შარდის ანალიზებით მოწმდება თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების დონე, რათა გამოირიცხოს ან დადასტურდეს მათი სიჭარბე. იშვიათად (თუ სიმსივნე მემკვიდრეობითია) გენეტიკურ ტესტირებასაც მიმართავენ.

ექიმი ითვალისწინებს პაციენტის ოჯახურ სამედიცინო ისტორიას – ხომ არ ჰქონიათ მის ახლო ნათესავებს თირკმელზედა ჯირკვლის ან სხვა სიმსივნეები, არტერიული ჰიპერტენზია, კუშინგის სინდრომი.

იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, ჩატარდეს სიმსივნის ბიოფსია მეტასტაზური დაავადების გამოსარიცხავად, ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ ფეოქრომოციტომის გამორიცხვამდე ბიოფსიის ჩატარება არ შეიძლება, რათა სიცოცხლისთვის საშიში კრიზული მდგომარეობა არ განვითარდეს.

ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდები ექიმებს საშუალებას გვაძლევს, წარმონაქმნის მახასიათებლებზე დაყრდნობით კეთილთვისებიანი ქსოვილი მკაფიოდ განვასხვაოთ ავთვისებიანისგან. ამ კუთხით თანაბრად ეფექტურია როგორც კომპიუტერული, ისე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

40 წლამდე ასაკის პირებს და ორსულებს მეტი ყურადღება სჭირდებათ, რადგან სხვებთან შედარებით მაღალი აქვთ წარმონაქმნის გაავთვისებიანების რისკი.

რას გულისხმობს მკურნალობა

თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეების 85%-ზე მეტი ფუნქციურად აქტიური არ არის და მკურნალობას არ მოითხოვს. ზოგიერთ პაციენტს ჰორმონული თერაპია სჭირდება, ზოგიერთ შემთხვევაში  კი ხდება ქირურგიული ჩარევა სიმსივნური წარმონაქმნის, ცალი ან ორივე თირკმელზედა ჯირკვლის ამოსაკვეთად. ოპერაციის  საჭიროება სიმსივნის ტიპზე (კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი) და მის მიერ ჰორმონების წარმოქმნის უნარზეა დამოკიდებული. მიჩნეულია, რომ ფუნქციურად აქტიური, ავთვისებიანი, მზარდი ან დიდი ზომის სიმსივნეები ამოსაკვეთია.

თირკმელზედა ჯირკვლის ინციდენტალომების უმრავლესობას მინიმალურად ინვაზიური მეთოდით, ლაპარასკოპიულად, ამოკვეთენ.

თუ სიმსივნე მცირე ზომისა და არამოფუნქციეა, რეკომენდებულია დაკვირვება. ასეთ პაციენტს უტარდება ჰორმონული ტესტირება წელიწადში ერთხელ პირველი ხუთი წლის განმავლობაში, ხოლო გამოსახულებითი კვლევა –  6-12 თვეში ერთხელ პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში.

კვლევებმა აჩვენა, რომ ინციდენტალომათა 25% დროთა განმავლობაში იზრდება, 20% კი ფუნქციურად აქტიური ხდება და მათი უმეტესობა კუშინგის სინდრომით მიმდინარეობს.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: