სკოლიოზი - რატომ უჭირს ორგანიზმის ძირითად საყრდენს

გააზიარე:

სიტყვა "სკოლიოზი" ბერძნული ენიდან იღებს სათავეს და გამრუდებას, მოხრას ნიშნავს. სკოლიოზი, ხერხემლის პათოლოგიური გამრუდება, ადამიანს სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განუვითარდეს, თუმცა უმეტესად ბავშვებსა და მოზარდებთან გვხვდება, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პირველად მშობლები ამჩნევენ.

რა არის

სკოლიოზი ხერხემლის პათოლოგიური გამრუდებაა. ბუნებრივად ხერხემლის უმნიშვნელო გამრუდება ყველა ადამიანს აღენიშნება, თუმცა სკოლიოზის დროს ჩონჩხის ეს ნაწილი სწორი ხაზის ნაცვლად ლათინურ ასო ჩ-ს ან შ-ს ემსგავსება. სკოლიოზი ყველაზე ხშირად ვითარდება 10-12 წლის ასაკში, ე.წ. ზრდის ნახტომის დროს, უშუალოდ სქესობრივი მომწიფების პერიოდის დადგომამდე. ეს მდგომარეობა მოზარდთა დაახლოებით 3%-ს აღენიშნება.

რა იწვევს

სკოლიოზის უშუალო მიზეზი ხშირად უცნობია. ამ შემთხვევაში მას იდიოპათიურს უწოდებენ. ყველაზე მეტად სკოლიოზის სწორედ იდიოპათიური ფორმაა გავრცელებული.

იშვიათად სკოლიოზი დაბადებისთანავე გამოვლინდება. ამ შემთხვევაში მას თანდაყოლილს უწოდებენ. ეს ფორმა განპირობებულია ნაყოფის ხერხემლის ან ნეკნების არასათანადო ჩამოყალიბებით.

კიდევ ერთი ტიპია ნერვკუნთოვანი სკოლიოზი. ის განპირობებულია ნერვული სისტემის პათოლოგიით, რომელიც, თავის მხრივ, კუნთებს აზიანებს. ასეთი პათოლოგიებია ცერებრული დამბლა, კუნთოვანი დისტროფია, სპინა ბიფიდა, პოლიომიელიტი.

არსებობს დეგენერაციული სკოლიოზიც, რომელიც ზრდასრულებთან გვხვდება და ჩონჩხის სისტემის ცვეთით და დაზიანებით არის გამოწვეული.

სკოლიოზის განვითარება მოსალოდნელია ოსტეოპოროზის დროსაც, ძვლოვანი ქსოვილის დეგენერაციის ფონზე.

სინდრომული სკოლიოზი ვითარდება როგორც სხვა დაავადების: მარფანის სინდრომის, 21-ე ქრომოსომის ტრისომიის – შემადგენელი ნაწილი.

სკოლიოზი უმეტესად გოგონებს აღენიშნებათ და ასაკის მიხედვით მისი კლასიფიკაცია ასეთია: 3 წლამდე განვითარებულ სკოლიოზს ინფანტილურს უწოდებენ, 4-დან 10 წლამდე განვითარებულს – იუვენილურს, ხოლო 11-დან 18 წლამდე განვითარებულ – მოზარდობის სკოლიოზს.

სიმპტომები

სკოლიოზი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომებით გამოვლენილი ფორმისთვის დამახასიათებელია ზურგის ან წელის ტკივილი, რომელიც ქვედა კიდურებზეც ვრცელდება, ხანგრძლივი დგომის ან ჯდომის შემდეგ ხერხემლის არეში სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება, თეძოებისა და მხრების უთანაბრობა, მხრების ტკივილი, ხერხემლის მეტად გამრუდება ცალ მხარეს. სიმპტომები გამოწვეულია იმით, რომ თავი ცენტრიდან გადახრილია, ნეკნთა რკალი ასიმეტრიულია და ნეკნები შესაძლოა სხვადასხვა სიმაღლეზე იყოს, ერთი თეძო მეორესთან შედარებით წამოწეულია, არათანაბარია ქვედა კიდურების სიგრძე. ზურგის ტკივილი თავს იჩენს ზრდასრულ ასაკში, სკოლიოზის ხანგრძლივი ისტორიის მქონე პირებთან.

ჩვილებთან დაავადება გამოვლინდება გულმკერდის ცალ მხარეს ამობურცულობით, წოლისას მუდმივად ცალ მხარეს მოხრით, გულისა და ფილტვების პრობლემებით, რაც შორს წასულ შემთხვევებში ქოშინითა და გულმკერდის არეში ტკივილით გამოიხატება.

გართულებები

თუ სათანადო მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, მოგვიანებით თავს იჩენს სხვა პრობლემებიც:

* გულისა და ფილტვების დაზიანება – მძიმე ფორმის სკოლიოზის დროს ნეკნთა რკალი შესაძლოა აწვებოდეს გულსა და ფილტვებს და ხელს უშლიდეს მათ ნორმალურ შეკუმშვას.

* ზურგის ქრონიკული ტკივილი.

სკოლიოზი იწვევს გარეგნობის შესამჩნევ ცვლილებებს, რაც დაბალი თვითშეფასების მიზეზად იქცევა.

დიაგნოსტიკა

გასინჯვის დროს ექიმი ათვალიერებს პაციენტს ჯერ გამართულს, შემდეგ – წელში მოხრილს, თავისუფლად დაშვებული ხელებით. ამ დროს უკეთესად ჩანს ხერხემლისა და ნეკნთა რკალის ასიმეტრია. შესაძლოა, გასინჯვამ გამოავლინოს ერთი მხრის მეორეზე მაღლა დგომა და მენჯის დახრილობაც.

დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება:

* ინკლინომეტრია ან სკოლიომეტრია – ამ გზით ფასდება ხერხემლის გამრუდების ხარისხი;

* გამოსახულებითი კვლევები – რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. მათი მეშვეობით ფასდება გამრუდების ფორმა, მიმართულება, მდებარეობა და კუთხე.

სკოლიოზის დიაგნოზი ისმება, როცა ხერხემლის გამრუდების კუთხე 10 გრადუსზე მეტია. მძიმე ფორმის დროს გამრუდება 60 გრადუსს აჭარბებს და შინაგანი ორგანოების ნორმალურ ფუნქციობას უშლის ხელს.

მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია სკოლიოზის მიზეზზე, გამრუდების მდებარეობაზე, სიმძიმეზე, პაციენტის ასაკზე (ზრდის პროცესი გრძელდება თუ დასრულებულია). რაც უფრო მეტად არის გამოხატული გამრუდება, მით უფრო  მაღალია დროთა განმავლობაში მისი გართულების რისკიც. შ-ის ფორმის გამრუდებას ორმაგს უწოდებენ და მდგომარეობის გაუარესების უფრო მაღალი რისკი ახასიათებს, ვიდრე ჩ-ს ფორმის გამრუდებას. ხერხემლის ცენტრალურ ნაწილში არსებულ გამრუდებას გართულების უფრო მაღალი რისკი ახლავს, ვიდრე ზემო ან ქვემო ნაწილში არსებულს. როცა ზრდა-განვითარების პროცესი დასრულებულია, მდგომარეობის გაუარესების ალბათობაც ნაკლებია.

იდიოპათიური სკოლიოზის მქონე პირთა უმრავლესობას მკურნალობა არ სჭირდება, თუმცა რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი 6 თვეში ერთხელ.

თუ ზრდის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, პაციენტს ურჩევენ კორსეტის ტარებას, რომელიც მას ხერხემლის შემდგომი გამრუდებისგან დაიცავს. კორსეტის ტიპი გამრუდების სიმძიმისა და მდებარეობის მიხედვით ირჩევა. ზრდის პარალელურად ისიც იცვლება. კორსეტი, წესისამებრ, 10 წლიდან ინიშნება. თანდაყოლილი და ნერვკუნთოვანი სკოლიოზის დროს ის უსარგებლოა.

თუ ხერხემლის გამრუდება მძიმეა ან სწრაფად მძიმდება, ქირურგიული ჩარევაა საჭირო. ოპერაციის ყველაზე გავრცელებული ტიპია ხერხემლის ართროდეზი. ოპერაციის დროს ხერხემლის მალებს ისე ასწორებენ ერთმანეთთან, რომ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდეს. ამისთვის მალებს შორის ათავსებენ ძვლის ან ძვლის მსგავსი ქსოვილის ფრაგმენტებს და აფიქსირებენ 1 ან 2 მეტალის ღერძით, რომლებიც ხერხემლის ამ ნაწილს ფიქსირებულ პოზიციაში აკავებს, სანამ ძველი და ახალი ძვლის ქსოვილები ერთმანეთს არ შეერწყმება.

ბავშვები სკოლაში, როგორც წესი, ოპერაციიდან 4-6 კვირის შემდეგ ბრუნდებიან, ხოლო სპორტულ აქტივობებში 1 წლის შემდეგ ერთვებიან.

ოპერაციის შემდეგ ინიშნება კორსეტი, რომელმაც ხერხემალი ერთ პოზიციაში უნდა დააფიქსიროს. მისი ტარება 6 თვემდეა აუცილებელი.

ოპერაციის შემდეგ საჭიროა ექიმთან ვიზიტი 6 თვეში ერთხელ მეტალის ღერძის სიგრძის კორექციისთვის, მისი მოცილება კი ზრდის პროცესის დასრულების შემდეგ ხდება ქირურგიული გზით. ამ ოპერაციას გარკვეული რისკიც ახლავს თან – ღერძის ცდომა სწორი პოზიციიდან, რამაც შესაძლოა დამატებითი ოპერაციის საჭიროება წარმოშვას, ფსევდოართრიტი, ინფექცია, ნერვების დაზიანება. ეს უკანასკნელი მსუბუქი ფორმითაც (ერთი ან ორივე ქვემო კიდურის დაბუჟებით) შეიძლება გამოიხატოს და პარაპლეგიამდეც დამძიმდეს, იმდენად, რომ სხეულის მთელი ქვედა ნაწილის ფუნქციის დაკარგვა გამოიწვიოს.

სკოლიოზის მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპიას და ფიზიოთერაპიას. პროცესში ერთვებიან სხვა სპეციალისტებიც, რომლებიც მკურნალობის მიმდინარეობას აკონტროლებენ.

ვარჯიშები

ვარჯიში სკოლიოზის მკურნალობისას დამხმარე საშუალებაა. ის ამაგრებს მუცლისა და ზურგის კუნთებს, ამცირებს ზურგის ტკივილს. მისი მიზანია ხერხემლის, ნეკნთა რკალის, მხრებისა და მენჯის გასწორება.

ვარჯიში გამრუდების მდებარეობისა და ხარისხის მიხედვით ირჩევა. ის აუცილაბლად ექიმმა უნდა შეარჩიოს, რადგან ზოგიერთ ვარჯიშს სკოლიოზის დამძიმება და მეორეული დაზიანებების გამოწვევა შეუძლია.

პროგნოზი

პროგნოზი სკოლიოზის ტიპზე, მის მიზეზსა და გამრუდების სირთულეზეა დამოკიდებული. რაც უფრო მძიმეა გამრუდება ბავშვობის ასაკში, მით უფრო სავარაუდოა, რომ ზრდის პროცესის დასრულების შემდეგ ის უფრო მეტად დამძიმდება. სკოლიოზის ზომიერი ფორმა კარგად ექვემდებარება კორსეტით მკურნალობას და არც სამომავლო გართულებები ახასიათებს, თუმცა ასაკთან ერთად მოსალოდნელია ზურგის ტკივილი.

სკოლიოზის ნერვკუნთოვანი და თანდაყოლილი ფორმების პროგნოზი სხვადასხვანაირია. თუ გამრუდების მიზეზი სხვა სერიოზული პათოლოგიაა, მაგალითად, ცერებრული დამბლა ან კუნთოვანი დისტროფია, მკურნალობის მიზანიც განსხვავებულია. ხშირად ქირურგიული ჩარევა იმისთვის ტარდება, რომ ბავშვს ეტლში ვერტიკალურად ჯდომის შესაძლებლობა მიეცეს. თანდაყოლილი სკოლიოზი ძნელი სამკურნალოა და ხშირად არაერთ ქირურგიულ ოპერაციას მოითხოვს.

პრევენცია

სკოლებში ტარდება სკოლიოზის რუტინული სკრინინგი, რაც გამრუდების დროულად გამოველნის საშუალებას იძლევა.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: