ნეიროდერმიტი – შემაწუხებელი ქავილი
გააზიარე:
კანის ეს გავრცელებული ქრონიკული დაავადება, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაინც მძიმე ფსიქოლოგიური ტვირთია და ხელს გვიშლის სრულფასოვან ცხოვრებაში.
ნეიროდერმიტს მარტივი ქრონიკული ლიქენის სახელითაც იცნობენ. ტერმინი “ნეიროდერმიტი” ეკუთვნის ფრანგ დერმატოლოგ ბროკს, რომელმაც სცადა, სახელწოდებაში აესახა კავშირი კანსა და ნერვულ სისტემას შორის.
რა არის
ნეიროდერმიტი კანზე მქავანა ლაქის გაჩენით იწყება. ქავილით გამოწვეული ნაჩხაპნები კიდევ უფრო ამძაფრებს ქავილს. ყალიბდება მანკიერი წრე. დაზიანებული კანი თანდათან სქელდება და ტყავს ემსგავსება. ნეიროდერმიტის მკურნალობისას მთავარი სირთულე სწორედ ამ მანკიერი წრის დარღვევაა.
ლაქები შეიძლება სხეულის ნებისმიერ ადგილას გაჩნდეს, თუმცა უმეტესად კისრის უკანა მხარეს, მაჯებზე, მკლავებზე, ფეხებზე გვხვდება. ნეიროდერმიტი სიცოცხლისთვის საშიში არ არის და არც გადამდებია, თუმცა ქავილი შესაძლოა ინტენსიური იყოს, რაც, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ადამიანს ხელს უშლის სრულფასოვან ცხოვრებაში.
ნეიროდერმიტი, როგორც წესი, მთელი სიცოცხლე გრძელდება. ქავილი ხშირად ძილის ან მოსვენების დროს ძლიერდება. არცთუ იშვიათად სტრესულ პერიოდში იჩენს თავს და მისი ჩავლის შემდეგაც გასტანს.
როგორ ვლინდება
ნეიროდერმიტისთვის დამახასიათებელია:
* კანიდან წამოწეული წითელი ან იისფერი მქავანა ლაქები. ეგზემის, ფსორიაზისა და ქავილით მიმდინარე კანის სხვა დაავადებებისგან განსხვავებით, ნეიროდერმიტის დროს ჩნდება მხოლოდ ერთი ან ორი ლაქა, იშვიათად – მეტი;
* ქავილი – წესისამებრ, მწვავდება ძილის, მოსვენებისა და სტრესის დროს. ქავილის შედეგად კანი იფხაჭნება და სისხლმდენი ხდება. დიდია ინფექციის განვითარების ალბათობაც. ნაფხაჭნი კანი თანდათან სქელდება და ტყავს ემსგავსება. შესაძლოა, მიიღოს მოყავისფრო ან მონაცრისრო ფერი;
* ტკივილი – ზოგიერთი პაციენტი ტკივილსაც უჩივის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლაქები თავის კანზეა;
* თავიდან თმის ცვენა;
* დანაწიბურება – ღრმა ჭრილობის შეხორცების შემდეგ კანზე შესაძლოა ნაწიბური დარჩეს;
* ინფიცირება – ინფექციის ნიშნებია თაფლისფერი ქერქი და დაზიანებული უბნიდან სითხის დენა. შესაძლოა, გაჩნდეს ჩირქით სავსე ბუშტუკებიც.
ვის ემართება
ნეიროდერმიტის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ზოგიერთი ადამიანი მეტადაა მიდრეკილია ამ დაავადებისკენ. ნეიროდერმიტი ვითარდება, როცა ნერვული სისტემა ზედმეტად რეაგირებს ამა თუ იმ გამღიზიანებელზე.
არსებობს ფაქტორები, რომლებიც ნეიროდერმიტის განვითარების ალბათობას ზრდის. ის უმთავრესად გვხვდება:
* 30-დან 50 წლამდე ასაკში;
* ქალებთან;
* ატოპიური და კონტაქტური დერმატიტის მქონე პირებთან.
ნეიროდერმიტის დიაგნოზს იშვიათად ბავშვებსაც უსვამენ, უმთავრესად მათ, რომლებსაც ატოპიური დერმატიტი აქვთ.
დაავადების განვითარების ალბათობა იმატებს, თუ ადამიანს აქვს ეგზემის, ფსორიაზის, კონტაქტური დერმატიტის პირადი ან ოჯახური ისტორია, მშრალი კანი, შფოთვითი აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური პათოლოგია, ძლიერი სტრესი ან ემოციურად ტრავმული პერიოდი.
გამშვებ მექანიზმად შესაძლოა იქცეს მწერის ნაკბენი, მჭიდრო ტანსაცმელი, განსაკუთრებით – შალისა და სინთეტიკური ქსოვილისა (პოლიესტერი, ვისკოზა), სატრანსპორტო გამონაბოლქვი, ალერგენი, ოფლი, გადახურება, ცუდი სისხლის მიმოქცევა.
ნეიროდერმიტი შესაძლოა განვითარდეს კანის სხვა დაავადებასთან, კერძოდ, ეგზემასთან ან ფსორიაზთან ერთად.
როგორ სვამენ დიაგნოზს
დერმატოლოგი სინჯავს მქავანა ლაქას და აკვირდება ნეიროდერმიტის ნიშნებს, მისი დაწყების დროს, ხანგრძლივობას და პერიოდულობას. ინფიცირების ნიშნების არსებობისას იღებენ კანის ნაცხს, რომლის გამოკვლევითაც ინფექციას ადასტურებენ. ზოგჯერ საჭიროა კანის მცირე ნაწილის აღებაც. ქავილის გამომწვევი ალერგიული მიზეზის დასადგენად ალერგიული რეაქციის დასადგენ ტესტებს მიმართავენ.
როგორ მკურნალობენ
სამკურნალო გეგმას ექიმი პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით ადგენს. ნეიროდერმიტის სამკურნალო სპეციფიკური საშუალება არ არსებობს. მკურნალობის მიზანი ქავილის შეწყვეტა და კანის მთლიანობის აღდგენაა. ამისთვის დერმატოლოგები ხშირად იყენებენ კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც ამცირებს სიწითლეს, შეშუპებას, სიმხურვალეს, ქავილს და არბილებს გასქელებულ და გაუხეშებულ კანს. წესისამებრ, ინიშნება ადგილობრივი გამოყენების სტეროიდები, ხოლო თუ კანი ძალიანაა გასქელებული, მედიკამენტი ინექციით შეჰყავთ დაზიანებულ უბანში. ქავილის შესამცირებლად შესაძლოა დაინიშნოს ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდული საშუალებებიც, კერძოდ, კალცინევრინის ინჰიბიტორები და სალიცილის მჟავაზე დამზადებული მალამოები.
ოკლუზიური მკურნალობა გულისხმობს დაზიანებული ადგილის დაფარვას, რაც ქავილის კონტროლის და ნაფხაჭნების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ამისთვის იყენებენ პლასტიკურ სახვევებს მალამოს ან დამატენიანებლის წასმის შემდეგ ან თუთიის ოქსიდის პასტით დაფარული ბინტით გადახვევას.
ზოგჯერ უნიშნავენ მედიკამენტით დაფარულ პლასტირს, რომელიც შეიცავს ლიდოკაინს, გამაყუჩებელ აგენტს, ან კაპსაიცინს – წიწაკის კომპონენტს, რომელიც ნერვული დაბოლოებების დესენსიტიზაციას (მგრძნობელობის დაქვეითებას) იწვევს და ქავილს ამცირებს. თუ ქავილი უმეტესად ძილის დროს იჩენს თავს, ინიშნება დასალევი მედიკამენტებიც – ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც ძილიანობას იწვევს, შფოთვის საწინააღმდეგო საშუალებების მცირე დოზები.
ზოგიერთი პაციენტისთვის სასარგებლოა სტრესისა და გაღიზიანების მართვა, რადგან როგორც სტრესს, ისე გაღიზიანებას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ქავილზე. მათ შესამცირებლად იყენებენ შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ან ფსიქოთერაპიას.
ინფექციის თანდართვისას ინიშნება შესაბამისი მკურნალობა, ხოლო ჭრილობის არსებობისას, რაც ხშირი ქავილის და კანის მთლიანობის დარღვევის შედეგია, გამოიყენება:
* ჭრილობის დამუშავება და გადახვევა;
* ქირურგიული ჩარევა;
* უარყოფითი წნევით მკურნალობა;
* ჰიპერბარიული თერაპია.
ცხოვრების წესი და საშინაო მოვლა
კანის ყოველდღიური დატენიანება სიმშრალის შესამცირებლად, გრილი კომპრესები, სპეციალური აბაზანები, ხალვათი, ბუნებრივი ქსოვილის სამოსი, ღრმად დაჭრილი ფრჩხილები ამსუბუქებს ქავილს და ამცირებს ნაფხაჭნების წარმოქმნის რისკს.
გრილი კომპრესები – კორტიკოსტეროიდის წასმამდე ხუთი წუთით ადრე დაზიანებული უბნის დასველება ან ზედ ცივი კომპრესის დადება მედიკამენტს ხელს უწყობს, უკეთ, უფრო ადვილად შეაღწიოს გასქელებულ კანში. ასეთი კომპრესები არბილებს კანს და ამცირებს ქავილს.
დაზიანებული ადგილის დაფარვა – ბანდაჟები და სახვევები იცავს კანს და ახდენს ქავილის პრევენციას. განსაკუთრებით მოხერხებულია მაშინ, როცა შემაწუხებელი ქავილი ძილის დროს იჩენს თავს.
რეკომენდებულია ხანმოკლე თბილი აბაზანების მიღება, საღებავებისა და არომატიზატორების გარეშე დამზადებული საპნების გამოყენება, ბანაობის სიხშირისა და ხანგრძლივობის შემცირება, დაბანის შემდეგ უსუნო დამატენიანებლის წასმა.
მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი დააკვირდეს, რომელი გამღიზიანებლები უმწვავებს დაავადებას და მაქსიმალურად ერიდოს მათ. მაგალითად, გამოიყენოს სტრესის მართვის ტექნიკა, არ ჩაიცვას ტანსაცმელი, რომელიც კანს უღიზიანებს.
პროგნოზი
ნეიროდერმიტისგან განკურნება შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა, ექიმმა შეიმუშაოს პაციენტს მორგებული ინდივიდუალური გეგმა. გამღიზიანებლის ხელახალი ზემოქმედების შემთხვევაში, განკურნებულმა დაავადებამ შესაძლოა რეციდივი განიცადოს. ამ დროს ხელახალი მკურნალობის ჩატარებაა საჭირო.
მარიამ რამაზაშვილი