რეზო ხოფერია – ვირტუოზი ექიმი, კეთილშობილი ადამიანი, საყვარელი ბაბუა
გააზიარე:
რეზო ხოფერიას საინტერესო, მდიდარი ცხოვრება ჰქონდა. იყო აღიარებული ექიმი, დიდი მეცნიერი და გამომგონებელი, ბევრს მოგზაურობდა... ამ ყველაფერთან ერთად, თანამედროვეებს მეგობრობისა და თანადგომის საოცარი ნიჭითაც დაამახსოვრა თავი.
რეზო ხოფერიას შესახებ გასტროენტეროლოგმა ხუტა პაჭკორიამ და თავად ბატონი რეზოს ოჯახის წევრებმა გვიამბეს.
ბავშვობა და ახალგაზრდობა
– რეზო ხოფერია 1923 წლის 11 დეკემბერს თბილისში დაიბადა, – გვიამბობს ხუტა პაჭკორია, – მამამისი, ვლადიმერი, აგრონომი იყო. ახალგაზრდობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში მონაწილეობდა. მოგვიანებით სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პროფესორი გახდა. დედა, ნინო ხვიჩია-ხოფერია, ქუთაისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქალაქ ახალსენაკში (ახლანდელ სენაკში) მუშაობდა მასწავლებლად, მერე თბილისში გადავიდა, თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაება. ბოლოს თბილისის მუშა ახალგაზრდობის საშუალო სკოლის დირექტორის თანამდებობა მიიღო, რამდენიმეჯერ საქალაქო და რაიონული საბჭოების დეპუტატიც იყო. უკანასკნელ წლებში კი წიგნების გამოცემა დაიწყო. შესაძლოა, თქვენს ზოგიერთ მკითხველს დღესაც ჰქონდეს სახლში ნინო ხოფერიას "საოჯახო წიგნი".
რეზოს უფროსი ძმა ცხრა წლისა გარდაიცვალა. მეტი შვილი ოჯახს აღარ შესძენია. ვლადიმერს, ისევე როგორც მისი და-ძმის ოჯახებს, რეპრესიები შეეხო. ის დააპატიმრეს, 40 წლისა კი ავადმყოფობამ იმსხვერპლა.
რეზო სკოლაშიც და სამედიცინო ინსტიტუტშიც კარგად სწავლობდა, მაგრამ მეგობრებთან ერთად თავგადასავლებისთვისაც პოულობდა დროს. ბავშვობა ვერაზე გაატარა, მოგვიანებით კი მისი ოჯახი საბურთალოზე, ანაგის ქუჩაზე გადასახლდა. მეგობრობდა დიდ მსახიობ დოდო აბაშიძესთან, შემდგომში სახელგანთქმულ ექიმებთან: ბაადურ რაჭველიშვილთან, კოტე მადიჩთან, ვახტანგ ხუციძესთან (წოპესთან), ლევან ჭაჭიაშვილთან, ზურაბ ზოდელავასთან, კორნელი კეკელიძესა და მის ძმასთან, თენგიზთან, რომელიც შემდეგ ცნობილი მეღვინე გახდა. მათთან ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა.
მოსკოვური წლები
– სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რეზო ხოფერიამ ქობულეთის სანატორიუმში დაიწყო მუშაობა. 1947-1948 წლებში ჯარში გაიწვიეს. მოსკოვის მახლობლად მსახურობდა და დემობილიზაციის შემდეგ იქვე, მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ოტორინოლარინგოლოგიის კათედრაზე გაიარა ორდინატურა. მოხვდა ძალიან ცნობილი სპეციალისტის, სტალინის პირადი ექიმის, პროფესორ ბორის პრეობრაჟენსკის კლინიკაში.
1953 წლის დასაწყისში პრეობრაჟენსკის ბრალად დასდეს ქვეყნის ღალატი და 26 სხვა ექიმთან ერთად დააპატიმრეს. ეს იყო გახმაურებული "ექიმთა საქმე". დაპატიმრებულთა წინააღმდეგ შავი პიარი აგორდა. პრესით თუ რადიოთი მათ შესახებ ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებდნენ. კლინიკის თანამშრომლებს მოსთხოვეს, კოლექტიური წერილი დაეწერათ, საჯაროდ დაეგმოთ პრეობრაჟენსკის საქციელი და მისი დასჯა მოეთხოვათ. რეზომ ამ წერილს ხელი არ მოაწერა. გამოცდილი კოლეგები აფრთხილებდნენ, თავს ყულფში ყოფო, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინეს. ხშირად აკითხავდა პროფესორის ავადმყოფ მეუღლეს, ბავშვები სკოლაში მიჰყავდა, რითაც შეეძლო, ხელსაც უმართავდა.
მერე საქმეში ბედისწერა ჩაერია, მარტის დასაწყისში სტალინი გარდაიცვალა და დაპატიმრებული ექიმები გაათავისუფლეს. პრეობრაჟენსკი მეორე დღესვე წავიდა კლინიკაში და დილის კონფერენცია ჩაატარა. თანამშრომლებმა, რომლებმაც მის საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს, მლიქვნელურად მიულოცეს თავისუფლება. პროფესორი განრისხდა: ვის ატყუებთ, თითქოს ჩემი დანახვა გაგიხარდათ?! ერთადერთი, ვისაც გაჭირვებაში ჩავარდნილი ჩემი ოჯახი გაახსენდა, რევაზი იყო, დანარჩენები კი შორიდან უყურებდით, როგორ იხდიდა სასჯელს "ხალხის მტერი" პრეობრაჟენსკიო.
რეზოს თანდათან გაუვარდა სახელი მოსკოვის სამედიცინო წრეებში და საბოლოოდ კრემლის მთავარი ოტორინოლარინგოლოგი გახდა. ეს მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა იყო. მასთან მკურნალობდნენ მინისტრები, პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები... 1956 წელს მოსკოვის ნ. პიროგოვის სახელობის პირველი საავადმყოფოს ოტორინოლარინგოლოგიის კლინიკური განყოფილების გამგედ დანიშნეს. პარალელურად ასწავლიდა მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტში. იყო მოსკოვის მთავარი ოტორინოლარინგოლოგი, ჯანმრთელობის სამმართველოს გამგე... მოსკოვში თითქმის ოცი წელი გაატარა.
განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ვიაჩესლავ მოლოტოვთან, იმხანად – საგარეო საქმეთა მინისტრთან. მისი ქალიშვილი რეზოს მეუღლის ალბინას მეჯვარე იყო. მოლოტოვის ოჯახში სიარული არც მაშინ შეუწყვეტია, როდესაც ხრუშჩოვთან დაპირისპირების გამო ის ყოველგვარ თანამდებობას ჩამოაშორეს. გადამდგარი მინისტრი, სტალინის თანამებრძოლი, რეზოს ბევრ უცნობ ისტორიას უყვებოდა.
ისევ თბილისში
– 1973 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ სამედიცინო ინსტიტუტის რექტორად ცნობილი ქირურგი-ორთოპედი ოთარ ღუდუშაური დანიშნა. ღუდუშაურმა სასწავლო ნაწილის პრორექტორის თანამდებობა რეზოს შესთავაზა. მან ეს წინადადება მიიღო და ოჯახითურთ თბილისში დაბრუნდა. სწორედ მაშინ გავიცანი. მართლაც უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი იყო, ბრწყინვალე ქირურგი, საუკეთესო დიაგნოსტიკოსი, კარგი პედაგოგი. ხშირად დადიოდა ბაკურიანის კონფერენციებზე, რომელშიც ახალგაზრდა ექიმები მონაწილეობდნენ, ნიჭიერებს გამოარჩევდა, ასპირანტურაში, ორდინატურაში მოხვედრაში ეხმარებოდა...
დავსწრებივარ მის ოპერაციებს – ნამდვილი ვირტუოზი იყო... არაერთი ისეთი დაავადების დიაგნოზი დაუსვამს, საერთოდ რომ არ იყო ცნობილი. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ რეზო ხოფერიამ დროს გაუსწრო.
იყო ძალიან თბილი, ყურადღებიანი, კარგი მეგობარი. უამრავი ხალხი ემადლიერებოდა, თუმცა უმადურობასაც შეჯახებია. ერთხელ მოსკოვში ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილეს ყელის სიმსივნის გამო ურთულესი ოპერაცია გაუკეთა. მან მადლობაც გადაუხადა, შთაბეჭდილებების წიგნშიც ჩაწერა აღფრთოვანებული სიტყვები, ორ კვირაში კი რეზოს კომისია დააყენა თავზე – ამ ქართველთან ამდენი ხალხი რატომ დადის, რუსი ექიმი გაწყდაო?!
დიდ პრაქტიკოსთან ერთად რევაზ ხოფერია დიდი მეცნიერიც იყო. მის სამეცნიერო ნაშრომებს შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თავის ფუძის ფიბრომის ქირურგიულმა მკურნალობამ და კოლდუელ-ლიუკის ოპერაციის რაციონალიზაციამ. მანვე დაამუშავა ხორხის ოპერაციების არაერთი მეთოდი, რადიკალური ოპერაცია ჰაიმორიტის დროს... ნამდვილად უდიდესი პროფესიონალი იყო, თუმცა ყველა, ვინც მას იცნობდა, განსაკუთრებით აფასებდა მის ადამიანობას.
შესანიშნავი მთხრობელი იყო და უამრავი საინტერესო ამბავიც ჰქონდა მოსაყოლი...
1967 წელს კანადაში, მონრეალში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც საბჭოთა კავშირმა მოზრდილი დელეგაცია გაგზავნა. ოტორინოლარინგოლოგების ჯგუფს რეზო ხოფერია ხელმძღვანელობდა. კონფერენციაზე მასთან მივიდა ჰანს სელიე, სტრესის თეორიის ფუძემდებელი, უდიდესი უნგრელი მეცნიერი, რომელიც იმ პერიოდში მონრეალის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული მედიცინისა და ქირურგიის ინსტიტუტს ედგა სათავეში. ეს უზომოდ განათლებული კაცი დიდ პატივს სცემდა ქართველ მეცნიერებს: ივანე ბერიტაშვილს, პეტრე ქომეთიანს და სევერიან ბუაძეს; იცოდა არგონავტების ისტორია... შეხვედრის სამახსოვროდ რეზოს თავისი წიგნი აჩუქა წარწერით. ეს წიგნი დღესაც ინახება ხოფერიების ოჯახში.
კოლეგებისთვის
– 1993 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის პროფესორად ამირჩიეს და წილად მხვდა ბედნიერება, ხუთი წელი ამ ბრწყინვალე პიროვნების, შესანიშნავი ოტორინოლარინგოლოგის გვერდით მემუშავა, – ჰყვება შოთა ჯაფარიძე, ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის დირექტორი, პროფესორი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, – ბატონი რეზო კათედრის დოცენტი გახლდათ. სამაგალითო პიროვნება, უშუალო, მეგობრული, საჭიროების დროს კი – მკაცრი. სტუდენტებს უყვარდათ და დიდ პატივს სცემდნენ მას. ისიც სიამოვნებით უზიარებდა ახალგაზრდებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას.
ოჯახური პორტრეტი
– რეზოსთვის ჯერ პროფესია იყო და მერე – ყველაფერი დანარჩენი, – იხსენებს –პოლიტიკოსი ხათუნა ხოფერია, რევაზ ხოფერიას რძალი, – საოჯახო პრაქტიკაც ჰქონდა. პაციენტის დახმარებაზე უარი არასოდეს უთქვამს. ბოლო წლებშიც კი, როცა თვითონაც საკმაოდ მძიმედ იყო ავად.
სანავიაციაშიც მუშაობდა. თავდაპირველად მიჭირდა შეგუება, ღამის 3-4 საათზე ტელეფონი რომ რეკავდა და რეზოს იძახებდნენ, ის კი რამდენიმე წამში გამოწკეპილი, ჰალსტუხით და კოსტიუმით გადიოდა სახლიდან და მზად იყო საქართველოს ნებისმიერ კუთხეში გასაფრენად. ერთხელ მე და ვოვაც წაგვიყვანა. მენინგიტზე ჰქონდათ ეჭვი, ზურგის ტვინის არხიდან პუნქცია უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ვერ მოახერხეს. მაშინ რეზომ აიღო ნემსი და თვალის დახამხამებაში ჩაატარა მანიპულაცია.
ერთხელ, – ახალი რძალი ვიყავი, – ოპერაციასაც დაგვასწრო მე და ვოვა. ოპერაციის მსვლელობისას თავის ქალას ძვლის დამსხვრევა დასჭირდათ. ვოვამ ვერ გაუძლო და გავიდა, მე კი კომპლიმენტი დავიმსახურე, რა მაგარი ნერვები გქონიაო.
ალბინას, რაკი რუსი იყო, "მამას" ვეძახდი. რეზოსაც რომ ასე მივმართე, მითხრა: გინდა, "მამას" რომ დაიძახებ, ორივე შემოვტრიალდეთ და თუ მამაშენიც აქ იქნა, სამივეო? ამიტომ ბატონო რეზოთი მივმართავდი.
რეზო და ალბინა სიყვარულით შეუღლდნენ. ჩემი მეუღლე მათი ერთადერთი შვილი იყო. ალბინა, პროფესიით – ბავშვთა ოტორინოლარინგოლოგი, ხეჩინაშვილის კლინიკის განყოფილების გამგედ მუშაობდა. შინ ცოლ-ქმარს ზოგჯერ სერიოზული კამათი მოსდიოდა მედიცინის საკითხებზე... რეზოს ძალიან უყვარდა კამათი. მეგობრებსაც ხშირად ეკამათებოდა და უკან არასოდეს იხევდა.
თბილისში რომ გადმოვიდნენ, ალბინას ძალიან უნდოდა, როგორმე მოსკოვის ოროთახიანი ბინა შეენარჩუნებინათ, რეზოს კი უკანონობა ვერ წარმოედგინა. ყურიც არ ათხოვა ცოლის თხოვნას და ბინა სახელმწიფოს ჩააბარა.
ჩემი მომზადებული კერძები ძალიან უყვარდა. არც შეიძლებოდა, დედამისის შვილი გურმანი არ ყოფილიყო, ალბინა კი უმეტესად რუსულ კერძებს ამზადებდა. მათი რძალი რომ გავხდი და პირველად გავაკეთე მეგრული საჭმელები, აღფრთოვანებული დარჩა. მერე აღფრთოვანებას ძმაკაცებსაც უზიარებდა და ეპატიჟებოდა ხოლმე.
ძალიან კარგი მეგობრობა იცოდა. სანამ მოსკოვში მუშაობდა, კრემლის საავადმყოფოს კარი მისი ყველა მეგობრისთვის ღია იყო. ბავშვობიდან მეგობრობდა ჯაბა იოსელიანთან. სანამ ჯაბა ციხეში იჯდა, ყოველკვირა ნახულობდა და მოსაკითხი მიჰქონდა ხოლმე. ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა, მაგრამ ყოველთვის მხარში ედგა. მოსკოვშიც ძალიან კარგი სამეგობრო წრე ჰქონდა. პრეობრაჟენსკი შვილივით უყურებდა და თავის წიგნშიც კი მოიხსენია.
საინტერესო და მრავალმხრივი ადამიანი იყო. შესანიშნავად ერკვეოდა ხელოვნებაში და ნახატებსაც ხშირად ყიდულობდა. მე და ჩემს უმცროს შვილს, ბექას, ფაქტობრივად, რეზომ დაგვაწყებინა კოლექციონერობა. უყვარდა ფოტოგადაღება. კარგი აპარატურა ჰქონდა და სულ რაღაცას იღებდა, ფოტოაპარატის გარეშე შინიდან არ გადიოდა, მოგზაურობისას კი კინოაპარატი მიჰქონდა ხოლმე.
უსაქმოდ არასოდეს მინახავს. ბევრს კითხულობდა და თან მუსიკას უსმენდა. უმძიმესი ართრიტი ჰქონდა, თანდათან მხედველობაც დაკარგა, რის გამოც ბოლოს სამსახურიდან წამოსვლაც მოუხდა. მერე ბარძაყის თავიც მოიტეხა... მალევე დაგვტოვა. 2001 წელი იდგა. ვერის სასაფლაოზე დავკრძალეთ.
ალბინამ დიდხანს ვეღარ გაძლო საქართველოში, რამდენიმე წელიწადში რუსეთში დაბრუნდა.
2011 წელს, 47 წლის ასაკში, ვოვაც გარდაიცვალა.
მოგზაურობის ისტორიები
– რეზო ხშირად გვიყვებოდა მოგზაურობისას გადახდენილ სახალისო ამბებს.
პირველად რომ მოხვდა ვაშინგტონში, მაშინვე "მალბორო" იყიდა. ტელევიზიაში, ერთ პრესტიჟულ გადაცემაში მიიწვიეს და, როგორც ექიმს, ჰკითხეს: თამბაქოს წევაზე რას ფიქრობთო? რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდიაო, – უპასუხა, თან ჯიბიდან სიგარეტი დააძრო და სტუდიაშივე მოუკიდა (იმ დროს შენობებში თავისუფლად ეწეოდნენ). მერე იხსენებდა: სანამ სიგარეტს ამოვიღებდი, ერთი სიკვდილი გავათავე – ერთ ჯიბეში აქედან წაღებული საბჭოთა სიგარეტი მედო, მეორეში – "მალბორო", მაგრამ არ მახსოვდა, რომელში რომელი; კიდევ კარგი, მოვარტყი, საბჭოთა სიგარეტი ამოვიღე, თორემ ალბათ უკან აღარც ჩამომიშვებდნენო.
პორტუგალიაში საბჭოთა დელეგაცია თეატრში მიიწვიეს და ლოჟაში დასვეს. ფარდის აწევის წინ დარბაზში რამდენიმე ადამიანი შემოიყვანეს ეტლით. მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და ტაშით შეეგება. დელეგაციის წარმომადგენლებიც წამოდგნენ და ტაშს შეუერთდნენ. მეორე დღეს მათი ფოტო გაზეთის პირველ გვერდზე გამოჭიმეს ასეთი წარწერით: "საბჭოთა დელეგაცია ტაშს უკრავს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს". პორტუგალიელები კი, მოგეხსენებათ, ომში ჰიტლერის მხარეს იბრძოდნენ...
ერთხელ კი გააწვალა უშიშროებამ... გემის რესტორანში ვახშმის დროს საბჭოთა დელეგაციასთან მივიდა საფოსტო გზავნილების კომპანიის წარმომადგენელი, გაეცნო და შესთავაზა: რაც გინდათ, მოგვეცით, თქვენი მისამართი დააწერეთ და შინ რომ დაბრუნდებით, იქ დაგხვდებათო. რეზომ აიღო მენიუ, ორად გაკეცა, კონვერტში ჩადო, მოსკოვის ბინის მისამართი დააწერა და გააგზავნინა.
დაბრუნდა შინ – გზავნილი არ დახვდა. ორი კვირის შემდეგ კი უშიშროებაში გამოიძახეს. მთელი თვე დაჰყავდათ დაკითხვებზე და ცდილობდნენ ეთქმევინებინათ, რა იყო დაშიფრული მენიუში.
შთამომავლობა
– ფაქტობრივად, ბაბუის გაზრდილი ვარ, – იხსენებს უმცროსი რეზო ხოფერია, – მთელი ბავშვობა მის გვერდით გავატარე. ნამდვილი სიამოვნება იყო მასთან საუბარი, მისი მოსმენა. უშუქო, ბნელ წლებში მისი წყალობით სახლიდან გაუსვლელად ვმოგზაურობდი მსოფლიოს გარშემო. მისი პატარა ოთახი ჩემთვის მთელ სამყაროს იტევდა. კარადაში წიგნებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები ეწყო: უცნაური ცხოველების ფიტულები, თოჯინები, მარჯნები... მათი სუნიც კი მახსოვს. ერთხანს ჩინეთში მომიწია ცხოვრება და ძალიან ადვილად მივეჩვიე ჯოხებით ჭამას. მერე გამახსენდა, რომ ბავშვობაში ბაბუა მასწავლიდა...
ხელგაშლილი და გულკეთილი იყო, მაგრამ მის მთავარ სიმდიდრედ მისი ცხოვრებისეული გამოცდილება და უაღრესად ღრმა ფილოსოფიური განათლება მიმაჩნია. ბაბუასთან ხშირად დადიოდნენ სტუმრად ბავშვობის მეგობრები. თითქმის ყველა რეპრესირებულთა შვილი იყო. იხსნებდნენ იმ უდიდესი გაჭირვების წლებს... ბაბუას მეგობრებს შორის ყოველგვარი წრის ადამიანს ნახავდით: პროფესორებსაც, უბრალო მოქალაქეებსაც, შავი სამყაროს წარმომადგენლებსაც... ერთი ფოსტალიონი დადიოდა ჩვენთან, ლიონია. ბაბუა ნამდვილ ზეიმს უწყობდა ხოლმე: დასვამდა, გაუხსნიდა საკოლექციო სასმელს, თვითონაც მიუჯდებოდა და რაზე აღარ საუბრობდნენ.
კარგი იუმორი ჰქონდა, ოღონდ მისი და მისი მეგობრების ხუმრობას გარეშე ადამიანი ასე იოლად ვერ გაიგებდა. უამრავი ენა იცოდნენ. როცა მას და მის მეგობარ კოლია დონდუას არ უნდოდათ გამეგო, რაზე საუბრობდნენ, სომხურზე გადადიოდნენ. ერთხელ ვკითხე, ბაბუ, სომხური საიდან იცი-მეთქი? მიპასუხა: კაცმა აზერბაიჯანული, სომხური და ასურული თუ არ იცის, უფლება არ აქვს, თავს თბილისელი უწოდოსო.
ბოლო წლებში თითქმის დაბრმავდა. სილუეტების გარჩევაც კი უჭირდა. ხელჩაკიდებული დამყავდა. მაინც არ დაუკარგავს მხნეობა, მეგობრებთან ურთიერთობის სურვილი. ხან თვითონვე კითხულობდა სათვალით და ლუპით, ხან მე მაკითხებდა, წერილებსაც მე მაბეჭდვინებდა მანქანაზე. სანამ რუსულს ვისწავლიდი, მკარნახობდა, რომელი კლავიშისთვის დამეჭირა ხელი, ყოველი წერილის ბოლოს კი მაწერინებდა: ბოდიშს ვიხდი შესაძლო შეცდომებისთვის, რადგან ტექსტი ჩემმა შვილიშვილმა აკრიფაო.
გულში დღემდე ვესაუბრები. გამუდმებით ვგრძნობ, როგორ მაკლია. მეც მასავით რევაზ ვლადიმერის ძე ხოფერია ვარ და მეამაყება, როცა გაცნობისას მეკითხებიან, რეზოს შვილიშვილი ხომ არ ხარო.
მარი აშუღაშვილი