უხილავი კვანძი

გააზიარე:
ერთ მშვენიერ დღეს, ბანაობისას, გადაწყვეტ, სამედიცინო-პოპულარულ ლიტერატურაში არაერთგზის ამოკითხული რჩევა პრაქტიკაში განახორციელო და სარძევე ჯირკვლის შემოწმებას შეუდგები. ეს თითქოსდა მარტივი პროცედურა არც ისე იოლი გეჩვენება. გამუდმებით გგონია, რომ რაღაცას ისე ვერ აკეთებ, როგორც საჭიროა. ღმერთმა დაგიფაროს და თუ რამე უჩვეულო აღმოაჩინე, სიმწრის ოფლი გასხამს, გასინჯვას მაშინვე ანებებ თავს და კარგა ხანს აღარც გული მიგიწევს მისკენ, აღარც ხელი. მოსალოდნელი დიაგნოზის შიში იმდენად ძლიერია, მამოლოგთან ვიზიტს უსასრულოდ დებ. ცხოვრობ ასე, შიშში, სანამ ერთხელაც ოჯახის რომელიმე წევრის ან მეგობრის დაჟინებული მოთხოვნით ექიმს არ მიაკითხავ და დიაგნოზს არ გაიგებ.

არ ვიცი, მთელ მსოფლიოში ასე იქცევიან თუ არა ქალები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზემოთ აღწერილ სიტუაციაში ბევრმა ქართველმა ქალმა ამოიცნო საკუთარი თავი. არადა, სულ ტყუილად გვეშინია – სტატისტიკის თანახმად, პაციენტების 70%-ს ის დაავადება კი არ სჭირს, შიშის ზარს რომ გცემთ, არამედ უბრალო ფიბროადენომა. ასეც რომ არ იყოს, მერწმუნეთ, მამოლოგთან ვიზიტის გადადება არ ღირს.
ბოლო დროს ფიბროადენომა და ამ დიაგნოზით ქირურგიული ჩარევა ისე გახშირდა, გადავწყვიტეთ, მის შესახებ სპეციალისტს გავსაუბრებოდით. ძუძუს ცენტრის ხელმძღვანელი და კიბოს კვლევის ჯგუფის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მამოლოგი გიორგი ძაგნიძე ფიბროადენომის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზეც გვესაუბრა.
. ბატონო გიორგი, რა არის ფიბროადენომა და რამდენად გავრცელებულია ის?
– ფიბროადენომა სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. მისი რამდენიმე სახეობა არსებობს. პირველია იუვენილური ფიბროადენომა, რომელიც ახალგაზრდა პუბერტატულ ანუ მომწიფების პერიოდში წარმოიშობა, მაშინ, როდესაც ქალის ორგანიზმში ცვლილებები ხდება, მენსტრუაციული სტატუსი ახალი შეძენილია და არც ჰორმონული ბალანსია ბოლომდე დარეგულირებული. არსებობს ბანალური ფიბროადენომებიც, რომლებიც 20-30 წლის ქალების ხვედრია (ფიბროადენომის სწორედ ეს ფორმაა ყველაზე ხშირი). ცალკე გამოყოფას მოითხოვს ე.წ. ფოთლისებრი ფიბროადენომები და კვანძოვანი ფიბროადენომატოზი, როდესაც რამდენიმე ფიბროადენომა ერთდროულად ჩნდება.
სტატისტიკა საქართველოში, სამწუხაროდ, არ არსებობს. არც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. საზოგადოდ, ფიბროადენომის სტატისტიკური აღრიცხვა, ცოტა არ იყოს, რთულია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს, მისი ზუსტი დიაგნოსტირება და სხვა პათოლოგიებისგან დიფერენცირება ხშირად ვერ ხერხდება, ხოლო სანამ ამის შესახებ ინფორმაცია არ დაგროვდება, არც ზუსტი მონაცემები გვექნება. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით კი ყოველ მეექვსე ქალს ფიბროადენომა უჩნდება, ხოლო ყოველ მეათეს – ძუძუს კიბო.
. რამ შეიძლება ფიბროადენომის განვითარება გამოიწვიოს? რისკფაქტორების შესახებ რას გვეტყვით?
– ზუსტი მიზეზი, სამწუხაროდ, უცნობია. არსებობს მოსაზრება, რომ ფიბროადენომების წარმოქმნას ქალის ორგანიზმში განვითარებული ჰორმონალური დისბალანსი იწვევს. ახალგაზრდა ასაკში, 20-დან 30 წლამდე, ხშირია ჰორმონალური ძვრები. ამიტომაც ემართებათ ფიბროადენომა უმთავრესად ახალგაზრდა ქალებს. 35-40 წლის შემდეგ ის ძალიან იშვიათად გვხვდება. ამ ასაკში განვითარებული სიმსივნეები მეტწილად, სამწუხაროდ, ავთვისებიანია.
ჰორმონული დისბალანსი ფართო ცნებაა. კონკრეტულად ჩვენთვის საინტერესო ცვლილებები ჰიპერესტროგენემიით ანუ ესტროგენის დონის მატებით არის გამოწვეული. მოგეხსენებათ, ძუძუს ქსოვილში თითქმის ყველა ჰორმონორეცეპტორია, რაც კი გამომუშავდება ქალის ორგანიზმში, ამიტომ ესტროგენ-პროგესტერონის ბალანსის რღვევა და ესტროგენის ჭარბი გამომუშავება სარძევე ჯირკვალში ფიბროზის მომატებას და შემაერთებელქსოვილოვან სიმკვრივეს იწვევს, მერე კი ფიბროადენომებიც ყალიბდება. საუბრობენ გენეტიკის როლზეც.
.  ზრდის თუ არა გარუჯვა ფიბროადენომის წარმოშობის რისკს?
– გარუჯვა ფიბროადენომის უშუალო მიზეზი არ არის, თუმცა ულტრაიისფერი გამოსხივება და რადიაცია ორგანოებში, მათ შორის – სარძევე ჯირკვალშიც, პროლიფერაციულ პროცესებს უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ მიიჩნევა ხოლმე იგი ფიბროადენომების სავარაუდო მაპროვოცირებელ ფაქტორად.
. არსებობს მოსაზრება, რომ ორსულობისას ფიბროადენომები იზრდება. მართლა ასეა თუ არა და თუ ასეა, რატომ?
– საქმე ის არის, რომ ორსულობის დროს იმატებს, ზოგადად, ძუძუს ქსოვილის მასა. ამის კვალობაზე, ფიბროადენომაც შეიძლება გაიზარდოს. თანაც, მოგეხსენებათ, ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში მძლავრი ჰორმონული ძვრები ხდება. ნებისმიერი ჰორმონული გადაწყობა, ორსულობა იქნება ეს, მენოპაუზა თუ ამენორეა, ფიბროადენომებზეც ახდენს გავლენას, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის იწვევს მათ ზრდას. პრაქტიკაში ხშირად შევხვედრივარ შემთხვევას, როცა ორსულობის დროს, პირიქით, ფიბროადენომის გაწოვა მომხდარა.
. რამ გამოიწვია ფიბროადენომის გახშირება და როგორ შეიძლება მასზე ეჭვის მიტანა?
– ფიბროადენომების დიაგნოსტირება ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ძირითადად პალპაციით. ულტრაბგერითი კვლევა საქართველოსთვის შედარებით ახალი ხილია. 15 წელი იქნება, რაც ჩვენთან ფიბროადენომის დიაგნოზირებისთვის ულტრაბგერასაც იყენებენ. მანამდე, როგორც გითხარით, კვლევის ძირითადი მეთოდი ხელით გასინჯვა იყო, ამ გზით კი მცირე ზომის ფიბროადენომის აღმოჩენას ყოველთვის ვერ აღმოაჩენ. ამრიგად, ფიბროადენომების “გახშირება” უწინარესად დიაგნოსტიკის მეთოდების დახვეწას უნდა დავაბრალოთ. მეორე მიზეზი ამ დიაგნოზის გამო ჩატარებული ოპერაციების რაოდენობაა. ვინაიდან უმთავრესად ახალგაზრდებთან გვაქვს საქმე, პირადად მე ყოველთვის ვცდილობ, ოპერაციული მეთოდი მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიყენო. მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებშიც ასეა – იქ ფიბროადენომის ათიდან მხოლოდ სამ შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ ჩარევა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი, სამწუხაროდ, 70%-ს უახლოვდება.
ფიბროადენომაზე ეჭვის მიტანა ყველაზე ხშირად თვითგასინჯვით ხდება, მაგალითად, ბანაობისას თუ შემთხვევითი შეხებისას ქალი ძუძუში მკვრივ წარმონაქმნს ამჩნევს. ამ დროს მან აუცილებლად უნდა მიმართოს მამოლოგს. ვიზიტის გადადება არ შეიძლება.
ფიბროადენომის კვანძი უმტკვინეულოც შეიძლება იყოს და მტკივნეულიც, თუმცა ტკივილი მისი ძირითადი ნიშანი არ არის.
სამწუხაროდ, ყველა ფიბროადენომა ხელით ვერ ისინჯება. სხვათა შორის, სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ თვითგასინჯვა არც ისე ეფექტურია, როგორიც გვეგონა. ზოგჯერ მე, გამოცდილ სპეციალისტსაც კი მიჭირს მცირე ზომის კვანძების გასინჯვით აღმოჩენა და რა გასაკვირია, რომ არაპროფესიონალმა ვერ შეძლოს. ამიტომ სადიაგნოზოდ უმეტესად ულტრაბგერას ან რენტგენოდიაგნოსტიკას მიმართავენ, ასევე გამოიყენება მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიაც. თანაც იმ ასაკში, როცა ფიბროადენომები ვითარდება, ანუ 35 წლამდე, ექოსკოპია გაცილებით ინფორმაციულია, ვიდრე მამოგრაფია. ფიბროადენომა შესაძლოა რენტგენოპოზიტიური არ იყოს და რენტგენომამოგრაფიაზე არც კი გამოჩნდეს. შედარებით ხანდაზმულ ასაკში კი მამოგრაფიაა უფრო სანდო.
ფიბროადენომაზე ჩვენ იმიტომ კი არ “ვნადირობთ” , რომ ის ძალიან საშიშია – ჩვენი მთავარი ამოცანაა, კიბო არ გამოგვეპაროს. ამისთვის საუკეთესო საშუალება კი სკრინინგია. 35 წლამდე რეკომენდებულია, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ (ზოგიერთ შემთხვევაში, ექვს თვეში ერთხელაც) სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიური გამოკვლევის ჩატარება, ხოლო 35 წლიდან – მამოგრაფიულისა.
. ფიბროადენომის დიაგნოზს მხოლოდ ექოსკოპიურად სვამენ თუ სხვა გამოკვლევებიც საჭიროა?
– ფიბროადენომის პირველად დიაგნოსტირებაზე რადიოლოგიური სამსახური (ულტრაბგერა და მამოგრაფია) ზრუნავს. უკვე აღმოჩენილ კვანძს მიკროსკოპიულად ვიკვლევთ. ამგვარი გამოკვლევის ერთ-ერთი სახეა ასპირაციული ბიოფსია ციტოლოგიით – მისი სტრუქტურის უჯრედულ დონეზე შესწავლა, მეორე – კორ –ბიოფსია მასალის მორფოლოგიური შესწავლით. ევროპაში სწორედ ეს უკანასკნელი მეთოდი მიიჩნევა ძირითადად და იმედი მაქვს, მალე ჩვენთანაც ასე იქნება. ჩვენ ფიბროადენომას უმეტესად ბიოფსიას ვუტარებთ, რადგან ჩვენი ქვეყნის ციტოლოგიურ სამსახურებს ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვთ და ვენდობით, თუმცა ეჭვის შემთხვევაში მორფოლოგიურ შესწავლასაც მივმართავთ.
წესით, ბიოფსია დიაგნოზის დასაზუსტებლად არის საჭირო, მაგრამ ფიბროადენომის ყველა შემთხვევას ბიოფსიაზე არ ვგზავნით. არის შემთხვევები, როცა ექიმი საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა. მაგალითად, 16-17 წლის პაციენტთან იუვენილური ფიბროადენომის დროს ავთვისებიან სიმსივნეს არავინ ეჭვობს, ამიტომ ამ ასაკში ბიოფსიის აუცილებლობა არ წარმოიშობა. თუმცა, რასაკვირველია, დინამიკას ყოველთვის ვაკვირდებით.
ბიოფსიის მიზანშეწონილობას მხოლოდ ასაკის მიხედვით არ ვადგენთ – ვითვალისწინებთ კვანძის კონსისტენციას, მისი ზრდის დინამიკას და სხვა ფაქტორებსაც. ყოველ შემთხვევას ინდივიდუალურად ვუდგებით. მაგრამ იმისთვის, რომ ავთვისებიანი პროცესი არ გაგვეპაროს, ცხადია, ყველა მოცულობითი წარმონაქმნის მიკროსკოპიულ შესწავლას აქვს აზრი.
არის შემთხვევები, როცა პაციენტი ბიოფსიაზე უარს ამბობს, ან ვიცით, რომ იგი ათი წელია ატარებს კვანძს, რომელიც, რადიოლოგიური მონაცემების მიხედვით, არ შეცვლილა. ამ დროსაც შეიძლება ბიოფსიაზე უარის თქმა, თუმცა ესეც ერთგვარი რისკია. მხოლოდ ექოლოგიური მონაცემების მიხედვით კვანძის ბუნების გარკვევა შეუძლებელია. ცხადია, პაციენტებს ამ რისკების შესახებაც ვაცნობებთ. არც გაიდლაინებში წერია, რომ ყველა ფიბროადენომას ბიოფსია სჭირდება. როგორც კი გაირკვევა რამე საეჭვო ფაქტორის არსებობა – გენეტიკური დატვირთვა იქნება ეს, პაციენტის ასაკი, კვანძის ცუდი დინამიკა თუ რადიოლოგიური ან გარეგანი შეფასების მონაცემები, პაციენტთან შეთანხმებით ბიოფსიას ვაკეთებთ. 
. ფიბროადენომის გაავთვისებიანების რისკი თუ არსებობს? ან თუ შეიძლება, ფიბროადენომა ყოველგვარი მკურნალობის გარეშე გაქრეს?
– რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს. კვანძში პროცესები შესაძლოა ისე წარიმართოს, რომ ის გადაგვარდეს. მზარდი, პროლიფერირებადი ანუ გამრავლებადი უჯრედები, რომლებიც ფიბროადენომაშია, იშვიათად გადაგვარებასაც განიცდის. მედიცინაში ამ პროცესს მუტაცია ჰქვია. სწორედ ეს “მუტანტი” უჯრედებია ჩვენთვის საშიში.

სულ სხვა საქმეა ფოთლისებრი ფიბროადენომა. ის ბანალური ფიბროადენომისგან განსხვავდება. მას მეორენაირად უკვე ფილოიდულ სარკომასაც ვუწოდებთ. როგორ “მოიქცევა” კვანძი, ინდივიდუალურია. მე შემხვედრია გაავთვისებიანებული ფოთლისებრი ფიბროადენომაც 16 წლის პაციენტთან და 50 წლის ქალბატონი, რომელიც მას დიდი ხანია ყოველგვარი გადაგვარების გარეშე ატარებდა. ამიტომ ასეთ პაციენტებს დიდი სიფრთხილით ვეკიდებით.
გენეტიკური განწყობა ხშირად განაპირობებს კვანძოვან ფიბროადენომატოზს, არის ოჯახები, სადაც რამდენიმე ქალს სჭირს იგი, თუმცა ეს არ არის ავთვისებიანი პროცესი და განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოადგენს. სხვა საქმეა, თუ დედას ჰქონდა კიბო. სხვათა შორის, თუ ძუძუს კიბო მამას ჰქონდა (ასეც ხდება), რისკი, რომ შვილსაც დაემართოს, უფრო მაღალია, ვიდრე დედის შემთხვევაში.
თუმცა ფიბროადენომის გაქრობის შანსიც არსებობს, თანაც – არცთუ მცირე, განსაკუთრებით კი მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, როცა ქალის ორგანიზმში ესტროგენის დონე მცირდება. სხვა შემთხვევებშიც არის ამის შანსი, მაგალითად, ძუძუს წოვებისას, ასევე – ჰორმონალური ბალანსის გადაწყობისას. ფიბროადენომის ალაგება თითქმის იმავე სიხშირით ხდება, რა სიხშირითაც გადაგვარება – შემთხვევათა დაახლოებით 2-5%-ში.
. ფიბროადენომებს ყოველთვის ქირურგიულად მკურნალობენ?
– ფოთლისებრი ფიბროადენომის მკურნალობა ერთმნიშვნელოვნად ქირურგიულია. სხვა შემთხვევებში ვაფასებთ რისკებს. თუ გადაგვარების რისკი მაღალია, ანამნეზი გენეტიკურად დატვირთულია (დედის ხაზი უპირატესია, თუმცა მამის მხრივაც არსებობს რისკი) და ასაკიც დიდია, ქირურგიულ ჩარევას ვამჯობინებთ, ხოლო თუ აღნიშნული რისკფაქტორები არ დასტურდება, გაიდლაინის მიხედვით ვმოქმედებთ, ბიოფსიას ვაკეთებთ და ტაქტიკაზე პაციენტს ვუთანხმდებით. არსებობს მოქმედების ორი გზა: ქირურგიული მკურნალობა და დინამიკური კონტროლი. ამ ორი გზიდან პაციენტი, ექიმის რეკომენდაციით, იმას ირჩევს, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია.
დინამიკური კონტროლი ინდივიდუალური ცნებაა და მინიმუმ 6 თვეში ერთხელ ექოსკოპიურ გამოკვლევას გულისხმობს. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა უფრო ხშირი დაკვირვებაც დაგვჭირდეს.
მკურნალობის ერთ-ერთი გზაა სიმპტომური მკურნალობა, განსაკუთრებით – კვანძოვანი ფიბროადენომატოზის დროს, მეტადრე – თუკი შესაბამისი სიმპტომატიკაც (ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნებები) შეინიშნება.
ქირურგია ამ დაავადებასთან ბრძოლის ყველაზე იოლი გზაა: არ არის კვანძი – არ არის პრობლემა. თუმცა სირთულეს ის ქმნის, რომ არაკვალიფიციური ქირურგი ოპერაციას ხშირად ისე აკეთებს, რომ სარძევე ჯირკვლის დეფორმაცის იწვევს.
ცხადია, არც ერთი ჩარევა პაციენტისთვის სასიამოვნო არ არის, ამიტომ მედიცინა სხვა გზებსაც ეძებს. ერთ-ერთი გზა, როგორც უკვე გითხარით, დინამიკური კონტროლია, თუმცა პაციენტები ხშირად ამითაც იღლებიან, მათთვის ეს ფსიქოლოგიური ტვირთია და მასთან ერთად ცხოვრება უჭირთ. 
ახლახან ისრაელში კონფერენციაზე გახლდით, რომელიც ფიბროადენომების მკურნალობის ახალ მეთოდს – კრიოქირურგიას მიეძღვნა. “სისხლიანი” ჩარევა ხშირად ტრავმას აყენებს პაციენტს, ტექნოლოგიის დახვეწამ კი საშუალება მოგვცა, სპეციალური აპარატის მეშვეობით, ულტრაბგერის კონტროლის თანხლებით, ნემსით ეს წარმონაქმნი გავყინოთ. ამის შედეგად ვიღებთ სითხოვან ბურთულას, რომელიც მალე გაიწოვება. ტექნიკურად ეს მეთოდი ძალიან მარტივია, შედეგები კი შთამბეჭდავი აქვს. სულ რაღაც 4-5 წელია, შეიმუშავეს ამერიკელებმა. ჩვენ მის საქართველოში დანერგვას ვგეგმავთ. სავარაუდოდ, კრიოოპერაციებს ოქტომბრიდან განვახორციელებთ. ჩემი პაციენტების 70%-ს ფიბროადენომა აქვს და დაკვირვების რეჟიმშია. მათი ნახევარი მაინც ამის გამო ძლიერ ფსიქოლოგიური სტრესს განიცდის. მათთვის, ვისაც ოპერაციისაც ეშინია და კვანძისაც, კრიოთერაპია იდეალური გამოსავალია.

გააზიარე: