სიღარიბის გავლენა ბავშვზე

გააზიარე:

სიღარიბე ბევრისთვის აბსტრაქტული ცნებაა, ბევრისთვის კი – ყოველდღიური ფიქრი იმაზე, როგორ გააწვდინოს მწირი შემოსავალი ბავშვების კვებას, ჩაცმას, განათლებას... ღმერთმა ნუ ქნას, რომელიმე მათგანი ავად გახდეს!

თეატრში, კონცერტზე, მეგობრებთან დიდი ხანია აღარ ყოფილხართ, შინ ხომ საერთოდ აღარავის ეპატიჟებით და ყოველ წელს, ბავშვის დაბადების დღის მოახლოებისას, უფრო და უფრო გიპყრობთ განგაშის გრძნობა: მოუყრით თუ არა თავს იმდენ ფულს, რომ პატარა წვეულება გადაუხადოთ ან მობილური ტელეფონი მაინც უყიდოთ, რომელიც მის ყველა თანაკლასელს აქვს, მას კი – არა?..

სიღარიბე ყველა ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, მაგრამ ბავშვებზე მისი გავლენა განსაკუთრებით ძლიერია.

UNICEF-ის (გაეროს ბავშვთა ფონდის) მონაცემებით, მსოფლიოში 663 მილიონი ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 385 მილიონი – განსაკუთრებულ სიღარიბეში. სიღარიბის გამო ყოველდღიურად 22 000 ბავშვი იღუპება. სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებს უფრო მეტად ემუქრებათ ავადმყოფობა, უფრო ძნელად ვითარდებიან, უჭირთ განათლების მიღება, სოციალიზაცია...

ცუდი კვება და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობები რა ზიანსაც აყენებს მოზარდ ორგანიზმს, ყველასათვის გასაგებია, მაგრამ ცოტას თუ უფიქრია იმაზე, რა დაღს ასვამს ბავშვის ჯანმრთელობას სიღარიბით გამოწვეული სტრესული გარემო.

ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ სიღარიბეს შეუძლია, ძალიან ღრმად გაიდგას ფესვი ადამიანის ფსიქიკაში. უკიდურეს სიღარიბეში გაზრდილ ბავშვებს, როგორც არ უნდა შეიცვალოს მათი სოციალური სტატუსი, ზოგჯერ ზრდასრულ ასაკშიც ტანჯავთ სიღარიბის წლებიდან გამოყოლილი სტრესი.

სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისთვის დამახასიათებელია:

* სუსტი ჯანმრთელობა;

* მენტალური პრობლემები;

* ცუდი აკადემიური მოსწრება;

* სოციალური გარიყულობა;

* დაუცველობისა და უიმედობის განცდა.

სტიგმატიზაციისა და ბულინგის მსხვერპლის როლშიც ყველაზე ხშირად სწორედ ასეთი ბავშვები აღმოჩნდებიან ხოლმე.

სიღარიბის გავლენა გონებრივ განვითარებაზე

სიცოცხლის ადრეულ პერიოდში, როდესაც ტვინი სწრაფად ვითარდება, მასზე ძალიან ბევრ გარემოებას შეუძლია გავლენის მოხდენა, მათ შორის – სიღარიბესაც. სწორედ ამ გავლენებზეა დამოკიდებული პიროვნების ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, კოგნიტიური განვითარება, მისი მომავალი კეთილდღეობა.

კვლევებმა ცხადყო, რომ ის, ვინც ბავშვობაში გამოსცადა სიღარიბე, უფრო მოწყვლადია მის მიმართ, ვიდრე ის, ვინც სიღარიბეს მხოლოდ ზრდასრულ ასაკში შეეჯახა. კვლევებმა აჩვენა ისიც, რომ ქრონიკულ სტრესს შეუძლია შეაფერხოს ბავშვის ტვინის განვითარების პროცესი, გამოიწვიოს მისი სტრუქტურისა და ფუნქციების პერმანენტული ცვლილებები, რაც, ბუნებრივია, ნეგატიურ გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზე, ქცევასა და ჯანმრთელობაზე.

ორსულობის პერიოდში

ბავშვზე სიღარიბის გავლენა დაბადებამდე იწყება.

ორსულისთვის სიღარიბე ნიშნავს ცუდ კვებას, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობას, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ნაყოფის ზრდა-განვითარებას და გაზარდოს ნაადრევი მშობიარობის რისკი.

გარდა ამისა, სიღარიბე ქრონიკულ სტრესს იწვევს, დედის ფსიქოლოგიური მდგომარეობა კი მუცლად მყოფ ბავშვზე ძლიერ გავლენას ახდენს.

ტოქსიკური სტრესი

სიღარიბეში ცხოვრება ბავშვისთვის ძლიერი სტრესის წყაროა. ამ დროს მის ორგანიზმში იმატებს ჰორმონ კორტიზოლის დონე, რომელსაც შეუძლია, ზიანი მიაყენოს ბავშვის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას. საზოგადოდ, ადამიანს კორტიზოლი სჭირდება – სხვა ფუნქციებთან ერთად, ის სტრესულ სიტუაციებზე რეაქციასაც არეგულირებს, მაგრამ ხანგრძლივ ტოქსიკურ სტრესთან გამკლავება ბავშვის ორგანიზმისთვის ძალიან რთულია, დამანგრეველიც კი.

სოციალური სიღარიბე

სიღარიბე ხშირად დაბალ თვითშეფასებას განაპირობებს. თუ ბავშვს არ აქვს საშუალება, თანატოლებთან ერთად იაროს ბაღში, სკოლაში, ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობები, ჰყავდეს მეგობრები, მუდამ დასტრესილ მშობლებს დამცველებად ვერ აღიქვამს, ის ძალადობისთვის ადვილად მისაწვდომი ხდება. სიღარიბის გამო გარიყულ მარტოსულ თინეიჯერებს ხშირად თვითონვე უჩნდებათ საკუთარი თავის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება.

განათლების სიღარიბე

სკოლაში ბავშვი მხოლოდ ცოდნას კი არ იღებს, სოციალურ უნარებსაც ივითარებს. ის საკუთარ თავს ადარებს სხვებს, თანატოლებთან ყოველდღიური ურთიერთობისას ხედავს, რომ მათაც აქვთ გარკვეული ნაკლოვანებები, პრობლემები, რომ მარტო არ არის; სწავლობს ოცნებას და მიზნების დასახვას.

ბავშვი, რომელიც ვერ იღებს საჭირო განათლებას, ამ ყველაფერს მოკლებულია. ხშირად იგი მომავალს მუქ ფერებში ხედავს და ძალიან უჭირს სიღარიბის ჯაჭვიდან თავის დახსნა.

რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებისთვისაც ეს ყველაფერი, პირიქით, მოტივაციის წყაროა, მაგრამ ცოტას თუ აქვს ასეთი მტკიცე ხასიათი და გამძლეობა, მით უმეტეს – ბავშვობაში.

სულიერი სიღარიბე

მატერიალურ სიღარიბეზე მეტად ადამიანს იმის გაცნობიერება ანადგურებს, რომ სხვაზე ნაკლები ფასი აქვს და, შესაბამისად, სხვაზე ნაკლები უფლებებიც. ასეთი ფიქრები ანადგურებს უკეთესი მომავლის იმედს, რომელიც ყველა ახალი წამოწყების, გამოწვევის მიღებისა და ურთიერთობის მოტივატორია. ასეთი სულისკვეთებით გაზრდილ ბავშვებს ბავშვობის დროინდელი დაბალი თვითშეფასება ხშირად მთელი ცხოვრება გასდევთ, თუნდაც ზრდასრულ ასაკში წარმატებას მიაღწიონ და სიღარიბე მათთვის პრობლემას აღარ წარმოადგენდეს.

მართლა ასეთი დიდია პრობლემა?

ყველა ბავშვი განსაკუთრებულია, კრეატიული და ოცნებებით აღსავსე; აქვს პოტენციალი, რომელიც განვითარებას ელოდება. სიღარიბეში დაბადებული ბავშვისთვის ცხოვრება განისაზღვრება იმით, რა არ აქვს მას და რა აქვთ სხვებს. უიმედობა – სწორედ ეს უდევს საფუძვლად სიღარიბის ჯაჭვს, რომელსაც ცოტა თუ აღწევს თავს. ზოგი ამას სიცოცხლის ბოლომდე ვერ ახერხებს.

გერი ევანსმა, ადამიანის განვითარების ანალიტიკოსმა, ოცი წელი მიუძღვნა ღარიბ ოჯახში დაბადებული ბავშვების განვითარების თავისებურებათა შესწავლას. კვლევების საშუალებით მან დაამტკიცა, რომ სიღარიბე მხოლოდ ისეთ აშკარა პრობლემებს კი არ წარმოშობს, როგორიცაა შიმშილი ან ნორმალური ტანსაცმლის უქონლობა, არამედ გაცილებით მძიმე და ხანგრძლივ შედეგებს იწვევს.

ევანსი ოცი წლის განმავლობაში აკვირდებოდა ბავშვებს, რომლებიც ღარიბ ოჯახებში იზრდებოდნენ და ბავშვებს ისეთი ოჯახებიდან, სადაც შემოსავალი 2-3-ჯერ უფრო მაღალი იყო. ის ინიშნავდა სტრესის დონეს, რომელსაც ორივე ჯგუფის წარმომადგენლები განიცდიდნენ, მერე კი ამოწმებდა, რა გავლენა ჰქონდა ამ ფაქტორებს ბავშვის განვითარების ამა თუ იმ ასპექტზე.

მაგალითად, ევანსმა და მისმა კოლეგებმა ტვინის გამოსახვითი კვლევა ჩაუტარეს კვლევის 50 მონაწილეს, რომელთა ნახევარი ღარიბ ოჯახში გაიზარდა, ნახევარი კი – უფრო შეძლებულ ოჯახში. კვლევის მონაწილეები იმ დროისთვის ბავშვები აღარ იყვნენ – ყველა ოც წელს გახლდათ გადაცილებული. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ ორ ტიპის ადამიანების ტვინი სხვადასხვანაირად იყო ფორმირებული და სხვადასხვანაირად ფუნქციონირებდა. ევანსმა დაასკვნა, რომ სტრესმა და სხვა ფაქტორებმა, რომლებსაც გამუდმებით ეჯახებოდნენ ღარიბ ოჯახში გაზრდილი ბავშვები, მათი ტვინის სტრუქტურაზე მოახდინა გავლენა.

ევანსის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობის შეცვლა შეუძლებელია; უბრალოდ, საკმაოდ ძნელია.

მისმა სხვა ცდებმა ცხადყო, რომ ადამიანებს, რომლებიც სიღარიბეში გაიზარდნენ, ემოციების ამოცნობა და მართვა მეტად უჭირთ, ვიდრე შეძლებულ ოჯახებში გაზრდილებს. კვლევის მონაწილეებს აჩვენეს ფოტოები ადამიანებისა, რომელთა ნაწილი ბუნებრივ ემოციას გამოხატავდა, ნაწილი კი მხოლოდ კამერისთვის პოზირებდა და სთხოვეს, ჯერ აღეწერათ ეს ემოციები, გაერჩიათ ბუნებრივი ხელოვნურისგან, მერე კი გაემეორებინათ. ღარიბ ოჯახში აღზრდილ ცდისპირებს ძალიან გაუჭირდათ ყალბი ემოციების ამოცნობა და გამეორება. ევანსმა დაასკვნა, რომ ეს ადრეულ ასაკში განცდილი ხანგრძლივი სტრესით და ბავშვისთვის არაჯანსაღი და არადროული ემოციებით იყო განპირობებული.

მშობელი, რომელსაც სიღარიბეში უწევს შვილის აღზრდა, იშვიათად თუ ახერხებს მისი განვითარების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე ფიქრს. მას უბრალოდ არ სცალია ამისთვის, რადგან გონება იმაზე ფიქრით აქვს დაკავებული, როგორ მოახერხოს, რომ ბავშვმა მშიერმა არ დაიძინოს ან ელემენტარული განათლება მაინც მიიღოს, რომ არაფერი ვთქვათ საცხოვრებელი ადგილის შენარჩუნებაზე. ასეთ ბავშვებს ხშირად საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგები ან აღმზრდელები უწევენ დახმარებას, ისინი ექცევიან შუქურებად უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, თუ შანსი გვაქვს, აუცილებლად გამოვიყენოთ და ვეცადოთ, ვიქცეთ ადამიანად, რომელიც თუნდაც ერთი ბავშვის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

თუ ბავშვს არც სკოლაში ან ბაღში სიარულის შესაძლებლობა აქვს და იძულებულია, ადრეული ასაკიდანვე იმუშაოს, რათა ოჯახს დაეხმაროს, ის ამ შანსსაც მოკლებულია, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ – შესაძლოა, ჩვენ გარშემოც იყვნენ ასეთი ბავშვები და შესაძლოა, ჩვენც გვქონდეს შანსი, დავანახოთ მათ, რომ ისინიც განსაკუთრებულები არიან და თუ მოინდომებენ, ყველაფერს მიაღწევენ.

რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა

* ნუ იტყვით უარს დახმარებაზე. არსებობს სიტუაციები, როდესაც მატერიალურ დახმარებაზე უარის თქმა მიზეზთა გამო უფრო მიზანშეწონილია, მაგრამ მაშინვე ნუ ეტყვით უარს, თუ კეთილისმსურველი სამსახურს გთავაზობთ, ან მეგობარს შვილები სასეირნოდ მიჰყავს და გთხოვთ, თქვენი ბავშვიც გააყოლოთ, ან მეზობელი გჩუქნით შპალერს და საღებავს, რომელიც რემონტიდან მორჩა და თავისუფლად გეყოფათ დიდი ხნის მოუვლელი სასადილო ოთახის გასაახლებლად.

რასაკვირველია, ვითარება უნდა აწონ-დაწონოთ, მაგრამ თუ მიხვდებით, რომ საჩუქარი თქვენ და თქვენს შვილს ნამდვილად მოგიტანთ სიკეთეს, ნუ უგულებელყოფთ დახმარებისთვის გამოწვდილ ხელს. ასე სტრესიც შეგიმსუბუქდებათ და ბავშვთან თქვენი ურთიერთობაც სასიკეთოდ შეიცვლება.

* ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. დეპრესია მარტოსულ ადამიანებს ადვილად ერევა, ამიტომ თუ ცხოვრება გამოცდას გიწყობთ, ესაუბრეთ ამაზე მახლობელ ადამიანებს, გაუზიარეთ თქვენი გულისტკივილი. თუნდაც ვერაფრით დაგეხმარონ, ეს სტრესს მაინც შეგიმსუბუქებთ და შედეგად ბავშვთან ურთიერთობასაც უფრო ადვილად დაალაგებთ.

* გაიღიმეთ, თუნდაც სრულიად უმნიშვნელო მიზეზი გქონდეთ. ფაქტია, რომ რაც უფრო მეტად მიეცემით მელანქოლიას, მით უფრო მეტად გაგიჯდებათ ის ჩვევაში. თუ ოდნავი ძალა მაინც შეგწევთ, ჩართეთ მუსიკა და იცეკვეთ ბავშვთან ერთად, იცინეთ, ისულელეთ, გაიხსენეთ სასაცილო ისტორიები, არ მისცეთ სტრესს თქვენს ოჯახში დაბუდების უფლება. ეს დაგეხმარებათ ცხოვრების ნათელი მხარის დანახვაში და თქვენი განწყობა ბავშვსაც გადაედება.

* ასწავლეთ შვილს სიცოცხლის სიყვარული. დღეს, როდესაც მრავალფეროვანი ვირტუალური სამყარო ბავშვების განკარგულებაშია, ძნელია, მათ ცხოვრების მცირე სასწაულები დავანახოთ. ჩათვალეთ, რომ თქვენ ამის საშუალება მოგეცათ. გახსოვდეთ, რომ სიყვარულით გაზრდილი ბავშვი ყოველთვის იპოვის სიტუაციიდან გამოსავალს. რაც უფრო ლაღი იქნება და ეცოდინება, რომ არსებობს ფულზე მნიშვნელოვანი რამეები: გრძნობები, ურთიერთობები, – მით უფრო გაუადვილდება ცხოვრება, არ ითაკილებს სამსახურს, რომელიც სტიგმატიზებული გონებისთვის შესაძლოა სათაკილო იყოს, დაისახავს მიზნებს და მთელი გულით ეცდება მათ მიღწევას.

 ლიკა ქათამაძე

გააზიარე: