ჰიპერპროლაქტინემია: როდის იმატებს რძის ჰორმონი
გააზიარე:
ადამიანის ორგანიზმში ხუთ ათეულზე მეტი ჰორმონია. ყველას თავისი ფუნქცია, მოქმედების მექანიზმი და სასიცოცხლო ციკლი აქვს. ქალისა და მამაკაცის ორგანიზმების ჰორმონული შემადგენლობა თითქმის ერთნაირია, თუმცა განსხვავებულია ჰორმონთა კონცენტრაცია. ორგანიზმში არსებობს ერთგვარი იერარქია ჰორმონულ სისტემებს შორის, რომლის დარღვევის შემთხვევაში ესა თუ ის დაავადება იჩენს თავს.
XX საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინეს ჰორმონი პროლაქტინი, რამაც სათავე დაუდო გინეკოლოგიური და ენდოკრინული დაავადებების ფარმაკოთერაპიას.
რა არის პროლაქტინი
პროლაქტინი წარმოიქმნება ჰიპოფიზში – სხეულის მთავარ ჯირკვალში, რომელსაც თავის ტვინის დანამატს უწოდებენ. ის მდებარეობს ტვინის ქვედა ზედაპირზე და შემოსაზღვრულია თურქული კეხით – თავის ქალას ფუძის ძვლით. პროლაქტინის სახელი (პროლაცტინ) მისივე ფუნქციიდან გამომდინარეობს – ამ ჰორმონის მთავარი ფუნქცია სარძევე ჯირკვლის ზრდა და მომწიფება, ლოგინობის ხანაში კი სარძევე ჯირკვალში რძის (ლაცტოს) წარმოქმნაა. გარდა ამისა, პროლაქტინი იმუნურ და რეპროდუქციულ პროცესებზე, ნივთიერებათა და წყალმარილოვან ცვლაზე ახდენს პირდაპირ თუ ირიბ გავლენას. არაორსულ ქალებთან პროლაქტინი მენსტრუალურ ციკლს არეგულირებს, მამაკაცებთან კი სპერმის წარმოქმნაში მონაწილეობს.
პროლაქტინი სხვა უბნებშიც გამომუშავდება. მართალია, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც. მათ შორის – იმუნურ უჯრედებში, ცხიმოვან ქსოვილში, თავის ტვინის განსაზღვრულ უბნებში, ორსულობის დროს კი პლაცენტაში.
ორსულობის დროს სისხლში პროლაქტინის დონე იმატებს. მშობიარობის შემდეგ ესტროგენისა და პროგესტერონის დონე ერთბაშად იკლებს, ხოლო პროლაქტინისა ისევ მაღალი რჩება, რაც ლაქტაციის გააქტიურებას იწვევს.
სხვა გავლენები
პროლაქტინს, როგორც ვთქვით, ბევრი დამატებითი ფუნქციაც აქვს. უპირველეს ყოვლისა, ის იმუნოსტიმულატორია – აძლიერებს ინფექციაზე ზოგიერთი იმუნური უჯრედის პასუხს. გარდა ამისა, მონაწილეობს ნახშირწყლოვან და წყალმარილოვან ცვლაში. პროლაქტინის გავლენით ძლიერდება პანკრეასის ჰორმონების გამოყოფა, შედეგად კი იმატებს მადა და გლუკოზის მოთხოვნილება, რასაც წონის მატებამდე მივყავართ. მინერალებსა და წყალზე პროლაქტინის გავლენა მათი შეკავებით გამოიხატება, რაც შეშუპებას და არტერიული წნევის მატებას იწვევს.
სხეულში ჭარბი წყლის შეკავება და არტერიული წნევის მატება ხშირად გამოვლინდება თავის ტკივილით, თავბრუხვევით, გულისრევითა და პირღებინებით. პაციენტი შესაძლოა მეტს არც არაფერს უჩიოდეს, ვიდრე მუდმივი და შემაწუხებელი თავის ტკივილი და რეპროდუქციულ ასაკში ძნელად სამართავი არტერიული წნევა არ შეაწუხებს.
როგორ კონტროლდება
ჰიპოფიზში პროლაქტინის გამომუშავების ერთ-ერთი მთავარი რეგულატორია ჰორმონი დოფამინი, რომელიც ჰიპოთალამუსში წარმოიქმნება. ჰიპოთალამუსი, ისევე როგორც ჰიპოფიზი, თავის ტვინის ნაწილია და როგორც ჰორმონულ, ისე ნერვულ გავლენას ექვემდებარება.
დოფამინი ამცირებს პროლაქტინის გამომუშავებას, შესაბამისად, რაც უფრო მეტი დოფამინია სისხლში, მით უფრო ნაკლებია პროლაქტინი. პროლაქტინის მაღალი დონე კი თავისთავად აძლიერებს დოფამინის სეკრეციას.
ჰორომონი ესტროგენი პროლაქტინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგულატორია. რეპროდუქციული ასაკის ქალებთან ესტროგენის მაღალი დონე სისხლში პროლაქტინის დონის მატებას იწვევს.
გარდა დოფამინისა და ესტროგენისა, არსებობს ჰორმონების მთელი წყება, რომელიც ორგანიზმში გამოთავისუფლებული პროლაქტინის რაოდენობაზე მოქმედებს: თირეოტროპინის გამომათავისუფლებელი ჰორმონი, ოქსიტოცინი, ანტიდიურეზული ჰორმონი და სხვა.
რა ხდება, როცა საჭიროზე მეტია
ჰიპერპროლაქტინემია ეწოდება პროლაქტინის ჭარბ წარმოქმნას მამაკაცისა და იმ ქალების ორგანიზმში, რომლებიც ორსულად არ არიან. ქალებთან ეს მოვლენა უფრო ხშირია. რეპროდუქციული ასაკის იმ ქალთა დაახლოებით მესამედს, რომლებსაც არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, მაგრამ საკვერცხის ნორმალური ფუნქცია აქვთ, ჰიპერპროლაქტინემია აღენიშნება.
ჰიპერპროლაქტინემია იწვევს უნაყოფობას, თავის ტკივილს, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობას, გაჯირჯვებას და გალაქტორეას (არაორსული ქალის სარძევე ჯირკვალში რძის წარმოქმნას).
პროლაქტინის მაღალი დონე ხელს უშლის სხვა ჰორმონების, მაგალითად, ესტროგენისა და პროგესტერონის ნორმალურ გამომუშავებას. ამან შესაძლოა შეცვალოს ან შეაჩეროს ოვულაციის პროცესი, გააიშვიათოს ან გაახანგრძლივოს მენსტრუალური ციკლი, გამოიწვიოს ამენორეა.
პროლაქტინის ჭარბი წარმოქმნისას ორგანიზმში ესტროგენის დონე ნელ-ნელა მცირდება. ჰიპოესტროგენია ვლინდება საშოს სიმშრალით, მტკივნეული სქესობრივი აქტით, ლიბიდოს დაქვეითებით. თუ ჰიპოესტროგენია დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, საქმე ოსტეოპოროზამდეც მივიდეს.
თუმცა ისეც ხდება, რომ პროლაქტინის მომატებისას ქალი არაფერს უჩივის.
მამაკაცებში პროლაქტინის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს გალაქტორეა, იმპოტენცია, ერექციული დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება და უნაყოფობა. ჰიპერპროლაქტინემიით დაავადებული არანამკურნალევი მამაკაცების ეაკულატში სპერმატოზოიდები შესაძლოა ნორმაზე ნაკლები იყოს (ოლიგოსპერმია) ან საერთოდ არ იყოს (აზოოსპერმია).
დამატებითი ჩივილები იჩენს თავს ჰიპოფიზის მოცულობითი პროცესის დროს. ჰიპოფიზის ადენომა უპირატესად ზემოთ და გვერდით იზრდება (ქვემოდან მყარადაა შემოსაზღვრული) და მეზობელ ორგანოებს აწვება, რაც კლინიკურად სხვადასხვანაირად გამოიხატება: მხედველობის ნერვის მიჭყლეტის გამო შესაძლოა განვითარდეს მხედველობის ველის დეფექტები, თვალის მამოძრავებელი ნერვის დამბლა და სხვა.
რა იწვევს
ჰიპერპროლაქტინემიის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
• ორსულობა;
• ისეთი მედიკამენტების მიღება, რომლებიც ამცირებს დოფამინის გამოყოფას (ჰიპოტენზიური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური მედიკამენტები, ჰორმონული საშუალებები);
• ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
• ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე (პროლაქტინომა);
• თავის ტვინის სხვა მოცულობითი პროცესები (გლიომა, მენინგიომა, მეტასტაზები);
• აკრომეგალია;
• თირკმლის უკმარისობა.
ჰიპერპროლაქტინემიას საკმაოდ ბევრი მიზეზი აქვს. მათ პირობითად ორ დიდ კლასად ყოფენ – ფუნქციურად და ორგანულად. ორგანული მიზეზები, წესისამებრ, გულისხმობს თავად ჰიპოფიზის ან თავის ტვინის რომელიმე მახლობელი სტრუქტურის დაზიანებას მოცულობითი პროცესის დროს. ყველაზე ხშირად ეს არის ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე – პროლაქტინომა, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს მცირე (მიკროპროლაქტინომა) ან დიდი (მაკროპროლაქტინომა). ორგანული მიზეზით გამოწვეული ჰიპერპროლაქტინემია შემთხვევათა მეოთხედში გვხვდება და აქედან მხოლოდ 8-9 პროცენტია მაკროპროლაქტინომა, რომელსაც შესაძლოა ოპერაციული მკურნალობა დასჭირდეს.
პროლაქტინომის შემთხვევათა უმრავლესობა წარმატებით ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას.
ფუნქციური ხასიათის ჰიპერპროლაქტინემია შემთხვევათა 75%-ში აღირიცხება და მისი უშუალო მიზეზის დადგენა ხშირად ძნელია. ის უფრო რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული.
ფიზიოლოგიური მატება
სისხლში პროლაქტინის დონე ფიზიოლოგიურ პირობებშიც იმატებს როგორც გარეგან ფაქტორებზე ცოცხალი ორგანიზმის საპასუხო რეაქცია. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება:
• სტრესი;
• ფიზიკური დატვირთვა;
• სქესობრივი აქტი;
• საკვების მიღება;
• ორსულობა;
• ლაქტაცია.
თუმცა პროლაქტინის დონის მატება მხოლოდ ორსულობისა და ლაქტაციის დროსაა მდგრადი. მათი დასრულების შემდეგ ჰორმონის გამომუშავება თავისთავად ნორმალიზდება. დანარჩენ შემთხვევებში ფიზიოლოგიურ მატებას დროებითი და შექცევადი ხასიათი აქვს.
მუდმივი ფიზიკური დატვირთვის გამო პროლაქტინის დონე მაღალი აქვთ სპორტსმენებს, პროფესიონალ მოცეკვავეებს, ბალერინებს. მატებას იწვევს განმეორებითი სტრესიც, მაგალითად, ღამის მორიგეობები და უძილობა. სისხლში პროლაქტინის დონე მაღალი რჩება ნეიროინფექციის, გართულებული მშობიარობისა და აბორტის შემდეგ.
რა ხდება, როცა ცოტაა
ჰიპოპროლაქტინემია სამედიცინო პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია. ხშირად მისი მიზეზი ჰიპოფიზის განუვითარებლობაა. ჰიპოფიზი საკმაოდ ბევრ პროცესს დირიჟორობს ორგანიზმში, მისი ფუნქციის დაქვეითებაც უმთავრესად სხვაგვარი ბუნების სიმპტომებით გამოიხატება და შესაძლოა, ჰიპოპროლაქტინემიის ეფექტები დიდხანს შეუმჩნეველიც კი დარჩეს.
პროლაქტინის ნაკლებობამ შესაძლოა მშობიარობის შემდეგ ლაქტაციის უკმარისობამდე მიგვიყვანოს. ჰიპოპროლაქტინემიის მქონე ადამიანების უმეტესობა არაფერს უჩივის, თუმცა სავარაუდოა, ჰიპოპროლაქტინემია სხვა სამედიცინო მდგომარეობებთან იყოს ასოცირებული, ისეთებთან, როგორიცაა, მაგალითად, იმუნური დარღვევა – სუსტი რეაქცია ზოგიერთ ინფექციაზე და სხვა.
დიაგნოსტიკა
პროლაქტინი მოსვენებული ძილის დროს გამოუშავდება. ეს პროცესი ჩაძინებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ იწყება. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში დილის 3-დან 5 საათამდე აღინიშნება, ხოლო გაღვიძების შემდეგ იკლებს. პროლაქტინის დონის განსაზღვრისთვის საჭიროა, ლაბორატორიული კვლევა დილის 9-დან შუადღის 12 საათამდე, უზმოზე ჩატარდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველაზე ზუსტ შედეგს მენსტრუალური ციკლის მესამედან მეხუთე დღემდე მივიღებთ. სხვა დროს ჩატარებულ კვლევას არც ისე დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ექნება.
ჰიპერპროლაქტინემიის ლაბორატორიული დიაგნოსტირების შემთხვევაში ინდივიდუალურად მუშავდება მედიკამენტური მკურნალობის რეჟიმი. თუ დინამიკაში პროლაქტინის ჭარბწარმოქმნა არ ექვემდებარება მედიკამენტურ თერაპიას, სხვა მიზეზი უნდა ვეძებოთ და კვლევის სხვა მეთოდებს მივმართოთ.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MღI) დიაგნოსტიკის ერთ-ერთი აღიარებული მეთოდია. მისი მეშვეობით შესაძლებელია თავის ტვინის მოცულობითი პროცესებისა და ჰიპოფიზის ადენომის დიაგნოსტირება, რის საფუძველზეც შემდგომ მკურნალობის კურსი დაინიშნება.
როგორ მკურნალობენ
ჰიპერპროლაქტინემიის მკურნალობის მიზანია გალაქტორეის აღკვეთა, ესტროგენების პროდუქციის ნორმალიზება, ოვულაციის, მწყობრი მენსტრუალური ციკლის, ფერტილობის აღდგენა, ხოლო მოცულობითი პროცესის დროს – წარმონაქმნის ზომების შემცირება, ასევე – ისეთი თანმხლები ეფექტების აღმოფხვრა, როგორიცაა თავის ტკივილი, მაღალი არტერიული წნევა და სხვა.
შემთხვევათა უმრავლესობაში მედიკამენტური მკურნალობა საკმაოდ შედეგიანია. ვინაიდან პროლაქტინის რეგულაციაში წამყვან როლს დოფამინი ასრულებს, ფარმაკოთერაპია სწორედ დოფამინის ცვლაზე მოქმედი მედიკამენტების გამოყენებას გულისხმობს.
მკურნალობის კურსი, სულ მცირე, 6 თვე გრძელდება, ზოგჯერ – ერთი წელი და მეტიც. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ ექვსკვირიანი შესვენება და იმის შეფასება, როგორ ექვემდებარება პროლაქტინის დონის ცვლილება თერაპიას.
ყველაზე ხშირად ინიშნება ფარმაკოთერაპია რეპროდუქციული ასაკის ქალების ფერტილობის აღდგენის მიზნით. მკურნალობის კურსი ორსულობის დადგომისთანავე წყდება.
მედიკამენტური მკურნალობა დადებით გავლენას ახდენს ჰიპოფიზის ადენომაზეც – შემთხვევათა უმრავლესობაში წარმონაქმნი პატარავდება და, შესაბამისად, მისი ფუნქციური აქტივობაც იკლებს – სისხლში პროლაქტინის დონე მცირდება.
ქალების 3-5 პროცენტთან ჰიპერპროლაქტინემიის მიზეზი ჰიპოთირეოზია (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია). თუ პროლაქტინის დონის მატება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემიდან მომდინარეობს, ჰიპოთირეოზის მკურნალობა დადებითად აისახება პროლაქტინის დონეზე და მის ნორმალიზებას იწვევს.
ქირურგიულ მკურნალობას მიმართავენ, როცა
* პაციენტი მედიკამენტური მკურნალობისადმი რეზისტენტულია,
* აქვს რომელიმე წამლის აუტანლობა,
* მოცულობითი პროცესი პროგრესირებს ან
* ჰიპერპროლაქტინემიას დამატებითი ჩივილებიც ახლავს თან (მაგალითად, მხედველობის ნერვზე ზეწოლის გამო).
ოპერაცია ტარდება ნაზალურად, ცხვირიდან, ცხავის ძვლის გავლით – ჰიპოფიზის ადენომასთან მიდგომა ასე უფრო ადვილია და მანიპულაციაც უფრო დამზოგველი. ქირურგიული ჩარევის შემდეგ აუცილებელია მედიკამენტური მკურნალობის გაგრძელება, რათა თავიდან ავიცილოთ ოპერაციის შემდგომ პერიოდში ადენომის ხელახალი ზრდა.
რეციდივი
მედიკამენტური თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ჰიპერპროლაქტინემიას რეციდივი ახასიათებს, თუ მისი მიზეზი (სტრესი, გადაღლა, უძილობა, წონის მატება, ჰიპოთირეოზი და სხვა) ბოლომდე არ აღმოიფხვრა.
თუ ადენომა ქირურგიული მკურნალობის შემდეგ ხშირად განიცდის რეციდივს ან სწრაფად იზრდება, სხივურ თერაპიას მიმართავენ.
სესილი ცირეკიძე