რატომ ვერ ვამყარებთ კონტაქტს
გააზიარე:
ადრეც მითქვამს – გეშტალტთერაპევტი ვარ. ეს ეგზისტენციური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი დარგია, რომელშიც უდიდესი ადგილი უკავია პიროვნებასა და გარემოს შორის კონტაქტს. გარემო კი მრავალნაირია, სამყაროთი დაწყებული, კონკრეტული ადამიანით დამთავრებული.
კონტაქტის ციკლი
იდეალურ შემთხვევაში, როგორსაც მხოლოდ წიგნებში აღწერენ და რეალურ ცხოვრებაში არასოდეს გვხვდება, კონტაქტის ციკლი რამდენიმე ფაზისგან შედგება. სხვადასხვა ავტორი ამ ფაზებს სხვადასხვანაირად ატრიალებს. ზოგი ყოფს, ზოგი აერთიანებს, ზოგი პირამიდას ხატავს, ზოგი – წრეს... მარტივად კი კონტაქტის ციკლი ასე გამოიყურება:
1. პრეკონტაქტი
წარმოიდგინეთ, რომ მაღაზიის წინ რიგში დაგახართ. სამი კვირაა, არავინ გინახავთ და ადამიანების სიახლოვე, თუნდაც ორ მეტრზე, გულს გითბობთ.
ეს პრეკონტაქტის ფაზაა. ამ დროს ვაცნობიერებთ, რომ რაღაც გვჭირდება, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა. უბრალოდ, რაღაც არ გვასვენებს, გვიბიძგებს, ფრთხილად, ჯერ საზღვრების გახსნის გარეშე დავამყაროთ ურთიერთობა გარემოსთან.
2. კონტაქტი (კონტაქტინგი)
ინგლისურიდან შემოსული ტერმინი, კონტაქტინგი, ყურს უხეშად კი ხვდება, მაგრამ მისი ფორმა მნიშვნელოვანია: კონტაქტინგი არ არის გაყინული სტადია, ეს პროცესია, აქტივობა, რომელიც ძალების მობილიზაციას და არჩევანს გულისხმობს. საჭიროება წუხილს იწვევს, წუხილის პასუხად კი ფსიქიკური და ფიზიკური ენერგია იბადება. ვიწყებთ გარემოს მოსინჯვას, ჩვენი საჭიროების დაკმაყოფილების გზების ძიებას.
გინდათ, თქვენ წინ მდგომს გამოელაპარაკოთ. რას ეტყვით? ალბათ, რამე ზოგად ფრაზას რიგზე, ვირუსზე, ამინდზე ან სხვა, ნაკლებად პირადულ თემაზე. ჯერ ხომ არ იცით, რამდენად უსაფრთხოა ეს ადამიანი. იქნებ უკან რომ დგას და ღიღინებს, ის უფრო სანდოა? ან, თქვენ კი გჭირდებათ ვინმესთან საუბარი, მაგრამ თქვენ წინ მდგომს სამი ბავშვი, ბებია, ბაბუა და კატა ჰყავს შინ და რიგი მისთვის ერთადერთი ადგილია, სადაც სიმშვიდესა და სიჩუმეში დგომა შეუძლია? ამიტომ იწყება კონტაქტინგი, მაგრამ როცა თქვენ აღნიშნავთ, რომ დღეს ცხელა, ის არ გპასუხობთ, რადგან ვერ ხვდება, რომ მას მიმართავთ. ეს გზა ჩაიკეტა. საჭიროება არ დაკმაყოფილდა.
კონტაქტინგი აქტიური ძიების ფაზაა. ამიტომ თქვენ ისარგებლებთ მომენტით, როდესაც წინ მდგომი გვერდზე გადგება, შუბლზე ოფლს მოიწმენდს და გამოგხედავთ და ისევ ეტყვით, რამე ზოგად ფრაზას ამინდზე. ამჯერად ის გიპასუხებთ და დაგიდასტურებთ, რომ ნამდვილად ცხელა.
მაგრამ, ადამიანების სიახლოვეს მონატრებულს, ეს მოკლე დიალოგი არ გაკმაყოფილებთ. კონტაქტინგი გრძელდება. ახლა ის გადმოგხედავთ და იტყვის, რომ გუშინ ქარი იყო. მერე იმაზე იწუწუნებთ, რომ რიგი არა და არ მთავრდება. მოკლედ, აშკარაა, რომ ამ ადამიანსაც უნდა საუბარი. და აი, უკვე საგარეო ტურიზმს განიხილავთ.
საბოლოო კონტაქტი
თუ ადამიანსა და გარემოს შორის წარმატებული კონტაქტინგი დამყარდა, ურთიერთობა ნელ-ნელა ვითარდება, ღრმავდება. მაგალითად, ტურიზმზე საუბრისას თქვენი თანამოსაუბრე უცბად იხსენებს თავის სოფელს, სადაც სააღდგომოდ ვერ ჩავიდა, თავისიანები ვერ მოინახულა და საერთოდ, ოთხ კედელში გამოკეტვას ვერ ეგუება. აქ გრძნობთ, რომ სამყარომ დღეს ჯეკპოტი მოგაგებინათ: უცნობის განცდები თქვენსას ჰგავს, ესე იგი მარტო არ ყოფილხართ. ეს საბოლოო კონტაქტის ფაზაა.
ახლა უკვე თქვენ უზიარებთ გულწრფელად, რომ სამი კვირაა არავინ, საერთოდ არავინ გინახავთ, რადგან დედა საბერძნეთშია, მამა კი რისკჯგუფშია და მასთან სტუმრობა რეკომენდებული არ არის. ამ დროს, როდესაც თქვენ და თქვენი თანამოსაუბრე ერთმანეთს ტკივილს უზიარებთ, ჩნდება განცდა, რომ თქვენ შორის გამორჩეული კავშირია, რომ რაღაც ჯადოქრობით ამ უცხო ადამიანმა რამდენიმე წუთში გაიგო ის, რასაც თქვენი მეგობრები ვერ ხვდებიან. გრძნობთ ერთიანობას, თანაგუნდელობას, კმაყოფილდება თქვენი საჭიროება, ვინმემ დაგინახოთ, გაღიაროთ, მოგისმინოთ, თანაგიგრძნოთ და თქვენც, თქვენი მხრივ, ეს ყველაფერი გასცეთ.
ამასობაში წინ მდგომის მაღაზიაში შესვლის დროც დადგა. მადლობას უხდით ერთმანეთს, ის შედის, თქვენ კი კვლავ გიწევთ ლოდინი, ოღონდ ამჯერად სიცარიელეს და მარტოობას აღარ განიცდით.
3. პოსტკონტაქტი
იწყებთ მომხდარის ანალიზს, დასკვნების გამოტანას. მაგალითად, ფიქრობთ, როგორ გაგიმართლათ, რომ დღეს ეს ადამიანი შეგხვდათ და არა უჟმური მეზობელი, რა ცოტა ყოფილა საჭირო კარგ გუნებაზე დასადგომად, რა კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ვენდობით და მხარს ვუჭერთ, რომ პანდემია გვაშორებს, მაგრამ იმავდროულად გვაერთიანებს კიდეც.
პოსტკონტაქტი, ხატოვნად რომ ვთქვათ, გამოცდილების ყულაბაში გადანახვის ფაზაა. ამ დროს ემოციური სფეროდან კვლავ შემეცნებით სფეროში ვბრუნდებით.
4. კონტაქტის წყვეტა
რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უფრო სიღრმისეულ ურთიერთობებს ეხება. მიზეზი კი ის არის, რომ ადამიანი ურთიერთობაში შედის მზა თარგებით, რომლებიც ხელს უშლის, აღიქვას აწმყო, ხელახლა მოერგოს გარემოს. ეს თარგები სხვადასხვა გამოცდილებას მოაქვს: ოჯახში არსებულ განწყობას, ქცევას, რომელმაც გაამართლა სხვა ურთიერთობაში, ანუ იქ და იმ დროს, საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს... რაც არ უნდა იყოს, ალგორითმი ერთია: ადამიანს ოდესღაც სადღაც გამოადგა მორგების განსაზღვრული მექანიზმი და მას შემდეგ აგრძელებს ამ მექანიზმის გამოყენებას, განურჩევლად იმისა, ამართლებს თუ არა ის. ამ შემთხვევაში მორგების მექანიზმი ხელს უშლის კონტაქტის ციკლის გავლას, ანუ კონტაქტის წყვეტის წყაროდ იქცევა.
გეშტალტთერაპიაში კონტაქტის წყვეტის რამდენიმე სახეს გამოყოფენ. ადამიანი ყველას ეჯახება, თუმცა რამდენიმე მათგანი წამყვანია, ერთი კი – ყველაზე თვალში საცემი. ეს ერთია მისთვის კონტაქტის წყვეტის მთავარი მექანიზმი, რომელსაც აუცილებლად გამოხატავს თერაპიის დროს, თერაპევტთან მიმართებით. შესაბამისად, ჩვენი, თერაპევტების მიზანია, დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, როგორ ვერ შედის სრულფასოვან კონტაქტში გარემოსთან, რა სარგებლობა მოაქვს მისთვის ამ თავდაცვას და რა ზიანი. მერე კი კლიენტი თავად წყვეტს, როგორ მოერგოს არსებულ ვითარებას. მას აღარ მართავს ოდესღაც დასწავლილი და გაშინაგნებული ქცევის, ემოციების, აზროვნების ყალიბი, ის მოქნილი ხდება, ახალ გამოწვევებს წარსულისგან გამოცალკევებით აღიქვამს და პასხუხისმგებლობას იღებს საკუთარ კეთილდღეობაზე.
გეშტალტთერაპიაში გვჯერა პარადოქსული ცვლილების თეორიის: როცა ადამიანი აცნობიერებს, რას აკეთებს, ის თავისთავად იცვლება. გაცნობიერების შემდეგ ადამიანი ვეღარ უბრუნდება ყალიბებს. გახსოვთ, "მატრიცაში" ნეო გამოგონილი სამყაროს ნაცვლად მატრიცის კოდს რომ ხედავს? როგორც არ უნდა ეცადოს, უკან დასაბრუნებელი გზა მისთვის აღარ არსებობს, რეალობის დანახვის შემდეგ ის ილუზიაში ვეღარ დაბრუნდება.
მაშ ასე, კონტაქტის წყვეტის რა მექანიზმები ვიცით გეშტალტთერაპიაში?
დეფლექსია
დეფლექსია კონტაქტისგან გაქცევის, მისთვის თავის არიდების მიზნით სხვა საკითხებზე ყურადღების გადატანაა. დეფლექსიას ახასიათებს ბევრი საუბარი სხვადასხვა თემაზე, შორიდან შემოვლა, ზედაპირული ინფორმაციის გაცემა, გულწრფელი პასუხის შეუძლებლობა. დეფლექსიაში მყოფი ადამიანი ისხლეტს გულახდილი, პირდაპირი კონტაქტის მცდელობას.
ზემოხსენებულ მაგალითს თუ დავუბრუნდებით, დეფლექსია ასეთ სახეს მიიღებს: თქვენ იწყებთ ამინდზე საუბარს; თანამოსაუბრე გპასუხობთ, რომ ნამდვილად ცხელა; თქვენ მარტო ცხოვრების გამოცდილებას უზიარებთ. ამის შემდეგ თანამოსაუბრეს დეფლექსიის სამი დონის გამომჟღავნება შეუძლია:
1. ის გიპასუხებთ, რომ შარშან ამ დროს უფრო ცხელოდა, რომ თბილისში საერთოდ ასეა – ჯერ ძალიან ცივა, მერე ძალიან ცხელა. გაზაფხული აღარ არსებობს. ეს არის საუბარი არაფერზე, საერთოდ არაფერზე. რაღაც ისეთზე, რისი არსებობა-არარსებობაც არაფერს ცვლის.
2. ის გიპასუხებთ, რომ მარტო ყოფნა ნამდვილად ძნელი ასატანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრება ასე აეწყო. ვინ იფიქრებდა, რომ რიგები დაბრუნდებოდა, ეჰ... ეს დეფლექსიის საშუალო დონეა, როდესაც ადამიანი თითქოს არ სცდება სასაუბრო თემას, მაგრამ ნამდვილ, გულახდილ კონტაქტში არ შემოდის.
3. ის გიპასუხებთ, რომ მარტო ყოფნა სადავო ცნებაა, რომ არავინ იცის, რას ნიშნავს მარტოობა, რომ მარტონი ვიბადებით და მარტონი ვკვდებით. წუთია წუთისოფელი. ეკლესიასტეც ხომ გვეუბნება, რომ ჩვენ მხოლოდ მტვერი ვართ ქარში. ეს დიდი/დიადი დეფლექსიის დონეა. ასეთი საუბარიც გინდ ყოფილა, გინდ არა, თუმცა ამ დროს კონტაქტისგან გასაქცევად თანამოსაუბრე არა ყოფით, არამედ ერთი შეხედვით ღრმა და საინტერესო თემებს ეხება.
რეტროფლექსია
რეტროფლექსიაც კონტაქტისთვის თავის არიდების მექანიზმია. ის, დეფლექსიისგან განსხვავებით, გულისხმობს განცდების, ემოციების, ფიქრების შიგნით დატოვებას, შეკავებას. რეტროფლექსიის დროს ადამიანი იძაბება, იბრძვის, რომ ემოციები არ დაეტყოს. ის შესაძლოა გაჩუმდეს, ფიქრებში წავიდეს, ჩაიკეტოს.
რეტროფლექსიის მაგალითი:
* როდესაც თქვენს მარტოობას ახსენებთ, თანამოსაუბრე გეტყვით: "ჰო, ასეა", მერე ჩუმდება, თავს ხრის. ცოტა ხანს ასე დგას, მერე კი სევდიანი გამომეტყველებით ტრიალდება მაღაზიისკენ.
კონფლუენცია
კონფლუენციის დროს ირღვევა საზღვარი პიროვნებასა და გარემოს შორის. ადამიანი ვერ ხვდება, სად არის თავად, რას წარმოდგენს სხვის გარეშე. ტერმინი "კონფლუენცია" ორი მდინარის შერწყმას გულისხმობს. ასევე ხდება ურთიერთობებშიც, თუ კონტაქტის ერთი ან ორივე მონაწილე კონფლუენციისკენ არის მიდრეკილი. ეს არის ერთგვარი ფსიქოლოგიური შერწყმა, საკუთარი მე-ს დაკარგვა, სხვის გამო იდენტობის დათმობა.
კონფლუენციის მაგალითი:
* თანამოსაუბრე გპასუხობთ, რომ თავადაც იმავეს განიცდის და ბედნიერია, რომ ვიღაცას მისი ასე კარგად ესმის, თქვენთან უცნაურ სიახლოვეს გრძნობს, თითქოს მრავალი წელია ერთმანეთს იცნობთ. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი სათნო ღიმილი გაქვთ. რას წარმოიდგენდა, რომ გაგანია პანდემიის დროს ასეთ ახლობელ ადამიანს იპოვიდა რიგში! როგორ გაუმართლა, რომ თქვენც მსგავსი სიმბიოზის განცდა გაქვთ! იქნებ ხვალაც ერთად დამდგარიყავით?
ინტროექცია
ინტროექტი გახლავთ გარედან მოწოდებული ინფორმაცია, ხშირად – უნდა-ს სახით ("დაწყებული საქმე ბოლმდე უნდა მიიყვანო", "ქალი უნდა იყოს ნაზი", "ხინკალი უნდა იჭამოს ხელით" და ა.შ.), რომელსაც ადამიანი არ გაიაზრებს, არ აანალიზებს და, ასე ვთქვათ, გადაუხარშავად ყლაპავს. ინტროექტების უმეტესობა ბავშვობაში გვიყალიბდება, მშობლების სიტყვები და ქცევა ჩვენთვის მაგალითი ხდება. პრობლემა მაშინ წარმოიშობა, როდესაც რეალობა და ნასწავლი ინტროექტი ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის. მაგალითად, თუ ბავშვს ასწავლიდნენ, რომ უფროსებთან კამათი უზრდელობაა, ზრდასრულ ასაკში კი უფროსი სამსახურში უსამართლოდ ექცევა, ინტროექტის ზეგავლენით ის წინააღმდგობას ვერ გაუწევს, თავს კონსტრუქციულად ვერ დაიცავს. ინტროექტი გაცნობიერების საწინააღმდეგოა – ეს ის აზრები და განწყობებია, რომლებიც ადამიანისა არ არის. თუ პიროვნებამ გააცნობიერა და აირჩია ისინი, ეს ინტროექტი კი აღარ იქნება, არამედ ადამიანის მიერ საკუთარ შეხედულებებზე პაუსხისმგებლობის აღება. ჩვენს მაგალითში ინტროექტი ასე გამოიყურება:
* რიგში მდგომი შემოტრიალდება, კომუნიკაციის სურვილი გაუჩნდება, მაგრამ გაიხსენებს, რომ უცხოებთან ფამილარობას დედა უშლიდა და თქვენზე იფიქრებს: რა უცნაური ადამიანია, სრულიად უცნობს ასე თამამად როგორ მელაპარაკებაო.
პროექცია
პროექცია კონტაქტის წყვეტის საინტერესო მექანიზმია. ამ დროს ჩვენს აზრებს, ემოციებს, დამოკიდებულებებს სხვას მივაწერთ. ის ჩვენი გამოსახულების ეკრანი ხდება. ამ დროს ჩვენ ადამიანთან კი არ გვაქვს კავშირი, არამედ საკუთარ პროექციებთან. გახსოვთ "მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი"? ვინ უყვარს პოეტს – თავად ქალი თუ საკუთარი წარმოდგენა მის შესახებ?
შესაძლებელია იმ უარყოფითი აზრების პროექციაც, რომლებიც საკუთარი თავის შესახებ გვაქვს და ვცდილობთ, არ შევიმჩნიოთ. მაგალითად, თუ ვირუსის გვეშინია, მაგრამ შიში ჩვენთვის მიუღებელი ემოციაა, სხვაში იმავეს შემჩნევისას ვღიზიანდებით და ვფიქრობთ: "მას ეშინია, შესაბამისად, სუსტია". ჩვენ არ ვიცით, ის სუსტია თუ არა, მაგრამ რაკი გვგონია, რომ თავად ვართ სუსტები შიშის დროს, მასაც ამ თვისებას მივაწერთ.
პროექცია მხოლოდ უარყოფითის გადატანით არ ვლინდება. ნებისმიერი სასიამოვნო ახალი ურთიერთობა პროექციას ეფუძნება: ჩვენ მოგვწონს ადამიანი, რომელსაც ჯერ არ ვიცნობთ. შესაძლოა, მისი იერი, ქცევისა და მეტყველების მანერა ვინმეს, ჩვენთვის ახლობელს გვაგონებდეს და ახალგაცნობილსაც იმავე თვისებებს მივაწერთ, რაც ჩვენს ახლობელს ჰქონდა.
ჩვენს მაგალითში პროექცია შემდეგნაირად გამოვლინდება:
* წინ მდგომი შემოტრიალდება და საუბარს გაგიბამთ, რადგან თავაზიანად მიმართეთ, ამ თვისებას კი აფასებს. სინამდვილეში მან არ იცის, ხართ თუ არა თავაზიანი, მაგრამ რაკი თავადაც ასე მოგმართავდათ, მიიჩნევს, რომ თქვენც იმავე ყაიდის ადამიანი ბრძანდებით და თქვენთან საუბრის გაგრძელება ღირს.
ეგოტიზმი
ყველა თერაპევტს აქვს აქილევსის ქუსლი. ვაღიარებ: ჩემი ეგოტიზმთან მუშაობაა. ამის მიზეზი ჩემი პროექციები და ინტროექტებია, რომლებსაც გააზრებულად ვებრძვი, თუმცა ვიცი, რომ ხანდახან მაინც ახდენენ ჩემზე გავლენას. ეგოტიზმი – ეს კონტაქტის წყვეტის ისეთი მექანიზმია, როდესაც ერთი ადამიანი იმდენადაა ჩაფლულია თავის ფიქრებსა და ემოციებში, რომ მეორესთან კონტაქტში კი არ შედის, არამედ ცალმხრივად უზიარებს თავის პოზიციას. ამ დროს მეორე ადამიანის რეაქცია, ემოცია, სიტყვები პირველზე არ მოქმედებს. ხანდახან ეგოტიზმი რეტროფლექსიას ჰგავს: ადამიანი თითქოს იკეტება, თუმცა რეტრეფლექსიის დროს ნათქვამი გავლენას ახდენს პარტნიორზე, ხოლო ეგოტიზმის დროს – არა. ზოგ შემთხვევაში ეგოტიზმი დეფლექსიასაც მოგვაგონებს, როდესაც ადამიანი განუწყვეტლივ ლაპარაკობს, მაგრამ აქაც იგივე განსხვავებაა: დეფლექსია სენსიტიურ საკითხებზე საუბრისთვის თავის არიდებაა, თემის ასხლეტა, ხოლო ეგოტიზმი – საკუთარი ნააზრევის არა გაზიარება, არამედ "გადმოყრა".
როგორი იქნებოდა ეგოტიზმი ჩვენს მაგალითში?
წარმოიდგინეთ, რომ წინ მდგომს ამინდზე ესაუბრებით, ის კი უცებ იწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ გლობალური დათბობა მითია. თქვენ არ ეთანხმებით, მაგრამ არ ეკამათებით, რადგან კონტაქტი გწყურიათ და არა საკუთარი სიმართლის მტკიცება. ცდილობთ, საუბარი იზოლაციაზე გადაიტანოთ, მაგრამ თანამოსაუბრე თითქოს ვერც ამჩნევს თქვენს მცდელობას. იმ სტატიაზე იწყებს ლაპარაკს, რომელიც ახლახან წაიკითხა გლობალური დათბობის შესახებ. უხარია, რომ ამ საკითხს მისთვის ნათელი მოეფინა და სურს, თქვენც გადაგიყვანოთ ნათელ მხარეზე. ეგოტისტი ვერ ხვდება, რომ თქვენთვის ეს თემა ახლა არ არის მთავარი. მისთვის მთავარი ისაა, რაც მას აღელვებს. საბოლო ჯამში, კი ისაუბრეთ, მაგრამ ურთიერთობის მოთხოვნილება ვერ დაიკმაყოფილეთ, რადგან დაგრჩათ განცდა, რომ თქვენ არ გესაუბრებიან.
რა მოვუხერხოთ კონტაქტის წყვეტას?
ეს კონტაქტის წყვეტის ძირითადი მექანიზმებია, თუმცა ლიტერატურაში რამდენიმე სხვასაც ასახელებენ. ამის კითხვისას აუცილებლად გაგახსენდებოდათ ვინმე, ვინც ზუსტად ისე არიდებს თავს კონტაქტს, როგორც ზემოთ აღვწერე, მაგრამ, მოდი, დაფიქრდით: თქვენთვის რომელი მექანიზმია წამყვანი? ამის გასარკვევად გთავაზობთ რამდენიმე კითხვას:
. როდესაც თქვენთვის მტკივნეულ თემებზე გესაუბრებიან, როგორ იქცევით? ბევრს ლაპარაკობთ თუ, პირიქით, ერთი-ორი სიტყვით შემოიფარგლებით და საკუთარ თავს უღრმავდებით? ანუ რა უფრო გახასიათებთ – დეფლექსია თუ რეტროფლექსია?
. რამდენად ხშირად გიფიქრიათ, ვგრძნობ, რომ ესა და ეს კარგი ადამიანია, რადგან, მაგალითად, თბილი გამოხედვა აქვსო? ამ დროს თქვენს პროექციებს ენდობით.
. რამდენად ხშირად ამბობთ ან აკეთებთ იმას, რაც მიღებულია? გადახედეთ თქვენს ინტროექტებს: არ არსებობს ერთი "უნდა", რომელიც ყოველთვის, ყველა სიტუაციაში ამართლებს.
. ხომ არ უთქვამთ თქვენს მეგობრებს, რომ თქვენთან საუბარი ძნელია, რადგან არ უსმენთ? შემდეგში, როდესაც საინტერესო თემაზე საუბარს დაიწყებთ, დააკვირდით, რა მოსდის თქვენს თანამოსუაბრეს: გადამოხრილია თქვენკენ, თავს გიქნევთ, კომენტარებს აკეთებს თუ გაქვავებული მზერით გიყურებთ ან ცდილობს, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანოს? შესაძლოა, ეგოტიზმს ამჟღავნებდეთ.
. შეგიძლიათ თუ არა, აღწეროთ თქვენი თავი არა როგორც ვიღაცის დედა, ცოლი, შეყვარებული, შვილი, პარტნიორი, რომელიმე თემის წევრი, არამედ როგორც ცალკე მყოფი პიროვნება? როგორ დაახასიათებდით თქვენს თავს? რა გაინტერესებთ, რას აკეთებთ, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა? თუ პასუხის გაცემა გიჭირთ, შესაძლოა, საქმე კონფლუენციასთან გვქონდეს.
რაში გვჭირდება ამის ცოდნა? ბოლოს და ბოლოს, კონტაქტის წყვეტის მექანიზმი ხომ ადრე რაღაცაში გამოგადგათ, სხვაგვარად ასე ხისტად არ შემოგრჩებოდათ, აწმყოს აღქმაში არ შეგიშლიდათ ხელს. ანუ მისი არსებობა გამართლებულია.
თუ გავაცნობიერებთ, როგორ ვწყვეტთ კონტაქტს, პასუხისმგებლობასაც ავიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებებზე და თავად ავირჩევთ, ვისთან შევიდეთ კონტაქტში და ვისთან – არა. ეს წარსულიდან გამოყოლილი ყალიბების ზეგავლენა კი არ იქნება, არამედ ჩვენი თავისუფალი არჩევანი. მაგალითად, თავაზიანად მივესალმებით მეზობელს არა იმიტომ, რომ "ასე უნდა", არამედ იმიტომ, რომ გვინდა, ხოლო თუ არ გვინდა, არც მივესალმებით – ამის უფლებაც გვაქვს. ან მივხვდებით, რომ სერიალის გმირი კი არ გვიყვარს, არამედ ის თვისებები, ჩვენი მე-ს ის ნაწილები, რომლებსაც გმირი გამოხატავს.
რაც უფრო უკეთ ვართ გაცნობიერებული ურთიერთობებში, – არ აქვს მნიშვნელობა, ზედაპირული ურთიერთობაა ეს თუ ღრმა, – მით უფრო გულახდილი ვხდებით და მით უფრო ღირებულია ყოველი შეხება როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი თანამეკონტაქტისთვის, მით უფრო ვუსწორებთ თვალს რეალობას, რომელიც აქ და ამჟამად, ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს, მით უფრო ჰარმონიაში ვართ საკუთარ თავსა და გარემოსთან.
რასაკვირველია, კონტაქტის წყვეტის მექანიზმებს ვერ მოვიშორებთ, ვერ დავივიწყებთ და, როგორც არ უნდა გავსხივოსნდეთ, ისინი გაუცნობიერებლად მაინც იჩენენ თავს, მაგრამ ეს ბუნებრივია. ყველამ ვიცით, რომ, მაგალითად, სატელევიზიო შოუ გულახდილი კონატაქტის ადგილი არ არის, რომ იქ გარკვეული დეფლექსია დასაშვებია, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ნებისმიერ შემხვედრთან გამოვხატოთ ჩვენი მოწყვლადი მხარეები – რეტროფლექსია ხომ გვიცავს. აქ უფრო ინტენსივობის შემცირებაზეა საუბარი, ვიდრე გაქრობაზე.
დაბოლოს, რა საჭიროა ამდენი საუბარი კონტაქტსა და მის წყვეტაზე? ეს ამოსავალი წერტილია გეშტალტთერაპიისთვის, თანაც ამ პერიოდმა გვაჩვენა, რომ იზოლაციის დროს წამყვანი ადამიანებს შორის ურთიერთობები ხდება. ეს ის არის, რაც გვასაზრდოებს და რაც გვასუსტებს.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე