როგორ გავერთოთ შინაპატიმრობისას

გააზიარე:

წვიმიან დღეს ოფისში გამოკეტილს ალბათ არაერთხელ გინატრიათ, ნეტავი ახლა სახლში დამსვა, თბილ პლედში გამხვია და ცხელი ჩაით ხელში საყვარელი ფილმისთვის მაყურებინაო. ასეთი განტვირთვის დღეები დროდადრო არათუ სასურველი, საჭიროც კია, რათა ცოტა ხნით დავივიწყოთ ყოველდღიური მოვალეობები და სტრესი და გონება დავასვენოთ. რაც უფრო მეტი ასეთი დღე გადაებმება ერთმანეთს, მით უფრო ვიბრუნებთ სულიერ სიმშვიდეს.

ბავშვებთან კი საქმე სხვაგვარადაა. არ აქვს მნიშვნელობა, უამინდობაა თუ პანდემია მძვინვარებს – რამდენიმე დღის განმავლობაში ბავშვის უმოძრაოდ ყოფნა არ შეიძლება.

ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის რეგულარული ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია, ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ პლედში ჩაფუთნოთ და მულტფილმები ჩაურთოთ, წაახალისეთ, რომ რაც შეიძლება მეტი იმოძრაოს. როგორ გააკეთოთ ეს, სტატიაში გიამბობთ.

სანამ დაიწყებთ

* მოაცილეთ აქტივობის ზონას ყველა ბასრი, წამახული და ბავშვისთვის სახიფათო ნივთი.

* აუხსენით წესები: რომ არ შეიძლება სახლში ბურთის ისევე სროლა, როგორც სტადიონზე, რომ სახლში ველოსიპედით ვერ ივლის და ასე შემდეგ.

* თუ გრძნობთ, რომ ბავშვს ამწუთას არ უნდა თამაში, ნუ დააძალებთ, მაგრამ უთხარით, რომ დღეს აუცილებლად უნდა ითამაშოს რამე მოძრავი. შეგიძლიათ შეუთანხმდეთ, რომ თამაშს დაიწყებთ, როდესაც საათის ისარი, მაგალითად, 12-თან მივა.

* როცა ორივე განეწყობით სათამაშოდ, მოიკრიბეთ მოთმინება, აამუშავეთ ფანტაზია და დაიწყეთ.

1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

* ჩართეთ მუსიკა და აჰყევით რიტმს. აიყოლიეთ ბავშვიც. ითამაშეთ გაშეშობანა: სანამ მუსიკა ჟღერს, ცეკვავ, ხოლო მისი გამორთვისას იმ პოზაში შეშდები, რომელშიც ხარ. ვინც პირველი გაინძრევა ან პოზას შეიცვლის, წაგებულია.

* ითამაშეთ "აბა, გაიმეორე". ამ ასაკის ბავშვებს ეს თამაში ძალიან მოსწონთ. მუსიკის თანხლებით ასრულებთ რამდენიმე მოძრაობას. მეორე მოთამაშე თქვენს ბოლო მოძრაობას იმეორებს და, თავის მხრივ, რამდენიმეს ამატებს. მერე თქვენ იმეორებთ მის ბოლო მოძრაობას და ამატებთ თქვენსას. ვისაც პირველს შეეშლება, წაგებულია.

* მოაწყვეთ მსვლელობა. ჩართეთ ხმამაღალი მუსიკა და ჯარისკაცის ნაბიჯებით შემოიარეთ ყველა ოთახი. შეგიძლიათ, "მატარებელი" გააკეთოთ და ორთქლმავლის ხმებით შემოირბინოთ სახლი. ეს თამაში უფრო სახალისოა, როდესაც მასში ორზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

* დასხედით იატაკზე და ტერფები ერთმანეთს მიატყუპეთ. ჩაიდეთ წრეში ბურთი და ერთმანეთს გაუგორეთ. აქტივობა დახუჭული თვალებით სრულდება და პატარებს ძალიან ახალისებს.

* ერთიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებს ძალიან უყვართ საპნის ბუშტების გაშვებაც, უფრო მეტად კი – გახეთქვა.

3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

* მოაწყვეთ მხიარული სტარტები. ააგეთ დაბრკოლებები და მიეცით მითითებები მათ გადასალახავად: სკამების ქვეშ გაძვრომა, სამი გადაკოტრიალება კარამდე მიღწევისას, ჭადრაკისებურად განლაგებულ ბალიშებზე დაჯდომა და ადგომა... კიდევ ბევრი დაბრკოლების მოფიქრება შეიძლება, სახლის ფართობის, დაგეგმარებისა და ავეჯის მიხედვით, ოღონდ აუცილებლად გაითვალისწინეთ ბავშვის შესაძლებლობები. შეგიძლიათ, რაუნდები დააწესოთ და ყოველი ახალ რაუნდის დაწყებისას დავალებები გაართულოთ.

* ითამაშეთ ბოულინგი. თუ სახლში სათამაშო კეგლი არ გაქვთ, გამოიყენეთ ცარიელი და ნახევრად სავსე ბოთლები, ოღონდ თავი კარგად დაუცეთ, რომ წაქცევისას წყალმა არ გამოჟონოს. აქტივობა უფრო სახალისო რომ იყოს, შეგიძლიათ, წყალი აკვარელით ან საკონდიტრო საღებავით სხვადასხვაფრად შეღებოთ. მერე ბოთლები მწკრივად ჩააწყვეთ, პატარა ბურთით წააქციეთ, როგორც ბოულინგში, და ერთმანეთს ქულები დაუწერეთ.

* ითამაშეთ განძის მაძიებლობანა. დამალეთ რომელიმე სათამაშო, ან სულაც საიდუმლოდ დატოვეთ, რას მალავთ – დაე, ეს სიურპრიზი იყოს. ასე თამაში უფრო სახალისო იქნება და ბავშვიც მეტი აზარტით ჩაებმება მასში. მთელ სახლში, აქა-იქ, დატოვეთ მინიშნებები, რომლებიც ბავშვის ასაკს შეესაბამება. თუ წერა-კითხვა იცის, დაუწერეთ მინიშნება, თუ ჯერ არა – ნახატებით მიანიშნეთ ან თქვენ თვითონ წაუკითხეთ ბარათებზე დაწერილი მითითებები.

შეგიძლიათ, როლები გაცვალოთ – დაე, ახლა ბავშვმა დამალოს ნივთი. თქვენ ეძებეთ, მან კი მინიშნებები მოგცეთ. ეს მოძრაობასთან ერთად კრეატიულობის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

* ითამაშეთ "იმოძრავე ამ ცხოველივით". მომცრო ტომარაში ჩაყარეთ ნებისმიერი ბურღული: ბრინჯი, წიწიბურა, სიმინდი, – რასაც სახლში იპოვით. დადექით ოთხზე, ბურღულით სავსე ტომარა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დაიდეთ და ცხოველივით იმოძრავეთ. თავდაპირველად გაითვალეთ – მოთამაშე, რომელიც გავა, მიუთითებს მეორეს, სხეულის რომელ ნაწილზე დაიდოს ტომარა და რომელი ცხოველის მოძრაობები შეასრულოს. მერე როლები იცვლება. წააგებს ის, ვისაც ტომარა სხეულიდან ჩამოუცურდება.

ეს თამაში 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც სახალისოა, მით უმეტეს, რომ მოსწავლეები ისე არიან გადატვირთულები სასკოლო დავალებებით და დამატებითი მეცადინეობით, რომ ერთი სული აქვთ, როდის მისცემენ თამაშის ნებას.

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე სახალისო აქტივობას.

* მოაწყვეთ საიდუმლო შტაბი. თუ ნამდვილი კარავი გაქვთ, შეგიძლიათ, შუა ოთახში დადგათ. მერე შუქი ჩააქრეთ, შეძვერით კარავში, შეიტანეთ ფარანი და წარმოიდგინეთ, რომ გარეთ დარჩენილი სათამაშოები საფრთხეში არიან. რიგრიგობით გამოძვერით კარვიდან და "გადაარჩინეთ" – კარავში შეიყვანეთ თოჯინები, სანამ შიგნით დარჩენილი მოთამაშე ფარანს 3-ჯერ აანთებს.

თამაშის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ბავშვს სიბნელისა არ ეშინია და, რაც მთავარია, მოაცილეთ არემარეს ყველა ნივთი, რომელმაც შეიძლება სიბნელეში ბავშვს რამე დაუშავოს.

თუ კარავი არ გაქვთ, შტაბის ასაშენებლად სკამები და პლედები გამოიყენეთ. ბავშვიც დაიხმარეთ.

* ითამაშეთ გასწრობანა ბალიშებით. აიღეთ იმდენი ბალიში, რამდენი მოთამაშეცაა (სასურველია, ძველი ან გაცვეთილი, რომ დიდად არ დაგენანოთ, თუ გაფუჭდება) და იატაკზე დააწყვეთ. აირჩიეთ სტარტისა და ფინიშის ხაზები, მუცლით ბალიშზე დაწექით და სამ თვლაზე ფინიშისკენ გასრიალდით. გამარჯვებულია ის, ვინც პირველი მივა ფინიშის ხაზთან.

* ითამაშეთ სახლის კალათბურთი. კალათად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანსაცმლის კალათა ან მუყაოს ყუთი. თუ ოთახი ვიწროა და ბურთი სროლისას ავეჯს ხვდება, ნივთები რომ არ დაამტვრიოთ, ბურთის მაგივრად დაგორგლილი წინდები ან დაჭმუჭნილი ქაღალდები ისროლეთ.

* თუ სახლში წებოვანი ლენტი და თაბახის ფურცლები გაქვთ, შეგიძლიათ, დართსის დაფა გააკეთოთ – ფურცელზე სამიზნე დახატოთ და კედელზე მიაკრათ, მერე კი დაჭმუჭნილი ქაღალდები ისროლოთ მიზანში.

* ყოველთვის შეგიძლიათ, ერთად გამოაცხოთ რამე. ეს ბავშვებს ძალიან ახალისებთ. დაიხმარეთ ინტერნეტიც – იქ უამრავ იდეას იპოვით იმისთვის, რომ შინ გატარებული დღეები სახალისო და ფიზიკურად დატვირთული იყოს.

 

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: