ყელში გაჩხერილი ბურთი

გააზიარე:

სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყველას გქონიათ შეგრძნება, თითქოს ყელში რაღაც გიჭერთ და სუნთქვა გიჭირთ, რადგან ეს უმეტესად სტრესთანაა დაკავშირებული, სტრესი კი ჩვენი ცხოვრების თანამდევია. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს შეგრძნება ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესითაც იყოს განპირობებული, მაგრამ უმეტესად ნევროზულია. ვირუსულმა პანდემიამ მსოფლიოში განსაკუთრებით სტრესული ფონი შექმნა, ამიტომ სინდრომი, რომელზეც გვინდა გესაუბროთ, შესაძლოა, მრავალი თქვენგანისთვის უკვე ნაცნობი იყოს.

მოჩვენებითია თუ რეალური?

ფარინგეალური ბურთი – ეს არის მუდმივი შეგრძნება, თითქოს ყელში ბურთი გაგეჩხირა და არ გადაგდის. ადამიანები, რომლებსაც ეს გამოუცდიათ, აღწერენ მას როგორც უმტკივნეულო, მაგრამ ძალიან უსიამოვნო შეგრძნებას, რომელიც ყლაპვის გაძნელებას არ იწვევს.

ეს სიმპტომი პირველად ორი ათას ხუთასი  წლის წინ აღწერა ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა და ექიმმა, მედიცინის მამად წოდებულმა ჰიპოკრატემ. მან შეამჩნია, რომ იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნებას უჩიოდნენ, ისტერიული იყო. მოგვიანებით სინდრომი უფრო ზუსტად აღწერეს და ისტერიული ბურთი (გლობუს ჰყსტერიცუს) უწოდეს. მას ხშირად უკავშირებდნენ მენოპაუზას და სხვა ფსიქიკურ ფაქტორებს. კიდევ უფრო მოგვიანებით შეამჩნიეს, რომ ეს სინდრომი ყოველთვის არ იყო დაკავშირებული სტრესსა და ნევროზთან – სხვა ფსიქოლოგიური და ფიზიკური მიზეზებიც ჰქონდა, ამიტომ დღეს მას ფარინგეალურ ბურთს (გლობუს პჰარყნგეუს) ან, უფრო მარტივად თუ ვიტყვით, ყელში გაჩხერილ ბურთს უწოდებენ.

რა იწვევს

ექიმები უმეტესად ვერ პოულობენ ფიზიკურ მიზეზს ამ შეგრძნების ასახსნელად, ამიტომ ხშირად მას ნევროზულ ფონს უკავშირებენ. არცთუ იშვიათად ამ დროს ყელში შეინიშნება მსუბუქი ანთება ან სიმშრალე.

მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ ყველა მიზეზი, რომლებმაც შესაძლოა ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება გამოიწვიოს.

შფოთვა და სტრესი

სტრესი, მწუხარება, შფოთვა, დეპრესია, გადაღლა – ეს ის მდგომარეობებია, რომლებსაც ზოგჯერ თან სდევს უსიამოვნო შეგრძნება, თითქოს ყელში ბურთი გაქვს გაჩხერილი ან რაღაც გიჭერს და სუნთქვა გიჭირს, თუმცა ეს მდგომარეობა ყლაპვაში ხელს არ გიშლის და არც მტკივნეულია; პერიოდულად ქრება, როცა ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება და ყურადღება უფრო სასიამოვნო რამეზე გადაგვაქვს, ტრავმულმა და სტრესულმა მოვლენებმა კი შესაძლოა მდგომარეობა დაამძიმოს. ამ დროს გამოკვლევა ვერ ადასტურებს ვერავითარ სტრუქტურულ თუ ორგანულ დაზიანებას, რომელსაც მსგავსი შეგრძნების გამოწვევა შეუძლია.

ანთებითი პროცესები, რომლებიც ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნებას იწვევს:

* ტონზილიტი (ნუშურა ჯირკვლების ანთება);

* ფარინგიტი (ყელის ანთება);

* ქრონიკული სინუსიტი (ცხვირის დანამატი წიაღების, სინუსების, ქრონიკული ანთება).

ჩამოთვლილ შემთხვევებში უსიამოვნო შეგრძნების მთავარი მიზეზი ყელის არეში მგრძნობელობის მომატებაა. ქრონიკული სინუსიტის დროს ცხვირიდან და სინუსებიდან ყელში მუდმივად გადადის ჭარბი ლორწო, რაც მისი მგრძნობელობის მომატებას იწვევს და შესაძლოა გაჩნდეს შეგრძნება, თითქოს ყელში რაღაც გაგეჩხირათ.

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ქრონიკული პათოლოგიაა და განპირობებულია საყლაპავში, ზოგჯერ – ყელშიც, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის ხშირი ამოსვლით. კუჭში არსებული მჟავა სათავეს უდებს ანთებით პროცესს, რომელმაც, თავის მხრივ,  შესაძლოა ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება გამოიწვიოს.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ იმ პაციენტთა დაახლოებით 23-68 პროცენტთან, რომლებიც ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნებას უჩივიან, ფარინგეალური ბურთი ვლინდება როგორც გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომი.

საყლაპავის ზედა სფინქტერის უკმარისობა

საყლაპავი კუნთოვანი მილია, რომელიც ყელს კუჭთან აკავშირებს. ის ტრაქეასა და ხერხემლის არხს შორისაა მოთავსებული. საყლაპავის ზედა სფინქტერს ქმნის საყლაპავის დასაწყისში მდებარე კუნთოვანი რგოლი, რომელიც აქტიურდება სუნთქვის, ყლაპვის, ღებინების დროს და ნორმაში ხელს უშლის საკვები მასის კუჭიდან უკან ამობრუნებას. როცა სფინქტერის ფუნქცია დარღვეულია, კუჭის შიგთავსი შესაძლოა საყლაპავში ამოვიდეს, გააღიზიანოს ის და ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება გამოიწვიოს.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება გაქვთ, შესაძლოა, თქვენთვის კარგად იყოს ნაცნობი შეგრძნება, რომელზეც ვსაუბრობთ. ის შეინიშნება როგორც ავადმყოფობის მწვავე პერიოდში, როცა ფარისებრი ჯირკვალი გადიდებული ან შეშუპებულია, ისე ჯირკვლის სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთის შემდეგაც. კავშირის ზუსტი მექანიზმი უცნობია, თუმცა დადასტურებულია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ ფარინგეალური ბურთის სინდრომი ზოგჯერ სუსტდება.

ყელის კუნთების დაჭიმულობა

ყელის კუნთებს სინქრონული თანმიმდევრობით შეკუმშვა-მოდუნება ახასიათებს, რაც განაპირობებს ყლაპვის აქტს. როდესაც თანმიმდევრობა დარღვეულია, შესაძლოა, ყელში გაჩნდეს დაჭიმულობის შეგრძნება, რომელიც ნერწყვის ყლაპვისას მეტადაა გამოხატული, ჭამის დროს კი სუსტდება, რადგან საკვების მასა, ნერწყვისგან განსხვავებით, კუნთების შეკუმშვას ასტიმულირებს.

მოსვენებისას, როდესაც არ ვლაპარაკობთ და არ ვყლაპავთ, ყელის კუნთები, ჩვეულებრივ, მოდუნებულია. როცა კუნთების სათანადოდ მოდუნება ვერ ხერხდება, შესაძლოა, ყელში დაჭიმულობის შეგრძნება გაჩნდეს, შედეგად კი —შეგრძნება, თითქოს ყელში ლუკმა გაგეჩხირათ და არ გადაგდით.

კუნთების შეკუმშვა-მოდუნების დარღვევა იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ მიასთენია (ავტოიმუნური ხასიათის ნერვკუნთოვანი დაავადება, რომელსაც კუნთების პათოლოგიური სისუსტე და დაღლილობა ახასიათებს) ან მიოტონია (კუნთის მოდუნების დარღვევა).

უხეში ზემოქმედება

დამეთანხმებით, როცა ძალიან გშია, ძნელია იმაზე ფიქრი, რამხელა ლუკმას ყლაპავ. შესაძლოა, უცხო სხეულიც გადაგცდენიათ. ეს ყველაფერი კი ლორწოვანის გაღიზიანებას და მგრძნობელობის მომატებას იწვევს, რაც აჩენს შეგრძნებას, რომ ყელში ისევ რაღაც გაქვთ გაჩხერილი, მაშინ როცა სინამდვილეში იქ აღარაფერია.

სიმსივნეები

თუ ყელში ცისტა ან რაიმე კეთილთვისებიანი წარმონაქმნი გაგიჩნდათ, რა თქმა უნდა, გექნებათ შეგრძნება, რომ ყელში მუდმივად რაღაც გაქვთ გაჩხერილი. ბურთის გაჩხერის შეგრძნება ზოგჯერ ყელის ავთვისებიან სიმსივნესაც ახლავს თან. ამის მაგალითია მერკელის უჯრედების კარცინომა, იგივე ნეიროენდოკრინული კარცინომა. ეს კანის იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც უმეტესად სახის, თავისა და კისრის არეში წარმოიქმნება, სწრაფად იზრდება და ვრცელდება ორგანიზმში, მეტასტაზების ყელში გავრცელებამ კი შესაძლოა ფარინგეალური ბურთის სინდრომი გამოიწვიოს.

გავრცელება

სიმპტომი, რომელზეც ვსაუბრობთ, საკმაოდაა გავრცელებული. 3000 მონაწილის კვლევისას გაირკვა, რომ 22 პროცენტს სიცოცხლეში ერთხელ მაინც განუცდია ეს შეგრძნება. ფარენგეალური ბურთის სინდრომი თანაბრად გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში, თუმცა ქალები უფრო ხშირად იწყებენ მიზეზების ძებნას. რაც შეეხება ასაკს, შუახნის ადამიანები უფრო ხშირად უჩივიან ამ სინდრომს, ვიდრე ახალგაზრდები.

როდის მივმართოთ ექიმს

თავდაპირველად გვინდა დაგამშვიდოთ: თუ ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნებას თან არ ახლავს მოხრჩობა, ტკივილი და ყლაპვის გაძნელება, არ შეშინდეთ – გართულება, დიდი ალბათობით, არ გემუქრებათ, დისკომფორტი უმეტესად თავისთავად, ექიმის ჩაურევლად გაივლის. მაგრამ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ სინდრომს ერთვის:

* ტკივილი ყელისა და კისრის არეში;

* წონის კლება;

* ღებინება;

* ყლაპვის გაძნელება;

* ტკივილი ყლაპვის დროს;

* მოხრჩობის შეგრძნება ყლაპვის დროს;

* კუნთების სისუსტე;

* ხილული ან შეხებით საგრძნობი წარმონაქმნი ყელისა და კისრის არეში ან მათ გარშემო;

* სიმპტომები, რომლებიც ინფექციაზე ან სხვა სერიოზულ პათოლოგიაზე მიუთითებს: ცხელება, ლიმფური კვანძების გადიდება.

დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია გასინჯვა. ექიმი დაგითვალიერებთ პირისა და ცხვირის ღრუს, ყელს, რათა უსიამოვნო შეგრძნების ობიექტური მიზეზი გამორიცხოს. თუ ორგანიზმში არ აღმოჩნდა არავითარი პათოლოგია, რომელსაც შეუძლია, ყელში ბურთის შეგრძნება გამოიწვიოს, მიიჩნევენ, რომ ეს ნევროზული სიმპტომია.

მკურნალობა

ფარინგეალური ბურთის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, რადგან ის უმეტესად სტრესთანაა დაკავშირებული და თავისთავად ქრება, თუმცა უნდა ითქვას, რომ მას, ვისაც ერთხელ მაინც განუცდია სტრესთან დაკავშირებული ეს შეგრძნება, შესაძლოა, ის სტრესის ფონზე გაუმეორდეს.

თუ ყელში ბურთი ფიზიკური ფაქტორებითაა გამოწვეული, ტარდება უშუალოდ გამომწვევის საწინააღმდეგოდ მიმართული მკურნალობა. დამატებით შესაძლოა დაგჭირდეთ ცხვირის სპრეი, ანტაციდები, ანტიდეპრესანტები, ფსიქოთერაპია.

როდის ველოდოთ გართულებებს

ყელში ბურთის გაჩხერის შემაწუხებელი შეგრძნება, როგორც ითქვა, უმეტესად კეთილთვისებიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც სერიოზულ გართულებებს იწვევს და არც სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, მაგრამ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ საშიში დაავადება თავდაპირველად ამ უწყინარ სინდრომს ჰგავდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის შესაძლოა იყოს პირველი სიმპტომი რომელიმე დაავადებისა, რომლის სხვა სიმპტომებიც მოგვიანებით იჩენს თავს. ამიტომაც ეცადეთ, თანმხლებ სიმპტომებს დააკვირდეთ: თუ ყელში ბურთის შეგრძნება რომელიმე ორგანული პათოლოგიითაა გამოწვეული, დაგვიანებულმა დიაგნოსტიკამ შესაძლოა არასასურველ გართულებამდე მიგვიყვანოს.

როგორ გავუმკლავდეთ

ვინაიდან დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია, მისი თავიდან აცილების გზებზე საუბარი ძნელია. ყველაზე მართებული რჩევა იქნება, მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ ყელს, რათა ეს უსიამოვნო შეგრძნება თავიდან აიცილოთ:

* სვით ბევრი წყალი. ბევრი სითხის მიღება გაათხელებს ცხვირის წიაღებსა და ყელში წარმოქმნილ სეკრეტს და უფრო ადვილად გამოდევნის გარეთ

* ჭამეთ. საკვების ღეჭვისა და ყლაპვის პროცესი ხშირად ამსუბუქებს ყელში ბურთის გაჩხერის უსიამოვნო შეგრძნებას.

* თუ ეწევით, ეცადეთ, მოიშოროთ ეს მავნე ჩვევა. თამბაქოს კვამლი ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ პირის ღრუში, ცხვირის დანამატ წიაღებსა და ყელში ხვდება, რაც ყველაზე მეტად ზრდის ამ უბნებში კიბოს განვითარების რისკს.

* როდესაც ავად ხართ, დაასვენეთ ყელი. თუ გაცივდით ან, უფრო მეტიც, ყელში ანთებითი პროცესი განვითარდა, დაასვენეთ ყელი, რადგან მისი კუნთები ამ დროს ანთებადი და მტკივნეულია. ამ პერიოდში ილაპარაკეთ ცოტა და ხმადაბლა.

* არ იყვიროთ. ისაუბრეთ ხმადაბლა და მშვიდად. ამით თავიდან აიცილებთ ყელის კუნთებისა და სახმო იოგების დაჭიმვასა და გაღიზიანებას, რაც, თავის მხრივ, ყელის არეში უსიამოვნო შეგრძნებებისგან გიხსნით.

 მარიამ ჯანიაშვილი

 

 

 

 

 

 

გააზიარე: