ლეგიონერთა დაავადება XXI საუკუნეში

გააზიარე:

ლეგიონელოზი იშვიათი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხშირად პნევმონიის სახით მიმდინარეობს. მისი გამომწვევი ბაქტერია ლეგიონელა (Legionella) ბუნებრივი წყალსატევებისა და ნიადაგის ბინადარია, თუმცა ზოგჯერ წყალმომარაგების ხელოვნურ სისტემებშიც ხვდება, მრავლდება და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ის, გარდა ლეგიონერების დაავადებისა, შედარებით მსუბუქად მიმდინარე პონტიაკის ცხელებასაც იწვევს.

მოკლე ისტორია

1976 წელს აშშ-ში, ფილადელფიაში, ამერიკის ლეგიონის (ომის ვეტერანთა კავშირის) ოთხი ათასამდე წევრი ყოველწლიურ ყრილობაზე შეიკრიბა. ყრილობამ მშვიდობიანად ჩაიარა და დელეგატები დაიშალნენ, რამდენიმე დღის შემდეგ კი ერთი მათგანი ფილტვების ანთების მსგავსი დაავადებით გარდაიცვალა. კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ ერთმა პენსილვანიელმა თერაპევტმა შეამჩნია, რომ მისი სამი პაციენტი, რომლებიც პნევმონიით იყვნენ ავად, ასევე ესწრებოდა ამერიკის ლეგიონის ყრილობას. მალე ასეთივე დაავადება შეკრების კიდევ სამ მონაწილეს დაუდასტურდა... ყრილობასთან ავადმყოფობის კავშირი აშკარა გახდა. საერთო ჯამში, ინფექცია ამერიკის ლეგიონის ორასზე მეტ წევრს შეხვდა, რომელთაგან სამი ათეული გარდაიცვალა.

ასე ეწოდა გაურკვეველი წარმოშობის პნევმონიას ჯერ ლეგიონერთა დაავადება, მერე – ლეგიონელოზი, მის გამომწვევს კი რამდენიმე თვის შემდეგ მიაგნეს პნევმონიით გარდაცვლილის ფილტვის ქსოვილში.

მკვლევართა აზრით, ინფექციის აფეთქება იმ სასტუმროს სავენტილაციო სისტემაში გამრავლებულმა მიკრობმა გამოიწვია, რომელიც ყრილობის მონაწილეებს მასპინძლობდა.

საიდან მოდის საფრთხე

ბაქტერია ლეგიონელლა პნეუმოპჰილა მდინარეებში, ტბებში, ნიადაგში ბინადრობს, თუმცა დაბალი ტემპერატურის გამო ნელა მრავლდება, წყალმომარაგების ხელოვნურ სისტემებში კი ტემპერატურა, როგორც წესი, მაღალია – საშუალოდ 20-დან 45 გრადუსამდე, რაც იდეალურია ბაქტერიის სწრაფი გამრავლებისთვის. ის შეიძლება გამრავლდეს შადრევნებში, ცხელი წყლის ავზებში, წყალსადენ მილებში, სარწყავ რეზერვუარებში, ჰაერის დამატენიანებლებში. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, კონდიციონერებში, რომლებიც ჰაერის გასაგრილებლად წყალს არ იყენებს, ლეგიონელას გამრავლების საფრთხე არ არსებობს.

რა გზით ვრცელდება

მას შემდეგ, რაც ბაქტერია წყლის სისტემაში მოხვდება და გამრავლდება, ინფიცირებისთვის მისი შემცველი მიკროსკოპული წვეთის შესუნთქვაც კი საკმარისია. შესაძლოა, ადამიანს სასმელი წყალი სასუნთქ გზებში გადასცდეს და ასე დაინფიცირდეს. ასეთი რამ უმეტესად იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც რაიმე მიზეზით ყლაპვა უჭირთ.

აღწერილია დაავადების რამდენიმე შემთხვევა ბაღში, დაბინძურებულ ნიადაგზე მუშაობის შემდეგ.

ლეგიონელოზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაეცემა. სწორედ ამიტომაა დაავადება იშვიათი.

სიმპტომები

ლეგიონერების დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენა, ჩვეულებრივ, ბაქტერიასთან კონტაქტიდან 2-14 დღის შემდეგ იწყება. დროის ამ მონაკვეთს საინკუბაციო პერიოდი ეწოდება. ბაქტერიის ფილტვებში მოხვედრისას სიმპტომები ისეთივეა, როგორიც სხვა ტიპის პნევმონიის დროს: სისუსტე, ცხელება და ხველა. ხშირია კუნთებისა და თავის ტკივილი, დაბნეულობა, აგზნება.

ზოგი ავადმყოფი თავდაპირველად მხოლოდ კუნთებისა და თავის სუსტ ტკივილს უჩივის და სხვა ნიშნები 1-2 დღის შემდეგ გამოაჩნდება ხოლმე.

შედარებით მძიმე მიმდინარეობისას ცხელებამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს. კუნთების ძლიერ ტკივილს ერთვის ციების ეპიზოდებიც. ხველა თავდაპირველად მშრალია, ინფექციის პროგრესირების კვალდაკვალ კი შესაძლოა ნახველიანი და სისხლიანიც კი გახდეს. ამას ემატება გულმკერდის ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა. სამიდან საშუალოდ ერთ პაციენტს აღენიშნება კუჭნაწლავისმიერი სიმპტომებიც – გულისრევა, ღებინება, დიარეა, მადის უკიდურესი დაქვეითება.

ლეგიონელას სხვა ორგანოებშიც, მათ შორის –გულშიც, შეუძლია გამრავლება. არც ჭრილობის ინფიცირებაა გამორიცხული.

პონტიაკის ცხელება, რომელიც უკვე ვახსენეთ, ლეგიონერთა დაავადების მსუბუქი ფორმაა. ის ცხელებით, ციებით, თავისა და კუნთების ტკივილით მიმდინარეობს, თუმცა ფილტვები არ ზიანდება და სიმპტომებიც, წესისამებრ, 2-5 დღეში გაივლის.

რისკფაქტორები

უნდა ითქვას, რომ ლეგიონელასთან კონტაქტის შემდეგ ყველა არ ხდება ავად. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა თანაარსებობა ადმიანს უფრო მოწყვლადს ხდის ინფექციის მიმართ. მათ რისკის ფაქტორებს ვუწოდებთ.

ასეთი ფაქტორებია:

* 50 წელზე უფროსი ასაკი;

* მწეველობა – თამბაქოს კვამლის რეგულარული ზემოქმედება აზიანებს ფილტვებს და სხვადასხვა ტიპის ინფექცია მათში უფრო იოლად იკიდებს ფეხს;

* სუსტი იმუნური სისტემა, მაგალითად, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირება ან ზოგი ისეთი პრეპარატით მკურნალობა, რომლებიც იმუნურ სისტემას თრგუნავს: კორტიკოსტეროიდებით, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ გამოსაყენებელი მედიკამენტებით და სხვა;

* ფილტვების ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ემფიზემა, ფილტვის კიბო;

* შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა.

ლეგიონერების დაავადება ადვილად ვრცელდება ჰოსპიტლებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებში, რომელთა ბინადრებიც მეტად მოწყვლადნი არიან ინფექციების მიმართ.

გართულებები

ლეგიონელოზი შეიძლება გართულდეს:

* სუნთქვის უკმარისობით – ამ დროს ორგანიზმს ფილტვებიდან ვეღარ მიეწოდება ნორმალური ფუნქციობისთვის საჭირო ოდენობის ჟანგბადი;

* სეპტიკური შოკით – ის ბაქტერიის სისხლში მოხვედრისას ვითარდება. სისხლის წნევის უეცარი და ძლიერი ვარდნა ამცირებს სისხლის მიდენას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისკენ, მათ შორის – ტვინისა და თირკმლებისკენ. მდგომარეობის კომპენსაციის მიზნით გული ცდილობს, უფრო მეტი სისხლი გადატუმბოს, მაგრამ დამატებითი დატვირთვა ასუსტებს მას და კიდევ უფრო ამცირებს სისხლის ნაკადს;

* თირკმლების მწვავე უკმარისობით – თირკმლები სათანადოდ ვეღარ ფილტრავს სისხლს, რის შედეგადაც ორგანიზმში საშიში რაოდენობით გროვდება სითხე და სხვა ნარჩენი პროდუქტები.

პრევენცია

ლეგიონერების დაავადების გავრცელების პრევენცია შესაძლებელია წყალმომარაგების სისტემების სწორი მართვით. პიროვნული რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია მოწევისთვის თავის დანებება, ჰიგიენის წესების დაცვა.

დიაგნოსტიკა

ექიმი, დაავადების სიმპტომებთან ერთად, აზუსტებს, ხომ არ ყოფილა პაციენტი ავად გახდომამდე სასტუროში ან საავადმყოფოში. ტრადიციული ლაბორატორიული და აპარატული მეთოდებია:

* შარდის ანალიზი ლეგიონელას ანტიგენების განსაზღვრის მიზნით (ანტიგენები ორგანიზმში მოხვედრილი უცხო ნაწილაკებია, რომელთა საწინააღმდეგოდ იმუნური სისტემა ანტისხეულების გამოყოფას იწყებს.);

* სისხლის ანალიზი;

* გულმკერდის რენტგენოგრაფია – ის ლეგიონერების დაავადებას არ ადასტურებს, თუმცა აჩვენებს ფილტვებში ანთების ხარისხს;

* ნახველის ან ფილტვის ქსოვილიდან აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა.

მკურნალობა

ლეგიონელებით გამოწვეულ პნევმონიას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. რაც უფრო ადრე იწყება მათი მიღება, მით უფრო დაბალია მძიმე გართულებების განვითარების რისკი. უმეტესად საჭიროა ჰოსპიტალიზაციაც. პონტიაკის ცხელება კი, წესისამებრ, თავისთავად, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე გაივლის და არც გართულება ახასიათებს.

საინტერესოა, რომ...

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2000 წლიდან მოყოლებული, ლეგიონერების დაავადების შემთხვევათა რაოდენობა იმატებს. მხოლოდ 2018 წელს მისი 10 000 შემთხვევა აღირიცხა, თუმცა, ვინაიდან ლეგიონელოზის დიაგნოსტირება ყოველთვის ვერ ხერხდება, ეს რიცხვი შესაძლოა ვერც კი ასახავდეს რეალურ ვითარებას. დაავადება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად ზაფხულში და ადრეულ შემოდგომაზე იჩენს თავს.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: