სისხლდენა უკანა ტანიდან: მიზეზები, მკურნალობა, პრევენცია

გააზიარე:

ქართველებს სამართლიანად მოგვაქვს თავი მრავალფეროვანი სამზარეულოთი. ნაირ-ნაირად შემწვარ-მოხრაკული, ერბოთი, ნიგვზით და ცხარე საკაზმით შეზავებული კერძები გემოების მართლაც დაუვიწყარ სპექტრს ქმნის, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს: ცხარე და ცხიმიანი კერძების მოყვარულები ხშირად უჩივიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ პრობლემებს.

უკანა ტანიდან სისხლდენის მიზეზებსა და მკურნალობაზე ქირურგი პროქტოლოგი, "ავერსის კლინიკის" პროქტოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ბექა კევლიშვილი გვესაუბრა.

სად არის სათავე

– რა ფუნქცია აკისრია სწორ ნაწლავს?

– სწორი ნაწლავი მსხვილი ნაწლავის ნაწილია. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია განავლოვანი მასების გამოყოფაა. მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილს ანალური არხი ეწოდება. ამ უკანასკნელს სწორი ნაწლავის ჰერმეტულობის შენარჩუნება ევალება. ამ ფუნქციას ის ჰემოროიდული სტრუქტურების დახმარებით ასრულებს.

ჰემოროიდული კვანძები დაბადებიდანვე არის ორგანიზმში. ისინი სისხლძარღვოვანი შენებისაა. მათი ანატომიური საფუძველი კავერნული ანუ მღვიმოვანი სხეულებია. ეს სხეულები წარმოადგენს ვენური კედლის მქონე მცირე კამერებს, სადაც წვრილი არტერიოლებით შეედინება და წვრილი ვენულებით გამოედინება სისხლი. მღვიმოვან სხეულთა ერთობლიობა ქმნის ჰემოროიდულ სტრუქტურას, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, დაბადებიდანვე აქვს ადამიანს. დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც კავერნული სხეულები იზრდება, მაშასადამე, ხდება ჰემოროიდული კვანძების ჰიპერტროპია.

რას ველოდოთ

– როდის არის მოსალოდნელი სისხლდენა უკანა ტანიდან?

– იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომლებსაც უკანა ტანიდან სისხლდენა სდევს თან, საკმაოდ ვრცელია. სიმარტივისთვის ამ დაავადებებს ჯგუფებად ყოფენ:

* მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები;

* ახალწარმონაქმნები, მაგალითად, პოლიპები ან სიმსივნეები მსხვილ ან სწორ ნაწლავში;

* ანალური არხის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები – ჰემოროიდული დაავადება, ანალური ნაპრალი.

მწვავე პარაპროქტიტის, აბსცესის თვითევაკუაციის დროს ზოგჯერ ჩნდება სისხლიან-ჩირქოვანი გამონადენი, რომელსაც პაციენტები უკანა ტანიდან სისხლდენას უწოდებენ.

ჩამოთვლილ დაავადებათაგან უკანა ტანიდან სისხლდენის ყველაზე ხშირი მიზეზია ჰემოროიდული დაავადება (ბუასილი).

ჰემოროი ჰემოროიდული კვანძების ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას ეწოდება, მის წარმოქმნას კი ხელს უწყობს ყველა ის ფაქტორი, რომელიც ამ ვენებში წნევის მომატებას იწვევს: ორსულობა, ძლიერი ჭინთვები დეფეკაციის დროს და სხვა.

განასხვავებენ ჰემოროიდული დაავადების ოთხ ხარისხს:

I ხარისხი – სიმპტომატიკა მსუბუქადაა გამოხატული, სისხლდენის ეპიზოდები ერთეული, შეინიშნება უმნიშვნელო დისკომფორტი და ქავილი, კვანძების გამოვარდნა არ ხდება.

II ხარისხი – სიმპტომატიკის სიმძაფრე და გამოვლენის სიხშირე იმატებს, მოსალოდნელია დროდადრო კვანძების გამოვარდნა, რაც დეფეკაციის აქტის დასრულებისას სპონტანურად სწორდება.

III ხარისხი – ტკივილი და ქავილი კიდევ უფრო ძლიერდება, გამოვარდნილი კვანძები სპონტანურად აღარ სწორდება, პაციენტებს სჭირდებათ სხეულის პოზის შერჩევა, ზოგჯერ კვანძის ხელით ჩასწორება უწევთ.

IV ხარისხი – გამოვარდნილი კვანძების რეპოზიცია შეუძლებელი ხდება.

კომპანია Vეინსცოპე-მა ფარმაცევტული კომპანია შერვიერ-ს დაკვეთით ჩაატარა კვლევა ამბულატორიაში სხვადასხვა მიზეზით მისულ პაციენტებს შორის. გამოკითხულ იქნა 10 000 პაციენტი. აღმოჩნდა, რომ ყოველი ათიდან სამს ჰქონდა ანალური სიმპტომატიკა, უმეტესად – სისხლდენა, თუმცა მათი 84% არავითარ მკურნალობას არ იტარებდა.

უკანა ტანიდან სისხლდენა სხვადასხვა ხასიათისაა. სისხლის ფერის მიხედვით შეგვიძლია სისხლდენის მიზეზებზე ვიმსჯელოთ. მაგალითად, ალისფერი სისხლი ყოველთვის (გარდა იშვიათი გამონაკლისისა) ანალური არხის დაზიანებაზე მიგვითითებს. რაც უფრო მუქია სისხლი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მით უფრო ზემოთა ნაწილის პრობლემასთან გვაქვს საქმე. პაციენტმა სისხლი შესაძლოა აღმოაჩინოს ქაღალდზე ჰიგიენური პროცედურის ჩატარებისას, უნიტაზში წვეთებად ან ნაკადად. დაავადებაზე გარკვეულ წარმოდგენას ესეც გვიქმნის, თუმცა დიაგნოზის დასაზუსტებლად ინსტრუმენტული კვლევებია საჭირო.

– რა გართულებას ველოდოთ?

– უკანა ტანიდან სისხლდებას ყველაზე ხშირად ქრონიკულ პოსტჰემორაგიულ ანემიამდე მივყავართ, რომელიც ზოგჯერ იმდენად მძიმეა, რომ საჭირო ხდება მკურნალობაში ჰემატოლოგის ჩართვა. მართალია, დეფეკაციის აქტის დროს ძალიან ცოტა სისხლი იკარგება, მაგრამ თუ ეს ყოველდღე ხდება და დიდხსნს გრძელდება, შესაძლოა, სისხლის დანაკარგი საბოლოო ჯამში სიცოცხლესთან შეუთავსებელიც კი აღმოჩნდეს. მიუხედავად ამისა, პაციენტები თავს ჯანმრთელად გრძნობენ, რადგან ორგანიზმი თანდათან ეჩვევა დანაკარგს. 

როდის მივმართოთ ექიმს

– როცა ორგანიზმი გვანიშნებს, რომ რაღაც ვერ აქვს რიგზე, ექიმთან მისვლა აუცილებელია. უმჯობესია, ვიცოდეთ, რისი ბრალია ეს სიმპტომები, რათა, თუ ისინი მომავალშიც გამეორდა, ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ.

თუ უკვე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, შემდგომში კი სიმპტომმა ცვლილება განიცადა, მაგალითად, სისხლდენას დაერთო ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება, მოგიწევთ, კიდევ ერთხელ მიხვიდეთ ექიმთან, რათა გამორიცხოთ დაავადების პროგრესი ან ახალი პათოლოგიის თანდართვა.

როგორ სვამენ დიაგნოზს

– უკანა ტანიდან სისხლენას, როგორც უკვე ვთქვი, შეიძლება არაერთი მიზეზი ჰქონდეს, ამიტომ დიფერენციულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კვლევა პაციენტთან გასაუბრებით და დაავადების ისტორიის შესწავლით იწყება. შემდეგ ხდება სწორი ნაწლავის ინსპექცია – ვიზუალური დათვალიერება, თითით გასინჯვა, საბოლოო დიაგნოზის დასმაში კი გვეხმარება კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევა), რომელიც ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული. იშვაითად საჭირო ხდება დამატებითი კვლევების ჩატარებაც, – მაგალითად, ისეთებისა, როგორიცაა ირიგოსკოპია (მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბარიუმის სულფატით), კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

როგორ მკურნალობენ

– მკურნალობა სისხლდენის მიზეზეა დამოკიდებული. მაგალითად, პირველი ხარისხის ჰემოროიდული დაავადების დროს მკურნალობა გულისხმობს ცხოვრების წესის, კვების რეჟიმის მოწესრიგებას, მეტ მოძრაობას. მეორე ხარისხის დროს ჰემოროიდული დაავადების დროს პაციენტს სთავაზობენ არჩევანს მედიკამენტურ (ვენოტონური პრეპარატები, ადგილობრივი გამოყენების მედიკამენტები) და მცირეინვაზიურ ჩარევას, მაგალითად, ლატექსის რგოლით ლიგრებას შორის. მეთოდის არსი ასეთია: ექიმი ლატექსის რგოლებს ჰემოროიდული კვანძის ფუძეზე უჭერს და კვანძი ერთი კვირის განმავლობაში უკუვითარდება. როცა საქმე გვაქვს მესამე ხარისხის ჰემოროიდულ დაავადებასთან, ექიმი წყვეტს, მცირეინვაზიური ჩარევა საკმარისი იქნება თუ რადიკალური ოპერაცია გახდება საჭირო, მეოთხე ხარისხის ჰემოროიდული დაავადების დროს კი მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაციაა.

როგორ ავიცილოთ თავიდან

– როგორ მოვიქცეთ, რომ უკანა ტანიდან სისხლდენა თავიდან ავიცილოთ?

– სისხლდენის ყველაზე ხშირი მიზეზის, ჰემოროიდული დაავადების, განვითარებას ხელს უწყობს ადინამიური ცხოვრების წესი. მიუხედავად იმისა, როგორი სამუშაო გრაფიკი გაქვთ, სამსახურში დიდხანს ჯდომის თავიდან აცილება შესაძლებელია: ეცადეთ, ყოველი 40-45 წუთის შემდეგ წამოდგეთ, რამენიმე წუთის განმავლობაში გაიარ-გამოიაროთ და მერეღა დაუბრუნდეთ სამუშაოს. ამ თითქოსდა უმნიშვნელო პრევენციულ ღონისძიებას შეუძლია, საგრძნობლად შეამციროს დაავადების განვითარების რისკი. დამატებით გირჩევთ კვების რეჟიმის მოწესრიგებას, რაციონიდან ცხარე კერძებისა და ალკოჰოლის ამოღებას და უჯრედისით მდიდარი მეტი საკვების ჩართვას, რაც ბუასილთან ერთად ბევრ სხვა პათოლოგიურ მდგომარეობასაც აგაცილებთ თავიდან.

თამთა კაპანაძე

გააზიარე: