ლოგინობის ხანის განწყობა
გააზიარე:
ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ ჯანმრთელი ქალებიც კი საგრძნობლად იცვლებიან. თავდაპირველად ეს ცვლილებები შესაძლოა თვალში საცემი არც იყოს და მაშინღა გახდეს შესამჩნევი, როცა უკვე რეალურ პრობლემად იქცევა.
დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე არათუ ლიტერატურა, უკუკავშირიც კი მწირია, განსაკუთრებით – საქართველოში, დედის ძლიერი ინსტიტუტისა და კულტურულ-ტრადიციული წარმოდგენების გავლენით: ჩვენში მიჩნეულია, რომ ქალი, როგორც ოჯახის დედა და ბურჯი, მოვალეა, უძლებდეს ყოველგვარ სტრესს.
ლოგინობის ხანის ფსიქოლოგიური ცვლილებები გამოწვეულია, უპირველესად, რა თქმა უნდა, ჰორმონული ძვრებით, როცა ორგანიზმი ცდილობს, დაუბრუნდეს ორსულობამდელ მდგომარეობასა და ქიმიურ ბალანსს, მერე კი – არანაკლებ მნიშვნელოვანი სოციალურ-კულტურული ფაქტორებით: ერთი მხრივ – ქალის სურვილით, საუკეთესოდ გართვას თავი დედის მოვალეობას, ხოლო მეორე მხრივ – გამოცდილებისა და თავდაჯერების ნაკლებობით.
ლოგინობის ხანაში ქალს ყველაზე მეტად იმისა ეშინია, ცუდი დედობა არ გაუწიოს პატარას. ეს არის როგორც დედის, ისე ოჯახის ნომერ პირველი შიში.
რა იცვლება?
არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა გამოცდილება აქვს დედას, ეს მისი პირველი შვილია თუ არა – ფსიქიკა ცვლილებებს მაინც განიცდის. აქვე უნდა ითქვას, რომ ორსულობისა და ლოგინობის ხანის ფსიქოლოგიური ცვლილებები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ ორსულობის პირველ ნახევარში ქალს უფრო მეტი ემოციურობა, ზიზღიანობა, ძილიანობა ახასიათებს, მეორე ნახევარში ძლიერდება კეთილდღეობის შეგრძნება, თუმცა მას თან ახლავს შფოთვა, რომელიც შესაძლოა მშობიარობის მოლოდინს უკავშირდებოდეს. ორსულობისგან განსხვავებით, მშობიარობის შემდეგ ქალების უმრავლესობასთან შესამჩნევი ემოციური და ქცევითი რეაქციები განსაზღვრული თანმიმდევრობით იჩენს თავს: პირველი 24-48 საათის განმავლობაში განწყობა ხშირად ამაღლებულია, აქტიურობა – მომატებული, ძილი – დარღვეული; მესამე-მეათე დღეს განწყობა რამდენადმე ფუჭდება, ფსიქიკა ლაბილური (მგრძნობიარე) ხდება. მშობიარობიდან 6 თვეში ეს ყველაფერი უმეტესად თავისთავად გაივლის.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მშობიარობის შემდგომი მძიმე ფსიქიკური დაავადებების (ფსიქოზისა და მძიმე დეპრესიის) ეტიოლოგიაში ყველაზე დიდ როლს ბიოლოგიური ფაქტორები ასრულებს, ხოლო მსუბუქი აშლილობების მიზეზი ფსიქოსოციალური ფაქტორებია.
ლოგინობის ხანის ბლუზი
ქალების უმრავლესობა მშობიარობისთანავე განიცდის ლოგინობის ხანის ბლუზის თუნდაც რამდენიმე სიმპტომს. ის გამოწვეულია ჰორმონული ფონის უეცარი ცვლილებით, სტრესით, იზოლაციით, უძილობითა და გადაღლილობით. დედა ხშირად ტირის, აქვს ნაღვლიანი განწყობა. ბლუზი, წესისამებრ, მშობიარობიდან პირველი ორი დღის განმავლობაში იწყება, პიკს დაახლოებით ერთ კვირაში აღწევს, ხოლო მეორე კვირის ბოლოსთვის ქრება.
ლოგინობის ხანის ბლუზი ნორმალური მოვლენაა, მაგრამ თუ სიმპტომები რამდენიმე კვირის შემდეგაც არ გაქრა ან, პირიქით, დამძიმდა კიდეც, ის შესაძლოა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაში გადაიზარდოს.
ლოგინობის ხანის დეპრესია
ლოგინობის ხანაში დეპრესია მსუბუქიც შეიძლება იყოს და მძიმეც. მსუბუქი დეპრესიის სიმპტომები ქალების 7%-ს მაინც აღენიშნება. დეპრესიის ეს ფორმა უმთავრესად იმ ქალებს ემართებათ, რომლებიც ახალშობილს ძუძუს აწოვებენ და ხშირად მთელი წელიც კი გრძელდება. სიმპტომები არამყარია. ქალები ხშირად ტირიან, უჭირთ თავიანთი მოვალეობების შესრულება, განსაკუთრებით – შვილის მოვლა. ადვილად ღიზიანდებიან, აწუხებთ უძილობა. განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ შენიშვნებს, რასაც სასოწარკვეთისა და კატასტროფის შეგრძნების გარდამავალი შეტევები მოსდევს. ხშირია სოციალური და ცოლქმრული პრობლემები. ამ დროს ქალები კომპანიაში უკეთესად გრძნობენ თავს.
მშობიარობის შემდგომი მსუბუქი დეპრესიის გამომწვევი ფაქტორები უმთავრესად ფსიქოსოციალური ხასიათისაა: ახალგაზრდა ასაკი, ქორწინების გარეშე შვილის გაჩენა, ხანმოკლე ოჯახური თანაცხოვრება, მეგობრების დეფიციტი, ოჯახური უსიამოვნებები, ფსიქიკური დაავადება ანამნეზში, რთული ორსულობა.
მშობიარობის შემდგომი მძიმე დეპრესია უფრო იშვიათია. ის მშობიარობის შემდგომი პირველი კვირის განმავლობაში ვითარდება. ამ დროს ხშირია ძილის დარღვევა, დილის საათებში განწყობის გაუარესება, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, ინტერესების შესუსტება. ქალები გაუბედავები ხდებიან, აქვთ დანაშაულისა და უმაქნისობის შეგრძნება, აკვიატებული აზრი, თითქოს მათ შვილს საფრთხე ემუქრება. ჩვეულებრივ, მელოგინეებს ეშინიათ, რომ ცუდი დედები იქნებიან. დროული დიაგნოსტიკისა და შესაბამისი მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ლოგინობის ხანის ფსიქოზი
ლოგინობის ხანის ფსიქოზი მშობიარობის შემდგომ პირველი-მეორე კვირას იჩენს თავს. ის მიეკუთვნება მანიაკურ-დეპრესიული ტიპის აშლილობებს, რაც გულისხმობს გუნება-განწყობილების რადიკალურ, ბიპოლარულ ცვლილებებს, როცა აგზნებულ-აჟიტირებულ მდგომარეობას უეცრად ცვლის დეპრესიული ფონი და პირიქით. მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი სწრაფად იწყება და სწრაფადვე პროგრესირებს. მისთვის დამახასიათებელია შიში, ეჭვიანობა, უძილობა, ბოდვითი იდეები და ჰალუცინაციები. მიუხედავად მდგომარეობის სიმძიმისა, მელოგინე დედების უმრავლესობა სწრაფად და მთლიანად იკურნება.
ვის მივმართოთ?
მკურნალობისთვის, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს. მსუბუქ შემთხვევებში შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ანტიდეპრესანტების მიღება და სახლის პირობებში მკურნალობა, გართულებულ შემთხვევებში კი სტაციონარული მკურნალობაა საჭირო, თუმცა, სპეციალისტთა უმრავლესობის რეკომენდაციით, უმჯობესია, დედა და ახალშობილი ერთმანეთს არ დაშორდნენ, არ შეიზღუდოს ძუძუთი კვება.
როგორ მოვიქცეთ?
დედის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ბიოლოგიურთან ერთად უდიდეს გავლენას ახდენს სოციალური ფაქტორებიც. პრობლემის ობიექტურად გააზრების, მისი აღიარებისა და დახმარების მოთხოვნის შემთხვევაში მრავალი არასასიამოვნო გართულების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.
როდესაც ოჯახში ახალი წევრი ჩნდება, თანაც – ასეთი მნიშვნელოვანი, დაუცველი და სხვაზე დამოკიდებული, ძალაუნებურად ყველაფერი მის გარშემო იწყებს ტრიალს. უპირველეს ყოვლისა, ამ ფაქტის გააზრებაა საჭირო.
ახალშობილის ცხოვრების პირველ კვირებს შეიძლება ბუდის მოწყობის პერიოდი ვუწოდოთ. ეს ის დროა, როცა ცდილობთ, ერთ ოჯახად ცხოვრება ისწავლოთ – არ აქვს მნიშვნელობა, მარტოხელა დედა ხართ თუ საყვარელი ადამიანი გყავთ გვერდით. ამ პერიოდში თვითონ დედაც ბევრს ითხოვს საკუთარი თავისგან და სოციუმიც საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს უყენებს მას.
პრიორიტეტი, რა თქმა უნდა ახალშობილია, რომელიც ეჩვევა ახალ გარემოს, ახალ რეჟიმს, ახალ გამღიზიანებლებს – სინათლეს, ხმაურს, სუნებს, ახალ ადამიანებს. მისთვის ყველაფერი უცხო და სტრესულია. დეკრეტული შვებულება კი გულისხმობს ყველა სხვა საქმის სხვისთვის გადაბარებას, რათა ახალშობილის ყველა საჭიროება და სურვილი დაკმაყოფილდეს. ჩვილობა ხომ მხოლოდ 28 დღე გრძელდება – ამ ოთხი კვირის განმავლობაში ნებისმიერი სხვა საქმე მოიცდის! ასე რომ, დეკრეტული შვებულების აღება ყოველთვის კარგი იდეაა, განსაკუთრებით – თუკი ორივე მშობელი ახერხებს პირველი მნიშვნელოვანი კვირების ახალშობილთან გატარებას. სამწუხაროდ, კანონით, დეკრეტული შვებულება მხოლოდ ერთ მშობელზე გაიცემა და საქართველოში ამ ტიპის შვებულებით უმეტესად ქალები სარგებლობენ, მაგრამ მამა თუ სამსახურებრივი მოვალეობებისგან თავისუფალ დროს მაინც დაუთმობს დედას და ახალშობილს, ამით კიდევ ერთ აგურს შემატებს ოჯახის მომავალი კეთილდღეობის საძირკველს.
მოითხოვე დახმარება
ახლა თქვენი ცხოვრება სხვა ღერძის გარშემო ბრუნავს, თუმცა ვერც სხვა საქმეებს გაექცევით. სახლი ისევ ისეა დასალაგებელი, როგორც მშობიარობამდე იყო, ახალშობილს ყურადღებისა და კვების გარდა უამრავი რამ სჭირდება – სუფთა გარემო, სუფთა ტანსაცმელი... რაც მთავარია, მას ძალიან სჭირდება დასვენებული და მოვლილი დედა. გამოდის, რომ მშობიარობის შემდეგ საქმეები პროგრესულად იმატებს. დედასა და ახალშობილს შორის სათუთი კავშირის ჩამოყალიბებას კი დრო, მოთმინება და დიდი შინაგანი ძალისხმევა სჭირდება. მრავალ კულტურაში არსებობს დულას ინსტიტუტი. დულა (ბერძ. ) დამხმარეა, რომელიც დედას ყველა სხვა საქმეს არიდებს თავიდან, რათა მას ახალშობილისა და საკუთარი თავისთვის უფრო მეტი დრო დარჩეს. ეს შესანიშნავი პრაქტიკა საუკუნეების განმავლობაში მუშაობდა და ახლაც საკმაოდ პოპულარულია დასავლეთის ქვეყნებში. ამისთვის შეიძლება საგანგებოდ დაიქირაოთ პერსონალი ან დახმარება სთხოვოთ დედას, დას, მეგობარს – ნებისმიერს, ვინც მთელი გულით დაგეხმარებათ.
შეიმუშავეთ ოჯახის წევრებისთვის გასაგები მინიშნებები – ჩაცმულობა ან ვარცხნილობა, რათა მათ ისეთ დროს არ შეგაწუხონ, როცა მთლიანად ახალშობილის მოვლით ხართ დაკავებული ან, პირიქით, თვითონვე გჭირდებათ დასვენება და სხვისი დახმარება. ასეთი არავერბალური ნიშნები ძალიან დაგეხმარებათ უფროს შვილებთან კომუნიკაციისას. მაგალითად, მაისური, რომელსაც მხოლოდ ძუძუთი კვებისას ან ახალშობილის დაბანისას ჩაიცვამთ, მიანიშნებს ბავშვებს, რომ ახლა დედას არ სცალია, ამიტომ მამას ჰკითხონ ან მამას სთხოვონ.
მამიკოს როლის მორგება
ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მშობლის როლის მორგებით იწყება. ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა მამებისთვის შესაძლოა კიდევ უფრო რთული იყოს, ვიდრე დედებისთვის. მათ, როგორც ბუდის დამცველებს, ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ: ახალშობილზე ზრუნვა დედასთან ერთად და თავად დედაზე ზრუნვა.
მართალია, ბევრ მამას ეშინია ახალშობილთან მარტო დარჩენის, მისი ხელში აყვანის და უმარტივესი პროცედურების ჩატარების, მაგრამ მამა უნდა იყოს ის მთავარი ფიგურა, რომელიც დედისა და ჩვილის ახლო და სათუთი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო გარემოს ქმნის.
დაალაგეთ! დაულაგებელი სახლი ყველაზე უარყოფითად მოქმედებს, განსაკუთრებით – დედაზე, დედისგან კი გაღიზიანება ადვილად გადაედება ახალშობილს. დაეხმარეთ მას საოჯახო საქმეებში – მოიტანეთ სურსათი, მოამზადეთ მარტივი სადილი, მსუბუქი საუზმე, თუნდაც ფინჯანი ჩაი, პირადი ნივთები თავად მოაწესრიგეთ, რომ დედიკო ამისთვის არ მოცდეს. თუ მამა ფიზიკურად ვერ ახერხებს დედის დახმარებას, უმჯობესია, ვინმე დაიქირაოს.
გაუთავისუფლეთ მეტი დრო. განსაკუთრებით ბევრი თავისუფალი დრო სჭირდებათ დედებს, რომლებიც ჩვილებს ძუძუს აწოვებენ. ასეთი პატარები დედებზე, პირდაპირი გაგებით, ფიზიკურად არიან დამოკიდებულნი. შიმშილის დროს მათ დედას ვერავინ შეუცვლის. წარმატებული ძუძუთი კვება კი უწყვეტი და რეგულარული პროცესია, რომლის თუნდაც მცირედი დარღვევა დედისთვისაც და ახალშობილისთვისაც სტრესია. მეძუძურ დედებს ბევრი სითხე და შესაბამისი კვება სჭირდებათ. ისინი ხშირად იღვიძებენ ღამით, როცა მამას მშვიდად სძინავს. ამიტომ ეცადეთ, დღის განმავლობაში მეტი დრო გაუთავისუფლოთ დედას, მაგალითად, ახალშობილი სასეირნოდ წაიყვანოთ ან აბანაოთ.
დაიცავით უსარგებლო კონტაქტებისგან. როდის აღადგინოს სოციალური ურთიერთობები და როდის წარუდგინოს ახალშობილი საზოგადოებას, წყვილის გადასაწყვეტია. ვიდრე ბუდეს მოაწყობთ და ცხოვრების ახალ რეჟიმს ფეხს აუწყობთ, შესაძლოა, განმარტოება გერჩივნოთ. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მყოფებს მხოლოდ კეთილგანწყობა ამოძრავებთ, ხალხმრავლობა და ხშირი სტუმრიანობა შესაძლოა სტრესად ექცეთ მშობლებსაც და ახალშობილსაც.
ასევე მნიშვნელოვანია, დაიცვათ დედა არასასურველი რჩევებისგან, რომლებიც კონსტრუქციულ შედეგს ვერ გამოიღებს. პირიქით, შესაძლოა, გაუღრმაოს კიდეც ახალი მოვალეობებისადმი შიში და კიდევ უფრო ცუდ გუნებაზე დააყენოს. წინ აღუდექით ნებისმიერ ასეთ ჩარევას, რაც უნდა ახლობლისგან მოდიოდეს ის.
გადაიბარეთ უფროს შვილებზე ზრუნვა. თუ აქამდე დედა იყო ყველაფრის გამგებელი – იბარებდა გაკვეთილებს უფროსი შვილებისგან, დაჰყავდა ისინი სკოლაში, ბაღში, სტუმრად, სასეირნოდ, ახლა დროა, ეს საქმეები მამამ გადაიბაროს. ამასთან, სასურველია, ბავშვებსაც აუხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი დედიკოს დახმარება და მიეცით საშუალება, თავადაც გამოავლინონ თავი დამხმარის როლში. ეს მათ პასუხისმგებლობას მიაჩვევს და ხელს შეუწყობს ახალშობილისადმი დაძმური სიყვარულის გაღვივებას. ბოლოს და ბოლოს, ისინიც ხომ მომავალი მშობლები არიან.
არ გამოტოვოთ თქვენი ჯერი! დედასა და შვილს შორის განსაკუთრებით ახლო კავშირი მყარდება ძუძუთი კვებისა და ძილის დროს, მამიკოს კი ნაკლები დრო რჩება პატარასთან ურთიერთობისთვის. ძალიან მოხერხებულია ახალშობილის კენგურუთი ან სლინგით ტარება. კარგი იქნება, თუ პატარა ასეთ ჩანთაში მშობლის მკლავებში დაიძინებს. თუ ამას მამიკო გააკეთებს, ამით ის ორ კურდღელს დაიჭერს – დამატებით დროს გაუთავისუფლებს დედას, თვითონ კი მეტ დროს გაატარებს ახალშობილთან. ფიზიკური კონტაქტი განამტკიცებს კავშირს მშობელსა და შვილს შორის – პატარა ეჩვევა მამის ხმას, მის სუნს, მამა კი, თავის მხრივ, სწავლობს პატარას რეაქციებს და ქცევებს.
აუცილებელია, ერთ ტალღაზე იყოთ. ჩვილის რეაქციებისა და მოთხოვნების მიმართ დედა უფრო მგრძნობიარეა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ მის ქცევას და ენდეთ მის ინტუიციას. თუ დედას რამე არ მოსწონს ან აწუხებს, ნუ დატოვებთ მარტოს ამ პრობლემასთან. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, რისი მოცემაც შეიძლება რიგი სამედიცინო და სოციალური პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
გაინაწილეთ ყველა საქმე. ბავშვის აღზრდა დედის ექსკლუზიური მოვალეობა არ არის, მას თანაბრად უნდა ინაწილებდეს ორივე მშობელი და არც ერთის წილი ამ საქმეში მეორისას არ აღემატება. პირიქით – ახალშობილის აღზრდის პროცესი მხოლოდ დედისა და მამის თანაბარი მზრუნველობისას არის სრულყოფილი.
სესილი ცირეკიძე