ჯანმრთელი და ლამაზი ფრჩხილებისთვის - მანიკიური საკუთარი ხელით
გააზიარე:
ფრჩხილების სილამაზეზე ზრუნვა ათასეულობით წლის წინ დაიწყეს. მასიური ოქროსგან დამზადებული ფრჩხილების მოსავლელი ინსტრუმენტების პირველი ნაკრები, რომელიც ბაბილონის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3200 წლით თარიღდება. ძველ ეგვიპტეში ქალები ფრჩხილებს კენკრის წვენით იღებავდნენ. გრძელი და შეღებილი ფრჩხილები მაღალ სოციალურ სტატუსზე მიანიშნებდა. კლეოპატრა, როგორც ამბობენ, სისხლისფერს ანიჭებდა უპირატესობას, ნეფერტიტის საყვარელი ფერი კი ლალისფერი იყო.
მას შემდეგ მოდა ბევრჯერ შეიცვალა, 50-იანი წლების კლასიკური წითლიდან თანამედროვე ნეონის ფერებამდე.
თმასთან, სახესა და სხეულთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ფრჩხილების მოვლაც. ესთეტიკური პროცედურებისთვის სალონში წასვლა არ არის აუცილებელი – ფრჩხილებისთვის ფორმის მიცემა სახლშიც შეიძლება, თუ საჭირო ინსტრუმენტებს და მოვლის საშუალებებს მოიმარაგებთ, ჩვენ კი სასარგებლო რჩევებს მოგცემთ იმის შესახებ, როგორ მოიყვანოთ ფრჩხილები ფორმაში, როგორ გაიშროთ ლაქი სწრაფად, რა ხრიკს მიმართოთ, ლაქმა დიდხანს რომ გაძლოს და რას მიაქციოთ ყურადღება მანიკიურის სალონში გაკეთებისას.
უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიძინოთ: ქლიბი, ზეთი, მანიკიურის გასაკეთებელი ინსტრუმენტების ნაკრები, ლაქის ქვეშ წასასმელი დამცავი (Base Coat), ლაქის ზემოდან გადასასმელი დამცავი (Top Coat), ლაქის მოსაცილებელი უაცეტონო სითხე, ფორთოხლის ხის ჩხირი, ხელის კრემი, სასურველი ფერის ლაქი.
1. მოიშორეთ ძველი ლაქი. ბამბის დისკო ლაქის მოსაცილებელი სითხით დაასველეთ და ფრჩხილზე დაიდეთ, აცადეთ მოქმედება, მერე კი ნაზად მოუსვით ფირფიტას. ღონივრად არ გაიხეხოთ, რომ ფრჩხილის ზედა ფენა არ დაიზიანოთ.
2. ნუნები რომ დარბილდეს და ადვილად მოსცილდეს ფრჩხილს, უმჯობესია, ხელები თბილ ქაფიან წყალში დაილბოთ. ნორმალური ფრჩხილებისთვის 2– 3 წუთი საკმარისია, ხოლო თუ რბილი ფრჩხილები გაქვთ, 1 წუთი გააჩერეთ. მერე კარგად გაიმშრალეთ და ფრჩხილებზე ზეთი ან ხელის დამატენიანებელი კრემი შეიზილეთ.
3. ნუნების ჩასაწევად სპეციალური ფორთოხლის ხის ჩხირი გამოიყენეთ. ქაფიანი წყალი და ზეთი ნუნებს უკვე კარგად დაარბილებდა, ამიტომ ძალიან ფრთხილად ჩასწიეთ. თუ ამას რეგულარულად გააკეთებთ, ნუნების მაკრატლით მოჭრა აღარ დაგჭირდებათ. ზოგჯერ ფრჩხილს ნაპირებზე კანი გადაეკვრება ხოლმე, რაც ლაქის ქვეშ ცუდად მოჩანს, ამიტომ ფრჩხილის ზედაპირი კარგად გაიხეხეთ ჩხირით. თუ ნუნები დიდია, კანის მკვდარი ნაწილი სპეციალური მაკრატლით ფრთხილად მოიჭერით, ისე, რომ ცოცხალი უჯრედები არ დაიზიანოთ. თუ საჭიროა, გვერდებზეც და კუთხეებშიც მოიჭერით მკვდარი კანი. შესაძლოა ძნელი მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ მოინდომებთ, იოლად ისწავლით. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ უფრო და უფრო ღრმად მოგიწევთ ნუნების მოჭრა.
4. მომდევნო ეტაპი ფრჩხილისთვის ფორმის მიცემაა. ფორმა თქვენ უნდა შეარჩიოთ: სწორი, ოდნავ მომრგვალებული, ნუშის ფორმისა თუ კუთხოვანი. ყველაზე სტაბილურია 2-3 მილიმეტრით გაზრდილი და გვერდებზე ოდნავ მომრგვალებული ფრჩხილი. გრძელი და წაწვეტებული ფირფიტა ადვილად ტყდება. ფრჩხილი უმჯობესია მოიქლიბოთ, ვიდრე მოიჭრათ, განსაკუთრებით – თუ ფირფიტა მყიფეა. ჯანმრთელი ფრჩხილებისთვის, შეგიძლიათ, ცოტა უხეში ქლიბი გამოიყენოთ, შედარებით სუსტისა და მტვრევადისთვის – უფრო რბილი და ნაზი. გაქლიბვისას ფრჩხილს მეტისმეტად ნუ დააწვებით. ფრჩხილის ზედაპირი სპეციალური რბილი ქლიბით გაიპრიალეთ _ უსწორმასწორო ადგილები გათანაბრდება და ფრჩხილიც უფრო ლამაზი გამოჩნდება. ეცადეთ, ფრჩხილი ერთი მიმართულებით გაიქლიბოთ.
5. შემდეგ ხელები დაიბანეთ ან ლაქის მოსაცილებლით ერთხელ გაისუფთავეთ და ფრჩხილზე ბეის ქოუთის (შიდა დამცავის) თხელი ფენა გადაისვით. თითის ბალიშები ოდნავ დაქაჩეთ და დამცავი ლაქი შიგნიდანაც წაისვით ფრჩხილის წვერზე. მთავარია ფრჩხილი მთლიანად დაიფაროს. რამდენიმე წუთი აცადეთ გაშრობა.
6. გადაისვით ფერადი ლაქი. ფერის პიგმენტები კარგად რომ განაწილდეს, წასმამდე ლაქის ფლაკონი რამდენიმე წამი ხელისგულებს შორის აგორავეთ. არ შეანჯღრიოთ. თორემ შესაძლოა, მასში ჰაერის ბუშტუკები გაჩნდეს. ლაქში ამოვლებული ფუნჯი ერთხელ ჩაწმინდეთ და ჯერ ფრჩხილის შუა ნაწილზე, მერე კი გვერდებზე გადაისვით. ლაქი კანზე რომ არ გადავიდეს, ფუნჯი დაახლოებით ერთი მილიმეტრით დააშორეთ კანს. პირველი ფენა თხელი უნდა იყოს. 3-4 წუთის შემდეგ, კარგად რომ გაშრება მეორე, უფრო სქელი ფენა გადაისვით და გაშრობას დაელოდეთ.
7. თუ ფრჩხილების გარშემო კანი მაინც დაგესვარათ, ხის ჩხირს წვერზე თხლად შემოახვიეთ ბამბა, ლაქის მოსაცილებელში ჩააწეთ და დასვრილი ადგილები ძალიან ფრთხილად გაისუფთავეთ.
8. ბოლოს ტოპ ქოუთი – ზედა დამცავი გადაისვით. ის კარგად იცავს ფერად ლაქს და სიპრიალესაც მატებს. არ დაგავიწყდეთ ფრჩხილის კიდეები. გადასმამდე შეამოწმეთ ფერადი ლაქი – მთლიანად თუ არა, ცოტათი მაინც უნდა იყოს შემშრალი.
ლაქის კარგად გაშრობა საკმაოდ ბევრ დროს მოითხოვს. შეგიძლიათ, ამ ხნის განმავლობაში საყვარელ სერიალსაც ჩაუჯდეთ. თუმცა არსებობს ლაქის სწრაფად გასაშრობად რამდენიმე ხრიკი: დაახლოებით 30 წამით ხელები ცივ წყალს შეუშვირეთ. თუ ძალიან გეჩქარებათ, ხელები დაისველეთ და ცოტა ხნით მაცივრის საყინულეში შეყავით. ფრჩხილებზე დაიწვეთეთ თითო წვეთი სპეციალური საშრობი სითხე და მთელ ფირფიტაზე გაანაწილეთ. გასაშრობად 10 წუთიც საკმარისია.
არამც და არამც არ გაიშროთ ფრჩხილები თმის ფენით. არც სულის შებერვაა კარგი აზრი, რადგან ჰაერის მძლავრმა ნაკადმა შესაძლოა ტალღები გაუჩინოს ლაქის ზედაპირს.
9. თუ სალონში მოგიხდათ წასვლა, ყურადღება მიაქციეთ ჰიგიენას: დაგიმუშავებთ თუ არა სპეცილისტი ხელებს მადეზინფიცირებელი საშუალებით (საკუთარი ხელებიც ასევე უნდა დაიმუშაოს), უკეთდება თუ არა ინსტრუმენტებს სტერილიზაცია, სუფთაა თუ არა პირსახოცი, ისეთი მასალისაა თუ არა ხელის დასადები ბალიში, რომელიც იწმინდება.
10. ლაქმა დიდხანს რომ გაძლოს, მეორე დღეს ერთი ფენა ტოპი კიდევ გადაისვით. ფრჩხილები რეგულარულად დაიზილეთ ფრჩხილის ზეთით, განსაკუთრებით ძილის წინ.
საქმე უფრო გაგიადვილდებათ, თუ მანიკიურს რეგულარულად, 7-14 დღეში ერთხელ გაიკეთებთ.
შეცდომები
ნუ მოიკვნეტთ ფრჩხილებს – დაკვნეტილი ფრჩხილის ფირფიტები, გარდა იმისა, რომ არაესთეტიკურია, იოლადაც ინფიცირდება. მართალია, ჩვევის მოშლა ძნელია, მაგრამ ეცადეთ, სხვა ისეთი ჩვევით მაინც შეცვალოთ, რომელიც ფრჩხილებს არ დააზიანებს.
ნუ მოიწიწკნით ფრჩხილების ირგვლივ გაუხეშებულ კანს კბილებით.
ფრჩხილზე დამცავი ლაქის წასმამ შესაძლოა მეტი დრო დაგაკარგვინოთ, მაგრამ მისი წასმა აუცილებელია, განსაკუთრებით – მკვეთრი პიგმენტის მქონე ლაქის შემთხვევაში. მის გარეშე ლაქი ფრჩხილსაც შეფერავს და შესაძლოა, ძლიერი მოსაცილებლითაც ვერ მოიცილოთ. გარდა ამისა, დამცავი ლაქი ასწორებს ზედაპირს და ფრჩხილიც უკეთ გამოიყურება.
დაბანისას ფრჩხილის ქვეშ დაგროვილი ჭუჭყი იოლად არ სცილდება, განსაკუთრებით – თუ გრძელი ფრჩხილები გაქვთ, ამიტომ დაბანისას ფრჩხილის ჯაგრისი გამოიყენეთ. ბაქტერიების დაგროვებამ შესაძლოა ანთებითი პროცესი გამოიწვიოს და ფრჩხილი სერიოზულად დაზიანდეს.
ცხელ წყალში დამბალ ფრჩხილს მაშინვე ნუ გაიქლიბავთ.
როგორ მოვუაროთ
ფრჩხილებს ლამაზი და ჯანმრთელი იერი რომ ჰქონდეს, საჭიროა მათი რეგულარული მოვლა.
არ დაიზაროთ, ძილის წინ აუცილებლად დაიტენიანეთ ხელები. კარგი იქნება, თუ სპეციალურ ხელის ღამის კრემს შეიძენთ – ის შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებსა და ეთერზეთებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში აღადგენს კანს. ბოლო ხანს ბაზარზე ასაკის საწინააღმდეგო ხელის კრემებიც გამოჩნდა, რომლებიც კანს ულტრაიისფერი სხივებისგანაც იცავს.
უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებულ მოვლის საშუალებებს. ხელების დატენიანებისას არ გამოგრჩეთ ფრჩხილები, რადგან ლაქი და მისი მოსაცილებელი სითხე ფრჩხილებს აშრობს.
გაითვალისწინეთ: ფრჩხილებს ჯანმრთელობისთვის ბევრი თუთია, A ვიტამინი და B ჯგუფის ვიტამინები (განსაკუთრებით – ბიოტინი) სჭირდება. სიმყიფეს რკინის ნაკლებობაც იწვევს. მიირთვით ამ ნივთიერებების შემცველი საკვები: შვრია, სტაფილო, გარგარი, ბროკოლი, ისპანახი, კვერცხი, სოია...
სისხლის მოძრაობის გასააქტიურებლად ხშირად გაიკეთეთ ხელების მასაჟი: უხვად დაიდეთ დამატენიანებელი კრემი და მტევნის ძვლებს შორის, თითების მიმართულებით, მსუბუქი წრიული მოძრაობით კარგად დაიზილეთ. ბოლოს ცერა თითი ასევე წრიული მოძრაობით გააყოლეთ მთელ მტევანს თითის წვერებამდე. მერე ხელისგულზე გადადით და ისიც წრიული მოძრაობით თითის წვერებამდე კარგად დაიზილეთ.
თუ ფრჩხილებზე ცვლილებები შეამჩნიეთ, რომლებიც რამდენიმე ხანში თავისთავად არ გაქრა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ჯილდა გაჩეჩილაძე