ჩანაცვლებითი ურთიერთობა

გააზიარე:

 

ხშირად გაიგონებთ: იმისთვის, რომ ყოფილი დაივიწყო, ახალი უნდა გაიჩინოო. როცა კლიენტისგან ეს სიტყვები მესმის, ჩემს გონებაში განგაშის ზარები იწყებენ რეკას. დასავლეთში ასეთ სასიყვარულო კავშირს rebound relationship უწოდეს. “rebound” ანარეკლს, გამოძახილს ნიშნავს და იმაზე მიუთითებს, რომ ახალი ურთიერთობისკენ ძველის ადგილას დარჩენილი სიცარიელე, დაუხარჯავი ემოციების ქარიშხალი გვიბიძგებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, rebound relationship ერთგვარი ჩანაცვლებითი ურთიერთობაა.

ვიცი, ყველას ჩვენი გზა გვაქვს. ხანდახან ჩანაცვლებითი ურთიერთობაც გვზრდის. მაგრამ თუ არ გავაცნობიერეთ, რას ვაკეთებთ, თავსაც დავიზიანებთ და პარტნიორსაც.

 

რა არის ჩანაცვლებითი ურთიერთობა?

ჩანაცვლებითია ურთიერთობა, რომელსაც ხანგრძლივი, სერიოზული ურთიერთობის დასრულებისთანავე ვიწყებთ, მაშინ, როდესაც ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ წინა ურთიერთობიდან. ადამიანი, რომელიც ასეთ ურთიერთობაში შედის, ემოციურად მოწყვლადიცაა და ჩაკეტილიც, არამდგრადია და არაპროგნოზირებადი.

ასეთ ადამიანთან ურთიერთობა დიდი გამოწვევაა. ხშირად მოგეჩვენებათ, რომ ვერ ხვდებით, თქვენთან არის პარტნიორი თუ უბრალოდ ყოფილის ადგილას დარჩენილი სიცარიელის შესავსებად სჭირდებით. ძნელი მისახვედრია, მარტოობის შიში ამოძრავებს თუ ნამდვილად თქვენთან უნდა კონტაქტი. შესაძლოა, უფრო პარტნიორის გარეშე დარჩენისა ეშინოდეს, ვიდრე ახალი ურთიერთობის დაწყება უნდოდეს.

ხოლო თუ თავად ხართ ის ადამიანი, რომელმაც ერთის დასავიწყებლად მეორე მოძებნა, ალბათ ამბივალენტურ (ერთდროულად რამდენიმე) გრძნობას განიცდით. მოსალოდნელია და ნორმალურიც, თქვენს ყოფილ პარტნიორზე ბრაზობდეთ. იცოდეთ, სწორედ ეს ბრაზი გაბამთ და გაბრუნებთ უკან. ყოფილისთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი არ ნიშნავს, რომ მისგან გათავისუფლდით; პირიქით, თავისუფლება ინდიფერენტული, ნეიტრალური დამოკიდებულებით გამოიხატება. ყოფილ პარტნიორზე უარყოფითი მიჯაჭვულობა ახალთან ჯანსაღი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში შეგიშლით ხელს.

ჩანაცვლებითი ურთიერთობა ერთგვარ სტაბილურობას გვანიჭებს, მაგრამ, ამავე დროს, გლოვისთვის თავის არიდების გზაცაა. ჯანსაღი ქცევა იქნებოდა, ახალი ურთიერთობის დაწყებამდე ძველი გამოგვეგლოვა და ფეხზე დავმდგარიყავით. ჩანაცვლებამ შესაძლოა ტკივილის, სირცხვილის და დაშორების ეფექტი შეამციროს, მაგრამ ჭეშმარიტი აღდგენა მხოლოდ ნამდვილ კონტაქტს მოაქვს, რაც ჩანაცვლებითი ურთიერთობისას თითქმის შეუძლებელია.

მეორე მხრივ, არსებობს კვლევები, რომლებიც მოწმობს, რომ ახალ ურთიერთობას სულაც არ ვაფასებთ წინაზე ნაკლებად, თუმცა საყოველთაო აზრი მაინც იქით იხრება, რომ მსგავსი ურთიერთობები საზიანოა როგორც მისთვის, ვინც ახლახან დაშორდა პარტნიორს, ისევე მისთვისაც, ვისაც დროებითი, გარდამავალი პარტნიორის როლი ერგო.

 

არაჯანსაღი ჩანაცვლებითი ურთიერთობის უარყოფითი მხარეებია:

* ურთიერთობის წამოწყება არა ძლიერ, არამედ სუსტ მხარეებზე დაყრდნობით;

* პარტნიორზე დამოკიდებულების ან თანადამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი რისკი;

* ფსიქოლოგიური მოწყვლადობა, რაც ზრდის ახალი პარტნიორის მხრივ მოწყვლადი ადამიანით მანიპულირების რისკს;

* მანიპულირების სურვილი, რომელიც ურთიერთობიდან ახალგამოსულ ადამიანს თავად უჩნდება ჩამნაცვლებელი პარტნიორის მიმართ;

* უარყოფისა და მიტოვების გაზვიადებული შიში;

* ნარცისისტული ურთიერთობის რისკი;

* სექსუალური გამოყენების რისკი;

* ურთიერთობაში არსებული სიღრმისეული საკითხების კვლევის ნაცვლად სწრაფი და ზედაპირული გამოსავლის ძიება.

 

როგორ მივხვდეთ, რომ ჩანაცვლებით ურთიერთობაში შევდივართ?

 

1. ურთიერთობას იწყებთ იმასთან, ვისთანაც ხანგრძლივ პერსპექტივას ვერ ხედავთ.

კლასიკური სცენარებია “კავშირი ერთი ღამით”, “თაფლობის ერთი კვირა”, “ექვსი თვე და მორჩა”... ახალ ადამიანს ხვდებით, საინტერესოა, ამაღელვებელია, მაგრამ გულის სიღრმეში გრძნობთ, რომ ყოველივე ეს დროებითია. ამაში არაფერია ცუდი, თუ ორივე ერთ ტალღაზე ხართ და თანხმდებით, რომ თქვენი ურთიერთობა მოკლე ხანს გაგრძელდება, რომ ამ ურთიერთობისგან არაფერს ელით. მაგრამ უფრო ხშირად ეს პროცესები გაუცნობიერებელია და ისედაც მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ადამიანს სტაბილურობის ნაცვლად ახალ თავსატეხს უჩენს.

 

2. ურთიერთობა კი არა, ყურადღება გსიამოვნებთ.

სერიოზული ურთიერთობის დასრულების შემდეგ ხშირად მივილტვით იქით, სადაც ბევრი ყურადღება, კომპლიმენტების ნაკადი, ინტერესი და აღფრთოვანება გველის. ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცას ასე მოვწონვართ (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყოფილს აღარ მოვწონვართ). მაგრამ აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ, რატომ შედიხართ ახალ ურთიერთობაში – ამ ადამიანთან კავშირი გსიამოვნებთ თუ ყურადღება. უსამართლობაა სხვისი გამოყენება, საკუთარი ეგოს გასაძლიერებლად მისი რესურსების გამოწურვა – სინამდვილეში ხომ არავინ არის ვალდებული, იზრუნოს ჩვენს თვითშეფასებაზე და მსხვერპლად შესწიროს მას საკუთარი კეთილდღეობა.

 

3. ახალ პარტნიორს მხოლოდ მაშინ ურეკავთ (სწერთ, ხვდებით), როდესაც მარტოსულად გრძნობთ თავს. როდესაც ბედნიერი ხართ, არც კი გახსოვთ.

ეს ყველაზე მკაფიო ნიშანია იმისა, რომ ნამდვილ, ავთენტურ ურთიერთობაში არ ხართ, რომ ახალი ურთიერთობა ემოციური კომფორტისთვის გჭირდებათ. პარტნიორს როგორც ადამიანს ვერ ხედავთ. თქვენ მასთან კი არ გინდათ, არამედ პრაგმატულად გჭირდებათ ის. გჭირდებათ, რათა მარტოობას თავი დააღწიოთ, გჭირდებათ, რადგან გტკივათ, რადგან გიმძიმთ. მაგრამ, ამავე დროს, გაქცევით თავს არიდებთ გამოგლოვებას, წინა ურთიერთობის გააზრებას, ფსიქოლოგიურ ზრდას.

 

4. გინდათ, ახალი პარტნიორი ყოფილს დაანახოთ.

ჩანაცვლებითი ურთიერთობის კიდევ ერთი კლასიკური ნიშანი: ყველა ღონეს ხმარობთ იმისთვის, რომ ახალი პარტნიორი თქვენს ყოფილს დაანახოთ, თუნდაც სოციალური ქსელის მეშვეობით. ეს გასაგები სურვილია, ერთხელ და ორჯერ – არა უშავს, მაგრამ აქ ერთი დიდი რისკია: იშლება ზღვარი ძველ და ახალ ურთიერთობებს შორის, რაც ახალ ურთიერთობაზე აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს.

 

5. ყოფილი პარტნიორის თვისებებს ახალს მიაწერთ.

ეს ფენომენი არც ისე ხშირია, მაგრამ სახიფათო. ახალდაშორებული ადამიანი შესაძლოა ცნობიერად ან არაცნობიერად ეძებდეს ყოფილის ასლს. მაგალითად, ის, ვინც დეპრესიულ ადამიანს დაშორდა, კვლავ დეპრესიულს ეძებს; მას, ვინც წითურს დაშორდა, წითურები იზიდავენ და ა.შ. ხოლო ვინც ეძებს, პოულობს კიდეც. შესაბამისად, რეალური ადამიანის ნაცვლად ვხედავთ იმას, ვინც გვინდა. ეს ილუზიაა, ილუზორულ ადამიანთან კი ნამდვილ ურთიერთობას ვერ დავამყარებთ.

 

6. ახალ პარტნიორთან ყოფნისას ძველზე ფიქრობთ.

ამ პუნქტს მგონი ახსნაც არ სჭირდება. წარმოიდგინეთ თავი ახალი პარტნიორის ადგილას: რა საწყენია, როდესაც ამდენს გასცემ, შენი შეყვარებული კი მუდამ სხვაზე ფიქრობს. სწორედ ეს არის პირველი ნაბიჯი ნარცისისიტული ურთიერთობისკენ: როდესაც შენი ემოციური სტაბილურობა, ზრდა, სიამოვნება სხვისი ემოციური დაუძლურების ხარჯზე ხდება.

გულის სიღრმეში იმედი ხომ არ გაქვთ, რომ როდესაც ახალ ურთიერთობას დაიწყებთ, ძველი პარტნიორი დაგიბრუნდებათ? ჰკითხეთ თქვენს თავს: რატომ არ შლით ტელეფონიდან ყოფილის სურათებს? რატომ გინდათ, ყოფილმა დაგირეკოთ და მოგიკითხოთ? რატომ ათვალიერებთ ყოფილის სოციალურ გვერდს? რატომ საუბრობთ მეგობრებთან ამდენს მის შესახებ? და ამ ყველაფრის ფონზე – რა როლი აკისრია ახალ პარტნიორს? რამდენად სამართლიანია ეს როლი?

 

7. არ აცნობთ ახალ პარტნიორს თქვენს მეგობრებს.

ინტეგრაცია ანუ არსებულ სამყაროში ახალი ადამიანის ჩართვა, მეგობრებისა და ოჯახისთვის მისი გაცნობა, ახალი ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუნდაც არ ვიცოდეთ, რამდენად გვიყვარს ახალი პარტნიორი და რა გველის წინ, თუ მასთან ნამდვილ ურთიერთობაში ვართ, მოგვინდება, ჩვენი სამყარო გავუზიაროთ, რაც აუცილებლად მოიცავს რამდენიმე უახლოესი ადამიანის გაცნობას. თუ ამისგან თავს იკავებთ, თუ თქვენი ახალი ურთიერთობა “კარადიდან არ გამოდის”, მზის სინათლეს საგულდაგულოდ ემალება – თქვენ ჩანაცვლებით ურთიერთობაში იმყოფებით. ეს არ არის "ჩვენ" ურთიერთობა; ეს არის "მე" და "შენ" ურთიერთობა, რაც პოტენციურად დამაზიანებელია.

 

8. ახალი ურთიერთობა მეტისმეტად სწრაფად ვითარდება.

ჯანსაღი ურთიერთობის აშენებას დრო სჭირდება. თუ ჩქარობთ, თუ იმპულსურ ნაბიჯებს დგამთ, თუ გგონიათ, რომ ხვალ თუ არა, ზეგ ამ ადამიანს დაკარგავთ, თუ გაცნობის ეტაპს ახტებით – თქვენ ჩანაცვლებით ურთიერთობას იწყებთ. ადამიანის გაცნობას, მისი ინტერესების, ღირებულებების, ხედვების გაზიარებას მყისიერად ვერავინ ახერხებს. სად გარბიხართ, უფრო სწორად, რას გაურბიხართ?

 

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ახალი ურთიერთობა დავიწყეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პარტნიორისთვის ეს ჩანაცვლებითი ურთიერთობაა?

ჩანაცვლებითი ურთიერთობის დასრულების შემდეგ აღდგენა ძალიან ძნელია. მას, როგორც წესი, ის მხარე ასრულებს, რომელიც ძველის დასავიწყებლად ახალში გადაეშვა. არც ერთი ურთიერთობის დასრულება არ არის ადვილი, მით უმეტეს, როდესაც გრჩებათ განცდა, რომ გამოგიყენეს. თქვენი ყველა ემოცია ნორმალურია – ტკივილიც, დაბალი თვითშეფასებაც, ბრაზიც. გახსოვდეთ, ნებისმიერი დანაკარგი ნაბიჯია ფსიქოლოგიური და სულიერი ზრდისკენ. მანამდე კი რამდენიმე რეკომენდაციას მოგცემთ:

 

1. თქვენ მსხვერპლი არ ხართ.

როგორ გვიყვარს ემოციური ჭრილობების გახსნა, ტკივილის ისევ და ისევ განცდა, მისი გახსენება, მასში ჩაძირვა! არც არის გასაკვირი – სასიყვარულო ტრავმა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტრავმაა. ის უკავშირდება ეგზისტენციურ კითხვას: ვარ თუ არა სიყვარულის ღირსი?

გახსოვდეთ, რომ საბოლოოდ ეს ტკივილიც გაივლის. აუცილებლად დადგებით ფეხზე. აუცილებლად მიხვდებით, რომ მხოლოდ კი არ დაკარგეთ რაღაც, არამედ შეიძინეთ კიდეც – ისწავლეთ, გაიზარდეთ, გამოცდილება დააგროვეთ. ნუ მისცემთ მას, ვინც გამოგიყენათ, თქვენს ემოციურ კეთილდღეობაზე ამხელა ძალაუფლებას. ის თავისებურად უბედურია, თქვენ კი უბრალოდ არასწორ დროს არასწორ ადამიანს შეხვდით.

 

2. თქვენი სასიყვარულო ისტორიის ავტორი თავად ბრძანდებით.

მიუხედავად ყველაფრისა, ამ ადამიანმა ხომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში, ისევე როგორც თქვენ – მისაში? დიახ, ეს მალე დამთავრდა, დიახ, კიდევ არაერთხელ გაიხსენებთ თქვენს საერთო ისტორიას, მის ცუდ და კარგ დეტალებს, გაიხსენებთ ყოველ სიტყვას, ყოველ ქმედებას, გაიხსენებთ, რა კარგი იყო თავიდან და საბოლოოდ რა მოჩვენებითი აღმოჩნდა ეს ბედნიერება. და როდესაც ამას ბევრჯერ მოყვებით, გაუზიარებთ სხვებს, მოუსმენთ საკუთარ თავს – მიხვდებით, რა და რატომ მოხდა, დაინახავთ, რა დაგრჩათ ამ ურთიერთობის შედეგად.

შესაძლოა, რამდენიმე ხნის შემდეგ ყოველივე ამას სულ სხვა თვალით შეხედოთ.

 

3. ჭეშმარიტება ის არის, რისიც გჯერათ.

ის, რასაც თქვენთვის ეს ურთიერთობა წარმოადგენდა, ნამდვილია. ეს არის თქვენი ერთადერთი ჭეშმარიტება. თქვენ ვერ მიხვდებით, რა გავლენა მოახდინეთ მეორე ადამიანზე, მაგრამ შეგიძლიათ შეაფასოთ საკუთარი თავი – როგორი იყავით, რას გასცემდით, სად სვამდით საზღვრებს, რას ნანობთ და რას, პირიქით, აფასებთ თქვენს ემოციებში, ქცევაში. ამ ურთიერთობაში თქვენ იყავით ავთენტური და ნამდვილი, დააკვირდით, რისი ცოდნა შეგძინათ ამან საკუთარი თავის შესახებ.

 

4. უპასუხეთ ხმას, რომელიც ჩაგძახებთ, რომ სიყვარულის ღირსი არ ხართ.

არავის სიამოვნებს იმის გააზრება, რომ სხვისი ურთიერთობის დანამატი აღმოჩნდა. ამ დროს აუცილებლად იღვიძებს შინაგანი ხმა, რომელიც ნელ-ნელა, მეთოდურად გვშლის ნაწილებად: “არავის არასოდეს ეყვარები, მარტოობაში მოკვდები”. მოუსმინეთ ამ ხმას. იპოვეთ მისი სათავე: ვინ გეუბნებოდათ იმავეს? ვისგან მიიღეთ ეს გზავნილი პირველად? იქნებ ამის საკვლევად თერაპევტს მიმართოთ?

მერე კი ესაუბრეთ. თქვენ ნამდვილად ისწავლეთ რაღაც ამ ურთიერთობისგან, ოღონდ არა ის, რომ სიყვარულს არ იმსახურებთ. ჩამოთვალეთ ყველაფერი, რაც მოგწონდათ საკუთარ თავში, როდესაც ამ ურთიერთობაში იყავით – აი, ეს არის თქვენი შენაძენი.

ჩანაცვლებითი ურთიერთობა კარგი ილუსტრაციაა იმისა, რას ელით ნამდვილი ურთიერთობისგან. ახლა იმიტომ გტკივათ, რომ გსურთ ურთიერთობა, რომელიც თქვენთან დამყარდება – თქვენ არ გინდათ, იყოთ მესამე. დაიწყეთ ამით. რას ეძებთ ისეთს, რაც ამ ურთიერთობამ ვერ მოგცათ?

 

5. თვალი გაუსწორეთ თქვენს შიშებს.

დაგშორდნენ, ან თავად დაშორდით, რადგან პარტნიორი თქვენ ვერ გხედავდათ – ის მხოლოდ ყოფილს გაურბოდა. ახლა რისი გეშინიათ? რომ სამუდამოდ მარტო დარჩებით? რომ თქვენი ყველა ურთიერთობა სინამდვილეში ტყუილია და ყველა ყოველთვის გიყენებთ? ჩანაცვლებითი ურთიერთობა ყველა ამ შიშს აასმაგებს.

იმის გაცნობიერება, რომ ეს შიშები არარაციონალურია, ვერ გიშველით. თერაპევტის დახმარებით ჩაყვინთეთ მათში. ერთად დასვით საშიში კითხვები: რა მოხდება, თუ მართლაც მარტო დარჩით? ქვეყანა დაიქცევა? სინამდვილეში თქვენი თავი ხომ თქვენვე გიყვართ ყველაზე მეტად. თუნდაც თქვენი ნამდვილი სიყვარული თქვენ თვითონ იყოთ – ეს არც ისე ტრაგიკულია.

 

როდის აქვს ჩანაცვლებით ურთიერთობას გადარჩენის შანსი?

გამოდის, რომ ჩანაცვლებითი ურთიერთობა ვერასოდეს გახდება ნამდვილი? ან, ხანმოკლეც კი, აუცილებლად დამაზიანებელია? ნუთუ საშველი არ არის? რა, ყველა პოტენციურ პარტნიორს პირველ პაემანზე სკრინინგი ჩავუტაროთ, როდის დაშორდა ყოფილს და რამდენი ხანი იყვნენ მანამდე ერთად?

რა თქმა უნდა, არა. თუ თქვენც და პარტნიორმაც იცით, ნამდვილად იცით, ნამდვილად აცნობიერებთ, რა ხდება – რისკი მცირდება.

ეცადეთ, არ იჩქაროთ. კარგად გაიცანით ადამიანი. დააკვირდით მას – ყოველ წესს ხომ თავისი გამონაკლისი აქვს:

* თუ წინა ურთიერთობა ხანმოკლე იყო, შესაძლოა, დიდი ემოციური ტრავმა არ დაეტოვებინა. შესაბამისად, ახალი ურთიერთობა მეტად ჯანსაღია.

* თუ წინა ურთიერთობა მშვიდად, ურთიერთშეთანხმებით დასრულდა, ახალ ურთიერთობას გადარჩენის მეტი შანსი აქვს.

* მას, ვინც დაასრულა ძველი ურთიერთობა, ჯანსაღი ახალი ურთიერთობის აგების მეტი შანსი აქვს, ვიდრე მას, ვინც მიატოვეს.

* როდესაც ორივე პარტნიორმა იცის, რა სახის ურთიერთობაში შედის და თანახმაა ამაზე, ჩანაცვლებითი ურთიერთობა ხანმოკლე, მაგრამ მასაზრდოებელია.

 

ვერდიქტი: ღირს თუ არა?

რჩევას ვერ მოგცემთ, მოგცემთ მხოლოდ რეკომენდაციას. ღირს თუ არა ჩანაცვლებით ურთიერთობაში შესვლა? ალბათ, არა. რისკი ძალიან დიდია. თუმცა ყოველთვის რაციონალურს, ჯანსაღს, საჭიროს არ ვირჩევთ. ხანდახან გვტკივა, ხანდახან ილუზია რეალობას გვირჩევნია, ხანდახან უბრალოდ სხვაგვარად ვერ ვდგებით ფეხზე. ჩემს კლიენტებს ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ ეს სარისკო თავგადასავალია. სასიამოვნო, მაგრამ სახიფათო. რაც მთავარია, ეს უსამართლობაა ახალი პარტნიორის მიმართ, რომელიც წრფელი გულით შემოდის თქვენთან კონტაქტში. კანტს მიაჩნდა, რომ ადამიანის საშუალებად გამოყენება მორალურად გამართლებული საქციელი არ არის. ეცადეთ, თქვენი ტკივილის გამო სხვას არ მიაყენოთ ტკივილი.

თუ ჩანაცვლებით ურთიერთობაში ჩაგითრიეს, გახსოვდეთ – ესეც გაივლის. არა, ეს თქვენი ბრალი არ ყოფილა. დიახ, თქვენ ხართ სიყვარულის ღირსი. ეს ურთიერთობა ცუდად იმიტომ არ დამთავრებულა, რომ ცუდი პარტნიორი იყავით; ეს იმიტომ მოხდა, რომ ყოფილი პარტნიორის მიერ დაზიანებულ ადამიანს ცუდ დროს შეხვდით – მაშინ, როდესაც მან დიდი, მნიშვნელოვანი სიყვარული დაკარგა.

 

 რუბრიკას უძღვება ლიკა ბარაბაძე

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: