როდის და როგორ დავიხმაროთ ბავშვი სახლის საქმეებში

გააზიარე:

სახლის საქმეების ერთობლივად კეთება ბევრი ოჯახისთვის ტრადიციაა. საოჯახო საქმიანობაში ჩართვა ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობას უვითარებს და საქმეც უფრო სწრაფად და მხიარულად კეთდება.

ყველას სურს, თავს საჭიროდ გრძნობდეს, იცოდეს, რომ მისი წვლილი მნიშვნელოვანია. არც ბავშვები არიან გამონაკლისი. მაგრამ ისინი ამას ვერ იგრძნობენ, თუ საოჯახო საქმეებში არ ჩავრთეთ და ზოგი რამ მათ პასუხისმგებლობას არ მივანდეთ.

სათქმელად ადვილია, მაგრამ როგორ დავავალოთ ბავშვს სახლის საქმე ისე, რომ უკურეაქცია არ გამოვიწვიოთ? ან რა დავავალოთ ისეთი, რომ ხალისით გააკეთოს?

 

ნუ დაელოდებით იდეალურ შედეგს

ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ბავშვი დავალებას იდეალურად გაართმევს თავს, შეეგუეთ, რომ რაღაც არ გამოუვა, თორემ შესაძლოა, სულმა წაგძლიოთ და საქმე მის მაგივრად დაასრულოთ, რაც ბავშვისთვის ძალიან ცუდი მაგალითი იქნება.

 

ნუ გადადებთ

იქნებ გგონიათ, რომ ბავშვი ჯერ მეტისმეტად პატარაა და სახლის საქმეებში ჩართვით ცხოვრებას ურთულებთ? მაგრამ ისეთი საქმის დავალებით, რომლის შესრულებაც, დანამდვილებით იცით, შეუძლია, ძალიან კარგ სამსახურს გაუწევთ. გახსოვდეთ, ბავშვები კეთებით სწავლობენ.

 

ნუ დაიშურებთ საქებარ სიტყვებს

ნუ დაელოდებით, როდის მორჩება ბავშვი საქმეს, რომ შეაქოთ. შეაქეთ მონდომებისთვის, გამბედაობისთვის, შეუქმენით საქმიანობის პროცესში სასიამოვნო ატმოსფერო – ეს მოტივაციას შემატებს.

 

იყავით თანმიმდევრული

მშობლის თანმიმდევრულობას ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ეტყვით, რომ განსაზღვრული საქმე, მაგალითად, ძაღლის დაპურება, დღეიდან მას ევალება, ხოლო მეორე დღეს, როდესაც ამის გაკეთებას დააპირებს, აღმოაჩენს, რომ თქვენ უკვე დაგიპურებიათ ძაღლი – ასე პასუხისმგებლობას ვერ გამოუმუშავებთ. მეტიც: შესაძლოა საკუთარი თავის რწმენაც დაკარგოს და მომავალში მუდამ ელოდეს, როდის გააკეთებს მის საქმეს სხვა.

 

დაუზუსტეთ დავალება

ბავშვებს უყვართ კონკრეტული დავალებები, რადგან მათი შესრულება უფრო მარტივია. თუ პატარას ეტყვით: “დაალაგე ოთახი”, – შესაძლოა დაიბნეს, დრო ვერ გაანაწილოს და საქმეს მთელი დღე მოანდომოს, დაიღალოს და საბოლოოდ იმედგაცრუებული დარჩეს. ნაცვლად ამისა, მიეცით პირდაპირი მითითებები: “წიგნები თაროზე შეაწყვე, მერე კი სათამაშოები ყუთში ჩაალაგე”.

 

გაუმარტივეთ დავალება

თავდაპირველად აჩვენეთ ბავშვს, როგორ კეთდება ესა თუ ის საქმე. მერე დაიხმარეთ და ერთად მიიყვანეთ ბოლომდე. მერე კი მიეცით საშუალება, დამოუკიდებლად გააკეთოს იგივე. თუ შეცდომა დაუშვა, გაამხნევეთ, წააქეზეთ, რომ კიდევ სცადოს.

 

დავაჯილდოოთ თუ არა

ფსიქოლოგები გვირჩევენ, არ დავაჯილდოოთ ბავშვი ისეთი დავალების შესრულებისთვის, რაც მომავალში ისედაც მისი მოვალეობა უნდა გახდეს. მაგალითად, საწოლის ალაგებისთვის ან საკუთარი ოთახის დალაგებისთვის. უმჯობესია, ქებით შემოიფარგლოთ, რადგან თუ ჯილდოს შეაჩვევთ, ჯილდოს გარეშე დავალების შესრულების აუცილებლობას ვეღარ დაინახავს.

შედარებით უფროს ბავშვს, რომელსაც გააზრებული აქვს თავისი უშუალო მოვალეობა, შეგიძლიათ, დამატებითი დავალებების შესრულებისთვის ჯიბის ფული მისცეთ. ამგვარად ფულის გამომუშავების და ხარჯვის გამოცდილებასაც შეიძენს, რაც მომავალში გამოადგება.

 

ნუ გაუწევთ დათვურ სამსახურს

ხშირად ბავშვს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე მშობელს ჰგონია. გახსოვდეთ, რომ პატარა, რომელიც ადვილად რთავს მობილურს, ხსნის კოდს და თამაშობს ვიდეოთამაშს, სარეცხი მანქანის ჩართვას და საჭირო რეჟიმზე დაყენებასაც შეძლებს.

როგორც არ უნდა გინდოდეთ, ბავშვს საქმე გაუადვილოთ, ყოველთვის გახსოვდეთ: დამოუკიდებლად მიღწეული შედეგია მთავარი. ცნობილი გამოთქმისა არ იყოს: თევზს კი ნუ მისცემთ, თევზაობა ასწავლეთ.

 

ეს მათთვის აუცილებელია

მაინც, რა აუცილებელია, მცირე ასაკიდანვე ვასწავლოთ ბავშვს სახლის საქმეებში დახმარება? გაიზრდება და ისწავლის, დასჭირდება და ისწავლის... ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ბავშვი პატარაობიდანვე გეხმარებათ საოჯახო საქმეებში:

* გრძნობს, რომ საჭიროა, ეუფლება საკუთარი მნიშვნელოვნების განცდა;

* უვითარდება პასუხისმგებლობის გრძნობა;

* სწავლობს დამოუკიდებლობას;

* ხედავს, რა სიამოვნების მოგვრა შეუძლია მიზნის დამოუკიდებლად მიღწევას;

* იზრდება ოჯახში მისი როლი;

დაბოლოს, ოჯახს, რომელიც საქმეს ერთად აკეთებს, გაცილებით მეტი დრო რჩება ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.

 

ასაკის მნიშვნელობა

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურად ყალიბდება და თუ მეზობლის ოთხი წლის ბიჭუნას თასმების დამოუკიდებლად შეკვრა შეუძლია, არ არის აუცილებელი, იგივე თქვენსასაც შეეძლოს. თქვენს შვილს თქვენზე უკეთ არავინ იცნობს, ამიტომ გაითვალისწინეთ მისი შესაძლებლობები და ისე მიეცით დავალებები.

გთავაზობთ ზოგად ცხრილს, რომლითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ, თუ გადაწყვეტთ ბავშვის, გოგონასა თუ ბიჭის, სახლის საქმეებში ჩართვას:

 

2-3 წელი

პირადი მოვალეობები:

* გეხმარებათ საწოლის ალაგებაში.

* თქვენი მეთვალყურეობით ალაგებს მიყრილ-მოყრილ სათამაშოებს.

საოჯახო მოვალეობები:

* თავის გასარეცხ ტანსაცმელს სარეცხის კალათაში აწყობს.

* თქვენი მეთვალყურეობით წყალს უსხამს და საჭმელს უდებს შინაურ ცხოველს.

 

4-5 წელი

პირადი:

* ჩაცმაში თითქმის არ სჭირდება მშობლის დახმარება.

* მშობლის დაუხმარებლად ალაგებს საკუთარ საწოლს.

* იღებს საკუთარ ნივთებს (წყლის ბოთლს, ქურთუკს) მანქანიდან და მიაქვს სახლში.

* ალაგებს სათამაშოებს.

* იბანს ხელ-პირს და იხეხავს კბილებს.

საოჯახო:

* გეხმარებათ სუფრის გაშლაში.

* გეხმარებათ საჭმლის მომზადებაში.

* გეხმარებათ მაღაზიიდან ტვირთის სახლში მიტანაში.

* აწყვილებს წინდებს.

* მთლიანად პასუხისმგებელია შინაური ცხოველის კვებაზე.

 

6-7 წელი

პირადი:

* ყოველდღიურად ალაგებს საკუთარ საწოლს.

* ყოველდღიურად იხეხავს კბილებს, ივარცხნის თმას და იბანს ხელ-პირს.

* არჩევს ტანსაცმელს და იცვამს.

* გეხმარებათ როგორც მაგიდის გაშლაში, ისე ალაგებასა და დარეცხილი ჭურჭლის გამშრალებაშიც.

საოჯახო:

* პასუხისმგებელია შინაური ცხოველის გასეირნებასა და კვებაზე.

* წმენდს მტვერს საკუთარ ოთახში.

* ატარებს მტვერსასრუტს საკუთარ ოთახში.

* გააქვს ნაგავი, თუ სთხოვთ.

* კეცავს და თაროებზე ალაგებს საკუთარ ტანსაცმელს.

 

8-11 წელი

პირადი:

* დამოუკიდებლად აგვარებს პირადი ჰიგიენის საკითხს.

* ზრუნავს თავისი ოთახის სისუფთავეზე.

* პასუხს აგებს საშინაო დავალებაზე

* პასუხს აგებს საკუთარ ნივთებზე.

* იღვიძებს მაღვიძარას მეშვეობით, იცვამს დამოუკიდებლად.

საოჯახო:

* გეხმარებათ ჭურჭლის რეცხვაში.

* გეხმარებათ ოჯახის მანქანის რეცხვაში.

* შეუძლია მოიმზადოს მარტივი საუზმე.

 

12-13 წელი

პირადი:

* პირად ჰიგიენაზე მთლიანად თვითონაა პასუხისმგებელი.

* სრულ პასუხისმგებლობას იღებს საშინაო დავალებებზე.

* აყენებს მაღვიძარას, იღვიძებს მისი მეშვეობით და ასრულებს დილის რუტინას.

* თავად იცვლის საწოლის თეთრეულს.

* ზრუნავს თავისი ოთახის სისუფთავეზე.

საოჯახო:

* საჭიროებისამებრ, გეხმარებათ ისეთ საქმეებში, როგორიცაა ნათურების შეცვლა, მტვერსასრუტის ტომრის შეცვლა.

* წმენდს მტვერს, რეცხავს ჭურჭელს.

* საჭიროების შემთხვევაში რჩება პატარა დასთან`ძმასთან.

* სვამს პატარა დას`ძმას მანქანის საბავშვო სავარძელში და საჭიროების შემთხვევაში გადმოჰყავს იქიდან

14-15 წელი

პირადი:

* პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც ევალებოდა 12-13 წლისას.

* პასუხს აგებს სასკოლო დედლაინების, ექსკურსიების, კლასგარეშე შეკრებებისთვის დროის განაწილებასა და თანხის დროულად მიტანაზე.

ოჯახური:

* პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც ევალებოდა 12-13 წლისას.

* დადის ოჯახისთვის საჭირო სურსათისა და სხვა ნივთების საყიდლად.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: