რას გვიამბობს სისხლი
გააზიარე:
სისხლი, კლასიკური გაგებით, ქსოვილია – განსაზღვრული უჯრედების ერთობლიობა, რომელსაც კონკრეტული ფუნქცია აკისრია. თუმცა, დამეთანხმებით, ეს მშრალი განმარტება სათანადოდ ვერ გამოხატავს სისხლის დიდებულებას. სისხლი სითხეა, რომელსაც ოდითგანვე მიაწერდნენ მისტიკურ თვისებებს. მრავალი მეცნიერისთვის სწორედ ის იქცა სამყაროს შეცნობის, ორგანიზმის საიდუმლოებათა წვდომის, დაუღალავი კვლევა-ძიების, საინტერესო აღმოჩენებისა და არანაკლებ საინტერესო კითხვების დასმის ინსპირაციად.
ალბათ მიხვდით – დღეს სისხლზე ვისაუბრებთ. ცხადია, უფრო პროზაულად, თუმცა, ვფიქრობ, ყველას აინტერესებს, რას გვიყვება ან რას მალავს ეს ჯადოსნური ქსოვილი.
უფლება-მოვალეობები
სისხლისთვის ყველა გზა ხსნილია. მას ყველგან მიესვლება. მეტიც – ყველგან ელიან. ის ყოველთვის სასურველი სტუმარია, რადგან ხელდამშვენებულს სჩვევია სიარული და უყურადღებოდ არავის ტოვებს. ხვდება, ვის რა სჭირდება და ამ საჭიროებათა დაკმაყოფილებაზე ზრუნავს.
მოვალეობაც მრავალი და ერთიმეორეზე უფრო მნიშვნელოვანი აკისრია. მათზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ მთავარ ფუნქციებს ჩამოვთვლით:
* ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტი – ორგანიზმის მომარაგება, კვება, უჯრედთა ცხოველქმედების პროდუქტების გარეთ გამოტანა სწორედ სისხლის საშუალებით ხდება. ამიტომ სისხლი მიდის ყველგან, სადაც უჯრედებია, ყველგან, სადაც სიცოცხლე ჩქეფს, და თან მიაქვს სწორედ ის ნედლეული, რომელიც ამ სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.
* ინფექციასთან ბრძოლა – სისხლი ერთგვარი ბრძოლის ველია. ინფექციებთან მებრძოლი უჯრედები სისხლის საშუალებით გადაადგილდებიან და შემთხვევის ადგილისკენ მიიწევენ, ზოგჯერ კი სისხლის წიაღშივე უცხადებენ ხელჩართულ ომს უცხო ორგანიზმს.
* შედედება – სისხლს შედედების უნარი რომ არ ჰქონდეს, სხეული უბრალო ჭრილობის დროსაც კი სისხლისგან დაიცლებოდა. საბედნიეროდ, თითის გაჭრისა არავის გვეშინია, სწორედ იმიტომ, რომ სისხლს შეუძლია, ჭრილობაში ერთგვარი საცობი წარმოქმნას და დენა შეაჩეროს.
გარდა ამისა, სისხლი არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, მონაწილეობს ნარჩენებისგან ორგანიზმის გათავისუფლებაში, ჰორმონებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გადატანაში და სხვა.
სისხლის 55% პლაზმაა, 45% კი ფორმიანი ელემენტი. სისხლის დაახლოებითი წონა სხეულის საერთო მასის 7-8%-ს შეადგენს. მამაკაცის სხეულში დაახლოებით 6.5-7 ლიტრი სისხლი ჩქეფს, ქალის სისხლძარღვებს კი 5-5.5 ლიტრი ეს სითხე გადააქვთ.
საიდან მოდის სისხლი?
სისხლის უჯრედები ძვლის ტვინში წარმოიქმნება. ძვლის ტვინი რბილი, ღრუბლისმაგვარი ნივთიერებაა, რომლითაც ამოვსებულია ზოგიერთი ძვალი. სისხლწარმოქმნა (ჰემოპოეზი) მკაცრად რეგულირებადი პროცესია. სისხლის უჯრედებს დასაბამს ღეროვანი უჯრედები აძლევს. ასეთი უჯრედები ნებისმიერი ასაკის ადამიანების ძვლის ტვინშია. მათი აღმოჩენა პერიფერიულ სისხლსა და ჭიპლარშიც არის შესაძლებელი. ღეროვანი უჯრედების წარმოქმნის შემდეგ დიფერენციაციის პროცესი მიმდინარეობს – ზოგი უჯრედი ერითროციტად ყალიბდება, ზოგი – ლეიკოციტად, ზოგიც – თრომბოციტად და თავისი მოვალეობის შესასრულებლად პერიფერიულ სისხლში გადადის.
ყველა გზა გულისკენ მიდის
სისხლი სისხლძარღვებში: არტერიებში, ვენებსა და კაპილარებში, – მოძრაობს. მისი მარშრუტის საწყისი წერტილიც და ბოლო გაჩერებაც გულია. ყოველი შეკუმშვის დროს ეს ორგანო სისხლს მთელ სხეულში გადაისვრის. არტერიებს ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი თითოეულ ორგანომდე მიაქვთ. ისინი გზადაგზა იტოტებიან. ყველაზე წვრილი სისხლძარღვები კაპილარებია. უშუალოდ აირთა ცვლა სწორედ მათი საშუალებით ხდება. კაპილარების კედელი თხელია, მათში სისხლის დინების სიჩქარე კი – დაბალი, რაც აირთა ცვლის განხორციელების საშუალებას იძლევა.
ორგანოთა მომარაგების შემდეგ სისხლი გულს უბრუნდება, ამჯერად – ვენების გავლით. გულიდან კი ეს ჯადოსნური სითხე ფილტვებისკენ მიიწევს. აქ ორგანოებიდან მოტანილი ნახშირორჟანგისგან თავისუფლდება და ჟანგბადით მდიდრება ხდება. ფილტვებიდან სისხლი ისევ გულს უბრუნდება და იწყება სხეულის მომარაგების ახალი ციკლი...
ფორმა და შინაარსი
სისხლის უჯრედებს ფორმიანი ელემენეტები ეწოდება. მათ შორის ყველაზე მეტია ერითროციტი – სისხლის წითელი უჯრედი. ერითროციტების წილად სისხლის მოცულობის 40-45% მოდის. მათი დანიშნულება სხეულის ჟანგბადით მომარაგებაა. ერითროციტების ფორმა მათ ფუნქციას შეესაბამება – თითქოს ვიღაცამ ამ უჯრედს განზრახ ამოაცალა ბირთვი და ორივე მხრიდან ჩაზნიქა – ამის წყალობით ერითროციტს ჟანგბადის უფრო მეტი ატომის მიერთება შეუძლია, თანაც ადვილად იცვლის ფორმას, რაც სხვადასხვა ზომის სისხლძარღვში იოლად გაძვრომის და ყველაზე მიუვალი ადგილების ჟანგბადით მომარაგების საშუალებას აძლევს.
ერითროციტს წითელ ფერს ჰემოგლობინი აძლევს. ეს ცილაა, რომელიც უშუალოდ იერთებს ჟანგბადს, უჯრედებიდან წამოკრეფილ ნახშირორჟანგს კი ფილტვებისკენ მიარბენინებს და ამონასუნთქ ჰაერთან ერთად გარეთ გზავნის. ჰემოგლობინი რკინის მოლეკულას შეიცავს. სწორედ ამიტომ ახდენს რკინის დეფიციტი გავლენას ჰემოგლობინის ოდენობაზე.
სისხლი წითელია. უფრო სწორად, მასში ბევრია წითელი უჯრედი, ამიტომ თავადაც წითელი ჩანს. ძლიერი ანემიის დროს (მაშინ, როდესაც სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცველობა იკლებს) სისხლი სიწითლეს კარგავს.
სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას ერითროპოეტინი აკონტროლებს. ეს გახლავთ ჰორმონი, რომელიც უმთავრესად თირკმელებში გამომუშავდება.
ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა არც ისე დიდია – საშუალოდ 120 დღე.
თეთრი უჯრედები
ლეიკოციტები სისხლის თეთრი უჯრედებია. მათ წილად სისხლის საერთო მოცულობის მხოლოდ 1% მოდის. ამან არ დაგაბნიოთ – ლეიკოციტებს არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. მათი უმთავრესი მოვალეობა ინფექციებთან ბრძოლაა.
ლეიკოციტების ყველაზე გავრცელებული ტიპი ნეიტროფილია (ამ ტიპისაა თეთრი უჯრედების 50-70%). ნეიტროფილები დაუყოვნებელი პასუხის უჯრედებია – შეიჭრება თუ არა ორგანიზმში უცხო, ნეიტროფილები განგაშის ზარს შემოჰკრავენ, შემთხვევის ადგილისკენ მიიჩაქრიან, მტერს ამოიცნობენ და შთანთქავენ.
ნეიტროფილების სიცოცხლე ხანმოკლეა – მხოლოდ ერთი დღე გრძელდება, ამიტომ ძვლის ტვინში განუწყვეტლივ ხდება ამ უჯრედების გამომუშავება, რათა ინფექციასთან გასამკლავებლად ორგანიზმი მუდამ მზად იყოს. ხანმოკლე სიცოცხლის გამო ნეიტროფილების გადასხმა ნაკლებად ეფექტიანია – ისინი ორგანიზმში დიდხანს ვერ ჩერდებიან.
ლეიკოციტების კიდევ ერთი ტიპია ლიმფოციტი. ეს უჯრედიც უდიდეს როლს ასრულებს იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში, თუმცა ლიმფოციტები განსხვავებულ ტაქტიკას მიმართავენ: თ ლიმფოციტი სხვა იმუნური უჯრედების ფუნქციას არეგულირებს, თუმცა უშუალოდაც ესხმის თავს ინფიცირებულ უჯრედებს, B ლიმფოციტი კი ანტისხეულებს გამოიმუშავებს – ცილას, რომელიც საკუთრივ უცხოს წინააღმდეგ არის მომართული. ანტისხეულების ფუნქციაც მტერთან ბრძოლა, მისი განეიტრალებაა.
შედედების ამბავი
ფორმიანი ელემენტების მესამე ტიპი თრომბოციტია. ერითროციტებისა და ლეოკოციტებისგან განსხვავებით, თრომბოციტები არა უჯრედები, არამედ დიდი უჯრედის მცირე ზომის ფრაგმენტებია. ისინი სისხლის შედედებაში მონაწილეობენ – დაზიანების ადგილას იყრიან თავს და ერთმანეთს ეწებებიან. აქვე გამოიყოფა ფიბრინიც – ერთგვარი ძაფი, რომლის ხლართებშიც ეხვევა თრომბოციტები. ამ პროცესის საბოლოო შედეგი გახლავთ თრომბი – ერთგვარი საცობი, რომელიც სისხლდენის შეჩერების გარანტია. თუმცა, მეტისმეტი არაფერი ვარგა – თუ თრომბოზულმა პროცესმა უდროო დროს ან უადგილო ადგილას იჩინა თავი, შესაძლოა ინსულტი, ინფარქტი ან სიცოცხლისთვის საშიში სხვა გართულება განვითარდეს.
შინაარსი ფორმის გარეშე
პლაზმა სისხლის თხევადი ნაწილია. ვინაიდან სისხლის უჯრედებს ფორმიანი ელემენტები ეწოდება, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ პლაზმა უფორმოა. ის წყლის, ცხიმების, ცილების, ნახშირწყლებისა და მარილების ნარევია. თუმცა სწორედ პლაზმა აძლევს სისხლს დამახასიათებელ თხიერ ფორმას. პლაზმის მთავარი ფუნქცია ორგანიზმში სისხლის უჯრედების ტრანსპორტია. უჯრედებთან ერთად პლაზმას გადააქვს საკვები ნივთიერებები, ანტისხეულები, ქიმიური ნაერთები, ჰორმონები და სხვა.
სისხლი ყველგან არის, ამიტომ ფაქტობრივად ყველაფერი იცის. ექიმებს ისღა დაგვრჩენია, სისხლის ენა შევისწავლოთ და მასში დამალული ინფორმაცია გავშიფროთ. ასეც ვიქცევით: თუ ავადმყოფობა ვიეჭვეთ, უმალვე სისხლის ანალიზს ვთხოვთ. ის კი არა, სისხლის გამოკვლევის ზოგიერთ მეთოდს შეუძლია, ავადმყოფობა მანამდეც კი გამოააშკარაოს, ვიდრე პირველი სიმპტომები იჩენდეს თავს.
სისხლის გამოკვლევით შესაძლებელია ზოგიერთი დაავადების რისკის გამოვლენაც – ისეთი ნივთიერებების აღმოჩენა, რომლებიც მომავალში ავადმყოფობას მოასწავებს, ჩანასახშივე აღმოჩენილი პრობლემა კი გაცილებით ადვილად გვარდება. სკრინინგული კვლევების უმეტესობა სწორედ სისხლის ანალიზს ეფუძნება.
გავიგოთ, რას გვეუბნება ეს ჯადოსნური სითხე.
---
ახლა ცოტათი გეჩხვლიტებათ
სისხლის ანალიზი მრავალნაირია. ზოგი მათგანი რუტინულია, ზოგი კი შედარებით იშვიათად, მხოლოდ განსაზღვრულ ვითარებაში ტარდება. ზოგიერთი ტესტის ჩატარებამდე რამდენიმესაათიანი შიმშილობა, ამა თუ იმ წამლის მიღებისგან თავის შეკავება ან რომელიმე სხვა აკრძალვის დაცვა მოგიწევთ.
სისხლის ანალიზების უმრავლესობა განსაკუთრებულ მომზადებას არ მოითხოვს. მანიპულაცია რამდენიმე წუთი გრძელდება. ანალიზისთვის ძალიან ცოტა სისხლია საჭირო. მას, როგორც წესი, ვენიდან იღებენ. შეიძლება თითიდან აღებაც, თუმცა ასე კაპილარულ სისხლს მივიღებთ, ვენიდან კი, ბუნებრივია, ვენური სისხლი გამოდის. ლაბორატორიული კვლევისთვის ამ უკანასკნელს ამჯობინებენ.
ერთხელ მაინც ეს პროცედურა ალბათ ყველასთვის ჩაუტარებიათ. სწრაფი და მარტივია. შესაძლოა, მცირე დისკომფორტი იგრძნოთ, რომელიც რამდენიმე წამში გაივლის.
როგორ იღებენ სისხლს, ყველას გემახსოვრებათ: მკლავზე ლენტს გადაგიჭერენ და მუშტის შეკვრას გთხოვენ. ამ დროს ვენები უკეთ ჩანს, რაც სისხლის აღებას აადვილებს. როდესაც ნემსი ვენაში მოხვდება, სისხლი თავისთავად გადმოვა. თუ დიდი რაოდენობის სისხლის აღებაა საჭირო, ნემსს ვენაში ტოვებენ და ახალ შპრიცს მიუერთებენ.
რა უნდა იყოს ამ პროცედურაში საშიში? არც არაფერი, თუმცა ზოგს მაინც ეშინია. ამ ფენომენს ირაციონალური მიზეზები აქვს: ზოგს ნემსის დანახვა უხეთქავს გულს, ზოგს – მილში მომდინარე სისხლისა, ზოგსაც ჩხვლეტის თანმხლები ტკივილი აფრთხობს. თუ თქვენც იგივე გემართებათ, გირჩევთ, პროცედურის დროს ვენას არ უყუროთ და ყურადღება სხვა საგანზე გადაიტანოთ, ესაუბროთ თანმხლებს...
ნემსის ამოღების შემდეგ ნანემსარზე პლასტირს დაგაკრავენ და მოგთხოვენ, თითით დააწვეთ – ეს ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას, ხელს უშლის შეშუპებას და სისხლჩაქცევის გაჩენას. რამდენიმეწუთიანი ზეწოლა საკმარისია, პლასტირის დატოვება კი რამდენიმე საათით შეიძლება.
ზოგი ანალიზი სწრაფად სრულდება, ზოგს რამდენიმე საათი სჭირდება, ზოგსაც – რამდენიმე კვირა.
დიაგნოსტიკის პირველი რგოლი
სისხლის ანალიზი აჩვენებს, ნორმის ფარგლებშია თუ არა განსაზღვრული უჯრედები და ქიმიური ნივთიერებები. ნორმად მიიჩნევა მონაცემები, რომლებიც ჯანმრთელი მოსახლეობის 95%-ს აქვს განსაზღვრულ ჯგუფში, ამიტომ ის, რასაც ნორმას ვუწოდებთ, არ არის საყოველთაო – იცვლება სქესის, ასაკის, რასისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.
ნორმიდან გადახრა ყოველთვის ავადმყოფობაზე არ მიუთითებს – ის შესაძლოა იყოს დიეტის, მენსტრუაციის, ფიზიკური დატვირთვის, მიღებული წამლის ან ალკოჰოლის ბრალი, ამიტომ სისხლის ანალიზის ინტერპრეტაცია ექიმს უნდა მივანდოთ.
დაავადების დიაგნოზს მხოლოდ სისხლის ანალიზის საფუძველზე არ სვამენ – საჭიროა გასინჯვა, ანამნეზის შეკრება, კლინიკური სურათის შესწავლა, სხვა კვლევის შედეგებთან შეჯერება… თუმცა უდავოა, რომ სისხლის ტესტებს ავადმყოფობის გამოვლენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
სისხლის საერთო ანალიზი
ეს ყველაზე გავრცელებული ლაბორატორიული ტესტია. ის ტარდება გეგმური გამოკვლევის დროსაც და მაშინაც, როცა კონკრეტულ პრობლემას ეჯახებით.
მართალია, ფაქტობრივად ყველა პაციენტს ექიმი სისხლის საერთო ანალიზს უნიშნავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტესტით ყოველგვარი ავადმყოფობის დიაგნოზს დავსვამთ. საერთო ანალიზით ფასდება სისხლის კომპონენტების: ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების, ჰემოგლობინის რაოდენობა, ფორმა, განაწილება… შესაბამისად, ეს კვლევა ვერ გამოავლენს, მაგალითად, ტუბერკულოზის ბაქტერიას, სიმსივნის მარკერს, ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულს... ჯანმრთელობის ყოველგვარი პრობლემა ასე თუ ისე სისხლზეც ახდენს გავლენას და, შესაბამისად, საერთო ანალიზის პასუხსაც ცვლის, მაგრამ ისეც ხდება, რომ, მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, სისხლის ანალიზი “სუფთაა”. ასე რომ, მხოლოდ მის იმედად ყოფნა არ ივარგებს. სისხლის საერთო ანალიზი ზოგჯერ სავსებით საკმარისია, ზოგჯერ კი მხოლოდ გზამკვლევია ექიმისთვის, მიმართულების მიმცემია დიაგნოზის ძიების რთულ გზაზე.
---
ვშიფრავთ ანალიზს
საერთო ანალიზის პასუხი მონაცემების ვრცელ ჩამონათვალს მოიცავს. ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებლები განვიხილოთ:
სისხლის წითელი უჯრედები
ერითროციტების ფუნქცია, როგორც ითქვა, ჟანგბადის ტრანსპორტირებაა. შესაბამისად, მათი რაოდენობა მიგვახვედრებს, როგორია ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება. ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება ანემიის (სისხლნაკლებობის) კლასიკური ლაბორატორიული ნიშანია. ანემიას, თავის მხრივ, არაერთი მიზეზი იწვევს. ზოგი მათგანი სისხლის საერთო ანალიზშიც ჩანს, ზოგის გამოვლენას კი დამატებითი კვლევა სჭირდება. მაგალითად, ანემიის ყველაზე გავრცელებული მიზეზი რკინის დეფიციტია, მაგრამ მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზზე დაყრდნობით ვერ ვიტყვით, მართლა რკინის ნაკლებობა დგას თუ არა ერითროციტების დაქვეითების უკან. ამისთვის დამატებითი ტესტის ჩატარება მოგიწევთ სისხლში რკინის ოდენობას შესამოწმებლად.
ყურადღებას მოითხოვს ერითროციტების მაღალი მაჩვენებელიც. ერითროციტოზი შესაძლოა ერითრემიის, გაუწყლოების, დამწვრობის, ფილტვის ან თირკმლის დაავადების ნიშანი იყოს.
ჰემატოკრიტი გვიჩვენებს, როგორია ერითროციტების წილი სისხლში. მაღალი ჰემატოკრიტი პლაზმის დეფიციტის ან ერითროციტების მატების მაჩვენებელია, რაც, თავის მხრივ, გაუწყლოებაზე მიუთითებს. მიზეზი შესაძლოა იყოს ძლიერი დიარეა, ღებინება, დამწვრობა. დაბალი ჰემატოკრიტი ანემიისთვის არის დამახასიათებელი. ჰემატოკრიტის ნორმიდან გადახრა ზოგჯერ სისხლის ან ძვლის ტვინის დაავადების ნიშანია.
ერითროციტების საშუალო მოცულობა ერითროციტების საშუალო ზომის მაჩვენებელია. თუ სისხლში მცირე ზომის ერითროციტები ჭარბობს, რკინადეფიციტური ანემია, თალასემია უნდა ვიეჭვოთ, დიდი ზომის ერითროციტები კი B12-დეფიციტური ან ფოლიუმმჟავადეფიციტური ანემიის, ღვიძლის დაავადებების, ჰიპოთირეოზის დროს ჩნდება.
ჰემოგლობინის – ჟანგბადის გადამტანი ცილის – ნაკლებობაც ანემიის ნიშანია. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის, თალასემიის დროს იცვლება ჰემოგლობინის არა მხოლოდ ოდენობა, არამედ ფორმაც. ჰემოგლობინის ოდენობის ცვლილება შესაძლოა დიაბეტის ნიშანიც იყოს – ჭარბი გლუკოზა ჰემოგლობინს უკავშირდება და ე.წ. გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) რაოდენობის მატებას იწვევს.
ერითროციტებში ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა (MCH) – სისხლნაკლებობის ზოგიერთი ტიპი ერითროციტებისა და ჰემოგლობინის დონის ერთდროულ დაქვეითებას იწვევს, ზოგიერთი კი – მხოლოდ რომელიმე მათგანისას. ასე რომ, დიაგნოსტიკური ღირებულება არა მხოლოდ მათ რაოდენობას, არამედ თანაფარდობასაც აქვს. ამ ინფორმაციას ერითროცტებში ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა (MCH) გვაწვდის. დაბალი MCH რკინადეფიციტურ ანემიას ახასიათებს, მაღალი კი – B12– და ფოლიუმმჟავადეფიციტურ ანემიებს, თუმცა არც ერითროციტებისა და ჰემოგლობინის თანაბარი დაქვეითებააგამორიცხული. MCH-ის ნორმალური მაჩვენებელი სისხლდენას ახასიათებს.
რეტიკულოციტები ერითროციტების უმწიფარი ფორმებია. ისინი ძვლის ტვინში წარმოიქმნება, ერითროციტებად დიფერენეცირდება და შემდეგ გადადის სისხლში. როდესაც სისხლში ერითროციტების რაოდენობა იკლებს, ძვლის ტვინის ადეკვატური რეაქცია მათი პროდუქციის გაზრდაა. ამ დროს რეტიკულოციტებიც დროზე ადრე ტოვებენ ძვლის ტვინს, შესაბამისად, სისხლში მათი რაოდენობა იმატებს.
რეტიკულოციტებს ერითროციტებსა და ჰემოგლობინთან ერთად აფასებენ. ამ უკანასკნელთა დაქვეითების ფონზე რეტიკულოციტების მატება სისხლნაკლებობის ლაბორატორიული ნიშანია. რეტიკულოციტების მაჩვენებელი ინფორმაციას გვაწვდის იმის თაობაზეც, აქვს თუ არა არა ძვლის ტვინს უნარი, ერითროციტებზე გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
ედსი ერითროციტების დალექვის სიჩქარეა. ეს მონაცემი გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად ილექება ერითროციტები კოლბის ფსკერზე, რომელიც სისხლის ნიმუშს შეიცავს. ეს პროცესი, როგორც წესი, შედარებით ნელა მიმდინარეობს. მისი სიჩქარე იმატებს ანთებითი პროცესების დროს. ანთება კი შეიძლება ინფექციის, ტრავმის, ქრონიკული დაავადების შედეგი იყოს. ინფექციური დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, რევმატოიდული ცხელება, სისხლძარღვთა დაავადებები, ნაწლავის ანთებითი დაავადება, გულისა და თირკმლის დაავადებები, სიმსივნის ზოგიერთი ფორმა – ყველა მათგანი ედსის მატებას იწვევს. ზოგჯერ ერითროციტების დალექვის სიჩქარე შენელებულია. დაბალი ედსი პოლიციტემიას, ნამგლისებრუჯრედოვან ანემიას, ლეიკოციტოზს ახასიათებს.
ედსის ზომიერ მატებას ორსულობა, მენსტრუაცია, ანემიაც იწვევს. მასზე გავლენას ახდენს სისხლის აღებამდე მიღებული საკვები და მედიკამენტებიც, განსაკუთრებით – ორალური კონტრაცეპტივები, ასპირინი, კორტიზონი, A ვიტამინი.
სისხლის თეთრი უჯრედები
იმუნური სისტემის ჯარიკაცების სიმრავლე, უპირველეს ყოვლისა, ინფექციას გვაფიქრებინებს, თუმცა ლეიკოციტოზი ასევე შეიძლება მიუთითებდეს ემოციურ სტრესზე, ტრავმაზე, დამწვრობაზე, თირკმელების უკმარისობაზე, რევმატოიდულ დაავადებაზე, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაზე, ალერგიულ რეაქციაზე.
ლეიკოციტების დაქვეითება კი ძვლის ტვინის დაავადებებს, მალარიას, ალკოჰოლიზმს, შიდსს ახასიათებს. ასეთივე გვერდითი ეფექტი აქვს ქიმიოთერაპიას.
ლეიკოციტების სხვადასხვა ფორმა სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. შესაბამისად, სხვადასხვა ფორმის ოდენობის ცვლილება სხვადასხვა პათოლოგიის ნიშანია. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია სისხლის ანალიზის ინტერპრეტაციის დროს. მაგალითად:
- ნეიტროფილების მომატება ბაქტერიულ ინფექციაზე, ანთებით პროცესზე, სისხლის დაავადებაზე მიუთითებს, შემცირება კი ვირუსულ ინფექციებს ახასიათებს.
- ვირუსული ინფექციის ლაბორატორიული ნიშანია ლიმფოციტების მომატებაც.
- მონოციტები უცხო სხეულების განეიტრალებაში, მკვდარი უჯრედების მოშორებასა და იმუნური პასუხის გაძლიერებაში მონაწილეობენ. სისხლში მათი რაოდენობის მომატება ქრონიკული ანთებით დაავადებაზე, პარაზიტულ ინფექციაზე, ტუბერკულოზზე, ზოგიერთ ვირუსულ დაავადებაზე მიუთითებს.
- ეოზინოფილები ინფექციის (განსაკუთრებით – პარაზიტულის), ალერგიის, ანთებითი პროცესის მანიშნებელია. სისხლში მათი სიჭარბე ალერგიული რეაქციის, პარაზიტული დაავადების, ადისონის დაავადების, ავთვისებიანი დაავადების შედეგია.
- ბაზოფილები გამოყოფენ ფერმენტებს, რომლებიც ალერგიული რეაქციაში მონაწილეობენ. ბაზოფილების რაოდენობა იმატებს ალერგიული რეაქციების, ძვლის ტვინის დაავადების, ჩუტყვავილას დროს, ელენთის ამოკვეთის შემდეგ.
თრომბოციტები
თრომბოციტების ანორმალური დონე სისხლის შედედების დარღვევაზე მიუთითებს. ჯანმრთელობას საფრთხეს უქადის შედედების უნარის როგორც დაქვეითება, ისე მომატებაც. თრომბოციტების მაღალი მაჩვენებელი თრომბოზულ პროცესებზე, ძვლის ტვინის დაზიანებაზე მეტყველებს, დაბალი კი ორსულობას, თრომბოციტოპენიურ პურპურას, ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომს, ავტოიმუნურ დაავადებებს ახასიათებს.
---
შედედების ისტორია
სისხლის შედედება, როგორც ითქვა, სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესია, ოღოონდ სისხლი მაშინ უნდა შედედდეს, როდესაც ამის საჭიროება წარმოიშობა და არა სისხლძარღვებში მიმოქცევისას. ორგანიზმისთვის სარგებლობა არც სისხლის შედედების უნარის დაქვეითებას მოაქვს. პირველ შემთხვევაში ინსულტისა და ინფარქტის გვეშინია, მეორე შემთხვევაში – სისხლდენის.
კოაგულოპათია (სისხლის შედედების დარღვევა) არცთუ იშვიათია, ამიტომ მისი გამოვლენის მეთოდებიც საკმაოდ პოპულარულია. სისხლის შედედების უნარის შესაფასებლად აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ კოაგულოგრამა.
კოაგულოგრამის არსი უკეთ რომ გაიგოთ, შეგახსენებთ, როგორ მიმდინარეობს შედედების პროცესი ჩვენს ორგანიზმში.
ყველაფერი ჭრილობით, ტრავმით, სისხლდენით იწყება. დაიწყებს თუ არა ჯადოსნური სითხე უნებართვოდ დენას, ორგანიზმი საგანგებო, ჰემოსტაზურ რეჟიმზე გადადის და კოაგულაციურ აპარატს აამოქმედებს. ჯაჭვური რეაქციების საშუალებით ერთიმეორის მიყოლებით აქტიურდება შედედების ფაქტორები (პლაზმის ცილები, რომლებიც სისხლის შედედებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს). შედედების პროცესის მნიშვნელოვანი ელემენტებია რეაქციათა კატალიზატორებიც. ეს ნივთიერებები შედედების ფაქტორებს თავიანთი მოვალეობის შესრულებას აიძულებენ. საბოლოოდ, ფორმირდება კოლტი და წყდება სისხლდენა. სისხლის შედედებისთვის საჭიროა ყველა ფაქტორის საკმარისი რაოდენობა და ყველა მათგანის გამართული მუშაობა. სისხლის ტესტებით სწორედ მათი ოდენობა და მუშაობის ხარისხი იზომება. ფასდება სისხლის შედედების უნარი და შედედებისთვის საჭირო დრო.
ყველაზე ინფორმაციული ლაბორატორიული მაჩვენებლებია:
* პროთრომბინის დრო (PT) და INR გვიჩვენებს შედედების II, V, VII, X ფაქტორების კოაგულაციურ აქტივობას. INR პროთრომბინის დროზე დაფუძნებული მონაცემია. მისი მატება შედედების უნარის დაქვეითებაზე მიუთითებს და პირიქით. ის მეტად ფასეულ ინფორმაციას გვაწვდის სისხლის გამათხელებელი მედიკამენტებით მკურნალობის დროს სისხლის კოაგულაციური აქტივობის შესაფასებლად. მაღალი INR შესაძლოა იყოს ჩამოთვლილი ფაქტორების დეფიციტის, ღვიძლის ქრონიკული დაავადების, ნაწლავური დაავადების, K ვიტამინის დეფიციტის შედეგი, INR-ის დაქვეითება კი ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზს, ინფარქტს, ინსულტს, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას მოასწავებს.
* ფიბრინოგენის კონცენტრაცია – ეს ცილა ღვიძლში წარმოიქმნება და შედედებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მას შედედების პირველ ფაქტორს უწოდებენ. სისხლი რომ შედედდეს, ფიბრინოგენი ფიბრინად უნდა გარდაიქმნას. ამ რეაქციის კატალიზატორი კი თრომბინია. ლაბორატორიულად იზომება როგორც ფიბრინოგენის კონცენტრაცია, ისე თრომბინის დრო. ფიბრინოგენის მატება დამახასიათებელია თრომბოზისთვის, ინფარქტისთვის, ორსულობის მესამე ტრიმესტრისთვის, ანთებითი ან სიმსივნური დაავადებისთვის, დაქვეითება კი ღვიძლის დაზიანებაზე, შედედების ფაქტორების თანაყოლილ დეფიციტსა და სხვა კოაგულოპათიებზე მიუთითებს.
* აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო – ამ შემთხვევაში ფასდება სისხლში I, II, V, VIII, IX, X, XI, XII ფაქტორების აქტივობა. ამ მაჩვენებლის დაქვეითება სისხლის შედედების უნარის მომატებაზე მიუთითებს და პირიქით.
ათეროსკლეროზი, დიაბეტი, მოციმციმე არითმია, ჭარბი წონა, ერთ პოზაში ხანგრძლივად ყოფნა, კიბო – ეს ის ფაქტორებია, რომელთა გავლენითაც იზრდება სისხლის შემდედებელი აქტივობის მომატების რისკი, ამიტომ მათი არსებობისას კოაგულოგრამის ჩატარება პროფილაქტიკური მიზნითაც მოგიწევთ. ფასეული კვლევაა ოპერაციის წინ და შემდგომ, ასევე – სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სისხლდენის, ქრონიკული ვენური დაავადების, ღვიძლის დაავადების დროს. რუტინულად უტარდებათ ორსულებს, ვინაიდან ორსულობის დროს იმატებს სისხლის კოაგულაციური აქტივობა, თუმცა განსაზღვრულ ეტაპამდე ეს ცვლილებები ფიზიოლოგიურია, ორსულობისთვის დამახასიათებელი, და ჩარევას, “მკურნალობას” არ მოითხოვს, ამიტომ ანალიზის პასუხის შეფასება აუცილებლად ექიმს უნდა მივანდოთ.
მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგია საჭირო იმ პაციენტებთან, რომლებიც სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს იღებენ. კოაგულოგრამის საფუძველზე, ერთი მხრივ, ფასდება მკურნალობის ეფექტიანობა, მეორე მხრივ, ირჩევა პაციენტისთვის საჭირო დოზა.
კოაგულოგრამასთან ერთად სისხლის შედედებაზე მნიშნვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის სისხლის საერთო ანალიზი, განსაკუთრებით – თრომბოციტების მაჩვენებელი, და რამდენიმე სხვა კვლევა (მაგალითად, D დიმერის განსაზღვრა). მათ ექიმი საჭიროებისამებრ დანიშნავს.
---
სისხლით ნათესაობა
ამ სიტყვათშეთანხმების მნიშვნელობა ყველამ იცის, მაგრამ ალბათ არ შევცდები, თუ სისხლით ნათესავებს ვუწოდებ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ერთმანეთის მსგავსი, ერთმანეთის სისხლთან თავსებადი სისხლი აქვთ. ოღონდ ამ პრინციპით შესაძლოა თქვენი “ნათესავი” არა ოჯახის წევრი, არამედ სრულიად უცხო ადამიანი აღმოჩნდეს. რას ვიზამთ, სისხლს “გარეშესა” და “შინაურის” გარჩევის საკუთარი სისტემა აქვს. სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ ფენომენს, როდესაც ერთი ტიპის სისხლის გადასხმა სიცოცხლისთვის საშიშ პროცესებს აძლევს დასაბამს, მეორე ტიპის სისხლისა კი, პირიქით, სიცოცხლისთვის საშიში პროცესების აღმოფხვრას უწყობს ხელს?
ამ საიდუმლოს გასაღები ერითროციტების ზედაპირზე არსებული მარკერები, ე.წ. ანტიგენებია. ამ ანტიგენების მიხედვით სისხლი ოთხ ჯგუფად იყოფა:
0 – არ შეიცავს არც ერთ ანტიგენს;
A – შეიცავს A ანტიგენს;
B – შეიცავს B ანტიგენს;
AB – შეიცავს ორივე ანტიგენს.
ამას სისხლის დაყოფის AB0 სისტემა ეწოდება.
არსებობს მეორე კლასიფიკაციაც – რეზუს ფაქტორის მიხედვით. რეზუსდადებით სისხლს ეს ფაქტორი აქვს, რეზუსუარყოფითს – არა.
უცხო სისხლის ანტიგენის საპასუხოდ მიმღები ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ანტისხეულები უცხო ერითროციტებს ამოიცნობენ, თავს ესხმიან და ანადგურებენ. თუმცა აქაც არის ვარიაციები. მაგალითად, 0 ჯგუფის სისხლს თუ რომელიმე სხვა ჯგუფისა შეერია, უმალვე ჰემოლიზის საშიში პროცესი დაიწყება, AB ჯგუფის სისხლი კი ყველა სხვა ჯგუფისას ეთავსება.
ამ ფაქტორების არსებობა-არარსებობა არც ჯანმრთელობაზე აისახება, არც ძალაზე. ესენი უწყინარი გენეტიკური თავისებურებებია, ისეთივე, როგორიც თვალის ფერი ან თმის სისქე. თუმცა ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ სისხლის ჯგუფსა და რეზუსს რაღაც დანიშნულება მაინც აქვს; უბრალოდ, მეცნიერებას მისთვის ჯერ ვერ მიუგნია.
ასეა თუ ისე, საკუთარ სისხლის ჯგუფსა და რეზუსკუთვნილებაზე ცოტა თუ ფიქრობს, სანამ სისხლის გადასხმა არ დასჭირდება.
სისხლის რეზუსი უდიდეს როლს ასრულებს ორსულობის მიმდინარეობაში. რეზუსუარყოფით ქალებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ: თუ ნაყოფი რეზუსდადებითია, დედის ორგანიზმი მისთვის უცხო სისხლის საპასუხოდ ანტისხეულების გამომუშავებას დაიწყებს და თვითნებით აბორტს გამოიწვევს ან სხვაგვარად დააზიანებს ნაყოფს, ამიტომ სისხლის ჯგუფისა და რეზუსკუთვნილების განსაზღვრა ორსულობის ადრეულ ვადაზე რუტინულად ხდება. რეზუსუარყოფით ორსულებს პერიოდულად სპეციალურ კვლევებს უტარებენ, რათა მდგომარეობა მუდმივად აკონტროლონ. საბედნიეროდ, უარყოფითი რეზუსი დღეს უკვე აღარ არის განაჩენი, თანამედროვე მედიცინას შეუძლია პოტენციური გართულებების გამოვლენა და მართვა.
სისხლის გარეშე ორგანოთა არსებობას აზრი დაეკარგებოდა. მათი დაუღალავი შრომის შედეგი, ჰორმონები თუ სხვა ნივთიერებები, თავდაპირველად სწორედ სისხლში ხვდება და მისი მეშვეობით მიდის დანიშნულების ადგილამდე. სისხლში ამ სუბსტანციათა კონცენტრაციის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორგანოთა ფუნქციაზე, შევაფასოთ მათი მუშაობის ხარისხი, დავსვათ ავადმყოფობის დიაგნოზი, დავაკვირდეთ მკურნალობის პროცესს, გამოვავლინოთ წამლების გვერდითი ეფექტები...
მოდი, გავიგოთ, რომელი ორგანოების შეფასება შეიძლება სისხლის ანალიზით.
ვაფასებთ ღვიძლს
ღვიძლის ბიოქიმიური კვლევა მოიცავს რამდენიმე ანალიზს, რომლებსაც ღვიძლის მუშაობის შესაფასებლად იყენებენ. ამ დროს სისხლში ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნივთიერებების ოდენობას ზომავენ. სისხლს ვენიდან იღებენ. მანიპულაციამდე 10-12 საათი უზმოდ ყოფნა მოგიწევთ.
ბუნებრივია, ანალიზი ღვიძლის დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში ინიშება. ჰეპატოლოგიურ პრობლემაზე მიუთითებს:
* სიყვითლე;
* გულისრევა-ღებინება;
* მუცლის ტკივილი;
* ძლიერი დიარეა;
* მუქი შარდი;
* თიხისფერი განავალი;
* დაღლილობა, საერთო სისუსტე;
* ქავილი.
თუ ანალიზის ერთი ან მეტი მონაცემი ნორმას არ შეესაბამება, ე.ი. ღვიძლი გასაჭირშია. ყველაზე დიდია ვირუსული ჰეპატიტის, ალკოჰოლური დაზიანების, კიბოს ალბათობა. დიაგნოზის დასაზუსტებლად და დაზიანების პირველწყაროს დასადგენად შემდგომი კვლევა დაგჭირდებათ.
ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ფაქტობრივად არც ერთი პათოლოგიური პროცესი არ არის ლოკალური – ყველა მათგანი აისახება სხვა ორგანოებზეც და ზოგჯერ დაზიანების კერიდან მოშორებით მდებარე უბნებშიც იწვევს კლინიკურ სიმპტომებს. ღვიძლის ფუნქციის დარღვევაც შეიძლება რომელიმე სხვა, ღვიძლთან დაუკავშირებელი დაავადების გამოხატულება იყოს. მეტიც: მკურნალობის გვერდითი ეფექტიც აღმოჩნდეს. ასე რომ, ანალიზებს გონივრული განმარტება სჭირდება.
ახლა კი – უშუალოდ მონაცემების შესახებ.
ალბუმინი ღვიძლის მიერ გამომუშავებული ცილაა. ის ხელს უწყობს სისხლის თხევადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გადააქვს ჰორმონები, ვიტამინები და ფერმენტები. ალბუმინის დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა იყოს ღვიძლის, თირკმლის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, მალნუტრიციის, ინფექციის შედეგი, მაღალი კი დეჰიდრატაციას და ძლიერ დიარეას ახასიათებს.
ტუტე ფოსფატაზა (ALP) – ეს ფერმენტი მრავალი უჯრედის შემადგენლობაში შედის. განსაკუთრებით უხვადაა ღვიძლში, ძვლებში, თირკმელებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ღვიძლის დაზიანების დროს ALP სისხლში გადადის, ამიტომ სისხლში მისი სიჭარბე ჰეპატოლოგიურ პრობლემაზე (ციროზზე, ჰეპატიტზე, სანაღვლე გზების დახშობაზე) მიუთითებს. შესაძლოა იყოს ძვლების პათოლოგიის ნიშანიც. თუ ღვიძლის ფუნქციური სინჯებით მოპოვებული სხვა მონაცემები ნორმის ფარგლებშია და მხოლოდ ALP-ამომატებული, ღვიძლის დაზიანება ნაკლებსავარაუდოა. ამ შემთხვევაში უფრო საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგია, მაგალითად, პაჯეტის დაავადება უნდა ვიეჭვოთ. თუმცა ძვლების დაავადებებს სხვა ტიპის ALP-ს მატება ახასიათებს, ღვიძლისას – სხვა, ამიტომ ფუნქციური სინჯებით გამოვლენილი სიჭარბის შემთხვევაში ექიმი დამატებით კვლევას დანიშნავს, რათა გაიგოს, რისი ბრალია ALP-ს მაღალი მაჩვენებლები. არც ის არის გამორიცხული, ფერმენტის სიჭარბე ჰოჯკინის ლიმფომის, გულის უკმარისობის ან ბაქტერიული ინფექციის შედეგი იყოს. ასეთ დროს ALP-ს მაჩვენებლები ზომიერად მაღალია.
თუ ALP დაბალია, სავარაუდოა იშვიათი გენეტიკური დაავადება – ჰიპოფოსფატაზია. ეს პათოლოგია ძვლებსა და კბილებს აზიანებს. ტტუტე ფოსფატაზას ნაკლებობა შესაძლოა თუთიის დეფიციტმა და მალნუტრიცამაც გამოიწვიოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორსულებს, ბავშვებსა და მოზარდებს ALP-ს მაღალი დონე ახასიათებთ. ALP-ს მაჩვენებელზე გავლენას ახდენს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაც.
ალანინტრანსამინაზა (ALT) და ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST) – ეს ფერმენტები უმთავრესად ღვიძლში გვხვდება, სისხლში კი ჰეპატოციტების დაზიანების შედეგად გადადის. მათი მაღალი მაჩვენებლები ჰეპატიტს, ინფექციას, ციროზს, ღვიძლის კიბოს და სხვა ჰეპატოლოგიურ პრობლემებს ახლავს თან. თუმცა ისინი კუნთებშიც მოიპოვება, ამიტომ მათი სისხლში დონის მატება, განსაკუთრებით კი AST-ისა, გულის პათოლოგიების გამორიცხვასაც მოითხოვს.
ბილირუბინი – მოყვითალო ფერის ნივთიერებაა, რომელიც ერითროციტების დაშლის შედეგად გამოიყოფა. ის ღვიძლში წარმოიქმნება, ნაღვლის შემადგენლობაში შედის და საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. ჰეპატოციტების დაზიანების დროს შესაძლოა ბილირუბინმა სისხლში გაჟონოს. ეს სიყვითლეს გამოიწვევს. სიყვითლე, მუცლის არეში ტკივილი, მუქი ფერის შარდი ბილირუბინზე ანალიზის ჩვენებებია. მისი მატება ჰეპატოციტების დაზიანებაზე, სანაღვლე გზების დახშობაზე, ჰემოლიზურ ანემიაზე მიუთითებს.
არსებობს ორი ტიპის ბილირუბინი – პირდაპირი და არაპირდაპირი. პირველი უმეტესად ღვიძლის პრობლემების მარკერია, მეორე კი ანემიებისა და ტრანსფუზიული რეაქციების.
ღვიძლის ფუნქციური სინჯების დროს მაჩვენებლების შეფასებისას გასათვალისწინებელია ასაკი, კვების თავისებურებები, ფიზიკური დატვირთვა, მიღებული მედიკამენტები.
---
როგორ გვიცავს ფარი
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ენერგიის გამოყენებას, სითბოს შენარჩუნებას, გულის, ტვინის, კუნთებისა და სხვა ორგანოების მუშაობას განაგებს. მთავარი მათ შორის თიროქსინია, იგივე T4 (ვინაიდან იოდის ოთხ ატომს შეიცავს). თავად თიროქსინის ყოფნა-არყოფნა კი ჰიპოფიზის თირეოიდმასტიმულირებელ (TSH) ჰორმონზეა დამოკიდებული, რომელიც, თავის მხრივ, თიროქსინის კონცენტრაციის უკუპროპორციულია. თუ თიროქსინის დონემ დაიკლო, მასტიმულირებელი ჰორმონის ოდენობა მოიმატებს (რაც ფარისებრ ჯირკვალს მეტი თიროქსინის გამომუშავებისკენ უბიძგებს) და პირიქით.
ერთი სიტყვით, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის შესაფასებლად ამ ორი ჰორმონის გამოკვლევაა საჭირო. თიროქსინის ნაკლებობა და/ან მასტიმულირებელი ჰორმონის სიჭარბე ორგანოს ფუნქციის დაქვეითებაზე მიუთითებს, T4-ის მაღალი და /ან TSH-ის დაბალი დონე კი ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვლის ლაბორატორიული ნიშანია.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასების პირველი ეტაპი TSH-ის განსაზღვრაა. ის განგაშის ადრეული სიგნალია: ხშირად მანამდე იწევს მაღლა, სანამ თიროქსინი დაეცემა და პირიქით.
ფარისებრი ჯირკვალი ხშირად ხდება ავტოიმუნური პროცესების სამიზნე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც იმუნური სისტემა საკუთარ ქსოვილებს ესხმის თავს. ასეთი თავდასხმის ობიექტები ყველაზე ხშირად პეროქსიდაზა და თირეოგლობულინი ხდებიან, ამიტომ ინფორმაციულია სისხლში მათ საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენაც. ამრიგად, antiTPO და antiTG ანტისხეულების მატება ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ავტოიმუნურ ბუნებას ადასტურებს.
---
მფილტრავის გასაჭირი
თუ რაიმე მიზეზით თირკმლის ფუნქციის შეფასება გახდა საჭირო, კრეატინინის ანალიზს დაგინიშნავენ. ამ ნივთიერებას ყოველდღიური საქმიანობისას გამოყოფს კუნთები. კრეატინინი უსარგებლო ნაერთია, რომლის ორგანიზმიდან გამოტანაც თირკმელებს ევალება. ასე რომ, ნორმალურ შარდში კრეატინინი არის. თირკმელების დაზიანებისას კი სისხლის გაფილტვრის პროცესი ირღვევა, სისხლში კრეატინინის დონე მაღლა იწევს, შარდში – მცირდება.
სიმპტომებს, რომელთა არსებობისას თირკმელების მუშაობა უნდა შევამოწმოთ, მიეკუთვნება:
* დაღლილობა;
* ქუთუთოების შეშუპება;
* მადის დაქვეითება;
* ხშირი და მტკივნეული შარდვა.
კრეატინინის განსაზღვრა შესაძლოა დაგჭირდეთ თირკმლის დაავადების რისკფაქტორების არსებობის დროსაც, კერძოდ – თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, თირკმლის დაავადების ოჯახური ისტორია.
ანორმალური პასუხის შემთხვევაში უნდა ვიეჭვოთ ავტოიმუნური პათოლოგია, თირკმლის ბაქტერიული ინფექცია, საშარდე გზების დახშობა, გულის უკმარისობა, დიაბეტის გართულება...
ნორმიდან გადახრა ყოველთვის პათოლოგიაზე არ მიუთითებს. შესაძლოა, კრეატინინის დონის ცვლილება ორსულობის, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის, წითელი ხორცის დიდი ოდენობით მიღების, ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედების შედეგი იყოს.
---
ცხიმიანი სისხლი
ქოლესტეროლი – ეს ცვილისმაგვარი ნივთიერება სხეულის თითქმის ყველა ნაწილში გვხვდება. ორგანიზმისთვის აუცილებელია, თუმცა ძალიან მცირე ოდენობით. მისი მოჭარბება პრობლემების მოჭარბებას ნიშნავს: ჭარბი ქოლესტეროლი არტერიებში ფოლაქებს წარმოქმნის და სანათურს ავიწროებს, ზოგჯერ კი სულაც ახშობს. თუ გულის მკვებავი სისხლძარღვი დაიხშო, ინფარქტი განვითარდება, თავის ტვინის არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება კი ინსულტს გვიქადის.
საჭირო რაოდენობის ქოლესტეროლს ღვიძლი აწარმოებს, თუმცა შესაძლოა, ეს ნივთიერება საკვების საშუალებითაც მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში, უმთავრესად – ხორცის, კვერცხის, რძის პროდუქტებისგან. დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი საკვები ღვიძლს მეტი ქოლესტეროლის გამომუშავებას აიძულებს.
ქოლესტეროლის სიჭარბე კარგა ხანს შეუმჩნეველია, მაგრამ რომც არაფერს უჩიოდეს, ადამიანი უკვე არის გულის დაავადებათა რისკის მქონე მრავალრიცხოვანი არმიის წევრი. ამიტომაც გვირჩევენ პრობლემის რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, ეს კი სწორედ ქოლესტეროლზე სისხლის ანალიზით ხდება.
მედიცინის ენით თუ ვიტყვით, ტარდება ლიპიდური პროფილის გამოკვლევა, რომლითაც ფასდება კორონარული რისკი.
გამოკვლევის დროს ყურადღება ექცევა სხვადასხვა ტიპის ლიპოპროტეინებს. ლიპოპროტეინები ცხიმისა და ცილის ნაერთებია. მათ გადააქვთ ქოლესტეროლი, ტრიგლიცერიდები და სხვა ცხიმები.
ლიპიდური პროფილი მოიცავს:
* დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს;
* მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს;
* ტრიგლიცერიდებს;
* ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს.
დაბალი სიმკვირივის ლიპოპროტეინებს სხვაგვარად ცუდ ქოლესტეროლს უწოდებენ. სწორედ ის აბინძურებს და ახშობს არტერიებს, ამიტომ მისი რაოდენობა მეტად ინფორმაციულია გულის დაავადებათა რისკის შესაფასებლად. თუმცა მხოლოდ ამ მაჩვენებლის ცოდნა არ კმარა – საჭიროა თანმხლები პათოლოგიების გათვალისწინებაც. მაგალითად, 190 მგ/დლ მაღალ მაჩვენებლად ითვლება, მაგრამ 70-189 მგ/დლ-იც ძალიან მაღალ მაჩვენებლად ჩაითვლება, თუ ამასთან ერთად გაქვთ დიაბეტი, გულის დაავადების მომატებული რისკი, ინსულტი, ქვედა კიდურების სისხლმომარაგების დარღვევა და სხვა.
რაც შეეხება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს, ჩვენი მიზანია, მათი ოდენობა დიდი იყოს. ისინი ცუდი ქოლესტეროლისგან ორგანიზმის გათავისუფლებას უწყობენ ხელს. ორივე სქესის წარმომადგენლებთან დადასტურდა, რომ რაც უფრო მაღალია კარგი ქოლესტეროლის მაჩვენებელი, მით უფრო დაბალია გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი.
ტრიგლიცერიდები ორგანიზმის ცხიმების ერთ-ერთი ტიპია. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, როცა მათი დონე მაღალია, იმატებს გულის დაავადების რისკიც, განსაკუთრებით – ქალებთან.
ძალიან დაბალი სიმკვირვის ლიპოპროტეინი ცუდი ქოლესტეროლის კიდევ ერთი სახეობაა. მათი განსაზღვრა ადვილი არ არის, ამიტომ მათი ოდენობის შესახებ უმეტესად ტრიგლიცერიდების ოდენობის მიხედვით მსჯელობენ.
როდის ამოწმებენ ლიპიდურ პროფილს
ექიმები 35 წელს გადაცილებულ ყველა მამაკაცს და 45 წელს გადაცილებულ ყველა ქალს მოუწოდებენ, რუტინულად – მაშასადამე, ყოველგვარი ეჭვისა და სიმპტომების გარეშე – გაიზომონ სისხლში ლიპიდების დონე. ქოლესტეროლზე ტესტის ჩატარება უფრო ადრეულ ასაკში მოგიწევთ, თუ გაქვთ დიაბეტი, გულის დაავადება, ინსულტი, მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადების ოჯახური ისტორია, ჭარბი წონა, ეწევით თამბაქოს, ფიზიკურად ნაკლებად აქტიური ხართ, იღებთ დიდი რაოდენობით ნაჯერი ცხიმების შემცველ საკვებს. თუ მაჩვენებლები ნორმაში აღმოჩნდა, მომდევნო ტესტირება ხუთი წლის შემდეგაა რეკომენდებული. რისკფაქტორების მქონე პირებს კი გამოკვლევა ყოველწლიურად უტარდებათ.
---
ვაფასებთ სისხლის სიტკბოს
სისხლში გლუკოზის ოდენობის განსაზღვრაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანალიზია. შეგახსენებთ: ეს მარტივი ნახშირწყალი ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითადი წყაროა. უბრალო მოკვდავებისთვის კი გლუკოზა შაქრიან დიაბეტთან ასოცირდება. არცთუ უსაფუძვლოდ: დიაბეტის დროს სწორედ სისხლში სწორედ მისი დონე იმატებს.
გლუკოზაზე ტესტირება უმეტესად დიაბეტის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის ტარდება. სამწუხაროდ, დიაბეტი უკურნებელი დაავადებაა, მისი მართვის მთავარი პრინციპი სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებაა, ამიტომ თუ ამ უკანასკნელმა მკურნალობის პროცესშიც მოიმატა, ე.ი. რაღაც ხდება – ან მკურნალობა არ არის სწორად შერჩეული, ან პაციენტი არ ასრულებს ექიმის რეკომენდაციებს.
ჰიპერგლიკემია, გარდა დიაბეტისა, შესაძლოა გამოიწვიოს:
* ჰიპერაქტიურმა ფარისებრმა ჯირკვალმა;
* პანკრეატიტმა;
* პანკრეასის კიბომ;
* სტრესმა;
* მედიკამენტებმა (სტეროიდებმა).
იშვიათად გლუკოზის მაღალი დონე ჰორმონული დარღვევების – აკრომეგალიის ან კუშინგის სინდრომის შედეგია.
ორგანიზმისთვის არც გლუკოზის დეფიციტია სასარგებლო. ჰიპოგლიკემიის მიღმა კი ინსულინის ჭარბი მოხმარება, შიმშილი, ჰიპოფიზის ფუნქციის მოშლა, ჰიპოთირეოზი, ადისონის დაავადება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ღვიძლის დაავადება, ინსულინომა, თირკმელების პათოლოგია უნდა ვეძებოთ.
სისხლში გლუკოზის დონეს სხვადასხვანაირად აფასებენ. ზოგჯერ უზმოდ ყოფნაა საჭირო, ზოგჯერ – არა. სტეროიდები, შარდმდენები, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, ნეიროლეპტიკები, ანტიდეპრესანტები, ადრენალინი, ასპირინი გლუკოზის დონეს ცვლის, ამიტომ გამოკვლევის წინ აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ რამე წამალი (თუნდაც ბიოდანამატი) გაქვთ მიღებული – ამან შესაძლოა ანალიზის შედეგზე მოახდინოს გავლენა.
--------
ელექტროლიტური პანელი
სისხლთან ერთად მოძრაობენ ელექტროლიტებიც. ისინი ორგანიზმში სითხის რაოდენობის კონტროლს, მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნებას უწყობენ ხელს. მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ კუნთებისა და ნერვების, გულისა და თირკმელების მუშაობაში. სისხლში ელექტროლიტების ოდენობის შეფასება ზოგჯერ რუტინული სკრინინგული კვლევის ნაწილია, ზოგჯერ კი კონკრეტულ დაავადებაზე ეჭვის დროს ხდება. წესისამებრ, იზომება ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის, ქლორისა და ნახშირორჟანგის დონე. ანორმალური შედეგები გულისა და თირკმელების პათოლოგიებზე, დეჰიდრატაციაზე, მჟავატუტოვანი ბალანსის დარღვევაზე მიუთითებს. ამასთან, კონკრეტული ელექტროლიტის მატება ან კლება შესაძლოა სხვა დაავადების ნიშანიც იყოს. მაგალითად, კალციუმის სიჭარბე ჰიპერპარათირეოზს, პაჯეტის დაავადებას, სიმსივნის ზოგიერთ ფორმას, ანტაციდების ჭარბ მიღებას ახასიათებს, კალციუმის დეფიციტი კი ფარისებრახლო ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე, D ვიტამინისა და მაგნიუმის დეფიციტზე, პანკრეასის ანთებაზე მეტყველებს.
---
ალერგია სისხლში
ალერგია გავრცელებული ქრონიკული მდგომარეობაა. ამ დროს იმუნურ სისტემას სამიზნე ერევა და ვირუსებისა თუ ბაქტერიების მაგივრად უწყინარ ნივთიერებებს, მაგალითად, მტვერს უცხადებს ბრძოლას. ბრძოლის სიმძიმეს უმთავრესად იმუნოგლობულინი E იღებს საკუთარ თავზე. ის ნებისმიერი ალერგენის საპასუხოდ გამოიყოფა, ამიტომ თუ სისხლში აღნიშნული იმუნოგლობულინი აღმოვაჩინეთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ორგანიზმი ალერგიულ რეჟიმზეა გადართული.
ალერგიული რეაქციები მარტივიც შეიძლება იყოს და ძალიან მძიმეც, ცემინებითა და ცრემლდენით დაწყებული, სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიური შოკით დამთავრებული.
როდის არის საჭირო გამოკვლევა?
ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ექიმი ალერგიაზეს ეჭვობს. ეჭვს კი შემდეგი სიმპტომები აჩენს:
* ცხვირის გაჭედვა, სურდო;
* ცემინება;
* ცრემლდენა, თვალების ქავილი;
* გულისრევა, დიარეა;
* ქოშინი;
* ხველა.
თუ IgE ნორმაზე მაღალია, დიდი ალბათობით, რომელიმე ტიპის ალერგია გაქვთ. მაგრამ ეს ანალიზი ვერ გვიპასუხებს კითხვაზე, რის მიმართ გვაქვს ალერგია. ამისთვის სპეციფიური IgE-ტესტი ტარდება. ამ დროს ფასდება სხვადასხვა ანტიგენის საპასუხოდ გამომუშავებული კონკრეტული IgE-ს ოდენობა.
ალერგიის დიაგნოსტიკა კანის ტესტებითაც ხდება. ხშირად ექიმი ორივე მათგანს ნიშნავს.
----
საკუთარის წინააღმდეგ
სისხლის ანალიზი ავტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიცაა. ამ დაავადებების დროს ორგანიზმი საკუთარ უჯრედებს ანტისხეულებით ებრძვის. ანტისხეულები განსაკუთრებით უჯრედის ბირთვს ესხმიან თავს. ასეთ ანტისხეულებს ანტინუკლეარული ეწოდება (ლათ. ნუცლეუს – ბირთვი). ამრიგად, ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA) იმ ნივთიერებათაგანია, რომელთა სისხლში გამოჩენა ავტოიმუნურ დაავადებას მოწმობს.
ANA-ს იკვლევენ შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის:
* სისტემური წითელი მგლურა – ეს არის ქრონიკული ავტოიმუნური დაავადება, რომელიც სისხლძარღვებს, სახსრებს, თირკმელებსა და ტვინს აზიანებს;
* რევმატოიდული ართრიტი – სახსრების (განსაკუთრებით – ხელისა და ფეხის) დამაზიანებელი ავტოიმუნური დაავადებაა;
* სკლეროდერმია – იშვიათი დაავადებაა, რომელიც სახსრებს, კანსა და სისხლძარღვებს ვნებს.
აუხსნელი ცხელება, გამონაყარი, დაღლილობა, სახსრების ტკივილი და შესივება, კუნთების ტკივილი ავტოიმუნურ დაავადებაზე ბადებს ეჭვს და ANA-ზე ანალიზის ჩვენებას წარმოადგენს.
დადებითი პასუხი დაავადების ერთმნიშვნელოვანი დასტური არ არის – ზოგ ჯანმრთელ ადამიანსაც აქვს სისხლში ANA. ამასთან, ანალიზის პასუხებზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ცოტა ხნით ადრე მიღებულმა მედიკამენტმაც.
ANA ავტოანტისხეულების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ბევრი სხვა აუტოანტისხეულიც არსებობს. თუ ანალიზმა ANA-ს სიჭარბე გამოავლინა, კონკრეტული დამნაშავის გამოსავლენად უფრო ნატიფი კვლევები ჩატარდება.
----
C რეაქტიული ცილა
ამ ცილას ღვიძლი გამოიმუშავებს, სისხლში გამოყოფს და ანთების კერისკენ გზავნის, ამიტომ მისი დონის მომატება ინფექციის ან ანთების გამომწვევი სხვა პრობლემის მაჩვენებელია. C რეაქტიული ცილა იმატებს ბაქტერიული ინფექციის, სეფსისის, საშიში სოკოვანი ინფექციის, ნაწლავის ანთებითი დაავადების, ავტოიმუნური პათოლოგიის, ძვლის ინფექციის დროს. მისი დონე ანთების სიმწვავის პირდაპირპროპორციულია, თუმცა ტესტი ვერც ანთების მიზეზს გვაჩვენებს და ვერც ლოკაციას, ამიტომ ანორმალური შედეგის შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევაა საჭირო. უკვე დიაგნოსტირებული ინფექციის ან ქრონიკული დაავადების არსებობისას კი ამ ტესტი მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად იყენებენ. არც ის დავივიწყოთ, რომ CRC-ს მაღალი მაჩვენებელი ყოველთვის ავადმყოფობის ნიშანი არ არის – თამბაქოს წევა, სიმსუქნე და ადინამია ასევე იწვევს C რეაქტიული ცილის დონის მატებას.
ინფექციების ამოცნობა
როგორც ხედავთ, ზემოთ ჩამოთვლილი კვლევების უმეტესობა ინფექციის დიაგნოსტიკისთვისაც გამოიყენება. მათი კონცეფცია მარტივია: ვეძებთ მიკრობის დატოვებულ კვალს და ამ გზით თავად მიკრობის არსებობასაც ვადგენთ. უშუალოდ მიკრობის აღმოჩენის საშუალებას ეს კვლევები არ იძლევა, ამისთვის დიაგნოსტიკის სხვა მეთოდები არსებობს, თუმცა სისხლი ამ შემთხვევაშიც მთავარი საკვლევი მასალაა.
კულტურული ქსოვილი
სისხლის კულტურა კვლევის ერთ-ერთი ლაბორატორიული მეთოდია. მისი მეშვეობით სისხლში მიკრობების არსებობა-არარსებობას ადგენენ. გამოკვლევისთვის სისხლის ნიმუშს სპეციალურ ჭურჭელში ათავსებენ და აკვირდებიან, მრავლდება თუ არა მიკრობები. ამ გზით ავლენენ ინფექციის გამომწვევს, რაც ექიმს სწორი, დამიზნებითი მკურნალობის ჩატარების საშუალებას აძლევს.
ვეძებთ მებრძოლებს
მიკრობის აღმოჩენაზე ადვილი ზოგჯერ მის საწინააღმდეგოდ გამომუშავებული ანტისხეულების აღმოჩენაა. ლოგიკურია, არა? თუ სისხლში ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული მიმოიქცევა, ე.ი. ორგანიზმში თავად ეს მიკრობიც არის. ინფექციას ხშირად სწორედ ამგვარად გამოავლენენ.
არსებობს ანტისხეულების რამდენიმე ტიპი. ზოგი მათგანი მწვავე ინფექციის მარკერია, ზოგი კი გადატანილ ინფექციაზე მიუთითებს. ასე რომ, ანტისხეულების ტიპის მიხედვით იმაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ორგანიზმში ამჟამად მიმდინარეობს ინფექციური პროცესი თუ მიკრობთან ბრძოლა უკვე დასრულდა და ორგანიზმმა მის წინააღმდეგ იმუნიტეტი გამოიმუშავა.
ჯაჭვური რეაქცია
არც ისე დიდი ხანია, რაც სისხლში მიკრობის გენეტიკური მასალის აღმოჩენის საშუალება მოგვეცა. ეს მეტად ნატიფი მეთოდი ინფექციის დიაგნოსტიკის ყველაზე უტყუარი საშუალებაა. მას პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია (PCR) ეწოდება. მისი მეშვეობით სისხლში მიკრობის დნმ-ს (ზოგჯერ – რნმ-ს) აღმოაჩენენ. შეგახსენებთ: ეს გენეტიკური მასალაა, რომელიც ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს, ამასთან, უნიკალურია და, შესაბამისად, იდენტიფიკაციის საუკეთესო საშუალება გახლავთ. პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციაც სერიოზული ინფექციების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება.
გვანცა გოგოლაძე