ეთერ ლიპარტელიანი: “მინდა, ჩემი ქვეყნის ჰიმნი მსოფლიოს არაერთ ჩემპიონატზე ავაჟღერო”
გააზიარე:
ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ძიუდოში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი მიზანი არა სტატუსი, არამედ კიდევ უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობაა. მინდა, ჩემი ქვეყნის ჰიმნი მსოფლიოს კიდევ არაერთ ჩემპიონატზე ავაჟღეროო, გვითხრა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ეთერ ლიპარტელიანი საკუთარ ისტორიას წერს, ისტორიას, რომელიც ქართული სპორტისთვის უპრეცედენტო გამარჯვებებით გამოირჩევა.
– მაროკოში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, იპონით დავამარცხე იაპონელი კანაკო ჰაკამატა და მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. ეს შარშან, ოქტომბერში მოხდა. მანამდე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოვიპოვე – გადამწყვეტ შეხვედრაში ორი ვაზარით ვძლიე იტალიელ სილვია პელიტელის – და დღის საუკეთესო ძიუდოისტადაც დამასახელეს.
ახლახან 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტებს შორის კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვე. ჩემპიონატი რუსეთში გაიმართა. ფინალში რუსი სპორტსმენი დავამარცხე და რუსეთში საქართველოს ჰიმნი ავაჟღერე.
როდესაც შედეგზე გადიხარ, პასუხისმგებლობაც იმატებს, შენგან მეტს ელიან და შენც გინდა, ყოველ მომდევნო ტურნირზე მეტი წარმატებით იასპარეზო. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, რადგან მათი მხარდაჭერა ძალას მმატებს. მიხარია, რომ მათი იმედი გავამართლე.
– როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები სპორტში?
– სვანეთში, ლენტეხის რაიონში დავიბადე. რვა წლისამ ძიუდოზე გადავწყვიტე სიარული, რადგან სპორტული დარბაზი ჩვენს სახლთან ახლოს იყო. გოგონები ამ სპორტით იშვიათად ინტერესდებოდნენ, ამიტომ სულ ბიჭებთან მიწევდა ჭიდაობა.
– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ ძიუდოს მიმართ შენს ინტერესს?
– დედა წინააღმდეგი იყო, რადგან სვანები ცოტა მკაცრი ხალხია. უნდოდა, ძიუდოსთვის თავი დამენებებინა და ცეკვაზე მევლო, მაგრამ მე ჩემი არჩევანი თავიდანვე გავაკეთე. მამა მხარს მიჭერდა, მაგრამ ესპანეთში იყო სამუშაოდ და იმსიშორიდან ჩემს ინტერესებს ვერ იცავდა. ხანდახან მალულადაც კი მიწევდა ვარჯიშზე სიარული.
ათი წლის ვიქნებოდი, როდესაც ბიძამ თბილისში წამომიყვანა. რუსთავში ვცხოვრობდით და იქიდან ლამის ყოველდღე დიღმის მასივში დავდიოდი ვარჯიშზე. ჯერ ბიძას დავყავდი, ორიოდე წლის შემდეგ კი დამოუკიდებლად დავიწყე სიარული, რადგან მისი ასე შეწუხება არ მინდოდა.
დედაც შეეგუა ჩემს არჩევანს. ახლა ჩემი უმცროსი, ცხრა წლის დაიკოც დადის ძიუდოზე. ჩემსავით ჩემპიონობა უნდა. მეორე და თბილისში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს და ჩემი დიდი გულშემატკივარია, ისევე როგორც ჩემი ძმა და მთლიანად ოჯახი.
– ხშირად შეჯახებიხარ სკეპტიკურ განწყობას ქვეტექსტით “ქალი და ძიუდო?!”
– თავდაპირველად ასეთ დამოკიდებულებას თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებოდი, მაგრამ თანდათან ყველაფერი შეიცვალა – ჩემი წარმატება დაინახეს, ჩემი შესაძლებლობები დააფასეს და ახლა უმეტესობა ჩემი გულშემატკივარია, წარმატებას მისურვებენ, სჯერათ ჩემი, იმედებს ამყარებენ ჩემზე.
თუმცა იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც თავიდანვე სჯეროდათ ჩემი წარმატების. ცელქი, მოუსვენარი ბავშვი ვიყავი და ამბობდნენ, რომ სპორტში დიდი მომავალი მელოდა. მეც ჩემს თავს ამ ამპლუაში ვხედავდი. ყველაფერს გავუძელი: მშობლებისა და და-ძმისგან შორს ყოფნას, წინააღმდეგობებს, - და მიზანს მივაღწიე. გავუმართლე იმედი ადამიანებს, განსაკუთრებით კი ჩემს მწვრთნელს – კახაბერ მოცრაძეს, რომელიც ათი წლიდან მავარჯიშებს და მამასავით ზრუნავს ჩვენზე.
– პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოისტი ქალი ხარ. რას ნიშნავს შენთვის ეს სტატუსი და პოპულარობა?
– გამარჯვების სიხარულია. სასიამოვნოა, როდესაც ვგრძნობ, რომ მეც და ჩემს მწვრთნელებსაც შრომა დაგვიფასდა. თუმცა სტატუსს ბევრი არაფერი შეუცვლია, რადგან სამომავლოდ უფრო მეტი გეგმა მაქვს.
წარმატებას რომ მიაღწევ, იმავე დღეს თუ არა, მეორე დღეს უკვე უნდა დაივიწყო. გახსოვდეს, რომ ეს მაქსიმუმი არ არის. მიღწეული უკვე წარსულია. ახლა სხვა, უფრო დიდი მიზნები უნდა დაისახო.
მინდა ისიც ვთქვა, რომ გამარჯვებას მხოლოდ დიდი შრომის შემდეგ აქვს ხიბლი. მეც თავი არ დამიზოგავს. ახლაც ინტენსიურად ვვარჯიშობ. საახალწლოდ ავსტრიაში ვიყავი. ვემზადები ტურნირისთვის, რომელიც მალე პარიზში გაიმართება. მომდევნო ნაბიჯი კი ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაა.
– დიდია კონკურენცია? როგორია შენი შანსი?
– საქართველოში, როგორც უკვე ვთქვი, გოგონები უფრო იშვიათად ინტერესდებიან ამ სპორტით, თუმცა უცხოეთში კონკურენცია დიდია. ბევრი კარგი სპორტსმენი ჭიდაობს. თანაც არავინ იცის, რა მოხდება. შეიძლება, ისეთმაც მოიგოს, ვისაც სათანადოდ ვერ აფასებ. ამიტომ სპორტსმენმა, უბრალოდ, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენოს.
– რა პერსპექტივა აქვთ საქართველოში ძიუდოისტ ქალებს?
– ჩემი ასაკის გოგონები უკვე ძალიან ძლიერები არიან და ვცდილობთ, დავუმტკიცოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. ბევრს არ სჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდით, მაგრამ შეუძლებელი შევძელით.
რაც შეეხება სირთულეებს, მთავარი პრობლემა ისევ და ისევ გოგონების მხრივ სპორტის ამ სახეობის მიმართ ნაკლები ინტერესია. ფაქტობრივად, დღესაც ბიჭებთან ერთად ვარჯიში გვიწევს.
– რა არის შენთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
– უფლის სიყვარული. მწამს, რომ ყოველთვის დამეხმარება. ვგრძნობ კიდეც მის შემწეობას, როცა დაბრკოლებას ვაწყდები.
– თუ გაქვს წინადადებები საზღვარგარეთიდან და ფიქრობ თუ არა სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე?
– წინადადება რამდენიმე ქვეყნიდან მივიღე, მაგრამ საქართველოს სახელით ვამჯობინებ გამოსვლას, მინდა საქართველოში გავხდე წარმატებული, ცნობილი და სახელოვანი. მით უმეტეს, რომ საზოგადოების, ფედერაციისა და სამინისტროს ინტერესმა მოიმატა. ხედავენ, რომ ჩვენც შეგვიძლია და ხელს გვიწყობენ, რომ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ, ოლიმპიადაზე ღირსეულად წარვდგეთ. ვერაფერი შეედრება გრძნობას, როდესაც დარბაზში შენი ქვეყნის ჰიმნი ჟღერს, შენს თავს ზემოთ კი შენი ქვეყნის დროშა გფრიალებს და იცი, რომ შენი ქვეყანა მთელ მსოფლიოში ასახელე.
– რას ურჩევ დამწყებ სპორტსმენებს?
– სპორტი, საზოგადოდ, ტრავმულია. ძიუდოისტებს უმეტესად მუხლები უზიანდებათ, თუმცა არა ყველას. საბედნიეროდ, მე დღემდე არ მქონია სერიოზული ტრავმა. არა მხოლოდ სპორტსმენებმა, არამედ ყველამ, ვისაც იზიდავს ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჯანმრთელობისთვის ვარჯიშობს, ერთი მარტივი წესი უნდა დაიცვას: ინტენსიური ვარჯიშის დაწყებამდე კარგად გახურდეს, კუნთები ტონუსში მოიყვანოს. ამ შემთხვევაში ტრავმების ალბათობაც დაიკლებს.
– როგორია ჯანმრთელობის შენეული რეცეპტი?
– ენერგიის აღსადგენად ხალხურ მეთოდს მივმართავ – თაფლში არეულ ნიგოზსა და გარგარის ჩირს ვჭამ ხოლმე უზმოზე. ამ გემრიელ მიქსს მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს. საზოგადოდ, რაციონს დიდ ყურადღებას ვაქცევ – 57 კგ წონით კატეგორიაში ვასპარეზობ და სწორად უნდა ვიკვებო, რომ სათანადო წონა შევინარჩუნო. ხანდახან დაკლებაც მიწევს. საზოგადოდ კი, ბალანსირებული კვება და ზომიერი ფიზიკური აქტიურობა ჯანმრთელობის საწინდარია.
ეთერ ლიპარტელიანს წინ კიდევ არაერთი ასპარეზობა ელის. წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა სპორტსმენს.
თამარ ციბალაშვილი