გალაქტორეა
გააზიარე:
ორსულობა ქალის ცხოვრების განსაკუთრებული, ყველაზე ამაღელვებელი პერიოდია. ახალი სიცოცხლის ამქვეყნად მოვლინება, მასზე ზრუნვა, ძუძუს წოვება... ამ უკანასკნელს დღემდე ლამის საკრალურ მნიშვნელობას ანიჭებენ და არცთუ უსაფუძვლოდ: ის არა მხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობის, არამედ დედა-შვილის განსაკუთრებული ფსიქოემოციური კავშირის საწინდარიცაა.
თუმცა მედიცინაში არსებობს ცნება "გალაქტორეა" – სარძევე ჯირკვლებიდან რძის სპონტანური დენა ორსულობისა და მშობიარობის გარეშე. ის ათიდან დაახლოებით სამ ქალს აღენიშნება, იშვიათად – მამაკაცებსა და ორივე სქესის ახალშობილებსაც. უმეტესად კეთილთვისებიანია და მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ ხდება ისეც, რომ მძიმე დაავადებას ახლავს თან, ამიტომ გალაქტორეის დროს აუცილებელია ექიმთან მისვლა და საფუძვლიანი გამოკვლევა.
გამომწვევი მიზეზები
რძე სარძევე ჯირკვლებში გამომუშავდება ჰორმონ პროლაქტინის ზემოქმედებით, რომელსაც ჰიპოფიზის წინა წილი გამოყოფს. როდესაც პატარა ძუძუს წოვს, არეოლის ირგვლივ მდებარე ნერვული დაბოლოებები ღიზიანდება, რაც ჰიპოფიზისთვის ერთგვარი სიგნალია, რომ ორი ჰორმონი: ოქსიტოცინი და პროლაქტინი – გამოიმუშაოს. პირველი სარძევე ჯირკვლების სადინართა შეკუმშვაზე აგებს პასუხს, მეორე კი, როგორც გითხარით, რძის წარმოქმნაზე. თუმცა გალაქტორეის შემთხვევაში მიზეზი სხვაგანაა საძიებელი. ეს შეიძლება იყოს:
* რომელიმე მედიკამენტი – გალაქტორეა ზოგჯერ წამლის გვერდითი ეფექტია. ბუტროფენონი, ფენოთიაზიდი, ჰეროინი, კოდეინი, ორალური კონტრაცეპტივები – ეს იმ მედიკამენტების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც გალაქტორეის გამოწვევა შეუძლია. მაგალითად, ესტროგენი, რომელიც ორალური კონტრაცეპტივების კომპონენტია, თრგუნავს ჰიპოთალამუსში პროლაქტინის შემბოჭავ ფაქტორს და ასტიმულირებს ჰიპოფიზში ლაქტოტროპებს – პროლაქტინის გამომყოფ უჯრედებს;
* ჰიპოფიზის სიმსივნე – პროლაქტინომა, რომელსაც თან ახლავს ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა და ამენორეა (მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა);
* ჰიპოთირეოიდიზმი – პირველადი ჰიპოთირეოიდიზმი. ამ დროს მაღალია თირეოტროპინმასტიმულირებელი ჰორმონის (თღH) დონე, რომელიც, გარდა იმისა, რომ გამოიმუშავებს თირეოტროპულ ჰორმონს, პროლაქტინის გამომუშავებასაც არეგულირებს;
* თირკმლის ქრონიკული უკმარისობა – გალაქტორეა ამ პრობლემის მქონე პაციენტების დაახლოებით 30%-თან გვხვდება. მიზეზად თირკმლის კლირენსის (ფილტრაციის სიჩქარის) დაქვეითებას მიიჩნევენ. პროლაქტინის თირკმლისმიერი გამოყოფის შეფერხება ორგანიზმში ამ ჰორმონის დონის მატებას და გალაქტორეას იწვევს;
* ნეიროგენული სტიმულაცია – ამ უკანასკნელს შეუძლია, ხელი შეუშალოს ჰიპოთალამუსში პროლაქტინის დამთრგუნველი ფაქტორის გამომუშავებას, რაც ჰიპერპროლაქტინემიას და შედეგად გალაქტორეას გამოიწვევს. გალაქტორეის ნეიროგენული მიზეზების რიცხვშია გულმკერდის არის ქირურგიული ოპერაცია, დამწვრობა და ჰერპეს ზოსტერი, რომელიც გულმკერდის კედელზე მიუყვება ნერვულ დაბოლოებებს. ფიქრობენ, რომ გულმკერდის არის სტიმულირება შუალედური ნერვების გასწვრივ გადაეცემა ზურგის ტვინის უკანა სვეტს, მეზენცეფალონს და საბოლოოდ აღწევს ჰიპოთალამუსამდე, სადაც მცირდება პროლაქტინის დამთრგუნველი ფაქტორების სეკრეცია;
* თუ ორსულის ორგანიზმში პროლაქტინის დონე მაღალია, შესაძლოა, ჰორმონი პლაცენტის გავლით ნაყოფში გადავიდეს და გამოიწვიოს ახალშობილთა გალაქტორეა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სარძევე ჯირკვლების გადიდება და დვრილებიდან რძის ან მისი მსგავსი სითხის დენა. გალაქტორეა გვხვდება ასიდან ხუთამდე ახალშობილთან და დროებითია, პათოლოგიად არ მიიჩნევა და სამედიცინო ჩარევას არ მოითხოვს.
* არსებობს იდიოპათიური გალაქტორეაც. ეს დიაგნოზი დაისმის, თუ საფუძვლიანი ანამნეზით, გასინჯვით და ლაბორატორიული გამოკვლევით მიზეზს ვერ მიაგნეს. ამ დროს პროლაქტინის დონე ნორმალურია, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომატებულია პაციენტის სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობა ამ ჰორმონის მიმართ.
სიმპტომები
გალაქტორეის მთავარი სიმპტომია რძისებრი გამონადენი ორივე ძუძუდან. ის უმეტესად თეთრია, შედარებით იშვიათად – ყვითელი ან მომწვანო. გამონადენში სისხლის არსებობა გალაქტორეისთვის დამახასიათებელი არ არის.
თანმხლები სიმპტომებია:
* არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ან ამენორეა (ციკლის არარსებობა);
* თავის ტკივილი;
* მხედველობის დაკარგვა;
* თმის ზრდა ნიკაპსა და მკერდზე;
* აკნე;
* ქალებში – ლიბიდოს (სქესობრივი ლტოლვის) დაქვეითება;
* მამაკაცებში – ერექციული დისფუნქცია;
* პროლაქტინომის შედეგად განვითარებული გალაქტორეის დროს ქალებს აღენიშნებათ ესტროგენის დონის დაქვეითება, რაც იწვევს საშოს სიმშრალესა და დისკომფორტს სქესობრივი აქტის დროს.
ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ამ სიმპტომების გაჩენისას პაციენტების შიში. უპირველეს ყოვლისა, დამშვიდდით და დაიწყეთ სანდო ექიმის – თერაპევტისა და მამოლოგის – ძებნა. ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის შემდეგ შეგიძლიათ, მიჰყვეთ ქვემოთ მოყვანილ გეგმას და კონსულტაციისთვის მოემზადოთ:
* აიღეთ უბის წიგნაკი და ჩამოწერეთ ყველა სიმპტომი, რომელიც გაწუხებთ, ისინიც კი, რომლებსაც გალაქტორეასთან ვერ აკავშირებთ.
* გაიხსენეთ, რამე სტრესი ხომ არ გადაიტანეთ უახლოეს წარსულში;
* ჩამოწერეთ კითხვები, რომლებიც გსურთ დაუსვათ ექიმს. მაგალითად, რა შეიძლება იყოს სიმპტომების მიზეზი, როგორ მოიქცეთ მათ შესამცირებლად, მოგიწევთ თუ არა ცხოვრების წესის შეცვლა და როგორ.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროული დაწყება შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ გალაქტორეა უმეტესად კეთილთვისებიანია და სამედიცინო ჩარევას არ მოითხოვს, გახსოვდეთ, რომ ის შესაძლოა მძიმე დაავადების სიმპტომიც იყოს.
ექიმი:
* გაგსინჯავთ, შეამოწმებს, ხომ არ არის კვანძოვანი წარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში;
* შეკრებს ანამნეზს – დაგისვამთ კითხვებს თქვენი ჯანრთელობის, ცხოვრების წესისა და ჩივილების შესახებ, იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ ან იღებდით უახლოეს წარსულში;
* შესაძლოა, მოითხოვოს სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი სითხის გამოკვლევა – მასში ცხიმის წვეთების აღმოჩენა დაავადების დასტურია;
* დაგინიშნავთ სისხლის ანალიზს ჰორმონების დონის განსაზღვრისთვის, რადგან გალაქტორეა ხშირად სწორედ ჰორმონული დისბალანსით არის განპირობებული;
* შესაძლოა, მოითხოვოს ორსულობის ტესტის ჩატარება;
* ჩივილების შესაბამისად, შესაძლოა დანიშნოს MღI (მაგნიტურ– რეზონანსული ტომოგრაფია) ცენტრალური გენეზის სიმსივნის გამოსარიცხად;
* სარძევე ჯირკვლის სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში კი მამოგრაფია ან ულტრაბგერითი გამოკვლევა დაგჭირდებათ.
მკურნალობა
გალაქტორეის მკურნალობა ინდივიდუალურია და გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. მაგალითად, სიმსივნის დროს საჭიროა ქირურგიული ან მედიკამენტური ჩარევა, მედიკამენტებით შესაძლებელია ასევე ჰიპერპროლაქტინემიის (სისხლში პროლაქტინის მაღალი დონის) და ჰიპოთირეოიდიზმის მკურნალობა, თუ გალაქტორეა წამლის გვერდითი ეფექტია, ექიმი შეგირჩევთ შემცვლელს და ა. შ.
ცხოვრება გალაქტორეასთან ერთად
როგორც ვთქვით, გალაქტორეა ხშირად სულაც არ მოითხოვს მკურნალობას, დროებითია და დროთა განმავლობაში თავისთავად გაქრება თქვენი ცხოვრებიდან. მანამდე კი სასურველია იცოდეთ, როგორ აიცილოთ თავიდან უსიამოვნებები:
* გამონადენმა რომ არ მოიმატოს, ერიდეთ მკერდის სტიმულაციასა და თვითგასინჯვას, რომელიც ნეიროგენულად აძლიერებს პროლაქტინის გამოყოფას და, შესაბამისად, რძის წარმოქმნას სადინარებში.
* ერიდეთ სქესობრივი აქტივობის დროს მკერდზე შეხებას.
* ნუ ჩაიცვამთ მჭიდრო და უხეში ქსოვილის ტანსაცმელს.
* უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ატარეთ ბალიშებიანი ბიუსტჰალტერი, რომელიც გალაქტორეის დროს ტანსაცმელს გამონადენისგან დაიცავს.
თამთა კაპანაძე