ლერიშის სინდრომი – ხანგამოშვებითი კოჭლობა

გააზიარე:

 

შესაძლოა, ტერმინი “ლერიშის სინდრომი” არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ “ათეროსკლეროზი” და “ქოლესტერინის მომატება” ალბათ ყველას გაგიგონიათ. ეს ცნებები ყველაზე უკეთ გულის დაავადების მქონე ადამიანებისთვის იქნება ნაცნობი, თუმცა ათეროსკლეროზული ფოლაქები პერიფერიულ სისხლძარღვებშიც ხშირად ლაგდება და შესაძლოა, ორგანიზმმა მანამდე არ ატეხოს განგაში, სანამ წებოვანი მასის გროვები კრიტიკულ ზომას არ მიაღწევს. სიმპტომები კი მართლაც საყურადღებოა. ამიტომაც  გვინდა, პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზულ დაზიანებაზე – ლერიშის სინდრომზე გესაუბროთ.

 

რა არის

ლერიშის სინდრომი პერიფერიული არტერიების დაავადებაა, რომელიც მათი ათეროსკლეროზული დაზიანებით მიმდინარეობს. ათეროსკლეროზული ფოლაქები მუცლის აორტის ბოლო მონაკვეთსა და თეძოს არტერიებს აზიანებს. სინდრომი პირველად ფრანგმა ქირურგმა ჰენრი ლერიშმა აღწერა 1923 წელს. ამიტომაც ატარებს მის სახელს. სხვანაირად კი მას აორტისა და თეძოს არტერიის ოკლუზიის (დახშობის) სინდრომს უწოდებენ.

 

ათეროსკლეროზი – მთავარი დამნაშავე

სინდრომს უმთავრესად ათეროსკლეროზი იწვევს. ამ დროს ცხიმისგან, კალციუმისგან, ქოლესტეროლისა და სისხლში არსებული სხვა ნივთიერებებისგან შემდგარი წებოვანი მასის გროვები, ათეროსკლეროზული ფოლაქები, სისხლძარღვის კედელში ლაგდება, რაც კედლის გამკვრივებას და შევიწროებას იწვევს. ათეროსკლეროზს მოჰყვება სისხლმომარაგების დარღვევა სხეულის იმ უბნებში, რომლებსაც დაზიანებული სისხლძარღვები კვებავს. ათეროსკლეროზის განვითარებაზე გავლენას ახდენს უამრავი ფაქტორი – როგორც მოდიფიცირებადი, რომლებზეც შეგვიძლია ვიმოქმედოთ, ისე არამოდიფიცირებადიც, რომლებზე ზემოქმედებაც არ შეგვიძლია.

მოდიფიცირებადი ფაქტორებია:

* არტერიული ჰიპერტენზია;

* შაქრიანი დიაბეტი;

* ნიკოტინი;

* ჰიპერლიპიდემია (ცხიმის მაღალი შემცველობა სისხლში);

* ჰიპერგლიკემია (გლუკოზის მაღალი შემცველობა სისხლში);

* ამინმჟავა ჰომოცისტეინის მაღალი შემცველობა სისხლში, რაც იწვევს სისხლძარღვის ენდოთელიური შრის დაზიანებას და სისხლძარღვის კედელში მიმდინარე ანთებით პროცესს.

არამოდიფიცირებადი ფაქტორებია:

* ასაკი;

* სქესი;

* რასობრივი კუთვნილება;

* ოჯახური ანამნეზი.

დაავადება უმეტესად 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებთან გვხვდება, ამასთან, ნეგროიდული რასის წარმომადგენლებთან – გაცილებით ხშირად.

 

როგორ ვლინდება

ათეროსკლეროზი ნელა პროგრესირებს და, როგორც აღვნიშნეთ, შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს, სანამ სისხლძარღვი კრიტიკულად არ შევიწროვდება ან მთლიანად არ დაიხშობა. ლერიშის სინდრომის დროს ზიანდება არტერიები, რომლებიც სისხლით ამარაგებს მენჯის ღრუს ორგანოებსა და ქვედა კიდურებს, ამიტომ სინდრომის სამი ტიპობრივი სიმპტომია:

* კლაუდიკაცია (ხანგამოშვებითი კოჭლობა);

* იმპოტენცია;

* ბარძაყის არტერიაზე პულსაციის შესუსტება ან გაქრობა.

სიმპტომთა ამ ტრიადას შესაძლოა თან ახლდეს კუნთის ტკივილი ან კრამპი (მტკივნეული შეკუმშვა) ფიზიკური აქტიურობის დროს, რომელიც რამდენიმეწუთიანი დასვენების შემდეგ გაივლის. ტკივილის ლოკალიზაცია შევიწროებული ან გაჭედილი არტერიის მდებარეობაზეა დამოკიდებული. ყველაზე გავრცელებული წვივის ტკივილია. ხანგამოშვებითი კოჭლობა თავდაპირველად მცირე დისკომფორტით გამოიხატება, მერე და მერე კი ტკივილი იმატებს. შესაძლოა, გაუსაძლისიც კი გახდეს და ავადმყოფს სიარულზე საერთოდ ათქმევინოს უარი.

ამ სიმპტომების უგულებელყოფამ შესაძლოა უფრო სერიოზულ პრობლემებთან მიგვიყვანოს, მაგალითად, ისეთებთან, როგორიცაა:

* ძლიერი ტკივილი ფეხებისა და დუნდულების არეში მოსვენებისას;

* ფეხების დაბუჟება;

* ფეხის კუნთების სისუსტე.

 

დიაგნოსტიკა

პირველადი დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზსა და გასინჯვას. მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ქვედა კიდურებზე პულსაციის შემოწმება სისხლის ცირკულაციის შესაფასებლად, ცხოვრების წესის, ოჯახური ისტორიის შესწავლა. ფასდება არტერიული წნევა ზედა კიდურებში, რაც მკაფიოდ აჩვენებს ქვედა კიდურებში სისხლის ცირკულაციის ხარისხს. ინსტრუმენტული კვლევებიდან განსაკუთრებით ინფორმაციულია ულტრაბგერითი კვლევა დოპლერით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სისხლძარღვის დამხშობი მასის დანახვა. თუ ულტრაბგერითმა კვლევამ დაადასტურა ათეროსკლეროზული ფოლაქით გამოწვეული ოკლუზია (დახშობა), ამ უკანასკნელის ლოკალიზაციისა და შევიწროების ხარისხის დასადგენად ტარდება მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით.

 

მკურნალობა

არტერიების დაზიანების მკურნალობა მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, სიმპტომების, მაგალითად, ტკივილის შესუსტებას, რათა ადამიანმა ნორმალური ცხოვრება გააგრძელოს, მეორე მხრივ კი ათეროსკლეროზის პროგრესირების შენელებას, რაც ინფარქტისა და ინსულტის რისკის შემცირებასაც ნიშნავს.

მკურნალობა შემთხვევის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ადრეულ სტადიაზე, ჩვეულებრივ, აქცენტს სვამენ ცხოვრების წესის გაჯანსაღებაზე, რაც გულისხმობს: თამბაქოს წევის შეწყვეტას, არტერიული წნევის კონტროლს, სისხლში ქოლესტეროლის დონის მოწესრიგებას, გლიკემიის რეგულირებას,  რეგულარულ ფიზიკურ აქტიურობას, ნაკლებცხიმიანი და ბოჭკოვანი საკვების მიღებას.

სისხლის შედედებისა და თრომბოზის თავიდან ასაცილებლად, წესისამებრ, ინიშნება კლოპიდოგრელი (პლავიქსი).

უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული მკურნალობა:

* სისხლძარღვის პლასტიკა –შევიწროებულ ადგილას სტენტის  ჩადგმა და სანათურის გაფართოება;

* სისხლმომარაგების აღდგენა სხვა ჯანსაღი სისხლძრღვის გამოყენებით, შემოვლითი გზით (ე.წ. Bყპასს);

* ენდარტერექტომია – დახშული სისხლძარღვის გახსნა და ათეროსკლეროზული ფოლაქის ამოკვეთა.

 

გართულებები

ნებაზე მიშვებული ლერიშის სინდრომი შესაძლოა გართულდეს: ფეხებზე, უმთავრესად – ტერფებზე არსებული მოუშუშებელი ჭრილობები მომავალში შესაძლოა ინფექციის კერად იქცეს, კიდურების შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს და მათ დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს, მამაკაცებს კი სინდრომის ფონზე შესაძლოა განუვითარდეთ შეუქცევადი ერექციული დისფუნქცია. თუმცა ხშირად ახლომდებარე სისხლძარღვები ქმნიან კოლატერალურ ქსელს როგორც კომპენსატორულ მექანიზმს და იშემიურ უბნებს შემოვლითი გზით ამარაგებენ.

 

როგორ ავიცილიოთ თავიდან

მართალია, არამოდიფიცირებადი ფაქტორების წინაშე უძლურნი ვართ, მაგრამ ცხოვრების წესი შეცვლით დაავადების რისკის შემცირება მაინც შეგვიძლია. ვგულისხმობთ რეგულარულ ვარჯიშს, ჯანსაღ კვებას, ხილ-ბოსტნეულითა და მარცვლეულით მდიდარ რაციონს, დიაბეტის, ქოლესტერინემიისა და ჰიპერტენზიის მართვას, წონის კონტროლს, თამბაქოს წევისთვის თავის დანებებას.

 

ცხოვრება ლერიშის სინდრომით

თუ უკვე გაქვთ ეს სინდრომი, ცხოვრების ჯანსაღი წესი თავიდან აგაცილებთ მის პროგრესირებას და გართულებებს. რაც შეეხება მკურნალობას, ადრეულ ეტაპზე ის გაცილებით ადვილია.

* ივარჯიშეთ სწორად. ლერიშის სინდრომის დროს ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ იკითხავთ: "როგორ ვივარჯიშო, როდესაც მტკივა?" გიპასუხებთ: ისე, რომ ტკივილი აკონტროლოთ. უპირველეს ყოვლისა, ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს, სეირნობისას შეისვენეთ და ტკივილი რომ გაივლის, მერეღა გააგრძელეთ გზა.

გაესაუბრეთ ექიმს, რომელიც თქვენთვის საუკეთესო აქტივობას გირჩევთ. შეასრულეთ ვარჯიში, რომელიც გსიამოვნებთ. თუ სიარული მოგწყინდათ, შეგიძლიათ იცუროთ,  იაროთ ველოსიპედით ან იაოგას მოჰკიდოთ ხელი.

* შეწყვიტეთ თამბაქოს წევა. თამბაქო არტერიების უდიდესი მტერია. დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ წევისთვის თავის დანებებაა.

* იკვებეთ ჯანსაღად. თუ ჭარბი წონა გაქვთ, აუცილებლად უნდა იზრუნოთ მის კორექციაზე. მიიღეთ მეტი ბოსტნეული, ხილი, მიირთვით წყალზე მომზადებული შვრიის, წიწიბურასა და ბრინჯის ფაფები, ვეგეტარიანული წვნიანები. კერძისთვის მხოლოდ მცენარეული ცხიმი გამოიყენეთ. ერიდეთ შაქარს, მარილსა და ალკოჰოლსაც. უარის თქმაც. ნებადართულია ძროხისა და ხბოს მჭლე, ინდაურისა და ქათმის კანგაცლილი თეთრი ხორცი, ნებისმიერი სახის თევზეული, გარდა ხიზილალისა. ღორის, ცხვრის, ბატისა და იხვის ხორცზე, ასევე – ღვიძლზე, თირკმელებზე, ენაზე, ტვინზე, ძეხვზე, სოსისსა და შაშხზე უარის თქმა მოგიწევთ. რძის ნაწარმიდან უპირატესობა ცხიმით ღარიბ ხაჭოს, ნადუღს, ყველს, მაწონს, კეფირს, რძესა და იოგურტს მიანიჭეთ. ხმელთაშუა ზღვის დიეტა გაგიგონიათ? ის საუკეთესოა ლერიშის სინდრომის დროს – არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ სასიამოვნოც, რადგან მოიცავს ბევრ გემრიელ პროდუქტს: ზეითუნის ზეთს, ზღვის ყოველგვარ ნობათს, თხილსა და კაკალს, ლობიოს, კიტრს, პომიდორსა და სხვა ბოსტნეულს.

ფიზიკური აქტიურობა გაავარჯიშებს გულსა და სისხლაძარღვებს, ჯანსაღი კვება კი არტერიული წნევისა და ქოლესტეროლის დონის რეგულირებაში დაგეხმარებათ.

* გაუფრთხილდით ფეხებს. როცა სისხლის მიმოქცევა ირღვევა, შესაძლოა, ფეხების ტკივილი ან დაბუჟება იგრძნოთ, უმთავრესად – მოძრაობის დროს, რადგან ფიზიკური აქტიურობა ჟანგბადზე კუნთების მოთხოვნას ზრდის, შევიწროებულ სისხლძარღვებში გამავალი სისხლის ნაკადი კი სუსტია და სხეულს ჟანგბადით სათანადოდ ვერ ამარაგებს.

ამიტომ:

. გეცვათ კარგად მორგებული ფეხსაცმელი, რომ სიარულის დროს თავს რაც შეიძლება კომფორტულად გრძნობდეთ.

. ყოველდღე დაითვალიერეთ ტერფები, რადგან შესაძლოა, უბრალო ჭრილობაც კი გართულდეს და დაინფიცირდეს.

. ყოველდღე დაიბანეთ ტერფები და კარგად დაიტენიანეთ, რომ არ დაგისკდეთ. დაიბანეთ არა ცხელი, არამედ თბილი წყლით. ფრთხილად დაიჭერით ფრჩხილები.

. უმნიშვნელო ნაკაწრიც კი გულდასმით დაიმუშავეთ ანტისეპტიკით და თუ შეხორცება ოდნავ მაინც გახანგრძლივდა, მიმართეთ ექიმს.

* ერიდეთ სიცივეს. ივარჯიშეთ შენობაში. თუ ძალიან ცივა, ერიდეთ შინიდან გასვლას და გარეთ დიდხანს დარჩენას, მაგრამ თუ მაინც მოგიწიათ, სქელი წინდები ჩაიცვით. უამინდობის გამო ვარჯიშს თავს ნუ მიანებებთ.

 

 მარიამ ჯანიაშვილი

 

 

 

 

 

 

გააზიარე: