სოსო ჯავახიშვილი – მიხეილ წინამძღვრიშვილის ღირსეული მემკვიდრე
გააზიარე:
ჟურნალის წინა ნომერში რუბრიკით “დაუვიწყარი სახელები” საქართველოში კარდიოლოგიის ფუძემდებელზე, აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილზე გიამბეთ. დიდი ექიმი და მეცნიერი თავისსავე დაარსებულ კარდიოლოგიის ინსტიტუტს ათი წელი ედგა სათავეში. დაწესებულებამ, სადაც მეცნიერული მუშაობა დუღდა და გადმოდუღდა, კარდიოლოგიაში მსოფლიო მნიშვნელობის არაერთი განაცხადი გააკეთა. მიხეილ წინამძღვრიშვილის გარდაცვალებამ ბევრს აფიქრებინა, რომ ინსტიტუტი დიდების მწვერვალიდან დაეშვებოდა, მაგრამ მაშინდელმა მეცნიერებათა აკადემიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო – თანამშრომელთა თხოვნის საფუძველზე მიხეილ წინამძღვრიშვილის საქმის გამგრძელებლად აირჩია სოსო ჯავახიშვილი, დიდი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ექიმი ფთიზიატრიის, თერაპიის და, რაღა თქმა უნდა, კარდიოლოგიის დარგში. ექიმი, რომელიც წლების განმავლობაში სარგებლობდა მიხეილ წინამძღვრიშვილის ნდობითა და სიყვარულით, რომელმაც არაერთი სპეციალისტი აღუზარდა კარდიოლოგიის ინსტიტუტს და, ყველაფერთან ერთად, სანიმუშო ორგანიზატორი და ხელმძღვანელი იყო.
სოსო ჯავახიშვილის შესახებ ქართული მედიცინის მკვლევარი, გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია გვესაუბრა:
– იოსები, სოსო, როგორც ყველა ეძახდა, 1897 წლის 28 აგვისტოს დაიბადა კასპის მახლობლად, ხოვლეში. ამავე სოფელშია დაბადებული ივანე ჯავახიშვილიც, რომელიც სოსოს ნათესავი იყო. ჯავახიშვილების ოჯახს ბევრი სხვა ცნობილი ნათესავიც ჰყავდა, მათ შორის – ნიკო ცხვედაძე, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი...
სოსოს მშობლები, თავადი ვასილ ჯავახიშვილი და აზნაურთა ჩამომავალი მარიამ ზაალიშვილი, განათლებას დიდად აფასებდნენ. ცოლ-ქმარი ოთხ შვილს ზრდიდა: სოსოს, დარეჯანს, ირაკლისა და მარგოს. მარიამი მოსიყვარულე, მზრუნველი დედა იყო, მაგრამ იმავდროულად – მკაცრი, სამართლიანი და მომთხოვნიც.
ბავშვები რომ წამოიზარდნენ, ოჯახი თბილისში გადასახლდა. ვასილმა ცნობილ მეწარმესა და ქველმოქმედთან დავით სარაჯიშვილთან დაიწყო მუშაობა.
სარაჯიშვილს მთელი ოჯახი დიდი სიყვარულითა და მადლიერებით იხსენიებდა. ეს იყო ხელქვეითებზე მამასავით მზრუნველი კაცი: ბანკში ანგარიშს უხსნიდა, დღესასწაულებზე საჩუქრების გაგზავნა არასოდეს ავიწყდებოდა, გაჭირვების დროს მხარში ედგა...
სწავლა და სიყვარული
– ექვსი წლის სოსო თბილისის პირველ გიმნაზიაში მიაბარეს. არდადეგებს ოჯახი ხოვლეში ატარებდა. ჩაჰქონდათ სამოსი, წამლები, ტკბილეული და, შეძლებისდაგვარად, ეხმარებოდნენ თანასოფლელებს. ალბათ, ამიტომ არ დაგვარბიესო, – ამბობდა ხოლმე მარიამი. მართლაც, იმ ავად სახსენებელ წლებში, რომელმაც ქართველი თავადაზნაურობის უდიდესი ნაწილი შეიწირა, ჯავახიშვილების ოჯახს არავინ შეხებია. ის კი არა, მარიამს სიცოცხლის ბოლომდე სიყვარულით “კნეინას” ეძახდნენ.
სოსომ გიმნაზია 1914 წელს დაამთავრა და, ივანე ჯავახიშვილის რჩევით, სანკტ-პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში გააგრძელა სწავლა. დიდი მეცნიერი სარეკომენდაციო წერილს არ დასჯერდა – ბეჯით სტუდენტს ფინანსურადაც გაუმართა ხელი.
სოსომ აკადემია ვერ დაამთავრა – 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. პეტერბურგში დარჩენა საშიში იყო. სოსო, მისი საცოლე თამარ ვასილევა და მეგობრები: გიორგი სიდამონ-ერისთავი, ბესარიონ ყავრიშვილი, აგრაფენა ქავთარაძე, – საქართველოში დაბრუნდნენ. მოდიოდნენ სავსე მატარებლით, რომელსაც ყოველ სადგურზე ემატებოდა ხალხი. თუ რამ გააჩნდათ, საჭმელზე ცვლიდნენ... ასე ჩამოაღწიეს სამშობლოში.
თბილისში დაბრუნების შემდეგ სოსო და თამარი მალევე დაქორწინდნენ.
თამარმა, მეფის არმიის გენერლის გიორგი ვასილევის და კახელი თავადების ჩამომავლის ბარბარე სიდამონ-ერისთავის ასულმა, თბილისის კეთილშობილ ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ექიმობა გადაწყვიტა და მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალედ იცოდა ფრანგული ენა, პარიზს, ყველას გასაკვირად, მოსკოვი არჩია. ახლობლები ამ არჩევანის მიზეზს მაშინღა მიხვდნენ, რაც მისი და სოსოს სიყვარულის ამბავი გამჟღავნდა. სოსო ხშირად ნახულობდა შეყვარებულს, შუალედებში კი ერთმანეთის მონატრებას წერილებით იკლავდნენ...
რუსეთიდან დაბრუნებული სხვა სტუდენტების მსგავსად, სოსომ სწავლა გააგრძელა 1918 წელს დაარსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისევ სამედიცინო ფაკულტეტზე. ოჯახის მთელი ტვირთი თამარმა იდო თავს და მეუღლე ყოველდღიური საზრუნავისგან გაათავისუფლა.
უნივერსიტეტი სოსომ 1922 წელს დაამთავრა.
დიდი მფარველი
– სოსო ორდინატორად დატოვეს სამკურნალო ფაკულტეტის დიაგნოსტიკის კათედრაზე, სამიოდე წლის შემდეგ კი უმცროს ასისტენტად გადაიყვანეს. მალევე ჩაება სამეცნიერო მუშაობაში. სწორედ იმ დროს ჩაეყარა საფუძველი მისი და მიხეილ წინამძღვრიშვილის ახლო ურთიერთობას.
სოსოს ექიმად ჩამოყალიბებაში მიხეილთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანა ალექსანდრე ალადაშვილმაც.
როდესაც სოსოს ტუბერკულოზი აღმოაჩნდა და აბასთუმანში მკურნალობა დასჭირდა, მიხეილ წინამძღვრიშვილმა აკადემიური შვებულება მისცა და დაეხმარა, იქაურ სანატორიუმში ორდინატორად დაეწყო მუშაობა. ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტი მალე სანატორიუმის მთავარი ექიმი და რენტგენის კაბინეტის გამგე გახდა. მიხეილი მეუღლესთან ერთად ხშირად აკითხავდა საყვარელ მოსწავლეს.
როდესაც სოსო გამოკეთდა, მიხეილ წინამძღვრიშვილმა კათედრაზე დაბრუნება სთხოვა და ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას შეპირდა. სოსო მართლაც დაბრუნდა თბილისში, თუმცა ზაფხულობით კვლავ აბასთუმანში მუშაობდა. 1934 წელს კი მდგომარეობა გაუუარესდა და კვლავ სრული განაკვეთით დაუბრუნდა სანატორიუმს.
ტუბერკულოზის სამკურნალო იმხანად არსებული ყველა საშუალება დეტალურ შესწავლას ითხოვდა. სოსომ რამდენიმე კვლევა ჩაატარა და პრაქტიკული მნიშვნელობის ნაშრომები გამოაქვეყნა. პარალელურად გაიარა ექიმთა დახელოვნების კურსები ლენინგრადსა და მოსკოვში. სანატორიუმ "არაზინდოში" პაციენტებსაც და თანაშრომლებსაც საუკეთესო პირობები ჰქონდათ. კადრებს სოსო დიდი სიფრთხილით არჩევდა, მათ პიროვნულ თვისებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. მართლაც, სანატორიუმის ყველა თანამშრომელი პაციენტებისადმი გულისხმიერებით გამოირჩეოდა.
სოსო ყველას უყვარდა. ერთხელ მას თავს დაესხა ყოფილი მძღოლი, რომელიც საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო სამსახურიდან გაათავისუფლა. წინ მზარეული აეფარა და სოსოსთვის მოღერებული დანით დაიჭრა. ერთმა მადლიერმა პაციენტმა კი, უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა, დიდი რისკის ფასად შეატყობინა, ღამით დაპატიმრებას გიპირებენ და აქაურობას გაეცალეო. სოსოც მაშინვე თბილისში დაბრუნდა. კარგა ხანს არსად უმუშავია. დაპატიმრების მოლოდინში ბარგი ჩალაგებული ჰქონდა. მის ცოლ-შვილს მანქანის ყოველ დამუხრუჭებაზე გული უსკდებოდა... გადარჩნენ. რამდენიმე თვეში სოსო რკინიგზის ტუბსაავადმყოფოს გამგედ დანიშნეს, 1939 წელს კი, მიხეილ წინამძღვრიშვილის მიწვევით, კვლავ ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას დაუბრუნდა.
აღმზრდელი
– მეორე მსოფლიო ომის წლებში სოსო ჯავახიშვილი კასპის რაიონული საავადმყოფოს გამგედ მუშაობდა. არც იქ ისვენებდა. შეისწავლა გაზაფხულის მწვავე შეშუპების, პელაგრის, მედიასტინუმის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევები. 1945 წელს კვლავ თბილისში დაბრუნდა. ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე. დოცენტადაც აირჩიეს. 1946 წელს მიხეილ წინამძღვრიშვილმა მოახერხა კარდიოლოგიის ინსტიტუტის დაარსება, რომელიც ახალგაზრდა ექიმებით დააკომპლექტა, მათი გამოზრდა კი სოსოს მიანდო. მიხეილის რწმენით, საფუძვლიანი თერაპიული მომზადების გარეშე კარდიოლოგის კვალიფიციურობაზე საუბარიც ზედმეტი იყო. სოსო განსაკუთრებით ზრუნავდა, რომ ახალგაზრდა ექიმებს პრაქტიკულთან ერთად მეცნიერული მუშაობის ჩვევებიც შეეძინათ.
მიხეილ წინამძღვრიშვილმა სოსოს ჩააბარა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის კლინიკაც. სოსო ატარებდა ლექციებს, სტუდენტებთან ერთად კლინიკის შემოვლებს, დიდ ყურადღებას უთმობდა იშვიათ დაავადებებს, ნერგავდა კვლევის ახალ მეთოდებს. ბრწყინვალე ორატორი, წარმოსადეგი ექიმი ადვილად იპყრობდა მსმენელების გულს.
სოსოს კლინიცისტის საოცარი ალღო ჰქონდა, თუმცა შეცდომის აღიარებას არასოდეს თაკილობდა. 1952 წელს სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა ღვიძლისა და თირკმელების დიფუზური დაავადებების დროს სისხლის შრატის პროტეინების კოლოიდურ-ქიმიურ თავისებურებებზე. მან დაადგინა, რომ სისხლის შრატის ცილები ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების დროს ერთმანეთისგან განსხვავდება, რასაც დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს. მალე სოსო ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორად აირჩიეს, მერე კი გამგედაც დანიშნეს, თუმცა იქ დიდხანს აღარ მოუწია მუშაობა.
1956 წელს მიხეილ წინამძღვრიშვილი გარდაიცვალა. კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას ეკუთვნოდა, ამიტომ დირექტორიც მასვე უნდა დაენიშნა. აკადემიაში გაითვალისწინეს თანამშრომელთა თხოვნა და იოსებ ჯავახიშვილის კანდიდატურა განიხილეს. საქმეს ის ართულებდა, რომ სოსო კომუნისტური პარტიის წევრი არ იყო. დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად პარტიაში შესვლა რომ შესთავაზეს, კატეგორიული უარი განაცხადა. ბოლოს ისევ აკადემიამ დათმო და 1957 წლის თებერვალში სოსო ჯავახშვილი ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა.
მასწავლებლის ნაკვალევზე
– სოსომ ღირსეულად განაგრძო დიდი მასწავლებლის საქმე. 60 წლისამ დაიკავა დირექტორის თანამდებობა. ათი წელი უძღვებოდა ინსტიტუტს და უამრავი რამ მოასწრო. მართლაც საუკეთესო ორგანიზატორს, თანამშრომლებიც მხარში ედგნენ. მისი ხელმძღვანელობით შეაჯამეს ჰიპერტონიული დაავადების შესახებ მოპოვებული ინფორმაცია, გაავლეს ზღვარი სიმპტომურ ჰიერტენზიასა და ჰიპერტონიულ დაავადებას შორის, გამოსცეს კარდიოლოგიის ინსტიტუტის ათწლიანი მუშაობის შემაჯამებელი კრებული “ჰიპერტონიული სნეულების პრობლემა საქართველოში”, შეიმუშავეს დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები. სოსოს ინიციატივითვე დაიწყო ათეროსკლეროზისა და კორონარული დაავადების შესწავლა, დადგინდა მათი გავრცელება საქართველოს მოსახლეობაში. შემუშავდა კლასიფიკაცია. დიდი სამუშაო ჩატარდა გულის მანკების შესასწავლად, დაინერგა მათი ქირურგიული მკურნალობა.
1958 წელს თერაპიული პროფილის კარდიოლოგიურ კლინიკაში ქირურგიული განყოფილების გახსნა საბჭოთა კავშირისთვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.
სოსო სახსრებს არ იშურებდა თანამშრომლების მივლინებისთვის, რომ გულის ქირურგია საუკეთესო სპეციალისტებთან აეთვისებინათ. პერიოდულად საჩვენებელი ოპერაციების ჩასატარებლად იწვევდა ცნობილ კარდიოქირურგ ევგენი მეშალკინს. მართავდა კონფერენციებს, სესიებს, სიმპოზიუმებს... თავადაც და მისი ინსტიტუტის სხვა ექიმებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში. ინსტიტუტში ბრწყინვალე გუნდი ჩამოყალიბდა. არ წყდებოდა სამეცნიერო მუშაობა, იწერებოდა საკანდიდატო თუ სადოქტორო დისერტაციები, ქვეყნდებოდა ნაშრომები არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო გამოცემებში.
სოსომ დააარსა სამედიცინო ბიოფიზიკის ლაბორატორია, პირველი ნაბიჯები გადადგა კარდიოლოგიურ პაციენტთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების დასანერგად.
ინსტიტუტის გარეთაც უამრავ საქმეს აკეთებდა: ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ანტირევმატულ კომიტეტს; მისი ინიციატივით გაიხსნა ანტირევმატული დისპანსერი თბილისში და ანტირევმატული კაბინეტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ამ დაავადების აღმოჩენასა და მკურნალობაში; დააარსა ჯერ თბილისის, შემდეგ რესპუბლიკის კარდიოლოგთა საზოგადოება; თავმჯდომარეობდა თბილისის თერაპევტთა საზოგადოებასაც.
დიდი მისიის შემდეგ
– ათი წელი თავდაუზოგავად მუშაობდა კარდიოლოგიის ინსტიტუტის ფეხზე დასაყენებლად, 70 წლისა კი კვლავ სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას დაუბრუნდა. მე კარგად მახსოვს მისი ლექციები, წარმოსადეგი გარეგნობა, სასიამოვნო ტემბრი. სტუდენტები დიდ გერმანელ თერაპევტს ადოლფ შტრუმპელს ამსგავსებდნენ. თეორიულ და პრაქტიკულ სამედიცინო ცოდნასთან ერთად სოსო სტუდენტებისგან ქართული ენის გამართულ ცოდნასაც მოითხოვდა. კლინიკაში ადრე მიდიოდა და კონფერენციამდე მძიმე ავადმყოფებს მოინახულებდა ხოლმე, საღამოობით კი მორიგე ექიმებს აძლევდა რჩევა-დარიგებას.
80 წლის იუბილე დიდი სიყვარულით გადაუხადეს. ხუთი წელი კიდევ იცოცხლა. 1982 წლის 13 სექტემბერს, 85 წლისა, გამოეთხოვა წუთისოფელს.
სახლში და სამსახურში
– სოსოს ნავსაყუდელი ოჯახი იყო. მას და თამარს ერთმანეთისთვის სათქმელი არასოდეს გამოლევიათ. ხშირად ვახშმის შემდეგ მაგიდას შემორჩებოდნენ, თავიანთ სამყაროს თითქოს უხილავი ფარდით შემოზღუდავდნენ გარშემო მყოფთაგან. საუბრობდნენ მზერით, ჟესტებით... უამრავი რამ გადაიტანეს ერთად: ახლობლების რეპრესიები, უფროსი შვილის გარდაცვალება... თუმცა კარგიც ბევრი იყო მათ ცხოვრებაში.
შინ სოსო რბილი, თბილი, მშვიდი და აუღელვებელი იყო. გოგონებს, თინათინსა და მზიას, ანებივრებდა. ერთადერთ რამეს სთხოვდა: საღამოობით დროულად დაბრუნებულიყვნენ შინ, რომ ოჯახს ერთად ევახშმა. შვილების მეგობრებიც ხშირად იკრიბებოდნენ მათთან. სოსო სიამოვნებით ესაუბრებოდა ახალგაზრდებს, მათთან ერთად მხიარულობდა...
თამარის დამსახურებით, ჯავახიშვილების ოჯახი სასიამოვნო თავშეყრის ადგილი იყო ნათესავებისთვის, მეგობრებისთვის, თანამშრომლებისთვის. ერთად ზეიმობდნენ დღესასწაულებს, განსაკუთრებით – თამარობას. რაც არ უნდა მოკრძალებული ყოფილიყო სუფრა (ზოგჯერ ასეც ხდებოდა), მუდამ ლამაზად, საზეიმოდ იყო გაწყობილი. სოსო ბრწყინვალედ თამადობდა. ფეხზე არ დგებოდა – ქართული წესი არ არისო. მისი იარაღი სიტყვა იყო. სოსოს ცეკვის, განსაკუთრებით – ქართულის, ყურებას არაფერი სჯობდა. ოჯახის წევრების გარემოცვაში მღეროდა კიდეც.
სამსახურში კი სიმკაცრის გამოჩენა უხდებოდა. რამდენადაც თბილი და ყურადღებიანი იყო ბეჯითი თანამშრომლების მიმართ, იმდენადვე მკაცრად ეპყრობოდა დაუდევრებს. ვერ ურიგდებოდა სიცრუეს, ორპირობას, ფარისევლობას. ხელქვეითებს იღებდა და აწინაურებდა მხოლოდ მათი ღირსებების მიხედვით, არავითარი პროტექცია მასთან არ ჭრიდა. ინსტიტუტის ინტერესებს ყველაფერზე წინ აყენებდა. როგორც ამბობენ, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად იმიტომ არ აირჩიეს, რომ მათი ნების წინააღმდეგ ინსტიტუტის ერთ-ერთი განყოფილება დახურვას გადაარჩინა.
სოსომ კარგად იცოდა სიტყვის ფასი. კარგს ძალიან კარგს არ დაუძახებდა და პრინციპებს არავის საამებლად არ უღალატებდა. საოცრად გულწრფელი, უანგარო და პატიოსანი იყო. კერძო პაციენტებს გასამრჯელოს არ ართმევდა, გაჭირვებულებს კი იქით ეხმარებოდა. წესად ჰქონდა, მივლინების დროს თანამშრომლები სადილად დაეპატიჟა. 8 მარტის მილოცვა არასოდეს ავიწყდებოდა – კოლეგა ქალებს საჩუქრებსაც ახვედრებდა და თავის კაბინეტში ტკბილ სუფრასაც უშლიდა.
პაციენტებს მთელი გულით უყვარდათ. გარდა დიდი გამოცდილებისა და ექიმის ალღოსი, ხიბლავდათ სოსოს გარეგნობა, დახვეწილი ქცევა, მეტყველება. ბევრი მადლიერების წერილებს სწერდა. ხელოვანები წარმოდგენებზე ეპატიჟებოდნენ. სოსოს ძალიან უყვარდა ბალეტი და ეს მისმა პაციენტებმაც იცოდნენ.
თამარი თავგამოდებით ზრუნავდა მის ჯანმრთელობაზე, ავადმყოფობის გამო გაწერილი რეჟიმის შესრულებაში ხელი რომ არ შეშლოდა. ხშირად, როდესაც სოსო ისვენებდა, პაციენტებსაც კი არ უშვებდა მასთან, სხვა ექიმებთან გზავნიდა. თუმცა ხელშეუხებელი იყო “საღამოს შემოვლის” წესი – ავადმყოფი ნათესავებისა და ახლობლების მონახულება. ამის შემდეგ სოსო თავს უფლებას აძლევდა, კაბინეტში შეკეტილიყო და გვიანობამდე ემუშავა.
ცოლ-ქმარმა 46 წელი იცხოვრა ერთად. ენერგიული, ხალისიანი, ოპტიმისტი, შემოქმედებითი ბუნების თამარი სოსოს საუკეთესო მეგობარი იყო. მეუღლის ჯანმრთელობას თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, მაგრამ თვითონ უფრო ადრე გაეცალა სააქაოს – თავის ტვინში მესამე სისხლჩაქცევამ იმსხვერპლა. სოსომ კიდევ 18 წელი იცოცხლა. ძველებურად პეწიანი, მოწესრიგებული, ყურადღებიანი იყო. ბედზე არასოდეს დაიჩივლებდა... სიცოცხლის უკანასკნელი წლები შვილიშვილსა და მის ოჯახთან ერთად გაატარა.
მარი აშუღაშვილი