ფრენა ბავშვთან ერთად
გააზიარე:
“მალე მივალთ? კიდევ დიდხანს უნდა ვიაროთ? რამდენი დარჩა?” – ეს კითხვები ბავშვობაში ალბათ ყველას დაგვისვამს მშობლებისთვის, როდესაც ტრანსპორტში ჯდომა მოგვბეზრებია. გაბეზრებული და გაჭირვეულებული ბავშვის დამშვიდება, დამეთანხმებით, ძნელია, მაგრამ მანქანა თუ სხვა სახმელეთო ტრანსპორტი, შეგვიძლია, ცოტა ხნით გავაჩეროთ მგზავრობისას, ჩავიდეთ, გავიარ-გამოვიაროთ და პატარაც დავამშვიდოთ.
საქმე გაცილებით რთულადაა, როდესაც ბავშვთან ერთად მივფრინავთ სადმე: თვითმფრინავს ვერც გზაში გავაჩერებთ და დანიშნულების ადგილამდე ვერც იქიდან ჩასვლას მოვახერხებთ. აქვე უნდა გავაცალკეოთ 2-3-საათიანი და გაცილებით ხანგრძლივი, 12-18-საათიანი ფრენები. 2-3 საათში შეგიძლიათ ბავშვს მულტფილმი აჩვენოთ და ისე ჩაფრინდეთ დანიშნულების ადგილას, რომ პატარამ დაწუწუნებაც კი ვერ მოასწროს, მაგრამ მოდი, დავფიქრდეთ, რისი გაკეთება შეიძლება 12 საათის განმავლობაში? სამსახურში წასვლა, მუშაობა, ბავშვების სხვადასხვა წრეზე წაყვანა და მოყვანა, სადილის მომზადება, ჭამა, ვარჯიში, ტელევიზორის ყურება... და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს დრო ბავშვმა ჰაერში, ერთ ადგილას მჯდომმა უნდა გაატაროს. მართლაც სერიოზული გამოწვევაა.
იფრინეთ ღამით
თორმეტ საათზე მეტხანს ფრენისას, რასაკვირველია, რამდენიმე საათს ნებისმიერ შემთხვევაში იფხიზლებთ, მაგრამ თუ მოახერხებთ, თვითმფრინავის ღამის რეისი დაჯავშნეთ: შესაძლოა, ბავშვმა სულ 5-6 საათი იძინოს, მაგრამ გაცილებით სწრაფად ჩაიძინებს და ეს საქმეს გაგიადვილებთ. საუკეთესო დრო საღამოს 7-8 საათია, რადგან ბავშვი ვახშმობასაც მოასწრებს და სულ მალე ძილის დროც მოუწევს.
ცარიელი სავარძლის მაგია
ადგილების არჩევისას შეგიძლიათ ერთ მრავალნაცად ხრიკს მიმართოთ (მას ის დედები იყენებენ, რომლებსაც ხშირად უწევთ პატარებთან ერთად ფრენა): თუ მხოლოდ თქვენ და თქვენი შვილი მიემგზავრებით, ერთი ბილეთი ფანჯარასთან იყიდეთ, ხოლო მეორე – განაპირა სავარძელზე. შუაში დარჩენილი სივრცის წყალობით ბავშვი უფრო თავისუფლად იგრძნობს თავს და უფრო კომფორტულადაც დაიძინებს.
თუ გეგმა ჩაგეშალათ და თვითმფრინავში შუა სავარძლის მფლობელი მგზავრი ამოვიდა, უარს ნამდვილად არ გეტყვით, ბავშვის გვერდით დაგსვათ.
მოიმარაგეთ სასუსნავი
მშობლების უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ ბევრი ტკბილეული და სწრაფი საკვები ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვრთავთ ბავშვს მათი მირთმევის ნებას. თორმეტსაათიანი ფრენა კი ნამდვილად განსაკუთრებული შემთხვევაა, ამიტომ დანაშაულის გრძნობის გარეშე ჩაიწყვეთ სასუსნავი ჩანთაში. თუ ბავშვმა თვითმფრინავის საჭმელზე უარი განაცხადა, ან სერვირების დროს ეძინა, ან ცოტა ჭამა და მოშივდა, გახსენით ჩანთა და საყვარელი ნუგბარი შესთავაზეთ – ის დაანაყრებს კიდეც და კარგ გუნებაზეც დააყენებს.
ნუ წაიღებთ თან ისეთ ტკბილეულს, რომელიც მანამდე არ გაუსინჯავს, რადგან ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ მისი კომპონენტების მიმართ აუტანლობა არ აღმოაჩნდება ან ალერგიული რეაქცია არ განუვითარდება.
დამუხტეთ გაჯეტები
100%-ით დამუხტული გაჯეტიც კი ვერ გაძლებს რამდენიმე საათზე მეტს, ამიტომ პორტატიული დამტენი ხანგრძლივი მგზავრობისას კარგ სამსახურს გაგიწევთ. დიდ მანძილზე ფრენა ის შემთხვევაა, როდესაც შეგიძლიათ, ეკრანთან გასატარებელ მკაცრად განსაზღვრულ დროს ოდნავ გადააჭარბოთ. რა თქმა უნდა, ბავშვი 15 საათით არ უნდა მიეჯაჭვოს ეკრანს (სხვა თუ არაფერი, თვითონვე მობეზრდება), მაგრამ ორ საათზე მეტხანს თუ გაერთობა გაჯეტით, არაფერი დაშავდება. გადმოიწერეთ პლანშეტში ან ლეპტოპში მისი საყვარელი მულტფილმები, ვიდეოები, თამაშები. არ დაგავიწყდეთ ყურსასმენების წაღება! შეგიძლიათ, გართობა საჰაერო თემატიკას დაუკავშიროთ და თვითმფრინავებსა თუ სხვა საფრენ აპარატებზე გადაღებული ფილმი შესთავაზოთ. კარგი იქნება, თუ ერთად უყურებთ, მერე კი შთაბეჭდილებებს ერთმანეთს გაუზიარებთ.
გირჩევთ, გაჯეტს მხოლოდ მას შემდეგ მიმართოთ, რაც ბავშვის გართობის ყველა სხვა საშუალებას ამოწურავთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პლანშეტი ან ლეპტოპი იყოს გეგმა B, რომელსაც სხვა რესურსების ამოწურვის შემდეგ აამოქმედებთ.
იმოძრავეთ ბავშვთან ერთად
მართალია, ვენების თრომბოზის განვითარების რისკი ბავშვებს ნაკლებად ემუქრებათ, მაგრამ მაინც აჯობებს, დროდადრო ადგნენ და სალონში გაიარ-გამოიარონ. თუ ამის საშუალება არის, თქვენც ისეირნეთ ბავშვთან ერთად, დაათვალიერებინეთ თვითმფრინავი, აჩვენეთ, სად ზის პილოტი, სად სხედან ბორტგამცილებლები, უპასუხეთ კითხვებზე და მოუყევით ყველაფერს, რაც კი რამ საინტერესო გაგახსენდებათ თვითმფრინავის შესახებ. უმჯობესია, ინიციატივა თქვენ აიღოთ ხელში ხელსაყრელ დროს, რადგან დიდი შანსია, როდესაც ბავშვს მოუნდება ადგილიდან ადგომა, ეს არ შეიძლებოდეს.
გირჩევთ, ბევრი იაროთ აეროპორტშიც, რათა ბავშვმა თვითმფრინავში ასვლისთანავე წამოდგომა არ მოითხოვოს.
თან იქონიეთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი (თქვენთვისაც!)
აუცილებლად წაიყოლეთ თან ერთი ხელი გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ხოლო თუ ბავშვი საფენებს ხმარობს – რა თქმა უნდა, ისინიც. ვინიცობაა, ბავშვმა წყალი გადაისხა ან ჩაეძინა და შარდი გაეპარა, ან სულაც თქვენ დაგასველათ, გამოსაცვლელი ხსნად მოგევლინებათ, რადგან ფრენის ბოლომდე სველი ტანსაცმლით ჯდომა არაკომფორტულიცაა და, თვითმფრინავის სალონში არსებული ტემპერატურიდან გამომდინარე, საშიშიც.
გაუფრთხილდით პატარას ყურებს
აფრენა-დაფრენისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვი ან რამეს ღეჭავდეს, ან სპეციალური საწრუპი ჩხირით სვამდეს – ეს მარტივი ოპერაცია მის ყურებს წნევის ცვალებადობით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებისგან დაიცავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ აფრენამ ბავშვი შეაშინა, დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ მის დასამშვიდებლად.
იხმარეთ ცოტაოდენი ეშმაკობა
შეგიძლიათ, ფრენამდე შეიძინოთ ახალი სათამაშო ან წიგნი – ნებისმიერი რამ, რაც თქვენს პატარას ძალიან გაახარებს, ხოლო აფრენის შემდეგ უთხრათ, რომ მისთვის სიურპრიზი გაქვთ, რომელსაც ნახევარი გზის გავლის შემდეგ მიიღებს, თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხნის განმავლობაში კარგად მოიქცევა და დაგიჯერებთ.
გამოცდილი დედები ირწმუნებიან, რომ ეს ხერხი ძალიან ჭრის.
წიგნები
ფრენისას ბავშვის გართობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ასაკის შესაბამისი თავსატეხების წიგნი ბევრი სტიკერით, გასაფერადებლით და გამოცანით. თუ ფანქრებსაც წაიღებთ თან, მართლაც მხიარულ დროს გაატარებთ.
შეგიძლიათ, წაიყოლოთ ზღაპრების წიგნიც – გააჩნია, რითი უკეთ ერთობა პატარა.
წაიღეთ იმდენი გასართობი, რამდენსაც შეძლებთ
არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ შინ ბავშვის ამოჩემებული სათამაშო, რომელსაც მთელი დღე თან დაატარებს და რომელთან ერთადაც იძინებს. “მეგობრის” გვერდით თავს უფრო მშვიდად იგრძნობს და უფრო იოლად მოერევა შფოთვას, რომელიც შეიძლება ფრენისას გაუჩნდეს.
შესაძლოა, ბავშვმა ერთხანს ითამაშოს დამოუკიდებლად, მაგრამ თქვენთან ერთად უფრო უკეთესად და უფრო მეტხანს გაერთობა, ამიტომ თან იქონიეთ ისეთი გასართობი, რომელიც თამაშში ერთზე მეტი ადამიანის ჩართვას მოითხოვს. ეცადეთ, თამაში რაც შეიძლება კრეატიული იყოს, ფანტაზიას, დისკუსიას და მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვდეს. შეგიძლიათ, საგანგებოდ შეიძინოთ ახალი სამაგიდო თამაშიც, რომ ბავშვი უფრო მეტად დაინტერესდეს და გართობა მალე არ მობეზრდეს.
ლიკა ქათამაძე