მშობიარობის გეგმა

გააზიარე:

 

 

 

მთელი ორსულობის განმავლობაში ქალი გამუდმებით რაღაცას გეგმავს და არჩევს – ბავშვის სახელს, ტანსაცმელს, ეტლს; საწოლი ოთახის კედლების ფერს და ავეჯის დიზაინს, ფიქრობს, როგორ მოიქცეს მშობიარობის შემდეგ – შინ დარჩეს თუ სამსახურში დაბრუნდეს.

მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, როგორ გსურთ მშობიარობის პროცესის წარმართვა? როგორ უნდა მოემზადოთ ამ დღისთვის? როგორ გარემოსა და გარემოცვაში ჩაივლის თქვენი ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა? მშობიარობის დაგეგმვა არასოდეს არის ნაადრევი – მიუხედავად იმისა, რომ მთელი ორსულობა ამ დღეს ელოდით, ის შესაძლოა მოულოდნელად დადგეს.

მშობიარობის გეგმის შედგენა მთელ მსოფლიოში გავრცელებული კულტურაა. ის შეიძლება ზეპირადაც არსებობდეს თქვენს გონებაში და წერილობითი სახეც მიეცეს. ევროპასა და ამერიკაში სპეციალური ფორმებიც კი არსებობს, რომლებსაც ორსულები ავსებენ.

 

გარემო

ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოს არჩევაა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და ამერიკაში ქალები ბინაზე მშობიარობას ირჩევენ, საქართველოში ეს პრაქტიკა ჯერ აქტიურად არ დანერგილა. ბინაზე მშობიარობა ბებიაქალის ან მეანის მეთვალყურეობით მიმდინარეობს. ამ დროს მედპერსონალი მშობიარეს სათანადო სამედიცინო და მედიკამენტურ დახმარებას უწევს.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკად ჯერჯერობით სამშობიარო სახლში მშობიარობა რჩება. სამშობიარო სახლები არათუ მთელ ქვეყანაში, მხოლოდ დედაქალაქშიც კი მრავლადაა. შესაბამისად, ორსულებს ფართო არჩევანი აქვთ. შეგიძლიათ, წინასწარ დაათვალიეროთ სასურველი დაწესებულების სამშობიარო ბლოკი, პალატა, სადაც მშობიარობის შემდეგ გადაგიყვანენ, ბავშვთა განყოფილება და სხვა – ამის უფლებას ყველა სამშობიარო სახლში მოგცემენ.

სამშობიაროს არჩევის შემდეგ უფრო მშვიდად იქნებით, რადგან, როცა სამშობიარო მოქმედება დაიწყება, წინასწარ გეცოდინებათ, რამდენ ხანში იქნებით დანიშნულების ადგილზე და როგორ გარემოში მოხვდებით.

 

კომპანიონი

მშობიარობის დროს ახლობელი ადამიანის მხარდაჭერა ხელს უწყობს პროცესს. კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც მშობიარობის დროს კარგ სოციალურ მხარდაჭერას იღებენ, უფრო სწრაფად მშობიარობენ, უკეთესად აკონტროლებენ ტკივილს და ნაკლები სამედიცინო ჩარევა სჭირდებათ.

ასე რომ, დაფიქრდით იმაზეც, გჭირდებათ თუ არა თანმხლები სამშობიარო ბლოკში. თუ პასუხი დადებითია, დროულად გადაწყვიტეთ, ვინ იქნება ეს – საყვარელი მამაკაცი, დედა, და, მეგობარი თუ ვინმე სხვა. ოღონდ აუცილებლად უნდა მისი მიიღოთ თანხმობაც, რადგან მშობიარობა არ არის ის პროცესი, რომელსაც ყველა გაუძლებს და, მით უმეტეს, შეძლებს, ამ დროს თქვენს კომფორტზე იყოს ორიენტირებული.

შესაძლოა, არავის თანხლება არ ისურვოთ. არც ეს იქნება პრობლემა – მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ თავს ნამდვილად არ იგრძნობთ მარტო.

 

რა წავიღო

სამშობიარო სახლში წასვლისას მზად უნდა გქონდეთ საკუთარი და ახალშობილის ნივთები. სასურველია, ისინი ცალ-ცალკე ჩაალაგოთ, რათა შემდეგ ადვილად იპოვოთ ყველა საჭირო ნივთი.

ახალშობილისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი, გადასაფარებელი, წინდები თუ ქუდი აუცილებლად გარეცხილი და გაუთოებული უნდა იყოს, რათა თავი დაიზღვიოთ პაწიას ნაზი კანის გაღიზიანებისა და დაბინძურებისგან.

დედას კი დასჭირდება მოხერხებული თეთრეული, პიჟამა, ხალათი, პირადი ჰიგიენის საშუალებები, რომლებიც დამატებით კომფორტს შეგიქმნით კლინიკაში, ვიდრე ბინაზე გაეწერებით.

 

მშობიარობის განმავლობაში

მშობიარობა, განსაკუთრებით – პირველი, დიდხანს გრძელდება. ეს ისეთი პროცესია,  რომლის დროსაც ქალი უმეტესად ტკივილსა და დისკომფორტს განიცდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობიარე მუდმივად ცუდად გრძნობს თავს.

მშობიარობის პირველი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე საშვილოსნოს ყელი იხსნება, ქალს შეუძლია, იყოს აქტიური, იაროს სამშობიარო ბლოკში, დაჯდეს სპეციალურ ბურთებზე, შეარჩიოს პოზა, რომელიც ტკივილს შეუმსუბუქებს. თუმცა არც წოლა და მოსვენება იკრძალება. ეს მშობიარის გადასაწყვეტია.

შეიძლება შხაპის მიღებაც, თუ მშობიარეს ეს თავად სურს (რა თქმა უნდა, მედპერსონალის მეთვალყურეობით). მშობიარობის განსაზღვრულ ეტაპამდე ნებადართულია მსუბუქი საკვებისა და სითხის მიღებაც. ესეც მშობიარის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მშობიარობა საკმაოდ ბევრ ენერგიას მოითხოვს; მშიერი, მწყურვალი და გამოფიტული ქალი უფრო ძნელად იტანს ამ პროცესს და მის თანმხლებ ტკივილს. თუმცა უმჯობესია, კვების საკითხი ექიმთან შეთანხმებით მოგვარდეს.

 

ტკივილის გაყუჩება

არსებობს სამშობიარო ტკივილის გაყუჩების არაფარმაკოლოგიური და ფარმაკოლოგიური მეთოდები. არაფარმაკოლოგიურ მეთოდებს მიეკუთვნება მასაჟი, თბილი კომპრესები (მათ შეუძლიათ, გამოათავისუფლონ სხეულში ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები – ენდორფინები) და წყლის პროცედურები – აბაზანა ან შხაპი მშობიარობის პირველ პერიოდში.

ტკივილს ამსუბუქებს რელაქსაციის მეთოდებიც – მუსიკის მოსმენა, მედიტაცია, არომათერაპია.

სასურველია, წინასწარ გადაამოწმოთ, შეძლებს თუ ვერა სამშობიარო სახლი ამ კუთხით თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

აკუპუნქტურასაც შეუძლია, შეამციროს სამშობიარო ტკივილი, ოღონდ ეს პროცედურა აუცილებლად სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. აკუპუნქტურული თერაპიის სპეციალისტი კი ყველა საავადმყოფოში არ ჰყავთ, ამიტომ შესაძლოა, საკუთარი პრაქტიკოსის პოვნა დაგჭირდეთ.

ეფექტური მეთოდია სტერილური წყლის ინექციები. პროცედურა გულისხმობს მცირე რაოდენობის (0.1 მლ-დან 0.2 მლ-მდე) სტერილური წყლის კანქვეშ შეყვანას წელის ქვედა არის ოთხ წერტილში. ინექციების ეფექტს დაახლოებით 2 წუთში იგრძნობთ. ეს იქნება ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური სიმშვიდის შეგრძნება, რომელიც საშუალოდ 30 წუთი (საუკეთესო შემთხვევაში – ორ საათამდეც) გაგრძელდება. სტერილური წყლის ინექციები ეფექტურია ქალების 85%-თან.

რაც შეეხება მედიკამენტურ გაუტკივარებას, ამჟამად მისი ყველაზე გავრცელებული, აპრობირებული და უსაფრთხო მეთოდი ეპიდურული ანესთეზიაა. როგორც ყველა სამედიცინო პროცედურას, მედიკამენტურ გაუტკივარებასაც თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები აქვს.

გაუტკივარება მშობიარის პირადი არჩევანია. ის ექიმთან შეთანხმებით კეთდება. ექიმი, უპირველესად, ამოწმებს მშობიარის ვაგინალურ სტატუსს და მხოლოდ ამის შემდეგ იძლევა გაუტკივარების ნებართვას.

ეპიდურული ანესთეზია რეგიონული ანესთეზიაა, რომელიც ბლოკავს ტკივილს სხეულის კონკრეტულ ნაწილში. ამ დროს იბლოკება ნერვული იმპულსები ზურგის ტვინის ქვედა სეგმენტებიდან. ეს იწვევს სხეულის ქვედა ნახევარში მგრძნობელობის დაქვეითებას, მამოძრავებელი ფუნქციები კი შენარჩუნებულია.

ეპიდურული ანესთეზიის დაწყებამდე აუცილებელია ინტრავენურად დაახლოებით 1-1,5 ლიტრი სითხის შეყვანა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეპიდურული ანესთეზიის გვერდით ეფექტი – არტერიული წნევის დაქვეითება, ჰიპოტენზია. თუ დედის ჰიპოტენზია გახანგრძლივდა, ნაყოფთან სისხლის მიდენა შემცირდება, რამაც შესაძლოა მისი გულისცემის დარღვევა გამოიწვიოს. გართულებების თავიდან ასაცილებლად და ეპიდურული ანესთეზიის ეფექტურობის ასამაღლებლად აუცილებელია ისეთი პოზიციის მიღება, რომ ხერხემალი კარგად ჩანდეს. წელის იმ არეს, სადაც ინექცია კეთდება, ინფექციის თავიდან ასაცილებლად ანტისეპტიკური ხსნარით ამუშაცვებენ. ამის შემდეგ ტარდება ადგილობრივი ანესთეზია – კანის გაუტკივარება, მერე კი ხერხემლის არხში იდგმება სტერილური კათეტერი, რომელიც მშობიარობის დასრულებამდე რჩება იქ და რომლითაც ქალს მშობიარობის დროს პერიოდულად ან მუდმივად მიეწოდება საანესთეზიო პრეპარატი.

 

სამშობიარო მოქმედების აღძვრა

დროულად მიიჩნევა ორსულობა 37-ედან 41-ე კვირის ჩათვლით. თუ ორსულობის 41-ე კვირისთვის მშობიარობა არ დაიწყო, ექიმი აუცილებლად შემოგთავაზებთ სამშობიარო მოქმედების აღძვრას, რადგან ვადაგადაცილებულ ორსულობას გართულებათა მთელი წყება მოჰყვება, ამიტომ სამშობიარო მოქმედების აღძვრის მეთოდების შესახებაც უნდა იყოთ ინფორმირებული.

არსებობს სამშობიარო მოქმედების აღძვრის მექანიკური და მედიკამენტური მეთოდები. მექანიკური მეთოდი გულისხმობს საშვილოსნოს ყელის მექანიკურ გაფართოებას, რაც სამშობიარო მოქმედების აღძვრას უწყობს ხელს. თუ ამ მეთოდმა არ გაამართლა, სამშობიარო მოქმედების აღძვრა მედიკამენტურად გრძელდება – ხდება საშვილოსნოს ყელის მომწიფება პროსტაგლანდინით, მერე კი სამშობიარო მოქმედების გააქტიურება ოქსიტოცინით. ეს ყოველივე ხორციელდება პროტოკოლის მიხედვით, რასაც ექიმი უფრო დეტალურად აგიხსნით.

ინფორმაცია უნდა გქონდეთ იმ მედიკამენტური მეთოდების შესახებაც, რომლებიც შეიძლება უშუალოდ მშობიარობის დროს დაგჭირდეთ.

 

საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთისთვის სხვანაირად დაგჭირდებათ მომზადება. არ აქვს მნიშვნელობა, საკეისრო კვეთას გეგმავთ თუ ბუნებრივად აპირებთ მშობიარობას – ეს ისეთი პროცესია, რომლის მიმდინარეობისა და დასასრულის ზუსტად განჭვრეტა შეუძლებელია, ამიტომ ყველა შემთხვევაში უნდა იცოდეთ, მშობიარობის რა ალტერნატიული გზები არსებობს.

თუ საკეისრო კვეთა გეგმურად, ჩვენებით ტარდება, ექიმი ორსულობის 38-39-ე კვირის ვადაზე დანიშნავს კონკრეტულ თარიღს. თუ ქალს სამშობიარო მოქმედება უფრო ადრე დაეწყო, შესაბამისად, უფრო ადრე მიმართავს კლინიკას.

საკეისრო კვეთისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს უპირატესად ორი ტიპის ანესთეზია – სპინალური და ზოგადი.

სპინალური ანესთეზიის შემთხვევაში საანესთეზიო საშუალება ხერხემალში შეჰყავთ. ეფექტი რამდენიმე წუთში დგება და რამდენიმე საათი გრძელდება. ამ დროს ორსულს არ სძინავს, მხოლოდ ტკივილს ვერ გრძნობს. ზოგადი ანესთეზიის შემთხვევაში კი ორსულს სძინავს და მხოლოდ ოპერაციის დასრულების შემდეგ აღვიძებენ.

უმეტესად სპინალურ ანესთეზიას მიმართავენ, თუმცა ორივე ტიპს თავისი ჩვენება და უკუჩვენება აქვს. ანესთეზიოლოგთან კონსულტაცია თქვენს ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

საკეისრო კვეთა მშობიარობის ქირურგიული მეთოდია. შესაბამისად, მას თან ახლავს ყველა იმ გართულების რისკი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს, საზოგადოდ, ქირურგიულ ჩარევას. ბუნებრივი მშობიარობისგან განსხვავებით, საკეისრო კვეთის შემდგომ პერიოდს ახასიათებს ტკივილის სინდრომი ჭრილობის არეში, რომელსაც მედიკამენტებით მკურნალობენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჭრილობას დამატებითი მოვლა და ყურადღება სჭირდება. რეაბილიტაციის პერიოდიც უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ.

უნდა იცოდეთ ერთი შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც საკეისრო კვეთა გთავაზობთ: თუ ორსულობის შემდეგ მუდმივ კონტრაცეფციას გეგმავთ, საკეისრო კვეთისას შესაძლებელია ქირურგიული სტერილიზაციის ჩატარებაც კვერცხსავალი მილების გადაკვანძვის გზით. წინასწარ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამ პროცედურის შესახებ. ექიმი ორსულსა და მის პარტნიორს განსახილველად ორ თვეს აძლევს და მხოლოდ ამის შემდეგ, ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, ატარებს პროცედურას.

 

ოპერაციული მშობიარობის ალტერნატიული გზები

ოპერაციული მშობიარობის ალტერნატიულ გზებს მიეკუთვნება მშობიარობა სამეანო მაშებით და ვაკუუმით.

ოპერაციულ ჩარევას მიმართავენ მშობიარობის მეორე პერიოდში, ჭინთვების დროს, წარმოქმნილი შეფერხებისას, როდესაც აუცილებელია სამშობიარო გზებიდან ნაყოფის სასწრაფოდ გამოყვანა. სამეანო მაშები რკინის ტოტებია, რომლებსაც ნაყოფს თავზე ადებენ, მოქაჩავენ და ასე გამოჰყავთ გარეთ ახალშობილი. მაშებს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს და დიდი დამსახურებაც მიუძღვის კაცობრიობის წინაშე, თუმცა მაინც ტრავმული მეთოდია. დღეს უპირატესად ვაკუუმს იყენებენ. ეს არის სპეციალური აპარატი, რომელიც ნაყოფს თავზე ეჭიდება და დაბადებაში ეხმარება.

 

მშობიარობის შემდეგ

მშობიარობის პროცესი ბავშვის დაბადებით არ სრულდება. მშობიარობის მესამე პერიოდში უნდა დაიბადოს პლაცენტა. პლაცენტის წარმატებით გამოძევების შემდეგ მშობიარობა დასრულებულად ითვლება.

ახალშობილი დაბადებისთანავე გადაეცემა ნეონატოლოგს, რომელიც ბავშვის პირველად შეფასებას ახდენს და საჭიროების შემთხვევაში სათანადო დახმარებას უწევს. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, კანით კანთან კონტაქტის დამყარებაა. ეს გულისხმობს ახალშობილის მოთავსებას დედის მკერდზე. კანით კანთან კონტაქტი შეიძლება ორი საათი გაგრძელდეს. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ბავშვისთვის, ვინაიდან ახალშობილის სხეულს სითბოს რეგულაცია ჯერ კიდევ არ შეუძლია, მშობლის სხეულიდან მიღებული სითბო კი მას გადაცივებისგან იცავს. ამასთან, კანით კანთან კონტაქტის დროს ახალშობილის კანი მშობლის მიკროფლორით მოითესება და ბავშვის იმუნური სისტემა მუშაობას იწყებს.

სურვილის შემთხვევაში, თუ დედა გადაღლილია, შეიძლება, კანით კანთან კონტაქტი მამასთან დამყარდეს.

მშობიარობის შემდეგ ექიმი დაათვალიერებს პლაცენტას, რბილ სამშობიარო გზებს და შორისს. თუ გაჩნდა ეჭვი, რომ სანაყოფე გარსების ან მომყოლის ნაწილები საშვილოსნოს ღრუში ჩარჩა, საშვილოსნოს ღრუს ინსტრუმენტული გამოფხეკა დაგჭირდებათ. რბილი სამშობიარო გზების ან შორისის დაზიანებისას (საშვილოსნოს ყელის ჩახევა, ნახეთქი ჭრილობა საშოს რომელიმე კედელზე, შორისის ჩახევა) ჭრილობა გაიკერება. ზემოხსენებული პროცედურები ინტრავენური ან ეპიდურული ანესთეზიით ტარდება და სულ 10-15 წუთი გრძელდება.

 

ახალშობილის კვება

უპირველეს ყოვლისა, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: აპირებთ თუ არა ახალშობილის ძუძუთი კვებას? თუ პასუხი დადებითია, მაშინ მას ნაკლები დაბრკოლება ხვდება წინ.

თუ ახალშობილის ძუძუთი კვებას ვერ ახერხებთ ან არ აპირებთ, დაგჭირდებათ ექიმის კონსულტაცია იმის თაობაზე, რითი და როგორ კვებოთ ჩვილი.

 

ვიდრე მშობიარობის გეგმას შეადგენდეთ

არსებობს ე.წ. მშობელთა სკოლები, რომლებიც ორსულებს სთავაზობს მშობიარობისა და დედობისთვის ფიზიკურ, თეორიულ და ფსიქოლოგიურ მომზადებას. ამ სკოლაში მოგაწვდიან საჭირო ინფორმაციას ორსულობის, მშობიარობისა და ახალშობილის მოვლის შესახებ. დაბოლოს, აქ მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ, უფრო დეტალურად შეიმუშაოთ თქვენი მშობიარობის გეგმა.

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: