დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი

გააზიარე:

 

კუჭის დაავადებებზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, გულძმარვა და ტკივილი გვახსენდება, გემრიელი საკვებისგან მიღებული დიდი სიამოვნება და არანაკლებ დიდი პრობლემებით დახუნძლული მეორე დღე, უფრო სწორედ, ღამე. ღამე, როდესაც თანახმა ხარ, ყოველგვარ გასტრონომიულ სურვილზე უარი თქვა, ოღონდ კი თავი დააღწიო მტანჯველ ტკივილს და კუჭში მოგიზგიზე ხანძარი ჩააქრო. მაგრამ საკმარისია, ტკივილი ჩაცხრეს, რომ მძიმე წუთები გავიწყდება და ისევ ნაირ-ნაირი კერძების დაგემოვნების გზებს ეძებ... და ასე გრძელდება, სანამ არ დაიღლები და არ ჰკითხავ საკუთარ თავს: “როდემდე?”

ცხადია, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია წელიწადის ამ დროს, როდესაც საახალწლო ორომტრიალი ტკბილ მოგონებებთან ერთად მწარე ჩივილებსაც გვიტოვებს. იმისთვის, რომ კუჭის პრობლემებმა დღესასწაული არ ჩაგვაშხამოს, მათი დროული ამოცნობა და მკურნალობაა საჭირო. თუ წამალი მხოლოდ შეტევის დროს მოგაგონდებათ, წუთიერ შედეგს კი მიიღებთ, მაგრამ კუჭის დაავადება გადაუჭრელ პრობლემად დარჩება, რომელიც ყოველი გემრიელი ტრაპეზის შემდეგ აუტანელი ჩივილებით შეგახსენებთ თავს.

ამჯერად ერთ-ერთ ასეთ პრობლემაზე – დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარზე გესაუბრებით.

ცოტა რამ სახელწოდების შესახებ

ხალხში ამ დაავადებას ზოგჯერ – საყლაპავის, ზოგჯერ კი კუჭის თიაქარს უწოდებენ. სინამდვილეში ის დიაფრაგმის თიაქარია, ოღონდ ამ თიაქარში საყლაპავის ხვრელის გავლით კუჭი გამოდის. დაავადების მექანიზმის უკეთ გასაგებად ელემენტარული ანატომია გავიხსენოთ. დიაფრაგმა, იგივე შუასაძგიდი, გუმბათისებური კუნთია, რომელიც გულმკერდისა და მუცლის ღრუებს შორის მდებარეობს და მათ გამყოფ ერთგვარ საზღვარს ქმნის. საზღვრის გადაკვეთა აკრძალულია, წესის დარღვევისთვის კი პასუხს მთელი ორგანიზმი აგებს. სწორედ ასე ხდება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროს, როდესაც მუცლის ღრუს ორგანოები გულმკერდის ღრუში ამოდის და ძალზე შემაწუხებელ ჩივილებს იწვევს. “საზღვრის გადაკვეთა” დიაფრაგმის ხვრელის მეშვეობით ხდება, რომელშიც საყლაპავი მილი გაივლის და კუჭს უერთდება (ასეთივე ხვრელებით გაივლის დიაფრაგმაში აორტა და ქვედა ღრუ ვენა).

განასხვავებენ თიაქრის სამ ფორმას:

1.         დაცურებულს. მას აქსიალურ თიაქარსაც უწოდებენ. ამ დროს კუჭი საყლაპავის სიგრძივი ღერძის გასწვრივ გადაინაცვლებს. შემთხვევათა 90%-ში საქმე სწორედ ამ ტიპის თიაქართან გვაქვს.

2.         პარაეზოფაგურს. ის ავადმყოფთა 5%-ს აღენიშნება. ამ დროს კარდიის (კუჭის შესავალი ნაწილის) მდებარეობა უცვლელია, საყლაპავის გაგანიერებულ ხვრელში კი კუჭის ფუძე ან დიდი სიმრუდე გამოდის და საყლაპავის გვერდით ლოკალიზდება. ამიტომაც უწოდებენ ასეთ თიაქარს პარაეზოფაგურს – საყლაპავის ახლოს მდებარეს.

3.         შერეულს. ეს ფორმა დაცურებულ და პარაეზოფაგურ თიაქრებს მოიცავს.

რაღა მე?!

თიაქრის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხვრელის არეში განვითარებული ასაკობრივი ცვლილებები და კონსტიტუციური თავისებურებები (ხშირად ასეთ ავადმყოფებს სხვა ლოკალიზაციის თიაქრებიც აღენიშნებათ). გარდა კუნთის თანდაყოლილი სისუსტისა და გენეტიკური განწყობისა, დაავადების განვითარების ან გამოვლენის დაჩქარება შესაძლოა გამოიწვიოს ნებისმიერმა ფაქტორმა, რომელიც მუცლის ღრუში წნევას ზრდის. ასეთი შემთხვევები უმეტესად მუდმივ ყაბზობას, შებერილობას, ორსულობას, ასციტს, ქრონიკულ ხველას, სიმძიმეების აწევას, წონის მატებას უკავშირდება. ამ ფაქტორთა გავლენით მუცლის ღრუს ორგანოები ზემოთ ადის და დიაფრაგმას აწვება. თუ ეს უკანასაკნელი ისედაც სუსტია, თიაქრის განვითარება ფაქტობრივად გარდაუვალია. თუმცა, თუ მუცლის ღრუში წნევა მუდმივად მომატებულია, დაავადებამ შესაძლოა სავსებით ჯანსაღი დიაფრაგმის შემთხვევაშიც იჩინოს თავი.

დიაფრაგმის თიაქარი საკმაოდ გავრცელებულია. თუ თქვენ ბედნიერი გამონაკლისი ბრძანდებით, დარწმუნებული ვარ, თქვენ გარშემო მაინც ბევრს ექნება ეს დაავადება. სტატისტიკური მონაცემებით, ის მოსახლეობის მეოთხედს აწუხებს, განსაკუთრებით გავრცელებული კი 50 წელს გადაცილებულ პირებთანაა – აღენიშნება მათ ნახევარზე მეტს.

მიუხედავად ასეთი გავრცელებისა, თიაქარი ზოგჯერ საერთოდ არ იწვევს შემაწუხებელ ჩივილებს. მეტიც – მთელი სიცოცხლე დაუდგენელი რჩება. უმეტესად ასე ხდება მცირე ზომის თიაქრის დროს, რომელსაც ზოგჯერ შემთხვევით, სხვა მიზნით ჩატარებული გამოკვლევის დროს აღმოაჩენენ. მოზრდილი თიაქარი კი ნამდვილად არ დაიმალება და შემაწუხებელ სიმპტომთა მთელ წყებას დაგატეხთ თავზე, უფრო სწორად, კუჭზე. ამ სიმპტომების წარმოშობის მიზეზი საკვებისა და კუჭის წვენის მჟავე შიგთავსის საყლაპავში ამოსვლაა. სწორი პოზიციის, მედიკამენტებისა და ცხოვრების წესის შერჩევით ეს ნიშნები ზოგჯერ ადვილად ქრება, ზოგჯერ კი ოპერაციული ჩარევა გარდაუვალია.

 

სიმპტომები

დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის წამყვანი სიმპტომებია გულძმარვა და ტკივილი. ტკივილი მახვილისებრი მორჩის უკან ლოკალიზდება და გულისკენ გადაეცემა. ზოგჯერ მას შეტევითი ხასიათი აქვს, რითაც ძალიან ჰგავს სტენოკარდიულ შეტევას. ტკივილი ძლიერდება წოლისას, მოხრისას, ამიტომ განსაკუთრებით მძაფრია ღამით. ძალზე შემაწუხებელია გულძმარვაც, რომელიც კარდიის უკმარისობის პირდაპირი ნიშანია. ამის გამო ბევრი ავადმყოფი იღებს სოდას და ნახევრად მჯდომარეს სძინავს. აღინიშნება დისპეპსიური მოვლენებიც: ბოყინი მჟავე შითავსით, საყლაპავისმიერი ღებინება, იგივე რეგურგიტაცია, ყლაპვის გაძნელება, სლოკინი, სიმძიმის, ლუკმის გაჭედვის, გულზე დადგომის შეგრძნება, განსაკუთრებით – ჭამის შემდეგ. ავადმყოფი ყოველ ლუკმას აყოლებს წყალს. არც გულისრევა და პირღებინებაა იშვიათი. ავადმყოფი ზოგჯერ იძულებით იღებს მჯდომარე პოზიციას, ვერ წვება, ვერ ტრიალდება. სიმპტომები განსაკუთრებით ძლიერდება ისეთი საკვების მიღების შემდეგ, რომლებიც კუჭის მჟავიანობას ზრდის. ასეთია მწნილი, ციტრუსი, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები, შოკოლადი, პიტნა, ცხარე და ცხიმიანი კერძები, პომიდორი და მისი შემცველი პროდუქტები, ჩაი და ყავა. შორს წასულ შემთხვევაში შესაძლოა თავი იჩინოს პარაეზოფაგურმა სიმპტომებმაც – ლარინგიტმა, ფარინგიტმა, ყელის ტკივილმა, ხმის ჩახლეჩამ, ანგინამ, ქრონიკულმა ხველამ, სუნთქვის გაძნელებამ ან მსტვენმა სუნთქვამ, ჰაერის უკმარისობამ...

თუ დაუკვირდებით, ჩამოთვლილთაგან არც ერთი სიმპტომი არ არის სპეციფიკური – მსგავსი ნიშნები კუჭ-ნაწლავის და არამხოლოდ მის მრავალ სხვა დაავადებასაც ახასიათებს. განსაკუთრებით ვრცელია იმ პათოლოგიების ნუსხა, რომლებიც გულმკერდის არეში ტკივილს ან გულძმარვას იწვევს. შესაძლო მიზეზთა არასრული ჩამონათვალი ასეთია: ეროზიული ან წყლულოვანი გასტრიტი ან ეზოფაგიტი, საყლაპავის აქალაზია, შეხორცებები საყლაპავზე, საყლაპავის კიბო, სტენოკარდია, აორტის განშრევება, პერიკარდიტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, პნევმონია, ნაღველკენჭოვანი დაავადება. ვფიქრობ, ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ თვითდიაგნოსტიკა და თვითმკურნალობა სარისკოა – ექიმს უნდა მიმართოთ. ისეც ხდება, რომ სიმპტომთა კომპლექსი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებაზე მეტად გულის პათოლოგიაზე მიანიშნებს და პაციენტს დიდხანს უშედეგოდ მკურნალობენ კარდიოლოგიური საშუალებებით, ისე, რომ სხვა სისტემის დაავადებაზე ეჭვიც არ მიაქვთ, ამიტომ ნურც ექიმის არჩევას მოეკიდებით უგულისყუროდ – სანდო, კვალიფიციური სპეციალისტი მოიძიეთ.

 რას უნდა ველოდეთ თიაქრისგან

შესაძლოა, დაზიანდეს კუჭის ზედა ნაწილი (ის, რომელიც ხვრელიდან გამოდის), წარმოიქმნას ეროზიები, განვითარდეს სისხლდენა, ზოგჯერ – პროფუზულიც (ძალიან ძლიერი), და შედეგად – რკინადეფიციტური ანემია. მძიმე გართულებაა სიგრძივი ღერძის მიმართ კუჭის შემოგრეხაც. ის ძლიერ ტკივილსა და ყლაპვის გაძნელებას იწვევს და სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.

გართულების ალბათობა თიაქრის ზომაზეა დამოკიდებული. მცირე ზომის თიაქარი გართულებებს ნაკლებად იწვევს, დიდი ზომისა კი ხშირად რთულდება. გართულების რისკი უფრო მაღალია პარაეზოფაგური თიაქრის დროს, დაცურებული კი მეტწილად გაურთულებლად მიმდინარეობს.

გასტროეზოფაგური რეფლუქსი – ხანძარი მუცლის ღრუში

ცალკე ჯგუფია გართულებები, რომლებიც კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადანაცვლებით არის განპირობებული. ამ მდგომარეობას გასტროეზოფაგური რეფლუქსი ეწოდება. რეფლუქსის შემთხვევათა 90% სწორედ დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის წილად მოდის.

საყლაპავს ქვედა მესამედში აქვს სფინქტერი, რომელიც ჭამის დროს მოდუნებულია, რომ ლუკმის კუჭში გადასვლას ხელი არ შეუშალოს, მოსვენებისას კი დახურული. თიაქრის შემთხვევაში სფინქტერი ზემოთ იწევს, რის გამოც დიაფრაგმის კუნთები ვეღარ მოქმედებს მასზე და ისიც უკონტროლოდ იღება და იხურება. ამის შედეგად კუჭის შიგთავსი უკან, საყლაპავში ამოდის, რაც საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას, ანთებასა და დაწყლულებას იწვევს. შესაძლოა, განვითარდეს ე.წ. ბარეტის საყლაპავი, რომლის დროსაც საყლაპავის ლორწოვანის უჯრედებს წვრილი ნაწლავის ლორწოვანის მსგავსი უჯრედები ენაცვლება. ამ ცვლილებათა ფონზე მაღალია საყლაპავის კიბოს, ადენოკარცინომის, განვითარების რისკი, ეს უკანასკნელი კი მძიმე ონკოლოგიური დაავადებაა ნაკლებად საიმედო პროგნოზით.

ენდოსკოპიით თუ მის გარეშე?

დაავადებაზე ეჭვი კლინიკური სიმპტომების საფუძველზე მიაქვთ, მაგრამ, ვინაიდან იგივე ნიშნები შესაძლოა სხვა დაავადების ბრალიც იყოს, დიაგნოზის დაზუსტებაა საჭირო. ის ორ ძირითად კვლევას ემყარება – კუჭ-ნაწლავის რენტგენოკონტრასტულ გამოკვლევას ბარიუმის ფაფით და ენდოსკოპიას. რენტგენოკონტრასტული გამოკვლევისას პაციენტი სვამს ბარიუმის სულფატს, რომელიც რენტგენოლოგიურად არაკონტრასტული უბნების დანახვის საშუალებას იძლევა; ჩანს დიაფრაგმის ზემოთ ამოსული კუჭის ნაწილი, ასევე – როგორ ბრუნდება კუჭის შიგთავსი საყლაპავში. დაავადების სიმძიმეზე, თიაქრის ხარისხზე სწორედ ამ გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე მსჯელობენ და ის თიაქრის სადიაგნოზო ნომერ პირველ მეთოდად არის მიჩნეული. მიუხედავად ამისა, ენდოსკოპიური გამოკვლევის ჩატარება მაინც აუცილებელია – ამ გზით ექიმი თვალნათლივ ხედავს და აფასებს საყლაპავისა და კუჭის ლორწოვანს. ჩანს თიაქარიც, რეფლუქსიც და ამასთან ერთად – ლორწოვანის რელიეფიც. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან საყლაპავის ხვრელის თიაქარი ხშირად ლორწოვანის ცვლილებებსაც იწვევს, მკურნალობის დროს კი ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. ლორწოვანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული შემდგომი ტაქტიკაც, კერძოდ, რამდენად ხშირად დაგვჭირდება განმეორებითი გამოკვლევა, არის თუ არა გართულებები ეროზიები, წყლულები... მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ენდოსკოპიური გამოკვლევა ბევრს არ უყვარს და ზოგჯერ ოპერაციაზე მეტადაც აშინებს, მასზე უარის თქმა არ ეგების. ექიმის შეხედულებისამებრ, შესაძლოა მოგიხდეთ სხვა გამოკვლევების ჩატარებაც, მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზისა ანემიის გამოსარიცხად ან ეზოფაგომანომეტრიისა.

მკურნალობა

მსუბუქ შემთხვევებში პრობლემა ადვილად გვარდება. მედიკამენტებიდან იყენებენ უმთავრესად მჟავადამთრგუნველ პრეპარატებს, კერძოდ, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს – პრაზოლებს, ანტაციდებს (მაგალითად, მაალოქსს), H2-ბლოკატორებს (ციმეტიდინს). იმავე მიზნით შეიძლება საკვების მიღებამდე 30-40 წუთით ადრე მინერალური წყლის დალევაც.

მკურნალობასთან ერთად აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა, კვებისა და დღის რეჟიმის მოწესრიგებაც.

დაავადების დამარცხებაში ან შემსუბუქებაში დაგეხმარებათ შემდეგი რეკომენდაციები:

* თუ ჭარბი წონა გაქვთ, აუცილებლად დაიკელით. ზოგჯერ სიმპტომების გასაქრობად წონის მოწესრიგებაც კმარა.

* მიირთვით ხშირად და მცირე ულუფებით – დიდი ლუკმები კუჭის გადავსებას იწვევს და სიმპტომებს აძლიერებს.

* მიირთვით დღეში 5-6-ჯერ, საკვების უმეტესი ნაწილი დღის პირველ ნახევარში მიიღეთ.

* ერიდეთ საკვებს, რომელიც კუჭის წვენის მჟავიანობას ზრდის.

* ჭამის შემდეგ ნუ წამოწვებით.

* ბოლო ულუფა დაძინებამდე 3 საათით ადრე მიირთვით.

* თავი მაღალ სასთუმალზე გედოთ, დაახლოებით 30 გრადუსით დახრილი კუთხით.

* ნუ ჩაიცვამთ მჭიდრო ტანსაცმელს, ნუ მოიჭერთ ქამარს – ეს რეფლუქსს უწყობს ხელს.

* თუ ყაბზობა ან შებერილობა გაწუხებთ, ჩაიტარეთ შესაბამისი მკურნალობა. ამ პრობლემის მოუგვარებლად თიაქარის მკურნალობა ვერ მოხერხდება.

* ერიდეთ სიმძიმეების აწევას.

* თუ ეწევით, გადაეჩვიეთ – თამბაქო დაავადების რისკფაქტორად განიხილება.

* სიმპტომების განვითარებას ხელს უწყბს ზოგიერთი მედიკამენტიც, მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, ამიტომ მათ გამოყენებას შეძლებისდაგვარად ერიდეთ.

 

ფუნდოპლიკაცია

თუ ამ რჩევებმა და მედიკამენტებმა შედეგი ვერ გამოიღო, დღის წესრიგში ოპერაციული მკურნალობის საკითხი დადგება. თუ თიაქარი მეტისმეტად დიდია ან პარაეზოფაგური ტიპისაა, შესაძლოა, ოპერაცია თავიდანვე დაინიშნოს. ამ ოპერაციას ნისენ-როზეტის წესით ფუნდოპლიკაცია ეწოდება: საყლაპავს შემოაკერებენ კუჭის ფუნდალურ ნაწილს, მერე ატარებენ კრურორაფიას – დიაფრაგმის მედიალურ ფეხს ნაკერებს ადებენ – და ამ გზით ავიწროებენ საყლაპავის ხვრელს. ბოლო ხანს აღნიშნული ოპერაცია ლაპარასკოპიულადაც ტარდება, მათ შორის – საქართველოშიც. ეს პაციენტებისთვის ნამდვილად დიდი შვებაა: განაკვეთები მცირეა, სარეაბილიტაციო პერიოდი – ხანმოკლე. ოპერაციიდან მეორე-მესამე დღეს სახლში გაეწერებით. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში სპეციფიკური დიეტის დაცვა მოგიწევთ. ამის შემდეგ კვების შეზღუდვა აღარ დაგჭირდებათ. ოპერაციის ეფექტიანობა 90%-ს აღწევს. ოპერაციიდან ორი თვის განმავლობაში შესაძლოა თავი იჩინოს დისფაგიამ, სიმძიმემ, ზოგჯერ – ყლაპვის გაძნელებამ, მაგრამ არ შეგეშინდეთ – აღნიშნული მოვლენები ორიოდე თვეში გაივლის, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებით და ძლიერი ტკივილი თუ გულძმარვა აღარასოდეს შეგაწუხებთ. ცხადია, დროდადრო მოგიწევთ ექიმთან მისვლა და მდგომარეობის შეფასება, მით უმეტეს, თუ ოპერაციამდე ეროზია ან წყლული გქონდათ. ფუნდოპლიკაცია თიაქარს აქრობს, მაგრამ ლორწოვანის დეფექტებს – ვერა.

ერთადერთი, რასაც ოპერაციის შემდეგ აგიკრძლავენ, მძიმე საგნების აწევაა – ამან შესაძლოა დაავადების რეციდივი გამოიწვიოს და შრომა წყალში ჩაგიყაროთ. ყველა, ვისაც შემაწუხებელი ტკივილისა და გულძმარვის გამო ღამეები გაუთენებია, დამეთანხმება, რომ თუ სასიცოცხლო აუცილებლობა სხვა რამეს არ მოითხოვს, ასეთი მსხვერპლის გაღება ნამდვილად ღირს.

გააზიარე: