როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს

გააზიარე:



ფორთოხლის ქერქი – ასე უწოდეს მეცხრამეტე საუკუნეში ფრანგმა ექიმებმა სახეცვლილ, სიგლუვედაკარგულ და უსწორმასწორო კანს. მედიცინაში ამ მდგომარეობას ლიპოდისტროფია ჰქვია, ქალების უმრავლესობა კი ცელულიტის სახელით იცნობს. დიახ, ის უმთავრესად ქალების ხვედრია. მართალია, ექიმები დაავადებად არ განიხილავენ და მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემად მიაჩნიათ, მაგრამ ქალები მისგან თავის დასაღწევად ძალისხმევას არ იშურებენ.
რას წარმოადგენს ცელულიტი, რა იწვევს მას, როგორ შეიძლება მასთან ეფექტურად ბრძოლა? ამის შესახებ გია გვარამიას კლინიკის ექიმი დერმატოლოგი, ევროპის დერმატოვენეროლოგთა აკადემიის წევრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ ბასილაძე გვესაუბრება.

– უსწორმასწორო ზედაპირი, ბორცვები და ჩაღრმავებები კანზე ქალებისთვის ნაცნობი მდგომარეობაა. რატომ მაინცდამაინც ქალებისთვის? იმიტომ, რომ მათი შემაერთებელი ქსოვილი უფრო სუსტი და არამდგრადია, ვიდრე კაცებისა. გარდა ამისა, თავისებურად მოქმედებს ქალის ჰორმონები – ესტროგენებიც.
ცელულიტის პირველი ნიშნები შესაძლოა 18-20 წლის ასაკში გაჩნდეს და თანდათან უფრო და უფრო გამკვეთრდეს. ცელულიტისთვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, გამხდარი ხარ თუ მსუქანი, რადგან გამხდრებსაც შეიძლება სუსტი შემაერთებელი ქსოვილი ერგოთ მემკვიდრეობად, ხოლო თუ ამას ცხოვრების არაჯანსაღ წესსაც დაუმატებენ, გლუვი და პრიალა კანით თავს ნამდვილად ვეღარ მოიწონებენ.
სხეულის იმ ადგილებში, სადაც სისხლის მომოქცევა არცთუ ისე ძლიერია და ცხიმიც ჭარბად გროვდება, ცელულიტი მეტად შესამჩნევია. ესენია ბარძაყები, დუნდულები, მუცელი და მკლავები. ამ ადგილების მუდამ ტანსაცმლით დაფარვა რომ არ მოგიწიოთ, იმთავითვე უნდა იზრუნოთ ცელულიტის თავიდან აცილებაზე და ცხოვრების ჯანსაღი წესი მოირგოთ.

რა არის
– რა არის ცელულიტი?
– ცელულიტი კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილებაა, რომელიც რამდენიმე სტადიად ვლინდება.
ცხიმების სინთეზი კანქვეშა შემაერთებელ ქსოვილში მიმდინარეობს – ადიპოციტების – ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედების – საშუალებით. ისინი ცხიმის მარაგს ინახავენ და საჭიროების შემთხვევაში უჯრედებს ნივთიერებათა ცვლისთვის საჭირო ენერგიით ამარაგებენ. მცირე ზომის ადიპოციტები დაჯგუფებულია ცხიმოვან ნაწილაკებში და გარს შემაერთებელი ქსოვილის (კოლაგენური და რეტიკულური) ბოჭკოები აკრავს. ცხიმოვანი ნაწილაკები წვრილ სისხლძარღვებს უკავშირდება, რომელთა საშუალებითაც დაშლის პროდუქტები სისხლში ხვდება. ადიპოციტების ფუნქციაზე ჰორმონების განსაზღვრული ჯგუფი ახდენს გავლენას. როცა მათი ფუნქცია ირღვევა, ცხიმები არა უჯრედებში, არამედ უჯრედშორის სითხეში გროვდება და ხელს უშლის სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას. შედეგად უჯრედების კვება უარესდება და უჯრედშორისი სითხის დინებაც ფერხდება, გამოყოფილი სითხის დიდი ნაწილი ორგანიზმშივე რჩება და იწვევს შეშუპებას. ეს გარეგნულად ძნელი შესამჩნევია, თუმცა ცელულიტის პირველი სტადიაა. ამ ეტაპზე ცელულიტთან ბრძოლა ადვილია.
მომდევნო სტადიაში პროცესი თანდათანობით ღრმავდება, ქსოვილებში ტოქსინები გროვდება. ღრმულები კანზე მხოლოდ ხელის მოჭერისას ჩნდება.
სისხლის მიმოქცევის დარღვევა ცხიმოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის შეფერხებას იწვევს. შედეგად ცხიმოვანი უჯრედების მოცულობა იზრდება. გამკვრივებული ცხიმის უჯრედები ზეწოლას ახდენს პარალელურად განლაგებულ შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებზე და კანის ზედაპირზე ბორცვაკებს წარმოქმნის. ლიმფისა და სისხლის ცირკულაცია კიდევ უფრო გაძნელებულია. კანი მოშვებული და არათანაბარია, ფორთოხლის ქერქს ემსგავსება. ეს უკვე მესამე სტადიაა. ღრმულები და ბორცვაკები შესამჩნევია მხოლოდ ფეხზე დგომისას.
მეოთხე სტადიში მკვდარი, გადაგვარებული ცხიმოვანი ქსოვილის კვანძები კიდევ უფრო იზრდება, ხელით ადვილად ისინჯება და მტკივნეულიცაა, რადგან ნერვულ დაბოლოებებს აწვება. ღრმულები უკვე წოლის დროსაც შეიმჩნევა.

ხელშემწყობი ფაქტორები
– რა უწყობს ხელს ცელულიტის ჩამოყალბიბებასა და განვითარებას?
* გენეტიკა – არამდგრადი შემაერთებელი ქსოვილისკენ მიდრეკილება მემკვიდრეობითია, ამიტომ თუ დედას ცელულიტი შეამჩნიეთ, ადრეული ახალგაზრდობიდანვე დაიწყეთ მოქმედება მის წინააღმდეგ;
* სქესი – ქალის შემაერთებელი ქსოვილი კაცისაზე სუსტია, აქვს არათანაბარი სტრუქტურა, მისი ბოჭკოები პარალელურადაა განლაგებული, რაც მის ელასტიკურობასა და მოქნილობას განაპირობებს. ეს, ერთი მხრივ, მეტად მნიშვნელოვანია ორსულობის დროს, მეორე მხრივ კი ხელსაყრელი პირობაა ცელულიტის განვითარებისთვის. ცხიმის მარაგი, რომელიც ქალებს განსაზღვრულ ადგილებზე განსაკუთრებით ჭარბად უგროვდებათ, დედისა და ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია, თუმცა მის დაგროვებას საბოლოოდ ცელულიტამდე მივყავართ.
* ჭარბი წონა – რაც მეტ ცხიმს აგროვებენ ცხომოვანი უჯრედები, მით უფრო მძლავრად იჭრებიან შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებს შორის და ცელულიტიც, შესაბამისად, უფრო მეტად არის გამოხატული, ამიტომ არასწორმა კვებამ, ფასტფუდის სიჭარბემ და მცენარეული საკვების სიმცირემ, შესაძლოა ცელულიტი გაამწვაოს.
* უმოძრაობა – ცელულიტის განვითარების ძირითად მიზეზად შეიძლება სწორედ უმოძრაობა მივიჩნიოთ. ის აფერხებს სისხლის მიმოქცევას და დროთა განმავლობაში კუნთოვან ქსოვილს ცხიმოვანი ენაცვლება.
* ნიკოტინი – ხელს უწყობს სისხლის მოძრაობის შენელებას, რაც თავისთავად ცელულიტის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.
* სტრესი – უახლესი კვლევები მოწმობს, რომ სტრესის ჰორმონები ადრენალინი და ნორადრენალინი აფერხებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის დაგროვებას.
* ჰორმონული დარღვევა ან ჰორმონული ფონის შეცვლა, მაგალითად, ორსულობის დროს აძლიერებს ცელულიტს.

ვებრძვით ცელულიტს


რომელი მეთოდებია ეფექტური?
როგორც მიხვდით, ცელულიტის განვითარებას ხელს უწყობს მიკროცირკულაციის დარღვევა, კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მოდუნება, ცხიმოვანი ქსოვილის ზრდა, ამიტომ მასთან ბრძოლის მეთოდები ეფუძნება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, კუნთოვანი ქსოვილი გამაგრებას, კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების სინთეზის გაძლიერებას და ცხიმოვანი უჯრედების შემცირებას.
კოსმეტოლოგია და ესთეტიკური მედიცინა უამრავ საშუალებას გვთავაზობს მასთან საბრძოლველად, ანტიცელულიტური კრემებით დაწყებული, ქირურგიული ჩარევით დამთავრებული.

როგორ ებრძვიან ცელულიტს
1. გარეგანი მოქმედების პრეპარატებით – გელებით, კრემებით, ეთერზეთებით, წყალმცენარეებით, ექსტრაქტებით;


2. მექანიკური ზემოქმედების მეთოდებით. ესენია:
ლიმფოდრენაჟი – ლიმფის მიმოქცევის გააქტიურება დენის იმპულსური წყაროს საშუალებით;
მიოსტიმულაცია – კუნთების ქსოვილის გამაგრება და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება ცვალებადი ელექტროიმპულსების საშუალებით;
ელექტროლიპოლიზი – ადიპოციტების ცხიმოვან წერტილებზე დენის პირდაპირი ლიპოლიზური ზემოქმედებით, რაც იწვევს ცხიმის დაშლას;
ულტრაბგერითი თერაპია – ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით ცხიმოვანი უჯრედების დაშლა. ამ გზით ხდება არაპირდაპირი ლიპოლიზი, აღდგება კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე;
ფონოფორეზი – ულტრაბგერის ზემოქმედებით ირღვევა ფიბროზული კარკასი, რომელიც გარს ერტყმის ცელულიტურ უჯრედებს;
ვაკუუმმასაჟი – ხელს უწყობს შეშუპების ლოკალურ შემცირებას და მეტაბოლური პროცესების დაჩქარებას;
თერმოთერაპია და კრიოთერაპია – სითბოსა და სიცივის ზემოქმედება ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას და კანის ტურგორისა და ელასტიკურობის ამაღლებას;
ენდერმოლოგიური მკურნალობა – ლიპომასაჟის აპარატით (მექანიკური წრიული მასაჟი, ვიბრაცია და ვაკუუმური ასპირაცია) ხდება ფიბრობლასტებზე ზემოქმედება და აქტიურდება კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი;
ანტიცელულიტური მეზოთერაპია – სპეციალური კოქტეილი, რომელიც კანის ზედაპირულ შრეში შეჰყავთ, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, მეტაბოლიზმის გააქტიურებას;
ჰიდროთერაპია-ჰიდრომასაჟი – აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ააქტიურებს ქსოვილების სისხლით მომარაგებას.

ცელულიტის გარეშე


შესაძლებელია თუ არა ცელულიტის მთლიანად მოშორება?
ცელულიტს ქალის ორგანიზმის ბუნებრივ მდგომარეობადაც კი მიიჩნევენ, რადგან ქალების უმრავლესობა კარგად იცნობს ამ პრობლემას. ის არც ახალგაზრდას ინდობს და არც გამხდარს. ზოგთან მსუბუქი ფორმით ვლინდება, ზოგთან კი მძიმედ. თუ მკვეთრადაა გამოხატული, შესაძლოა, სერიოზულ ჰორმონულ დარღვევებთან გვქონდეს საქმე.
ცელულიტისგან სრულიად თავის დაღწევა შეუძლებელია. მთელი ძალისხმევა იქით უნდა მივმართოთ, რომ ის ნაკლებად შესამჩნევი გავხადოთ, ამას კი მხოლოდ კომპლექსური მიდგომით მოვახერხებთ: სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებით, კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილის გაძლიერებით, წონის დაკლებით და კანის ტონუსის ამაღლებით.

გირჩევთ:

  • იკვებოთ დაბალანსებულად. ყოველდღიური რაციონი მდიდარი უნდა იყოს ბურღულით, ბოსტნეულით, ხილით, რძის ნაწარმით, მოხარშული მჭლე ხორცითა და თევზით. უხვად მიირთვით C ვიტამინის შემცველი საკვები – ის ამაგრებს შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებს. ერიდეთ ფასტფუდს, კონსერვებს და ძეხვეულს, თეთრი ფქვილის ნაწარმს, შაქარს, ნაჯერ ცხიმებსა და ტკბილეულს. მოიწესრიგეთ კვების რეჟიმიც. უმჯობესია, საკვები მცირე ულუფებით დღეში 4-5-ჯერ მიირთვათ. ჯანსაღი კვება ორგანიზმიდან წიდასა და ტოქსინებს გამოდევნის და წონის შენარჩუნებას გააადვილებს.
  • სვით მეტი სუფთა წყალი – დღეში დაახლოებით 2-2,5 ლიტრი. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, წმენდს ორგანიზმს და კანს მავნე ნივთიერებების გამოყოფაში ეხმარება. ერიდეთ ტკბილ გაზიან სასმელებს.
  • მისდიეთ სპორტს. რეგულარული ვარჯიშით ხელს შეუწყობთ სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას. არ არის აუცილებელი, სპორტულ დარბაზში გაიხვითქოთ; საკმარისია, ლიფტის ნაცვლად კიბით ისარგებლოთ, დღეში ერთი საათი მაინც ისეირნოთ ჩქარი ნაბიჯით ან იაროთ ველოსიპედით. კუნთოვანი ქსოვილის გასამკვრივებლად და სისხლის მიმოქცევის გასააქტიურებლად საუკეთესოა ცურვა, აკვავარჯიშები, იოგა. კარგია იზომეტრიული და სტატიკური ვარჯიშებიც. ცუდი არ იქნება, დღეში რამდენჯერმე, თუნდაც საწერ მაგიდასთან ჯდომისას, რამდენიმე წამით დაჭიმოთ დუნდულა კუნთები ან ფეხებით იატაკს დააწვეთ.
  • სადაც კუნთია, იქ ცხიმოვანი უჯრედებისთვის ადგილი აღარ არის. ცელულიტი ვითარდება იქ, სადაც კუნთები მოშვებული და განუვითარებელია. ყოველდღიური რამდენიმეწუთიანი ძალისმიერი ვარჯიში მასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.
  • გაიკეთეთ ანტიცელულიტური მასაჟი – ის აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. შხაპის დროს უხეში ჯაგრისით ან გორგოლაჭებიანი მასაჟორით დაიზილეთ პრობლემური ადგილები. ძალიან ეფექტურია სპეციალური მასაჟი ფიზიოთერაპევტთან, ასევე – თაფლის მასაჟი, ვაკუუმმასაჟი.
  • შხაპის მიღებისას ყოველდღე ჩაიტარეთ მექანიკური პილინგი. ეს პროცედურა ააქტიურებს მიკროცირკულაციას და მკვდარ უჯრედებს აშორებს კანს. სისხლის მიმოქცევის გასაძლიერებლად კარგია ქიმიური პილინგიც, რომელსაც სალონში სპეციალისტი ჩაგიტარებთ.
  • მიიღეთ კონტრასტული შხაპი. ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობა სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს. ამ მეთოდისგან სასაწაულს არ უნდა ელოდოთ, მაგრამ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და კანის ქსოვილების გამკვრივებას ნამდვილად შეუწყობს ხელს. ცხელი და ცივი წყალი სამჯერ შეანაცვლეთ და ბოლოს ცივით დაასრულეთ.
  • ერიდეთ ჭარბ მზესა და ნიკოტინს. ნიკოტინი სისხლძარღვებს ავიწროებს და სისხლი შემაერთებელ ქსოვილში კარგად ვეღარ მოძრაობს. შედეგად უჯრედები ვეღარ მარაგდება საკვები ნივთიერებებით და ცელულიტი იმატებს. ულტრაიისფერი სხივები აზიანებს ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოებს, შემაერთებელი ქსოვილი სიმტკიცეს კარგავს და ცხიმოვანი უჯრედები ადვილად იჭრებიან მასში.
  • მიიღეთ ზღვის მარილისა და წყალმცენარეების აბაზანები – ისინი ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას, სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას.
  • სხვა პრეპარატები – ანტიცელულიტურ პროცედურებთან ერთად ძალიან ეფექტურია თანამედროვე ანტიცელულიტური კოსმეტიკური საშუალებები.

დღეს ბაზარზე ანტიცელულიტური კრემების ფართო არჩევანია. მათ შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ამკვრივებს, აძლიერებს შემაერთებელ ქსოვილს. მათ შორის გამოირჩევა:

  • კოფეინი (Caffeine) და გუარანა (Guarana) – ააქტიურებს მიკროცირკულაციას შემაერთებელ ქსოვილში, ასტიმულირებს ცხიმის წარმოქმნას.
  • გინკგო (Ginkgo biloba) და ჟენშენი (Ginseng) – აძლიერებს ცხიმის წვას.
  • L-კარნიტინი (L-Carnitine) – ხელს უწყობს ცხიმის ენერგიად გარდაქმნას, რაც აუცილებელია უჯრედების კვებისთვის.
  • ცხენისწაბლას ექსტრაქტი (horse chestnut extract) – ხელს უწყობს წიდის გამოდევნას, ჭარბი სითხისგან ქსოვილების დაცლას, ამაგრებს სისხლძარღვებს.
  • თაგვისარა (Ruscus) – ააქტიურებს ლიმფის მიმოქცევას და ხელს უშლის მის შეგუბებას.

არ დაგავიწყდეთ, ანტიცელულიტური კრემები მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ ცხოვრების ჯანსაღ წესსაც დაიცავთ – ბევრს ივლით ფეხით და იკვებებით დაბალანსებულად.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: