თირკმელები და შეშუპება

გააზიარე:

 

თირკმელები წყალმარილოვან ცვლაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, მათი ფუნქციის დარღვევა ორგანიზმში წყლის შეკავებას უწყობს ხელს და შეშუპებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

შეშუპებას თირკმლის არაერთი დაავადება იწვევს. ქვემოთ იმ ძირითადად სინდრომებს გაგაცნობთ, რომლებიც თირკმლის ამა თუ იმ დაავადების დროს ვითარდება და რომლებსაც შეშუპება ახლავს თან.

 

ნეფროზული სინდრომი

ნეფროზული სინდრომი სიმპტომთა ჯგუფია, რომელსაც ახასიათებს შარდში ცილის მატება, სისხლში კი კლება, ასევე – სისხლში ქოლესტერინის მატება, თრომბოზების მაღალი რისკი და შეშუპება.

 

რისი ბრალია?

ნეფროზული სინდრომი, წესისამებრ, თირკმლის გორგლის დაზიანებაზე მიუთითებს. ეს თირკმლის ის ნაწილია, სადაც სისხლი იფილტრება. სწორედ ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება შარდი და ორგანიზმი მავნე ნარჩენებისგან თავისუფლდება. გორგლების დაზიანების დროს ირღვევა მათი კაპილარების ბარიერული ფუნქცია – იმატებს განვლადობა.

ამ სტრუქტურულ ცვლილებას არაერთი დაავადება იწვევს. ზოგი მათგანი პირველადია, უმეტესობა კი მეორეული ანუ სხვა პათოლოგიის ფონზე განვითარებული. პირველად მიზეზებს შორის უნდა ვახსენოთ გლომერულონეფრიტი მინიმალური ცვლილებებით, მემბრანული გლომერულონეფრიტი და მემბრანულ-პროლიფერაციული გლომერულონეფრიტი. მეორეული ნეფროზული სინდრომი კი უმეტესად შაქრიანი დიაბეტის, სისტემური წითელი მგლურასა და ამილოიდოზის ფონზე ვითარდება.

გარდა ამისა, ნეფროზული სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს გენეტიკურმა დაავადებებმა, ინფექციებმა, მედიკამენტებმა, კიბომ, ფოკალურმა გლომერულონეფრიტმა და სხვა.

ნეფროზული სინდრომი მამაკაცებთან უფრო ხშირია. გვხვდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ბავშვებთან – უმთავრესად 2-დან 6 წლამდე.

 

რატომ შუპდება?

როგორც ვთქვით, პათოლოგიის მიზეზი გორგლის მილაკების განვლადობის მატებაა. ამის გამო შარდში ის ნაერთები ხვდება, რომლებიც, წესით, ორგანიზმში უნდა დარჩეს (ასეთებია პლაზმის ცილები, რომელთა შორის აღსანიშნავია ალბუმინი). ამის გამო იკლებს ონკოზური წნევა, სითხე ქსოვილთაშორის სივრცეში გადადის და ვითარდება შეშუპება. ორგანიზმი პათოლოგიის კომპენსირებას ცდილობს. პროცესში მთელი სისტემა ერთვება, მაგრამ ამ ყველაფერს ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი აქვს – შეშუპება კი არ იკლებს, იმატებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ნეფროზული სინდრომის დროს შეშუპების პათოფიზიოლოგია ბოლომდე ახსნილი ჯერ კიდევ არ არის.

სამაგიეროდ, დადგენილია, რომ შეშუპება ნეფროზული სინდრომის ყველაზე გავრცელებული ნიშანია. ის უმეტესად სახეზე, კიდურებზე და წელის მიდამოში იჩენს თავს. გართულებულ შემთხვევებში ვითარდება ჰიდროთორაქსი და ანასარკა.

ნეფროზულ სინდრომს, გარდა შეშუპებისა, ახასიათებს ცვლილებები კანზე – გამონაყარი, წყლულები. ქაფიანი შარდი, მადის დაქვეითება, წონის მატება (სითხის შეკავების გამო).

 

საჭირო კვლევები

ლაბორატორიული ტესტებით თირკმლის მუშაობის ხარისხზე მსჯელობენ, განსაზღვრავენ სისხლში ალბუმინის, შარდოვანას, კრეატინინის, ლიპიდების დონეს. იკვლევენ შარდსაც. დაავადების მიზეზის დასადგენად შესაძლოა საჭირო გახდეს თირკმლის ბიოფსია. ლაბორატორიული ტესტები დიფერენციული დიაგნოსტიკისთვისაც ტარდება. მათ ექიმი საჭიროებისამებრ დაგინიშნავთ.

 

რას ველოდოთ?

ნებაზე მიშვებული ნეფროზული სინდრომი მძიმე გართულებებს იწვევს, მათ შორის:

* თირკმლის მწვავე უკმარისობას;

* თირკმლის ქრონიკულ დაავადებას;

* გულის უკმარისობას, ფილტვების შეშუპებას;

* ინფექციებს, მათ შორის – პნევმოკოკურ პნევმონიას;

* თირკმლის ვენის თრომბოზს.

სიცოცხლისთვის ყველა სახიფათოა, ამიტომ აუცილებელია, დიაგნოზი დროულად დაისვას და მკურნალობა ჩატარდეს. მკურნალობის მიზანი სიმპტომების შემსუბუქება, პროცესის პროგრესირების შეფერხება და გართულებების პრევენციაა.

* მნიშვნელოვანია არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლების შენარჩუნება. ეს თირკმელების დაზიანებას აფერხებს. ამისთვის ყველაზე ხშირად ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის ბლოკატორები გამოიყენება. ისინი შარდით ცილის კარგვასაც უშლიან ხელს.

* იმუნური სისტემის "დასამშვიდებლად" კორტიკოსტეროიდები ან სხვა მედიკამენტები ინიშნება.

* აუცილებელია ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობაც, რათა თავიდან ავიცილოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება. ნეფროზული სინდრომის დროს უცხიმო დიეტა საკმარისი არ არის – წესისამებრ, მკურნალობის პროცესში სტატინების ჩართვა ხდება საჭირო.

* შეშუპების საწინააღმდეგოდ მოწოდებულია შარდმდენი საშუალებები და რაციონში ნატრიუმის შემცირება. შესაძლოა, სარგებლობა მოიტანოს ცილების შეზღუდვამაც.

 

მკურნალობისთვის და ზოგჯერ დიაგნოსტიკისთვისაც შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის სტაციონარში მოთავსება.

გამოსავალი ნეფროზული სინდრომის მიზეზზეა დამოკიდებული. ბავშვებთან პროგნოზი უფრო კეთილსაიმედოა. მათთან გართულებები და მდგომარეობის ქრონიკულ გლომერულონეფრიტამდე ან თირკმლის ქრონიკულ დაავადებამდე პროგრესირება იშვიათია.

ზრდასრულები ბავშვებივით სწრაფად ვერ უბრუნდებიან ჩვეულ ფორმას. ზოგჯერ საჭირო ხდება დიალიზი ან თირკლმის ტრანსპლანტაცია. 

 

 

***

როცა თირკმელი არ გვყოფნის

თირკმლის მწვავე უკმარისობა სინდრომია, რომელიც თირკმლის ფუნქციის სწრაფი (რამდენიმე საათში ან დღეში) მოშლის შედეგად აღმოცენდება. ამ დროს თირკმელს აღარ შესწევს უნარი, ორგანიზმი ნარჩენებისგან გაათავისუფლოს, შეინარჩუნოს სითხისა და ელექტროლიტების ბალანსი.

თირკმლის მწვავე უკმარისობის მთავარი ნიშნებია: ოლიგურია ან ანურია (შარდის რაოდენობის შემცირება ან მისი გაქრობა), ჰიპერაზოტემია (სისხლში ცილოვანი ცვლის აზოტოვანი პროდუქტების მატება), წყლისა და ელექტროლიტების ბალანსისა და მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევა.

 

უკმარისობის მიზეზები

თირკმლის მწვავე უკმარისობის მიზეზები სამ ძირითად: პრერენულ, რენულ და პოსტრენულ – ჯგუფად იყოფა. პირველ შემთხვევაში თირკმელების დაზიანება საშარდე სისტემის გარეთ მიმდინარე პროცესების შედეგია. სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის დარღვევა თირკმლის სისხლმომარაგებასაც აქვეითებს. შედეგად შარდის რაოდენობა იკლებს და აზოტის მეტაბოლიტებისგან სისხლი საკმარისად ვეღარ იწმინდება.

რენული მიზეზების დროს პირველადი პრობლემა თავად თირკმელშია – ამ დროს მილაკების სტრუქტურა ან ფუნქციური მოქმედება ირღვევა, პოსტრენული მწვავე უკმარისობა კი შარდის გამომტანი გზების პათოლოგიის შედეგია.

უფრო კონკრეტულად კი თირკმლის მწვავე უკმარისობის მიზეზთა ჩამონათვალია ასეთია:

* დამწვრობის, გაუწყლოების, ტრავმის ან სხვა მიზეზით განვითარებული ჰიპოვოლემია;

* თრომბოზი;

* ორსულობის გართულებები, მაგალითად, პლაცენტის წინამდებარეობა;

* ნარკოტიკები;

* მედიკამენტები, მათ შორის – ანთების საწინააღმდეგო არასტეროდიული საშუალებები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, შიდსის სამკურნალო პრეპარატები;

* მწვავე ტუბულარული ნეკროზი;

* თირკმლის ავტოიმუნური დაავადებები;

* თირკმლის ინფექციები;

* საშარდე გზების ბლოკირება.

 

როგორ ვლინდება საშიში უკმარისობა?

თირკმლის მწვავე უკმარისობის კლინიკური სურათი სისხლში აზოტის ცვლის მეტაბოლიტების დაგროვებით, წყლისა და ელექტროლიტების დისბალანსითა და მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევით არის გამოწვეული. ცხადია, მნიშვნელობა ენიჭება უკმარისობის გამომწვევ მიზეზსაც.

 

გახსოვდეთ!

თავდაპირველად ცვლილებები ავადმყოფის საერთო მდგომარეობაზე გავლენას არ ახდენს, კლინიკურ სურათში უკმარისობის გამომწვევი ძირითადი დაავადების ნიშნები ჭარბობს, თუმცა დიურეზი (გამოყოფილი შარდის რაოდენობა) თანდათან მცირდება. ეს, არცთუ იშვიათად, არათუ ავადმყოფისთვის, ექიმისთვისაც კი შეუმჩნეველი რჩება, ამიტომ ყოველთვის, როცა არსებობს თირკმლის მწვავე უკმარისობის შესაძლო მიზეზი (ტრავმა, ჰემოლიზი, გაუწყლოება, ნეფროტოქსიკური ნივთიერებების მიღება და სხვა), აუცილებელია დიურეზის მოცულობის და სისხლში აზოტშემცველი ნივთიერებების კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი.

დაავადების მომდევნო ეტაპზე თირკმლის უკმარისობა უკვე მთელი სისრულით ვლინდება. მისთვის დამახასითებელია:

* შეშუპება;

* ოლიგურია ან ანურია;

* სისხლიანი განავალი;

* ამიაკის სუნი პირში;

* სისხლჩაქცევები;

* ფსიქიკური მდგომარეობის, განწყობის ცვლილება;

* უმადობა;

* მგრძნობელობის დაქვეითება, განსაკუთრებით – კიდურებზე;

* დაღლილობა;

* წელის ტკივილი;

* ხელების ტრემორი;

* მაღალი არტერიული წნევა;

* ღებინება-გულისრევა;

* ცხვირიდან სისხლდენა;

* გულყრა (ორგანიზმში სითხის შეკავების გამო განვითარებული ტვინის შეშუპების შედეგად);

* ქოშინი.

თუ ამ ეტაპზე მკურნალობის შედეგად შარდის გამოყოფამ არ იმატა, დიალიზის გარეშე ავადმყოფი დაიღუპება, ამიტომ უკმარისობის მიზეზის დადგენის შემდეგ მთავარი ამოცანა თირკმლის ფუნქციის აღდგენაა. საჭიროა მჟავატუტოვანი ბალანსის, წყლისა და ელექტროლიტების თანაფარდობის მოწესრიგება. ინფექციის სამკურნალოდ შესაძლოა ანტიბიოტიკი დაგჭირდეთ, ორგანიზმის ჭარბი სითხისგან გასათავისუფლებლად – დიურეტიკი. არ არის გამორიცხული, საჭირო გახდეს დიალიზიც. ამ დროს თირკმლის ფუნქციას დიალიზის აპარატი ასრულებს. დიალიზის ჩვენებაა კალიუმის სახიფათოდ მაღალი დონე, ცნობიერების ცვლილება, პერიკარდიტი, აზოტის ნარჩენებისგან გათავისუფლების შეუძლებლობა.

რაკი თირკმლები ნარჩენებისგან ვერ გათავისუფლებთ, თავად მოგიწევთ ისეთ ნივთიერებებზე უარის თქმა, რომლებსაც სანაგვეზე თირკმელი მიაბრძანებდა – შეგეზღუდებათ მარილი, კალიუმის, ცილების შემცველი საკვები. უპირატესობა ენიჭება ნახშირწყლებით მდიდარ კვებას.

 

***

თირკმლის ქრონიკული დაავადება

ამ შემთხვევაში საქმე ქრონიკულ პრობლემას ეხება. თირკმლის დაავადებათა არცთუ მცირე ნაწილი, მკურნალობის მიუხედავად, პროგრესირებს, მოფუნქციე ნეფრონების რაოდენობა სულ უფრო მცირდება და საბოლოოდ თირკმლის ქრონიკული დაავადება ვითარდება. მის ტერმინალურ სტადიას თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას უწოდებენ.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები შაქრიანი დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევაა. ის შეიძლება განვითარდეს ავტოიმუნური დაავადების (მაგალითად, სისტემური წითელი მგლურას, IგA ნეფროპათიის), გენეტიკური დაავადების (თირკმლის პოლიკისტოზის), ნეფროზული სიდრომისა და საშარდე გზების პრობლემების შედეგადაც.

 

ქრონიკული გასაჭირი

თირკმლის ქრონიკული დაავადება, წესისამებრ, ნელა პროგრესიებს და სიმპტომები მანამდე არ იჩენს თავს, სანამ საქმე ლამის შეუქცევად ცვლილებებამდე არ მივა. ამ ეტაპზე კი ორგანოთა ფაქტობრივად ყველა სისტემა მწყობრიდან გამოდის.

 

მკურნალობა და გართულებები

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა დიალიზს ან თირკმლის გადანერგვას გულისხმობს. ეს ორი მეთოდი საგრძნობლად ახანგრძლივებს სიცოცხლეს. დიალიზმა მნიშვნელოვნად შეცვალა უკმარისობის კლინიკური სურათიც – ერთი მხრივ, გაიშვიათდა ურემიისთვის დამახასიათებელი სიმტომების სიხშირე, მეორე მხრივ, გაჩნდა ისეთი ნიშნები, რომლებიც მანამდე განვითარებას ვერ ასწრებდა ან დიალიზის გართულებებს წარმოადგენს.

საქმე ის არის, რომ თირკმელი ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დიდ სამუშაოს ასრულებს. სისხლის გაწმენდა ამ სამუშაოს მხოლოდ ნაწილია. თირკმელი ასევე აკონტროლებს ქიმიურ ნივთიერებებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, ეხმარება ერითროციტებს. დიალიზი ყველა ამ ფუნქციას ვერ ანაცვლებს, ამიტომ გართულებები მკურნალობის ფონზეც კი ვითარდება. ამ გართულებათა შორისაა ანემია, ჰიპერფოსფატემია, გულის დაზიანება, ჰიპერკალიემია, შეშუპება.

 

გააზიარე: