საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთება

გააზიარე:

საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ანთება არ არის უცხო ხილი. ამ სისტემაში შემავალ ორგანოთა ანთებითი დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია და ექიმთან მიმართვის უმთავრეს მიზეზთა ჩამონათვალშია. ხშირად ადამიანი ერთდროულად რამდენიმე ასეთ დაავადებას უჩივის. ეს იმიტომ, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებით დაავადებებს მრავალი საერთო რისკის ფაქტორი აქვს. მაგალითად, მოუწესრიგებელი კვებისა თუ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შედეგად შესაძლოა ეზოფაგიტი, გასტრიტი და პანკრეატიტი დაიტეხოთ თავს. თუმცა ამ ყველაფერს დადებითი მხარეც აქვს – საკმარისია, რისკფაქტორებს თავი აარიდოთ და რამდენიმე უსიამოვნების ალბათობაც ერთდროულად დაიკლებს.

მოდი, გავიგოთ, რა ხდება, როდესაც ანთებითი პროცესი სამიზნედ საჭმლის მომნელებელ სისტემას ირჩევს.

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო

თუმცა ამ შემთხვევაში ცეცხლის ანთება ავადმყოფობის დაწყებას უფრო მოასწავებს. საქმე ეხება საყლაპავ მილს – ორგანოს, რომლის გავლითაც საკვები პირის ღრუდან კუჭში ხვდება. საჭმლის მონელების პროცესში ეს ორგანო უშუალოდ არ მონაწილეობს. არც ფერმენტებს გამოიმუშავებს, არც ჰორმონებს, არც საკვებს აქუცმაცებს; ერთადერთი რამ – საკვების გატარება ევალება და ამ ფუნქციას პირნათლად ასრულებს, სანამ მიზეზთა გამო არა მხოლოდ პირის ღრუდან, არამედ კუჭიდანაც მოადგება დაუპატიჟებელი სტუმარი. ეს სტუმარი კუჭის წვენია. ცეცხლს კი კუჭის წვენში შემავალი მარილმჟავა ანთებს.

მარილმჟავას საყლაპავში არაფერი ესაქმება, მისი ადგილი კუჭშია, რომელსაც მჟავას მავნე ზემოქმედებისგან არაერთი ფაქტორი იცავს. საყლაპავს ასეთი დამცავი მექანიზმი არ გააჩნია, ამიტომ მჟავა მის ლორწოვანზე აუცილებლად ტოვებს კვალს – აღიზიანებს და ანთებას, ეზოფაგიტს იწვევს.

ზემოთ აღწერილი მოვლენა გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გერდ) სახელით არის ცნობილი. მის განვითარებას ხელს უწყობს ჭარბი წონა, ორსულობა, მუდმივი შებერილობა... ერთი სიტყვით, ფაქტორები, რომლებიც მუცლის ღრუში წნევის მატებას განაპირობებს. გერდი საყლაპავის ანთების ყველაზე ხშირი მიზეზია.

გარდა ამისა, ეზოფაგიტი შესაძლოა განვითარდეს იმუნიტეტის დაქვეითებული ფონზე, ინფექციის შედეგად, გულმკერდზე ჩატარებული ქირურგიული და სხივური თერაპიის შემდეგ, ხანგრძლივი ღებინებისას. მისი განვითარება მოსალოდნელია ზოგიერთი მედიკამენტის (დოქსიციკლინი, ტეტრაციკლინი, ც ვიტამინი და სხვ.) მიღების შემდეგაც, თუ მათ სათანადო რაოდენობის წყალს არ დააყოლებთ.

დაბოლოს, ეზოფაგიტის მძლავრი რისკფაქტორებია თამბაქოს წევა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.

 

როგორ ამოვიცნოთ

მთავარი სიმპტომი, რომლის საფუძველზეც შეიძლება ეზოფაგიტი ვიეჭვოთ, გულძმარვაა. ამასთან, საყლაპავი მილის ანთებას თან სდევს ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემებიც – მტკივნეულობა, ყლაპვის გაძნელება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ქრონიკული ხველის, ყელის ტკივილისა თუ ხმის ჩახლეჩის მიზეზიც შესაძლოა არა სასუნთქი სისტემის დაავადება, არამედ სწორედ ეზოფაგიტი იყოს.

დიაგნოზის დასადასტურებლად ინსტრუმენტულ კვლევებს ჩაგიტარებენ. ყველაზე ინფორმაციული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კონტრასტული რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ენდოსკოპიაა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ჩატარდეს ბიოფსია, საყლაპავის მანომეტრია და სხვა კვლევებიც.

ნებაზე მიშვებული ეზოფაგიტი საკმაოდ შემაწუხებელია. ამასთან, არ არის გამორიცხული, ხანგრძლივი პროცესის შედეგად საყლაპვი დანაწიბურდეს, რაც მის შევიწროებას და ყლაპვის გაძნელებას გამოიწვევს.

დროთა განმავლობაში შესაძლოა ე. წ. ბარეტის საყლაპავი ჩამოყალიბდეს, ეს უკანასკნელი კი საყლაპავის კიბოსწინარე მდგომარეობად მიიჩნევა.

და ეს ყველაფერი – მაშინ, როდესაც დროული და სწორი მართვის შემთხვევაში დაავადება ადვილად დაექვემდებარება მკურნალობას.

თავად მკურნალობა კი, ცხადია, მიზეზზეა დამოკიდებული. რეფლუქსის დროს მჟავიანობის დამაქვეითებელი მედიკამენტები ინიშნება. ინფექციას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. ყველა შემთხვევაში აუცილებელია ცხოვრების წესის, უმთავრესად – კვების რეჟიმის, შეცვლა. ჯანსაღი კვება ეზოფაგიტის მართვის მთავარი პრინციპია. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებად, ერიდეთ ჭამის შემდეგ წოლას, თავი შორს დაიჭირეთ მავნე პროდუქტებისგან, უარი თქვით თამბაქოსა და ჭარბ ალკოჰოლზე. გახსოვდეთ ისიც, რომ აბებს ბევრი წყალი უნდა დააყოლოთ.

 

***

გასტრიტი

თუ ანთებითი პროცესი კუჭის ლორწოვანს მისწვდა, გასტრიტი განვითარდება. ის მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ფორმა მცირე ხანს გრძელდება, ქრონიკულმა კი შესაძლოა წლობით შეგაწუხოთ. გასტრიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ჰელიკობაქტერიაა – კუჭის მთავარი მტერი. გარდა ამისა, გასტრიტის განვითარებას უნდა ვუმადლოდეთ ზოგიერთ მედიკამენტს – ასპირინს, იბუპროფენს, ნაპროქსენს – და ალოკოჰოლის ჭარბ მოხმარებას. შედარებით იშვიათად კუჭის ანთება ავტოიმუნური დაავადების, ნაღვლოვანი რეფლუქსის, კოკაინის მოხმარების, შხამების მიღების, სტრესის, ტრავმის, ჰერპესული ან ციტომეგალოვირუსი ინფექციის, თირკმელების უკმარისობის შედეგია.

ხშირად გასტრიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ადამიანს აზრადაც არ მოსდის, რომ ავადაა. კლინიკურად გამოვლენილ ფორმას კი ახასიათებს უმადობა, გულისრევა-ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, სისავსის შეგრძნება (დანაყრების შეგრძნება სულ რამდენიმე ლუკმის შეჭმის შემდეგ).

ლორწოვანი გარსის მიერ გამოყოფილი ლორწო კუჭს მისივე წვენის მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ანთების დროს ლორწოვანი გარსი ზიანდება და დამცველობით უნარს კარგავს. შედეგად კუჭი მარილმჟავას აგრესიის მსხვერპლი ხდება.

ქრონიკული გასტრიტის დროს, რაკი პროცესი დიდხანს მიმდინარეობს, კუჭის ლორწოვანიც უფრო მეტად ზიანდება. ეს იწვევს მეტაპლაზიასა და დისპლაზიას – უჯრედში მიმდინარე პათომორფოლოგიურ ცვლილებებს, რომლებსაც კიბოსწინარე მდგომარეობად მიიჩნევენ. ასე რომ, გასტრიტთან (მეტადრე ქრონიკულთან) ხუმრობა არ ღირს. საბედნიეროდ, მკურნალობას კარგად ექვემდებარება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მთელი ცხოვრება დაავადების კონტროლი დაგჭირდეთ.

აღსანიშნავია, რომ გასტრიტი თვითონვე წარმოადგენს სხვა დაავადებების რისკფაქტორს. მაგალითად, ამ დროს იზრდება ვიტამინების დეფიციტის, ანემიის, წყლულოვანი დაავადების, სიმსივნის, სისხლდენისა და ეროზიების განვითარების ალბათობა.

გასტრიტის დიაგნოსტიკისთვის სისხლში რამდენიმე მარკერის განსაზღვრა, რენტეგნოლოგიური და ენდოსკოპიური მონაცემბია საჭირო. ჰელიკობაქტერიის აღმოსაჩენად განავლის ანალიზს ატარებენ.

გამოკვლევის პასუხის მიხედვით ინიშნება მკურნალობაც. ის ორ მთავარ სტრატეგიას – ცხოვრების წესის ცვლილებასა და მედიკამენტურ თერაპიას –  ეფუძნება.

ჰელიკობაქტერიის გასანეიტრალებლად ანტიბიოტიკები ინიშნება. თუ დაავადება მედიკამენტების ბრალია, მათი შეცვლა ან შეწყვეტა მოგიწევთ. ცხადია, ეს ყველაფერი ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. საჭიროებისამებრ, ექიმი მჟავიანობის დამაქვეითებელ საშუალებებსაც გამოწერს. ამ ფუნქციას ანტაციდები, ჰ2 ანტაგონისტები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ასრულებენ. ამგვარად, ეს მედიკამენტები კუჭის ლორწოვანი გარსის დაცვას და აღდგენას უწყობენ ხელს.

 

***

ნაწლავის ანთებითი დაავადება

ეს ტერმინი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე ქრონიკულ ანთებით პროცესს გულისხმობს და ძირითადად ორ პათოლოგიას მოიცავს – წყლულოვან კოლიტსა და კრონის დაავადებას. პირველი მათგანი მსხვილი ნაწლავის ანთებას და წყლულების წარმოქმნას იწვევს, მეორე კი უპირატესად წვრილ ნაწლავს აზიანებს, თუმცა შეიძლება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერ უბანში განვითარდეს. ორივე მათგანი მძიმე დიარეით, მუცლის ტკივილითა და საერთო სისუსტით მიმდინარეობს.

ნაწლავის ანთებითი დაავადება მსუბუქიც შეიძლება იყოს და მძიმეც. ხშირად მას აფეთქებების სახე აქვს – რეციდივებს რემისიის პერიოდები ცვლის. სიმპტომები ანთებითი პროცესის სიმძიმესა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული, თუმცა კლინიკური გამოვლინება მნიშვნელოვანწილად მსგავსია.

კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტის საერთო ნიშნებია დიარეა, ცხელება, მუცლის ტკივილი და სპაზმები, სისხლიანი განავალი, მადის დაქვეითება, წონის უმიზეზო კლება, სისუსტე.

 

რა იწვევს

ნაწლავის ანთებითი დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია. წინათ მის განვითარებას თავისებურ რაციონსა და სტრესს მიაწერდნენ, მაგრამ დღეს მიჩნეულია, რომ ეს ფაქტორები მხოლოდ ართულებს მდგომარეობას, დაავადების წარმოშობაში კი ბრალი არ მიუძღვის.

თანამედროვე თვალთახედვით, ნაწლავის ანთებითი დაავადების მიზეზი შესაძლოა იმუნური სისტემის პრობლემები იყოს. ანომალიური იმუნური პასუხის შედეგად ორგანიზმი საკუთარ ქსოვილებს უცხადებს ბრძოლას.

 

რისკფაქტორები

* ასაკი – ნაწლავის ანთებითი დაავადება უმეტესად 30 წლამდე დიაგნოსტირდება, თუმცა არ არის გამორიცხული, 50-60 წლისთვის იჩინოს თავი.

* რასა და ეთნიკური კუთვნილება – თეთრკანიანებს ნაწლავის ანთებითი დაავადების განვითარების ყველაზე მაღალი რისკი აქვთ, თუმცა მისგან სრულიად დაზღვეულნი არც სხვა რასის წარმომადგენლები არიან.

* ოჯახური ისტორია – არცთუ იშვიათია დაავადების ოჯახური ისტორია. როგორც ჩანს, გარკვეულ როლს მემკვიდრეობაც ასრულებს.

* თამბაქოს წევა – კრონის დაავადების რისკფაქტორებს შორის ერთ-ერთი მთავარი მოდიფიცირებადი ფაქტორი მწეველობაა. საინტერესოა, რომ საპირისპირო სურათი გვაქვს წყლულოვან კოლიტთან. იმ სიკეთეთა უმცირეს ჩამონათვალში, რომლებიც შესაძლოა თამბაქოს მოჰქონდეს, წყლულოვანი კოლიტის პრევენციაც შედის. დიახ, თამბაქო გარკვეულწილად ხელს უშლის მის განვითარებას. თუმცა მედიკოსები თანხმდებიან, რომ თამბაქოსგან მომდინარე ზიანი გაცილებით მეტია, ამიტომ მოწევისთვის თავის დანებება უალტერნატივო გადაწყვეტილებაა, მათ შორის – ნაწლავის ანთებითი დაავადების დროსაც.

* ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება – იბუპროფენი, ნაპროქსენი, დიკლოფენაკი და ამავე კლასის სხვა მედიკამენტები ზრდის ნაწლავის ანთებითი დაავადების განვითარების რისკს, ხოლო უკვე არსებული დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს.

* საცხოვრებელი გარემო – ინდუსტრიულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს ნაწლავის ანთებითი დაავადების განვითარების უფრო დიდი ალბათობა აქვთ. როგორც ჩანს, ამაში გარკვეულ როლს ასრულებს კვების თავისებურებები – მაღალცხიმიანი დიეტა, რაფინირებული პროდუქტების სიმრავლე. 

გართულებები

კრონის დაავადებასა და წყლულოვან კოლიტს რამდენიმე საერთო გართულება აქვთ. არსებობს სპეციფიკური გართულებებიც, რომელიც მხოლოდ რომელიმე მათგანს ახასიათებს.

საერთო გართულებათა ჩამონათვალშია:

* მსხვილი ნაწლავის კიბო – ნაწლავში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესი კიბოს განვითარების რისკს ზრდის;

* კანის, თვალებისა და სახსრების ანთება – ნაწლავის ანთებითი დაავადების აფეთქების დროს შესაძლოა განვითარდეს ართრიტი, უვეიტი და დერმატიტის ზოგიერთი ფორმა, რაც ხაზს უსვამს პროცესის ავტოიმუნურ ხასიათს;

* წამლისმიერი გვერდითი ეფექტები – ნაწლავის ანთებითი დაავადების სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი ავთვისებიანი დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის, ზოგიერთი კი ხელს უწყობს ოსტეოპოროზის, არტერიული ჰიპერტენზიისა და სხვა მდგომარეობათა ჩამოყალიბებას;

* პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი – ანთებითი პროცესი სანაღვლე გზებში ნაწიბურების წარმოქმნას განაპირობებს, რასაც საბოლოოდ მათ დახშობამდე, ნაღვლის შეგუბებამდე და ღვიძლის დაზიანებამდე მივყავართ;

* თრომბოზი – ნაწლავის ანთებითი დაავადება ზრდის ვენებსა და არტერიებში თრომბის ჩამოყალიბების რისკს.

 

კრონის დაავადებისთვის დამახასიათებელი გართულებები

* ნაწლავის გაუვალობა – კრონის დაავადება მთელ სისქეზე აზიანებს ნაწლავის კედელს. დროთა განმავლობაში ნაწლავი სქელდება და მისი სანათური ვიწროვდება, რაც განავლოვანი მასების დაბლოკვას იწვევს. ამ დროს ნაწლავის ნორმალური ფუნქციის აღსადგენად შესაძლოა ოპერაცია – დაზიანებული ნაწილის ამოკვეთაა დაგჭირდეთ.

* მალნუტრიცია – დიარეა, მუცლის სპაზმები და ტკივილი, ერთი მხრივ, უმადობას იწვევს, მეორეს მხრივ კი ხელს უშლის შეწოვის პროცესს. ეს ყველაფერი საკვები ნივთიერებების დეფიციტით ვლინდება. ასევე ხშირია ანემია, რომლის მიზეზიც საკვებიდან რკინისა და ვიტამინ ბ12-ის ათვისების გართულებაა.

* წყლული – ქრონიკული ანთება ლორწოვან გარსს აზიანებს და წყლულების გაჩენას უწყობს ხელს. წყლულოვანი პროცესი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ უბანზე, პირის ღრუთი დაწყებული, სწორი ნაწლავით დამთავრებული და შორისის მიდამოშიც.

* ფისტულა – ზოგჯერ წყლული ნაწლავის მთელ კედელს მოიცავს და ორგანიზმის სხვა ნაწილებთან ანომალიურ კავშირს ამყარებს. ასე წარმოიქმნება ფისტულა. თუ ფისტულა დაინფიცირდა, აბსცესის განვითარებაა მოსალოდენლი.

* ანალური ნაპრალი – ეს ლორწოვანის მცირე ზომის დეფექტია, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ტკივილი, განსაკუთრებით – ნაწლავთა მოქმედებისას. ანალურმა ნაპრალმა შესაძლოა პერიანალური ფისტულის ჩამოყალიბება გამოიწვიოს.

 

წყლულოვანი კოლიტის გართულებები

* ტოქსიკური მეგაკოლონი – წყლულოვანი კოლიტი მსხვილი ნაწლავის სწრაფ გაფართოებას, გაგანიერებას იწვევს. ეს მეტად სერიოზულ მდგომარეობაა, რომელსაც სასწრაფო მკურნალობა სჭირდება.

* ნაწლავის პერფორაცია – ეს გართულება უმეტესად ტოქსიკური მეგაკოლონის შედეგია, თუმცა არც ის არის გამორიცხული, თავისთავად განვითარდეს წყლულოვანი კოლიტის ფონზე.

* ძლიერი გაუწყლოება – ძლიერი დიარეა ზოგჯერ ძლიერ გაუწყლოებას იწვევს, რაც პაციენტის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

 

როგორ ვუმკურნალოთ

მკურნალობის მიზანი ანთების შემცირება და რემისიის გახანგრძლივებაა. საუკეთესო შემთხვევაში ეს არა მარტო სიმპტომებს შეამსუბუქებს, არამედ შესამჩნევადაც შეამცირებს გართულებების რისკს.

ნაწლავის ანთებითი დაავადების მკურნალობისას პირველი ნაბიჯი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებია. გამოიყენება იმუნოსუპრესორებიც. მედიკამენტების ამ ორი ჯგუფის კომბინაცია უკეთ მოქმედებს, ვიდრე თითოეული მათგანი ცალ-ცალკე. თუ დაავადებას ინფექციაც დაერთო, ანტიბიოტიკებს გამოწერენ. საჭიროებისამებრ, შესაძლოა დანამატების მიღებაც გახდეს საჭირო. თავისებურია კვების რეჟიმიც: ერიდეთ რძის პროდუქტებს, უჯრედისით მდიდარ პროდუქტებს, კოფეინს. მიირთვით ნაკლებად ცხიმიანი საკვები, გამორიცხეთ ალკოჰოლი და თამბაქო.

თუ ცხოვრების წესის შეცვლამ და მედიკამენტურმა თერაპიამ შედეგი არ გამოიღო, ქირურგიულ მკურნალობას განიხილავენ.

მიმართეთ ექიმს, თუ ნაწლავის მოქმედების ხასიათი უეცრად შეიცვალა ან ჩამოთვლილმა სიმპტომებმა იჩინა თავი. ნაწლავის ანთებითი დაავადების პროგნოზი, როგოც წესი, კეთილსაიმედოა, მაგრამ ზოგჯერ სერიოზულ, სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებსაც იწვევს, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ. სანუგეშოდ აქვე გეტყვით, რომ ასეთი გართულებები საკმაოდ იშვიათია.

 

 

***

სხვა ანთება

ნაწლავებში ანთებითი პროცესი, გარდა კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტისა, შესაძლოა სხვა პათოლოგიების შედეგადაც განვითარდეს. წვრილი ნაწლავის ანთებას ენტერიტი ეწოდება, მსხვილისას კი კოლიტი.

ენტერიტიც და კოლიტიც ხშირად ბაქტერიებით ან ვირუსებით დაბინძურებული სურსათის მიღების შედეგია: საკვების მოკალათებული მიკრობები წვრილ ნაწლავში გადასახლდებიან და მის ანთებასა და შეშუპებას იწვევენ.

სალმონელა, კამპილობაქტერია, ნაწლავის ჩხირი, შიგელა, სტაფილოკოკი – ამ მიკრობებს ყველაზე ხშირად მიუძღვით ბრალი ნაწლავის ანთებაში.

 

კერძში მიკრობი მოხვდება, თუ:

* სურსათი გარეცხეს და კერძი მოამზადეს დაბინძურებული წყლით;

* ხილი, ბოსტნეული, მწვანილი არასათანადოდ გაირეცხა;

* დაირღვა სურსათის ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები;

* არასწორად მოხდა გაყინული ხორცის გალღობა;

* გამოიყენეს თერმულად დაუმუშავებელი ხორცი და კვერცხი;

* კერძის მომზადების წინ არ დაიბანეს ხელები, გამოიყენეს დაბინძურებული ჭურჭელი, დაფა, ინსტრუმენტები.

ასე რომ, ნაწლავური ინფექციების პრევენცია, უპირველეს ყოვლისა, ჰიგიენის წესების დაცვას გულისხმობს: დაიბანეთ ხელები საჭმლის მომზადებისა და ჭამის წინ, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, დასალევად და საკვების მოსამზადებლად (მათ შორის – ბოსტნეულისა და ხილის გასარეცხად) გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა წყალი. მომზადებამდე კარგად გარეცხეთ სურსათი სუფთა გამდინარე წყლით. არ ჭამოთ თერმულად დაუმუშავებელი ხორცი და კვერცხი. გამოიყენეთ პროდუქტები ეტიკეტზე მითითებულ ვადამდე.

 

სიმპტომები

სიმპტომები, წესისამებრ, ინფიცირებიდან რამდენიმე საათში იჩენს თავს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, კლინიკური სურათი დღეების შემდეგ ჩამოყალიბდეს.

ნაწლავის ანთებაა სავარაუდო, თუ უჩივით:

* მუცლის ტკივილს;

* ძლიერ დიარეას;

* ყაბზობას ან დიარეისა და ყაბზობის მონაცვლეობას;

* მადის დაქვეითებას;

* გულისრევას, ღებინებას;

* სისხლიან განავალს.

განავლის ანალიზი გამომწვევის დადგენაში გვეხმარება, თუმცა ამ გზით დამნაშავის მიგნება ყოველთვის ვერ ხერხდება. საჭიროების შემთხვევაში ტარდება კოლონოსკოპია – ნაწლავის ლორწოვანის დათვალიერება სპეციალური აპარატით.

ანთების მსუბუქი შემთხვევები მკურნალობას არ მოითხოვს და თავისთავად გაივლის. საჭიროა ბევრი სითხის მიღება, რეჰიდრატაცია, ორგანიზმის ელექტროლიტებით შევსება. თუ დიარეა ძლიერია, სითხეები ვენაში შეჰყავთ. ზოგჯერ საჭიროა განსაზღვრული მედიკამენტების გამოყენებაც – ანტიდიარეული საშუალებებისა, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა, ანტიბიოტიკებისა...

თუმცა მთავარი, რასაც ვუფრთხით გაუწყლოებაა, რომელიც ძლიერ დიარეას ახასიათებს. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ბავშვებთან. მათთან დიარეა საკმაოდ სწრაფად იწვევს ძლიერ გაუწყლოებას, ამიტომ მთავარია, პატარას ბევრი სითხე მიაწოდოთ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ დიარეამ 3-4 დღის შემდეგაც არ გაიარა, დაერთო ცხელება და სისხლი განავალში.

ნაწლავების ანთება, გარდა დაბინძურებული საკვებისა,  შესაძლოა გამოიწვიოს აუტოიმუნურმა დაავადებებმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა, მათ შორის – ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდულმა პრეპარატებმა, სხივურმა თერაპიამ, ცელიაკიამ, ტროპიკულმა სპრუმ, უიპლის დაავადებამ...

 

 

***

ქოლეცისტიტი

 

ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის ანთება – საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე საუბრისას ამ პათოლოგიას გვერდს ვერ ავუვლით. ნაღვლის ბუშტი ხშირად იქცევა საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების წყაროდ. უსიამოვნების თავიდათავი უმეტესად კენჭებია, რომლებიც ნაღვლის ბუშტში გროვდება, მის სადინარებს ახშობს და ქოლეცისტიტს იწვევს.

ქოლეცისტიტის მიზეზად ასევე შესაძლოა იქცეს სანაღვლე გზების დაზიანება, სიმსივნე, ზოგიერთი მძიმე დაავადება და ინფექციაც.

ნებაზე მიშვებული ქოლეცისტიტი მძიმე, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს იწვევს, – მაგალითად, ნაღვლის ბუშტის გახეთქვას, – დროულად აღმოჩენილი კი არც ისე ძნელი მოსარჩენია. თუ მედიკამენტები უეფექტო აღმოჩნდა, პრობლემა ქირურგიული გზით, ნაღვლის ბუშტის ამოკვეთით, მარტივად გვარდება.

 

რას ველოდეთ

ქოლეცისტიტის ყველაზე ხშირი მიზეზი, როგორც ითქვა, ნაღვლის ბუშტის ქვებია. ქვები ნაღვლის დინებას აფერხებს, დაგროვილი ნაღველი კი ანთების განვითარებას უწყობს ხელს. ქოლეცისტიტი შესაძლოა გამოიწვიოს სიმსივნემაც (რომელიც ნაღვლის დინებას უშლის ხელს), სანაღვლე გზების დახშობამ, ზოგიერთმა ვირუსმა, მათ შორის – აივ-მა.

დაავადება ადვილი ამოსაცნობია – ძლიერი ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში, რომელიც გადაეცემა ზურგის მარჯვენა მხარეს ან მარჯვენა მხარს, გულისრევა და ღებინება, ცხელება. სიმპტომები ჭამის, განსაკუთრებით – ცხიმიანი საკვების მიღების, შემდეგ იჩენს თავს.

ქოლეცისტიტის მთავარი გართულება ინფექციაა. რომლის მიზეზი ნაღვლის დაინფიცირება გახლავთ. ვუფრთხით ნაღვლის ბუშტის განგრენასაც. ის ყველაზე გავრცელებული გართულებაა, განსაკუთრებით – ხანდაზმულებსა და დიაბეტიანებთან. განგრენა, თავის მხრივ, შესაძლოა ნაღვლის ბუშტის გასკდომის მიზეზად იქცეს, ნაღვლის ბუშტის პერფორაცია კი მეტად საშიში მდგომარეობაა და სასწრაფო ჩარევას მოითხოვს.

 

პრევენცია

ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარებას ხელს უწყობს წონის სწრაფი კლება, ამიტომ თუ გახდომა გადაწყვიტეთ, მოთმინებით აღიჭურვეთ და კვირაში ათი კილოს მოკლებას ნუ ეცდებით. წონის კლების ჯანსაღი ტემპი კვირაში საშუალოდ 0.5-1კგ-ია.

ქოლეცისტიტის პროფილაქტიკა იქნება ჯანსაღი წონის შენარჩუნებაც, რადგან კენჭების წარმოქმნას ჭარბი წონაც უწყობს ხელს.

დიდი ოდენობით ცხიმისა და მცირე ოდენობით უჯრედისის შემცველი საკვებიც აჩენს კენჭებს, ამიტომ აქცენტი გადაიტანეთ ხილზე, ბოსტნეულზე, მარცვლეულზე, ერიდეთ ცხიმიან კერძებს და მზა პროდუქტებს.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: