როგორ ვუმკურნალოთ ინფექციებს
გააზიარე:
მკურნალობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მისი სქემა ექიმმა უნდა შეარჩიოს. ჩვენ მხოლოდ იმ ზოგად წესებს გაგაცნობთ, რომლებიც ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის დროს უნდა დაიცვათ, განურჩევლად ინფექციის ტიპისა, დაავადების მიმდინარეობისა თუ პაციენტის ზოგადი მდგომარეობისა.
მიკრობების მტერი – ჩვენი მხსნელი
ბაქტერიულ ინფექციებთან საქმე შედარებით მარტივადაა. არსებობს მათზე მოქმედი მეტად ეფექტური საშუალება – ანტიბიოტიკები. მათი აღმოჩენის შემდეგ მავნე ბაქტერიებს სერიოზული ზიანი მიადგათ. მრავალი საშიში დაავადება დღეს უკვე მკურნალობას ექვემდებარება. მთავარია, დროულად მიმართოთ ექიმს. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ანტიბიოტიკებს გვერდით ეფექტებიც ახასიათებს. მაგალითად, ისინი მავნესთან ერთად სასარგებლო მიკრობებსაც ანადგურებენ. სწორედ ამიტომ იჩენს თავს ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ ნაწლავთა პრობლემები. არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვთა ასაკში ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენება მიკრობიომის დაზიანებას იწვევს, ეს კი შემდეგში საკვების მონელების, ენერგიის გამომუშავების პროცესებზე ახდენს გავლენას და ჭარბწონიანობის განვითარებასაც კი უწყობს ხელს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბოლო ხანს ესოდენ გახშირებული სიმსუქნის ერთ-ერთი მიზეზი მიკრობიომაზე ასეთი თავდასხმებია. ბალანსის დარღვევას უნდა ვუმადლოდეთ სოკოვან ინფექციებსაც. ამიტომ ანტიბიოტიკებით მკურნალობის პარალელურად მიკრობიომის აღდგენაზეც უნდა იზრუნოთ. ამისთვის არსებობს სპეციალური საშუალებები – პრობიოტიკები. მათი მიღება რეკომენდებულია ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებისთანავე. თუმცა, მიკრობიომას მხოლოდ მკურნალობის პროცესში არ სჭირდება მოფრთხილება, ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნება კი, უპირველესად, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, სწორ კვებასა და აქტივობას მოითხოვს.
რა ვუყოთ ვირუსებს?
ვირუსული ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკებივით ეფექტური საშუალება ჯერ არ არსებობს. შექმნილია ზოგიერთი ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური პრეპარატები, მაგრამ ვირუსების უმეტესობა ჯერაც უწამლოდაა. ასეთი დაავადებების მკურნალობის მთავარი პრინციპი სიმპტომების შემსუბუქება და ორგანიზმის თავდაცვის უნარის გაძლიერებაა.
იმუნიტეტის მოძლიერებას სოკოვან ინფექციებთან ბრძოლის დროსაც დიდი როლი ეკისრება, ვინაიდან ისინი უმეტესად დასუსტებულ ორგანიზმში აქტიურდებიან. არსებობს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებიც.
თითქოს ყველაფერი ნათელია, თუმცა მხოლოდ ფურცელზე. სინამდვილეში ინფექციურ დაავადებებზე არანაკლები პრობლემაა მათი არასწორი მართვა. შეცდომებს მრავლად ვუშვებთ. ფაქტობრივად, მკურნალობის ყოველ ეტაპზე. მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს შეცდომები და მათ გამოსწორებას შევუდგეთ.
სად ვუშვებთ შეცდომას?
ინფექციის საპასუხოდ იმუნური სისტემა მოქმედებას იწყებს. ინფექციისგან ორგანიზმის გათავისუფლებას ის სხვადასხვა გზით ცდილობს: მობილიზებულია სისხლის თეთრი უჯრედების მთელი არმია, ანტისხეულები და სხვა. სწორედ ამის შედეგია სიმპტომები, რომლებსაც ხშირად დაავადების ნიშნებად აღვიქვამთ და მონდომებით ვებრძვით. მაგალითად, გაციების დროს ცხელება, ხველა და ცემინება ერთგვარი დამცველობითი მექანიზმებია. მაღალი ტემპერატურა მიკრობებს გამრავლებაში უშლის ხელს, ხველა და ცემინება კი ორგანიზმიდან უცხოთა გამოძევებას ისახავს მიზნად. ასე რომ, მათი დათრგუნვა სულაც არ უწყობს ხელს დაავადების დამარცხებას. პირიქით, რაც მეტად შევზღუდავთ ორგანიზმის თავდაცვით რეაქციებს, მით მეტად მოგვერევა ავადმყოფობა. მკურნალობის მთავარი პრინციპია, არ ჩავერიოთ, სანამ ორგანიზმი თავად უმკლავდება მტერს, არ გამოგვეპაროს ის მომენტი, როდესაც დამცველობითი ან ადაპტაციური მექანიზმები პათოლოგიურში გადავა, მერე კი დროულად და სწორად დავეხმაროთ ბრძოლით დაღლილ სხეულს.
მაგრამ რას აკეთებს უმრავლესობა? საკმარისია, თერმომეტრმა ტემპერატურის ოდნავი მატება აჩვენოს, რომ სიცხის დამწევს, გაციების საწინააღმდეგო ჩაის, ამოსახველებელს, ხველის დამთრგუნველს და ათას სხვა მედიკამენტს მიაყრიან ორგანიზმს. არადა, ექიმები გვაფრთხილებენ: 38.5 0ჩ-მდე სიცხის დამწევი არ უნდა დავლიოთ! ასევე განსაზღვრულ დრომდე არ არის საჭირო, მაგალითად, ხველის რეფლექსის დათრგუნვა. სამაგიეროდ, აუცილებელია დასვენება და ბევრი სითხის მიღება.
მაგრამ ეს ყველაფერი როდია. თითქოს ორგანიზმის დასასუსტებლად ჩამოთვლილი საშუალებები არ კმაროდეს, სცენაზე ახალ მოთამაშე – ანტიბიოტიკები შემოგვყავს. აი, აქ კი ნამდვილად საბედისწერო შეცდომას ვუშვებთ.
კიდევ ერთხელ ანტიბიოტიკების შესახებ
არაერთხელ გვითქვამს რომ ანტიბიოტიკები ვირუსებს ვერ სპობს. ეს წამლები მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდაა გამოსადეგი. ამას ღაღადებენ ექიმები, ჯანდაცვის ორგანიზატორები, მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც არაერთი საინფორმაციო კამპანია ტარდება. მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ხალხი ისე მიეჩვია “უებარ” ანტიბიოტიკებს, მათზე უარის თქმა ვეღარ წარმოუდგენია. ცოდვა გამხელილი ჯობია და ამ მავნე ტენდენციას ზოგჯერ ექიმებიც უბამენ მხარს. თუმცა ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ექიმს ბრმად არ უნდა ენდოთ – ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ანტიბიოტიკების გამოყენება დანაშაულია!
რა საფრთხეს გვიქადის ანტიბიოტიკები?
მაინც რატომ ვებრძვით ასე ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენებას? რა დაშავდება, თუ პაციენტი მათ არასწორად მიიღებს? დავიწყოთ იმით, რომ უნაკლო მედიკამენტი ჯერ არ შექმნილა. უბრალოდ, მათ ნაკლოვანებებზე თვალს ვხუჭავთ, როცა სარგებელი ზიანს გადაწონის. მაგრამ უგუნურებაა, ორგანიზმი ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების რისკის პირისპირ დავაყენოთ, როდესაც მათგან სარგებლის მიღება შეუძლებელია. გარდა ამისა, როგორც უკვე არაერთხელ გვითქვამს, ანტიბიოტიკები სასარგებლო მიკრობებსაც ანადგურებენ, ანუ მათ, ვინც ვირუსებთან ბრძოლაში გვეხმარებიან. გამოდის, ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება არათუ არ აჩქარებს განკურნებას, არამედ შესაძლოა დაამძიმოს კიდეც მდგომარეობა.
ეს ერთი.
მეორე: ალბათ, გაგიგონიათ ტერმინი ანტიმიკრობული რეზისტენტობა. ის მიკრობთა ძალიან საშიშ თვისებას აღნიშნავს. აღმოჩნდა, რომ მიკრობებს საოცარი უნარი ჰქონიათ – განსაზღვრულ შემთხვევებში ისინი ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობას გამოიმუშავებენ. მარტივად რომ ვთქვათ ანტიბიოტიკი მათზე აღარ მოქმედებს. ეს რას ნიშნავს, ალბათ თავადაც ხვდებით.
რეზისტენტობა მიკრობების ბუნებრივი თვისებაა, ჩვენ კი ჩვენი დაუფიქრებელი საქციელით ერთიორად ვზრდით ამ საფრთხის ალბათობას და მასშტაბს.
რაც არ კლავს, აძლიერებს
შევაჯამოთ: რა უწყობს ხელს ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებას? უპირველეს ყოვლისა, ანტიბიოტიკების გამოყენება მაშინ, როდესაც ეს საჭირო არ არის. თუმცა ბაქტერიული ინფექციის მკურნალობასაც თავისი წესები აქვს. ანტიმიკრობული რეზისტენტობის რისკი მაშინაც იმატებს, როცა ანტიბიოტიკებს არასაკმარისი დოზით ვიღებთ ან მკურნალობას დროზე ადრე ვანებებთ თავს. მკურნალობის დაწყებიდან 2-3 დღის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ, მაგრამ მიკრობი ჯერ არ განადგურებულა. თუ წამლის მიღებას ამ ეტაპზე შეწყვეტთ, დასუსტებული ბაქტერია ძალას მოიკრებს, თანაც უკვე გაშიფრული ეყოლება მტერი და მისგან თავის დაცვის მექანიზმსაც იოლად შეიმუშავებს. თქვენგან მიკრობი სხვებზეც გავრცელდება, მათზე კი ანტიბიოტიკი აღარ იმოქმედებს, რადგან სხვებს უკვე რეზისტენტული შტამი დააავადებებს. ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, ბოლომდე მიიყვანოთ მკურნალობის კურსი. თუ მიკრობს არ მოკლავთ, ის მხოლოდ გაძლიერდება.
დიდი პრობლემაა ანტიბიოტიკების ვეტერინარიაში გამოყენება. ამას ცხოველთა პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით აკეთებენ, თუმცა პროდუქტიულობასთან ერთად იმატებს რეზისტენტული შტამების რაოდენობაც, რომლებსაც მომხმარებელი ხორცთან ერთად უნებლიეთ იღებს.
სკეპტიკოსები იტყვიან: მეცნიერები ხომ გამუდმებით ქმნიან ახალ-ახალ წამლებს; მიკრობები ვერასდროს დაეწევიან ამ რიტმს, რეზისტენტობის საფრთხე გაზვიადებულიაო. სინამდვილეში მთელი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ახალი ანტიბიოტიკები ფაქტობრივად აღარ იქმნება. ასე ამიტომაც დავფოფინებთ არსებულ საშუალებებს. თავად განსაჯეთ: ახალი წამლების შექმნის პერსპექტივა ბუნდოვანია, სამაგიეროდ, ბაქტერიები სულ უფრო მეტად ხვეწენ მოქმედების გზებს – გამოდის, რომ არათუ დაგვეწევიან, შესაძლოა გაგვისწრონ კიდეც. ასე რომ, თუ რეზისტენტობა არსებული ანტიბიოტიკების მიმართაც განვითარდა, მიკრობებთან საუკუნოვან ბრძოლაში დავმარცხდებით და იმ ეპოქას დავუბრუნდებით, როდესაც, მაგალითად, სიტყვა “პნევმონია” სასიკვდილო განაჩენივით ჟღერდა.
ერთი სიტყვით, ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება ჩვენსავე ინტერესებშია. ჩვენც კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: გონივრულად გამოიყენეთ ეს ფასდაუდებელი წამლები.