COVID-19, გრიპი თუ გაციება?
გააზიარე:
შეჩვეული და შეუჩვეველი
ოქტომბრიდან აპრილის ბოლომდე რესპირატორული ვირუსების სეზონია. დათბობასთან ერთად სასუნთქი სისტემის ინფექციები თანდათან იშვიათდება, მაგრამ აცივდება თუ არა, ახალი ძალით გვატყდება თავს.
დროდადრო კი ისეც შეიძლება მოხდეს, რომ გაციება თუ სეზონური გრიპი სანატრელი გაგვიხდეს.
COVID-19-ის პანდემიამ სულ დაგვავიწყა გრიპიც და გაციებაც და ყველას ერთი საფიქრალი გაგვიჩინა: ვინ იქნება შემდეგი?
მაგრამ ვირუსები არსად წასულან, ჩვენ თუ არ გვახსოვს, მათ ვახსოვართ და ჯერ კიდევ არ თმობენ გავლენის სფეროს.
საინტერესოა, რა განსხვავებაა გაციებას, გრიპს და კორონავირუსულ ინფექციას შორის, რომელი უფრო საშიშია და რომელი უფროა მოსალოდნელი ამა თუ იმ პირობებში.
ვიცნობდეთ მტერს
გაციებაც ვირუსული ინფექციაა, ოღონდ არა გრიპი. გრიპის ვირუსის ცალკე გამოყოფას ერთი მიზეზი აქვს: მას სხვებზე გაცილებით მძიმე მიმდინარეობა, მკვეთრად გამოხატული კლინიკური სურათი და გართულების უფრო დიდი ალბათობა ახასიათებს.
გაციების გამოწვევა რამდენიმე ათეულ ვირუსს შეუძლია, მათ შორის - ადენოვირუსს, სინციტიურ ვირუსს, რინოვირუსს. ამ ჯგუფშია კორონავირუსიც. რამდენიმე თვის წინ ის სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა, თუმცა 2019 წლის დეკემბრიდან ვითარება რადიკალურად შეიცვალა - კორონავირუსი რიგითი მიკრობიდან დრამის მთავარ მოქმედ პირად იქცა.
დიახ, კორონავირუსი აქამდეც არსებობდა და აავადებდა ადამიანებს, მაგრამ COVID-19-ის პანდემია არა ჩვენს დიდი ხნის ნაცნობს, არამედ მის ახალ შტამს უკავშირდება.
აქ ცოტა ხნით უნდა შევჩერდეთ. მოგეხსენებათ, ვირუსები ოჯახებად ერთიანდებიან. დიდი ოჯახი აქვს კორონავირუსსაც. მისი ზოგიერთი წევრი (შტამი) ადამიანებს ასნებოვნებს, ზოგი - ცხოველებსა და ფრინველებს, უმეტესად - აქლემებს, კატებსა და ღამურებს. და აი, ცხოველის ვირუსი, არავინ იცის რატომ, ზნეს იცვლის და ადამიანზე მიაქვს იერიში, მერე კი ადამიანისგან ადამიანს გადაედება. სახეცვლილ მიკრობს კაცობრიობა მოუმზადებელი ხვდება, ისიც ელვის სისწრაფით ედება ხალხს და დრამატულ შედეგებს იწვევს.
ასე მოხდა, მაგალითად, 2002-2003 წლებში, როდესაც ჩინეთში კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიამ იფეთქა. ვირუსის ეს შტამი მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომს (SARS) იწვევდა. ინფექცია 26 ქვეყანას მოედო, 8000-ზე მეტი ადამიანს შეხვდა და 774 მათგანი შეიწირა.
კორონავირუსული საფრთხე კაცობრიობას 2012 წელსაც დაემუქრა, ამჯერად - შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) სახით. საბედნიეროდ, აფეთქება მალევე შეაჩერეს. ინფექციამ 2490 ადამიანის დასნებოვნება მოასწრო, რომელთაგან 858 გარდაიცვალა.
წლევანდელ პანდემიას ვირუსის ახალ შტამს უნდა ვუმადლოდეთ. ის წინამორბედებზე გაცილებით მოუხელთებელი (ათიათასობით ადამიანის დაინფიცირება შეძლო), თუმცა ნაკლებად აგრესიული აღმოჩნდა (ლეტალობის მაჩვენებელი, ამ დროისთვის დადასტურებული შემთხვევების მიხედვით, წინა ორ პანდემიაზე გაცილებით დაბალია). ახალ დაავადებას COVID-19 (Coronavirus disease 2019, ანუ კორონავირუსული დაავადება 2019) უწოდეს. სიზუსტისთვის: კორონავირუსი დაავადების გამომწვევი მიკრობია, თავად დაავადებას კი COVID-19 ჰქვია. მისი გამომწვევი შტამი SARS-CoV-2
ვირუსის მთავარი სამიზნე ამ შემთხვევაშიც სასუნთქი სისტემაა - ვუფრთხით ფილტვების ანთებას ან მწვავე რესპირატორულ დისტრესს, რომელიც გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
გრიპის ვირუსიც რამდენიმე შტამით არის წარმოდგენილი. ზოგი მათგანი უწყინარია, ზოგი კი - ვერაგი. კაცობრიობისთვის არც გრიპის პანდემიაა უცხო. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილი ისპანკა სწორედ გრიპის ვირუსის ერთ-ერთი შტამის, ესპანური ვირუსის, პანდემია გახლდათ. 1918-1920 წლებში მას 40-50 მლნ ადამიანი ემსხვერპლა. ახლო წარსულიდან შეიძლება გავიხსენოთ 2009 წლის ე.წ. ღორის გრიპის პანდემია, როდესაც H1N1 ვირუსმა 18000 სიცოცხლე შეიწირა.
ჯერჯერობით უცნობია, რა იწვევს ვირუსების პერიოდულ სახეცვლილებას, რის გამო იძენენ ისინი უჩვეულო თვისებებს, მაგრამ ვიცით, რატომ უჯდება კაცობრიობას ეს ასე ძვირი - უცნობ მტერთან ბრძოლა გაცილებით ძნელია.
რომელია?
დაემორჩილება თუ არა სეზონურ ცვლილებებს COVID-19, სეზონურ ინფექციად ჩამოყალიბდება თუ მთელი წლის განმავლობაში იტრიალებს გარემოში, დრო გვიჩვენებს. სხვა თვისებებით კი COVID-19 ერთგვარი ჰიბრიდია - მიმდინარეობით უფრო გაციებას ჰგავს (იგულისხმება გაურთულებელი შემთხვევები), გართულებებითა და პოტენციური საშიშროებით კი გრიპს მოგვაგონებს. ზოგიერთი კრიტერიუმით მასზე უფრო ვერაგიც კია:
- COVID-19-ც და გრიპიც სასუნთქ სისტემას აზიანებენ. ორივე ინფექციას კლინიკური მრავალფეროვნება ახასიათებს - უსიმპტომო მიმდინარეობით დაწყებული, მძიმე ფორმებითა და ლეტალური შემთხვევებით დამთავრებული. ორივე ვრცელდება კონტაქტური, წვეთოვანი და იშვიათად ფეკალური გზით. შესაბამისად, ერთნაირია მათი პრევენციის საშუალებებიც: ხელების ხშირი ბანა, რესპირატორული ჰიგიენის დაცვა.
- რაც შეეხება განსხვავებებს: გრიპს უეცარი დასაწყისი ახასიათებს, COVID-19 თანდათანობით გვეპარება. გრიპის დროს რესპირატორულ სიმპტომებს (ხველას, ცემინებას, სურდოს) ერთვის თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. კორონავირუსული დაავადების დროს ტკივილის სინდრომი იშვიათია. მისი მთავარი სიმპტომები ცხელება, მშრალი ხველა და სუნთქვის გაძნელებაა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ კლინიკური განსხვავება არ არის არსებითი სადიაგნოზო ნიშანი, ინფექციის გამომწვევზე უტყუარ ინფორმაციას მხოლოდ ლაბორატორიული დიაგნოსტიკა გვაწვდის.
- ჯანმოს მონაცემებით, COVID-19-ის შემთხვევათა 80% მსუბუქი ან უსიმპტომოა, 15% - მძიმე, 5% - კრიტიკული. ეს იმას ნიშნავს, რომ გრიპთან შედარებით მაღალია მძიმე და კრიტიკული შემთხვევების წილი.
- მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანია ინფექციის გადაცემის სიხშირე. გრიპს უფრო ხანმოკლე საინკუბაციო პერიოდი და სერიული ინტერვალი ახასიათებს. სერიული ინტერვალი გახლავთ დრო ძირითადი შემთხვევის სიმპტომების გაჩენიდან მომდევნო შემთხვევის სიმპტომების გაჩენამდე. COVID-19-ის სერიული ინტერვალი ხუთი-ექვსი დღეა, გრიპისა - სამი. ეს იმას ნიშნავს, რომ გრიპი უფრო სწრაფად ვრცელდება.
- სამაგიეროდ, COVID-19-ს კონტაგიოზურობის უფრო მაღალი ინდექსი აქვს. ეს უკანასკნელი აჩვენებს, რამდენ ჯანმრთელ ადამიანს გადასდებს ვირუსს ერთი ინფიცირებული. კორონავირუსის შემთხვევაში მაჩვენებელი 2-2.5-ს უდრის.
- განსხვავებულია ვირუსის სამიზნე ასაკობრივი ჯგუფები - ბავშვები გრიპის რისკჯგუფს მიეკუთვნებიან, მაშინ როდესაც კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები არათუ ბავშვებთან, არამედ 19 წლამდე ასაკის მოზარდებთანაც კი იშვიათია. ლეტალური შემთხვევები ამ ასაკობრივ ჯგუფში, საბედნიეროდ, ჯერ არ აღრიცხულა. ამასთან, ბავშვები გრიპის ძირითად გამავრცელებლებად ითვლებიან, COVID19 კი, როგორც წესი, მოზრდილისგან ბავშვს გადაეცემა.
- განსხვავებულია მკურნალობისა და სპეციფიკური პრევენციის სტრატეგიები. მოგეხსენებათ, გრიპის საწინააღმდეგოდ ყოველწლიურად ტარდება ვაქცინაცია. არსებობს მისი სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატიც - ტამიფლუ. რაც შეეხება COVID19-ს, ამჟამად მისი ოცამდე ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს, თუმცა არც ერთი მათგანის ეფექტურობა ჯერ არ დადასტურებულა. შესაბამისად, ლიცენზირებული ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. არც ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შეუქმნიათ (კვლევები ამ მიმართულებითაც აქტიურ ფაზაშია). ამიტომ ექიმები იძულებული არიან, სიმპტომურ თერაპიას დასჯერდნენ - არა ვირუსს, არამედ მის გამოვლინებებს ებრძოლონ.
რაც შეეხება გრიპის, გაციებისა თუ COVID-19-ის პრევენციის წესებს, ისინი ერთნაირია და მარტივი. მათი დაცვა საგრძნობლად ამცირებს სამივე დაავადების ალბათობას:
1. საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი სპეციალური ხსნარით:
- ქუჩიდან შენობაში შესვლისას;
- ჭამის წინ;
- ტუალეტით სარგებლობის შემდეგ.
2. არ შეეხოთ დაუბანელი ხელებით თვალებს, ცხვირს, პირს. რატომ? კანზე მოხვედრილი ვირუსი საშიში არ არის. მთავარია, ორგანიზმში არ შეიჭრას. ასე კი მაშინ მოხდება, თუ ვირუსიანი ხელი პირზე, ცხვირზე, თვალზე მოისვით და ვირუსმა ლორწოვან გარსზე გადაინაცვლა.
3. დაიცავით დისტანცია, განსაკუთრებით - მათთან ურთიერთობისას, ვისაც ახველებს, აცემინებს ან ავადმყოფობის სხვა სიმპტომი აქვს. რატომ? თუ დაავადებულის ახლოს ტრიალებთ, ხელები ხუთ წუთში ერთხელაც რომ დაიბანოთ, ინფიცირების ალბათობა მაინც დიდია. ხველების, ცემინების, ლაპარაკის დროს ავადმყოფი ჰაერში აფრქვევს ვირუსით სავსე უწვრილეს წვეთებს, რომლებსაც გარშემო მყოფები ჩაისუნთქავენ. ასე რომ არ მოხდეს, არ მიუახლოვდეთ ინფიცირებულს ერთ მეტრზე ახლოს. თავი არიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ხალხმრავალ ღონისძიებებს.
4. დაიცავით რესპირატორული ჰიგიენა - ხველების ან ცემინების დროს პირსა და ცხვირზე არა ხელისგული, არამედ მოხრილი მკლავი ან ერთჯერადი ხელსახოცი აიფარეთ. შეგახსენებთ, ხელსახოცი ერთჯერადია, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოყენებისთანავე უნდა გადააგდოთ.
5. კორონავირუსის პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში პირბადეების დეფიციტია, ამიტომ ჯანმო მათი რაციონალური გამოყენებისკენ მოგვიწოდებს. პირბადე ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ გაქვთ ინფექციის ნიშნები ან უვლით ვირუსული დაავადების მქონე პირს. სხვა შემთხვევაში, მაგალითად, ქუჩაში სიარულისას, მისი გაკეთება რესურსის ფუჭი ხარჯვაა.
დაბოლოს, მოიძიეთ სწორი ინფორმაცია დაავადების შესახებ, გაეცანით ექსპერტთა რეკომენდაციებს და შეასრულეთ. გახსოვდეთ, ეპიდემიის დამარცხება, ექიმებსა თუ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, თითოეული ჩვენგანის რაციონალურ ქცევაზეცაა დამოკიდებული.
გვანცა გოგოლაძე