ანა ტყებუჩავა: “ზოგჯერ პოზიტივი ხელოვნურადაც უნდა შევქმნათ”

გააზიარე:

ანა ტყებუჩავა საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მსახიობმა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟის – ნინას როლი შეასრულა. მოგვიანებით მაყურებელს ტელეწამყვანის ამპლუაშიც წარუდგა – სამედიცინო პროფილის გადაცემა “მთავარ ექიმს” უძღვება. ფიქრობს, რომ თავისი საქმიანობით ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს ორ სფეროს – ხელოვნებას და ჯანმრთელობას ემსახურება. განსაკუთრებით სიამოვნებს, რომ წვლილი შეაქვს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაში. დავინტერესდით, თავად თუ მისდევს ამ წესს და როგორია მისი ყოველდღიური ცხოვრება.

– ჯანმრთელობას ექიმებს ვანდობთ, თუმცა მასზე თითოეული ჩვენგანი თავადაც უნდა ზრუნავდეს. ცხოვრების ჯანსაღი წესი, სასურველია, ყოველდღიურობად ვაქციოთ და შვილებსაც ვასწავლოთ. მეც, რა თქმა უნდა, ვცდილობ დავაბალანსო კვებისა თუ ძილის რეჟიმი, ფიზიკური აქტივობა, ბავშვებთან კოგნიტიური თამაშის დრო.


სამწუხაროდ, ბევრი დაავადება მეტისმეტად გაახალგაზრდავდა. გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები უკვე მცირე ასაკის ბავშვებშიც გახშირდა. ამას ემატება ქალაქის არაეკოლოგიური გარემო. ამიტომ ოჯახში ცხოვრების წესად უნდა იქცეს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. და არამხოლოდ ოჯახში – სასურველია, ელემენტარული წესები სკოლაშიც ისწავლებოდეს, ბავშვებს მათთვის გასაგები და მისაღები ფორმით, თუნდაც თამაშით ავუხსნათ, როგორ იზრუნონ ჯანმრთელობაზე, რას ნიშნავს ჯანსაღი საკვები, რატომაა მნიშვნელოვანი მოძრაობა... ავუხსნათ, რატომ ვატარებთ სპორტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვმა შესაძლოა უმოტივაციოდ და გაუაზრებლად ივარჯიშოს და საბოლოოდ მობეზრდეს კიდეც. უმჯობესია, არჩევანი თავად გააკეთოს. თუ სპორტის რომელიმე სახეობა არ მოსწონს, ვატაროთ ცეკვაზე ან უბრალოდ ვასეირნოთ.


ბავშვობაში მიღებული ინფორმაცია, ოჯახის ცხოვრების წესი თუ გამოცდილება ბოლომდე მიჰყვება ადამიანს, შესაბამისად, საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა შეიძლება თამბაქოს ან ნარკოტიკის მოხმარებისგან თავის შეკავების ერთ-ერთი არგუმენტირებული მიზეზი გახდეს.

  • ინფორმირებული არჩევანი

– ჯანსაღი წესით ცხოვრება რთულია, როცა რაღაც არ გვესმის. შესაძლოა, ნახშირწყლები, უჯრედისი, ცილა და ვიტამინები ჩინური ანბანი იყოს ჩვენთვის, მაგრამ საკმარისია, ინტერნეტსა თუ წიგნში ინფორმაცია მოვიძიოთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს ცოდნა არცთუ დაუძლეველი ყოფილა.
ჯანსაღი ცხოვრება განწყობაზეც აისახება და რაც დრო გადის, ხვდები, რომ, მიუხედავად ასაკისა, ისევ აქტიური ხარ.
არაერთხელ დადასტურდა, რომ ფიზიკურად აქტიური ადამიანები უფრო მეტხანს ინარჩუნებენ ფორმას, ჯანმრთელობას და ახალგაზრდულ განწყობას.
მონოტონური ფიზიკური ვარჯიში მალე მბეზრდება, ამიტომ აკვააერობიკას იოგათი ვცვლი, იოგას – ცურვით ან სეირნობით...

  • ჯანსაღი და გემრიელი

– სწორი კვების პრინციპების დაცვა მას შემდეგ დავიწყე, რაც თინეიჯერულ ასაკს გავცდი. რა თქმა უნდა, ხანდახან ეს წესები ირღვევა და ბუნებრივიცაა, რადგან ჯანმრთელობაზე ზრუნვა ტვირთად არ უნდა იქცეს. პირიქით, სიამოვნება უნდა მოგგვაროს. ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური საკვები დღეს ფუფუნებაა, მაგრამ თუ გაქვს გარკვეული ცოდნა ჯანსაღი და ორგანიზმისთვის აუცილებელი პროდუქტების შესახებ, საქმე საგრძნობლად გაადვილდება. ამასთან, სასარგებლო არ უნდა ასოცირდებოდეს უგემურთან, ამიტომ პროდუქტის ჯანსაღად და გემრიელად მომზადებაც ცოდნას მოითხოვს. შემწვარი და მოხრაკული კერძები, რა თქმა უნდა, გემრიელია, მაგრამ არსებობს გრილი და უამრავი სხვა საშუალება, რომ სწორი კვება ტანჯვად არ გვექცეს.

  • დედის ამპლუა

ანა ტყებუჩავა ორი გოგონას დედაა – თაია ორი წლისაა, ნინი კი ხუთის. პატარებს ბევრ დროს უთმობს, თუმცა მაინც არ ჰყოფნის:
– გვიყვარს ერთად სეირნობა და თამაში. ვცდილობ, ყველაფერში ავყვე. თუ ველოსიპედით დადიან, მეც მათთან ერთად ვატრიალებ პედლებს. მინდა, ცეკვაზეც ერთად ვიაროთ – რა თქმა უნდა, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ვიქნებით, მაგრამ ლათინური ან ქართული ცეკვები ძალიან გაგვახალისებს. როდესაც სხეულს ფლობ, ყოველთვის ტონუსში ხარ და თავდაჯერებული ხდები.
ერთმანეთთან დაახლოების საუკეთესო საშუალება ქალაქგარეთ ერთად გასეირნებაა. ამ დროს ურთიერთობები განსაკუთრებით მტკიცე ხდება. ბევრი ისეთი რამის აღმოჩენაა შესაძლებელი, რაც დაგაახლოებთ.
ვფიქრობ, კარგი დედობა ყველას თავისებურად ესმის. მე ვცდილობ, მეგობარიც ვიყო მათთვის და დედაც. არ მინდა, რაიმე იყოს დამალული... შენიშვნასაც იშვიათად ვაძლევ, რომ ჩემთვის შეცდომების გაზიარებისა არ ეშინოდეთ. თუმცა თეორია სხვაა და პრაქტიკა – სხვა. ვნახოთ, როგორ გავართმევ თავს ყველაფერს და საბოლოოდ რა გამოვა...

  • პროფესია

– ქართველები, საზოგადოდ, არტისტულები ვართ და, როგორც ჩანს, მეც მქონდა მონაცემები. ყოველთვის მომწონდა მსახიობის პროფესია და ის თავგადასავლები, რასაც სცენა და კინო გულუხვად სთავაზობს ამ პროფესიის ადამიანებს. მსახიობის პროფესია საშუალებას გაძლევს, დროებით სხვისი ცხოვრებით იცხოვრო და აკეთო ის, რის უფლებასაც რეალობაში თავს იშვიათად მისცემ... შენი გმირის თავს გადახდენილ ამბებზე ფიქრობ, მის შეცდომებს უღრმავდები და ცხოვრებას უკეთ ეცნობი. ადამიანური ურთიერთობების გამოცდილება გემატება. საკუთარ თავსაც აკვირდები: ყველაზე ბედნიერ და უბედურ წუთებში რა ემოცია გეუფლება, რა აზრები იბადება... ძალიან ფაქიზი და ლამაზია ეს ყველაფერი და ამიტომ ჩემი პროფესია ჩემთვის პროფესიაც არის, ცხოვრების სტილიც და ჰობიც. თუ ვმუშაობ, არ ვიღლები.

  • მთავარი ექიმი

– სამედიცინო პროფილის გადაცემის წამყვანი გახლავართ. სწორედ ამ გადაცემის დამსახურებით აღმოვაჩინე შესანიშნავი სამყარო – ბევრი კარგი, პროფესიონალი ექიმი გავიცანი, ვინც ძალიან მეიმედება.
ამ რეალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართველებს თვითგადარჩენის, განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს და ეს ექიმები ამის მაგალითია.
კიდევ ერთი რამ, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო: თვითმკურნალობა და არაპროფესიონალთა რჩევების გათვალისწინება ხშირად სავალალო შედეგით მთავრდება.
კარგი იქნება, ექვს თვეში ან წელიწადში ერთხელ მაინც გამოვნახოთ დრო და ფინანსები საკუთარი ჯანმრთელობისთვის, მივიდეთ ექიმთან, ჩავიტაროთ პროფილაქტიკური კვლევა... გასაგებია, რომ ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება, მაგრამ პროფილაქტიკა თავიდან აგვაცილებს უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს და ჩვენს შვილებსაც ჯანმრთელობაზე ზრუნვით მაგალითს მივცემთ.

  • იღბალი თუ უნარები

– ყველა პროფესიას თავისი ნიშა აქვს და ყველგან მნიშვნელოვანია განათლება – თეორიული ცოდნა, რომელიც პრაქტიკით არის გამყარებული. და მაინც, პროფესიული წარმატების მთავარი საფუძველი, ვფიქრობ, სიყვარული და პასუხისმგებლობაა. თუ გიყვარს შენი საქმე, მის გარეშე უბრალოდ ვერ ძლებ, ითმენ იმედგაცრუებას, გულის გახეთქვას... პარალელურად პასუხისმგებლობის გრძნობა გაიძულებს, განვითარდე, გაიზარდო...
მსახიობისთვის იღბალიც მნიშვნელოვანია და ნიჭიც, თუმცა ვფიქრობ, რომ პროფესიასა თუ ცხოვრებაში რა ემოციასაც გასცემ, მოგვიანებით უკანვე დაგიბრუნდება.
მაგალითად, ეძებ სამსახურს, ყველგან აგზავნი რეზიუმეს, თუმცა უშედეგოდ, მერე უეცრად რაღაც მისტიკური ხდება და ბედი გიღიმის... მგონია, რომ ხშირად ეს გამართლება შენივე პოზიტიური ემოციის გამოძახილია.

  • მთავარი სათქმელი

– ყველა როლს და ყველა ადამიანს თავისი სათქმელი აქვს. ჩემი სათქმელი კი ის გახლავთ, რომ ცუდშიც არის რაღაც კარგი და ჯობს, აქცენტი სწორედ დადებითზე დავსვათ. სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება არაერთხელ დაგვიცდეს ფეხი და ტალახში ჩავვარდეთ, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ და ზოგჯერ პოზიტივი ხელოვნურადაც შევქმნათ. თუ სიყვარულს ავირჩევთ, ცუდი ფიქრები ვერ მოგვერევა.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: