უფროსი, შუათანა, ნაბოლარა...

გააზიარე:

პიროვნების ფორმირებაზე, მის თვისებებზე, მიდრეკილებებსა და ინტერესებზე დიდ გავლენას ახდენს ოჯახი. ბევრს შესაძლოა გასაკვირიც მოეჩვენოს, რომ ერთ ოჯახში, ერთსა და იმავე სოციალურ გარემოში აღზრდილი ბავშვები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.

ფსიქოლოგების დაკვირვებით, პიროვნების ხასიათისა და ცხოვრების წესის განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მისი ამქვეყნად მოვლინების რიგი. საინტერესოა, რომ ადამიანის გონება უხსოვარი დროიდან უტრიალებს  ამ საკითხს. ბავშვობაში წაკითხული ზღაპრებიდანაც გეხსომებათ, რომ მეფისწულებისა თუ მეფის ასულების ბედი მათ რიგითობაზე (უფროსი, შუათანა, უმცროსი) იყო დამოკიდებული.

ავსტრიელი ექიმი და ფსიქოთერაპევტი ალფრედ ადლერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე დაბადების რიგის გავლენა შეისწავლა. კვლევა მან დედისერთა ბავშვის ფენომენზე დაკვირვებით დაიწყო. “დედისერთას ოჯახში უნიკალური პოზიცია უკავია. მას არ ჰყავს დები და ძმები, რომლებისთვისაც კონკურენციის გაწევა მოუწევდა, ამიტომ მთელი ბავშვობის განმავლობაში ის ოჯახის ყურადღების ცენტრშია და მას შემდეგ ყურადღების ცენტრში ყოფნა მისი ცხოვრების მიზანი ხდება. მას უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, სჩვევია მშობლებით მანიპულაცია და აქვს მოთხოვნილება, მისი მიღწევები აღიარონ. ასეთ ბავშვებს უყალიბდებათ ერთადერთობის განცდა და მშობლებს მოგვიანებით ამ ერთადერთობის ფსიქოლოგიის კომპენსაციისთვის სხვადასხვა გზის ძებნა უხდებათ”, – წერს ის თავის ერთ-ერთ ნაშრომში, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ პრივილეგირებული მდგომარეობა მანამდე გრძელდება, სანამ დის ან ძმის დაბადება არ “დაარღვევს “სამყაროს წესრიგს” და “დედისერთა ბავშვის მსოფლაღქმას”. მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ პირველის მდგომარეობას ადლერი “გვირგვინჩამორთმეული მონარქის” მდგომარეობას ადარებს და აღნიშნავს, რომ ეს გამოცდილება შესაძლოა ძალზე მატრავმირებელი აღმოჩნდეს, თუ მშობლები სათანადოდ არ მოიქცევიან.

რამდენად დიდ გავლენას ახდენს რიგითობა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე? რა წარმოშობს კონფლიქტურ სიტუაციებს და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ სირთულეები თავიდან აიცილონ? – ამ კითხვებით ფსიქოლოგ მალინა საჯაიას მივმართეთ.

– ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ბავშვის რიგითობა პიროვნების ფორმირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთ-ერთი ფაქტორია. უფროს, შუათანა და ნაბოლარა შვილებს ოჯახში სხვადასხვა როლი აკისრიათ. ახდენს თუ არა ეს გავლენას მათ ხასიათზე?

– ცნობილი ფსიქოლოგი გორდონ ოლპორტი ამბობს, რომ ერთი და იგივე ცეცხლი ხარშავს კვერცხს და ადნობს კარაქს. ერთსა და იმავე ოჯახში, დაახლოებით ერთნაირ პირობებში აღზრდილ ადამიანებს ხშირად სხვადასხვანაირი ხასიათი აქვთ. ცნობილი ავსტრიელი ფსიქოლოგის, ფსიქოანალიზის სკოლის ფუძემდებლის ზიგმუნდ ფროიდის აზრით, პოზიცია, რომელიც უკავია ოჯახში ბავშვს, დამოკიდებულია მის სქესზე, და-ძმების რაოდენობაზე, მათ შორის ასაკობრივ სხვაობაზე და პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს. ალფრედ ადლერი მიიჩნევს, რომ დაბადების რიგი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებისეულ არჩევანს. უფროს შვილებს ის ახასიათებს როგორც დამჯერ, წესების მიმდევარ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით თვითსრულყოფისა და წარმატებისთვის იბრძვიან. შუათანების დადებითი მხარე, მისი თეორიის თანახმად, სოციალური უნარებია, ხოლო უმცროსები შემოქმედებითები, მეამბოხეები და კომუნიკაბელურები არიან. ნაბოლარებს სურთ, დანარჩენ და-ძმებს აჯობონ, ამიტომ უფრო გამბედავები არიან და ხშირად ეწევიან რისკს.

– რისი ბრალია და-ძმებს შორის კონფლიქტი?

– უთანხმოება უმეტესად მოსდით ერთი და იმავე სქესის დედმამიშვილებს, აგრეთვე – ტყუპებსა და იმ და-ძმებს, რომელთა შორის მცირე ასაკობრივი სხვაობაა. ისინი ერთსა და იმავე სოციალურ გარემოში ტრიალებენ, თითქმის თანაბარი გამოწვევები აქვთ და ამიტომ მეტოქეებად აღიქვამენ ერთმანეთს.

უფროს შვილს უჭირს მშობლების უმცროსთან გაყოფა. მით უმეტეს, პატარებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ. ამის გამო უფროსს შესაძლოა გაუჩნდეს განცდა, რომ მისთვის აღარ სცალიათ, დაივიწყეს, აღარ უყვართ და აგრესიულად განეწყოს უმცროსის მიმართ.

როცა მშობლები რომელიმე შვილს გამორჩეულად ეპყრობიან, სხვა და-ძმები ამჩნევენ ამას და მის მიმართ უარყოფითი გრძნობები უჩნდებათ.

– უფროს შვილს მშობლები, წესისამებრ, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებენ. რა პრობლემა შეიძლება წარმოშვას ამან?

– უფროსი შვილები გამუდმებით ცდილობენ, არ დაკარგონ მშობლების პატივისცემა, სიყვარული და ის პრივილეგიები, რომლებიც უმცროსი და-ძმების დაბადებამდე ჰქონდათ, ამიტომ ხშირად ასაკისთვის შეუსაბამო პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. კარგი იქნება, თუ მშობლები დამატებით ვალდებულებებს არ დააკისრებენ და ამით არ მისცემენ შფოთვის დამატებით მიზეზს. როცა უფროსი შვილები ჯანსაღ ფსიქოლოგიურ გარემოში იზრდებიან, ისინი სწავლობენ უმცროსებზე ზრუნვას და ხშირად ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვებათ სხვისი დახმარების სურვილი.

– როგორი ასაკობრივი სხვაობა მიიჩნევა საუკეთესოდ? არსებობს ამის თაობაზე რამე რეკომენდაცია?

– ფროიდს მიაჩნდა, რომ რაც უფრო მცირე იყო ასაკობრივი სხვაობა და-ძმებს შორის, მით უფრო დიდ გავლენას ახდენდნენ ისინი ერთმანეთის განვითარებაზე. უფროსი დედმამიშვილი უმცროსებისთვის მოდელია და მისი არსებობა მათ განვითარების დაჩქარებისკენ უბიძგებს. მაგალითად, უფროსების წაბაძვით უმცროსები უფრო ადრე იწყებენ ლაპარაკს, სიარულს, წერა-კითხვას. თუმცა მკაცრად განსაზღვრული რეკომენდაცია ამის თაობაზე არ არსეობს.

– რა შეცდომები მოსდით მშობლებს სხვადასხვა ასაკის შვილების აღზრდისას?

– შვილების შესაძლებლობების, თვისებების, მიღწევების შედარება მშობლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ეს დამთრგუნველად მოქმედებს ბავშვებზე და შუღლს აღვივებს მათ შორის. ერთ-ერთი შვილის გამორჩევამ და მასზე განსაკუთრებით ზრუნვამ შესაძლოა დანარჩენების აგრესია გამოიწვიოს, საყვარელ შვილს კი გაუჩინოს განცდა, რომ მისთვის ყველაფერი ნებადართულია. ხშირად ასეთი ბავშვი მეტისმეტად ეჯაჭვება მშობლებს და აშინებს მათი სიყვარულის დაკარგვა. ეს ვნებს როგორც თავად ამ ბავშვის ფსიქიკას, ისე მისი დედმამიშვილების განწყობასა და ხასიათსაც.

– რას ურჩევდით მშობლებს კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად?

– კარგი იქნება, თუ მშობლები, სანამ მომდევნო შვილის გაჩენას დაგეგმავდნენ, დაელაპარაკებიან უფროსებს და გააცნობენ ამ გადაწყვეტილებას. ორსულობის დროს პატარასთვის საჭირო ნივთების არჩევაში დახმარება, ხოლო დაბადების შემდეგ მასზე ზრუნვა უფროს შვილს კეთილად განაწყობს უმცროსის მიმართ. თუ უფროსი შვილი ცალკე ოთახში უნდა გადავიდეს, უმჯობესია, ეს მოხდეს უმცროსის დაბადებამდე, რათა უფროსს არ გაუჩნდეს განცდა, რომ დამ ან ძმამ მისი ადგილი დაიკავა მშობლების სივრცეში.

მშობლები არ უნდა იყვნენ მიკერძოებულნი და თანაბარი ყურადღება დაუთმონ შვილებს, ხოლო თუ რომელიმეს უფრო მეტი დრო დასჭირდა, დანარჩენებს აუხსნან ამის მიზეზი და მათაც სთხოვონ დახმარება. რაც მთავარია, შვილებს ხშირად აგრძნობინონ, რომ უყვართ. მშობლების თბილი და ჰარმონიული დამოკიდებულება შვილების ურთიერთობაზე დადებით გავლენას ახდენს.

– როგორ მოვიქცეთ, როცა უფროსი შვილი ჩაგრავს უმცროსს ან მისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს?

– უპირველეს ყოვლისა, გაარიდეთ მსხვერპლი საშიშ სიტუაციას, შემდეგ იმის გარკვევა სცადეთ, რა და რატომ მოხდა და ერთად მოძებნეთ გამოსავალი. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ძალადობის შემთხვევას, ესაუბრეთ ბავშვებს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზებზე. თუ ხელჩართული ბრძოლა გააჩაღეს, გააჩერეთ, მაგრამ ნუ წაახალისებთ დაბეზღებისა და თავის მართლების მცდელობას. ნურასოდეს დასჯით ერთს მეორის თანდასწრებით ან მეორისთვის ჭკუის სასწავლებლად. უმჯობესია, ორივე მოჩხუბარი მოაკლდეს რაიმე სასურველ და სასიამოვნო აქტივობას.

– როგორ მოვიქცეთ, როცა უფროსი შვილი ეჭვიანობს?

– ეჭვიანობა ბუნებრივი რამაა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ემოციების სწორად წარმართვა. დატუქსვა და საყვედურები დაუშვებელია – ასე ბავშვი ემოციების დამალვას შეეჩვევა და საკუთარ თავში ჩაიკეტება. შეეცადეთ, გაგებით მოეკიდოთ უფროსი შვილის განცდებს. გამოუყავით სახლში თუნდაც პატარა ადგილი, სადაც ბატონ-პატრონი თავად იქნება. ნუ მისცემთ უმცროს შვილს მის ნივთებს, ყოველ შემთხვევაში, უნებართვოდ.

 

 

ნინო ლომიძე

გააზიარე: