კარდიორეაბილიტაცია – როგორ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს?

გააზიარე:

მედიცინა ყოველდღე უამრავ გამოწვევას ეჯახება. ერთი მათგანია დაავადებები, რომლებიც დღემდე რჩება სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად მთელ მსოფლიოში.

თანამედროვე მედიცინა უმთავრესად პრევენციისკენაა მიმართული და ხელს უწყობს ადამიანის სიცოცხლის ხარისხის ამაღლებას. მედიცინის ის დარგიც, რომელზეც გვინდა გესაუბროთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
გულის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ყველაზე რთული ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებაა, რადგან ავადმყოფობას ხშირად თან ახლავს ფიზიკური აქტიურობის შიში. იბადება კითხვა: როგორ განვაგრძოთ ცხოვრება მიოკარდიუმის ინფარქტის ან გადატანილი კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდეგ? როდის დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს?
კარდიორეაბილიტაციის მიზანი სწორედ სიცოცხლის ხარისხის ამაღლებაა. მის მნიშვნელობაზე, ეფექტიანობასა და სხვა ასპექტებზე სასაუბროდ “ავერსის კლინიკის” გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს, ქალბატონ ეკატერინე საღირაშვილს ვეწვიეთ.

პირველადი პრევენცია: ავად რომ არ გავხდეთ

  • – რა გავაკეთოთ დაავადების დროული გამოვლენისა და პროფილაქტიკისთვის?

– სანამ რეაბილიტაციაზე დავიწყებდე საუბარს, უნდა აღვნიშნო, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მიუხედავად ბოლო წლებში შემუშავებული მკურნალობის ინოვაციური მეთოდებისა, მაინც ლიდერობს სხვა დაავადებებს შორის. მსოფლიო ჯანდაცვა უმთავრეს ძალისხმევას დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციისკენ მიმართავს. ერთი შეხედვით ძალიან მარტივი კვლევები: არტერიული წნევის კონტროლი, სისხლში ქოლესტეროლისა და შაქრის დონის კონტროლი, ფიზიკური დატვირთვის ტესტი, – შესაძლებლობას იძლევა, დროულად გამოვლინდეს მაღალი რისკის ჯგუფი და დროულად დაისახოს ღონისძიებები, რომლებიც პაციენტს თავიდან ააცილებს მძიმე კარდიულ შეტევას.

  • – ვინ უნდა ჩაიტაროს პირველადი კვლევები?

– მიიჩნევა, რომ 40 წელს გადაცილებული ყველა მამაკაცი და 50 წელს გადაცილებული ყველა ქალი უნდა ჩაერთოს პირველადი პრევენციის პროგრამაში და პერიოდულად ჩაიტაროს კარდიოლოგიური გამოკვლევა. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად მოიხმარენ თამბაქოს, აქვთ გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ან ჰიპერქოლესტერინემიის (ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში) ოჯახური ანამნეზი, აღენიშნებათ არტერიული წნევის მატება ან სისხლში გლუკოზისა და ქოლესტეროლის მაღალი მაჩვენებლები.
ამ მაჩვენებლების დროული მოწესრიგება მკვეთრად ამცირებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
აღნიშნულ ღონისძიებებთან ერთად, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესიც, რაც გულისხმობს თამბაქოზე უარის თქმას, ალკოჰოლის შეზღუდვას და რეგულარულ ფიზიკურ აქტიურობას.

თუ ავად გავხდით

  • – რა ხდება ინფარქტის შემდეგ?

– ზემოთ ის ღონისძიებები ჩამოვთვალე, რომლებიც თავიდან აგვაცილებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელმაც უკვე გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული სტენტირება ან აორტოკორონარული შუნტირება?
ასეთ პაციენტებს სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება: ექიმის მითითებით არტერიული წნევისა და ქოლესტეროლის დონის დაქვეითება ზღვრულ მაჩვენებლებამდე, დოზირებული ფიზიკური აქტიურობა და ჯანსაღი ცხოვრების ჩვევების გამომუშავება, სხვაგვარად რომ ვთქვათ – მეორეული პრევენცია და კარდიორეაბილიტაცია.

  • – უფრო ვრცლად, რას გულისხმობს მეორეული პრევენცია?

– გადატანილი ინფარქტის შემდეგ გულ–სისხლძარღვთა დაავადებების მეორეული პრევენცია გულისხმობს:

  • არტერიული წნევის კორექციას (სამიზნე მაჩვენებელი 140/90 მმ ვწყ სვ-ზე ნაკლები უნდა იყოს);
  • გლიკემიის კორექციას (HbA1c<7% (< 53 მმოლ/ლ));
  • ლიპიდური ცვლის კორექციას (LDL <1.8 მმოლ/ლ);
  • დიეტას – ნაჯერი ცხიმების შეზღუდვას, მცენარეული და ზღვის პროდუქტებით მდიდარ რაციონს;
  • სხეულის მასის კორექციას (სხეულის მასის ინდექსი უნდა მერყეობდეს 20-დან 25 კგ/მ2-მდე, წელის გარშემოწერილობა მამაკაცებისთვის 94 სმ-ზე ნაკლები უნდა იყოს, ქალებისთვის – 80 სმ-ზე ნაკლები;
  • თამბაქოსთვის თავის დანებებას;
  • ფიზიკურ აქტიურობას – კვირაში 150-წუთიან (კვირაში 5 დღე დღეში 30-წუთიან) საშუალო ინტენსივობის ან კვირაში 75-წუთიან (კვირაში 5 დღე დღეში 15-წუთიან) ინტენსიურ ვარჯიშს;
  • ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას (ცნობილია, რომ მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პაციენტთა 20-25%-ს აქვს ფსიქოემოციური სტრესი, შფოთვა და დეპრესია. სტატისტიკის თანახმად, ფიზიკური დატვირთვა და კარდიორეაბილიტაცია მათ თითქმის 40-65%–მდე ამცირებს).

– რას გულისხმობს კარდიორეაბილიტაცია?

– კარდიორეაბილიტაცია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მეორეული პრევენციის ნაწილია. ის მულტიდისციპლინური დარგია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესში კარდიოლოგთან ერთად ჩართული არიან ფსიქოლოგი, ნუტრიციოლოგი და ფიზიკური რეაბილიტაციის სპეციალისტიც. მათი ერთობლივი დაკვირვებით, პაციენტის შესახებ მიღებული ინფორმაციის შეჯერებითა და გუნდური შეფასებით ხდება პაციენტის ფიზიკური და ფსიქოსოციალური აქტივობის ინდივიდუალური დაგეგმვა და ტარდება პრევენციული ღონისძიებები, რომელთა მიზანიც პაციენტის სიცოცხლის ხარისხის ამაღლებაა.


რეაბილიტაციის პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც პაციენტსა და მისი ოჯახის წევრებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის დაავადების მიზეზების, კლინიკური ნიშნების, შესაძლო გართულებების, დანიშნული მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ. ყოველივე ეს ეხმარება პაციენტს, ექიმთან ერთად სწორად მართოს თავისი დაავადება და დროულად შეამჩნიოს საყურადღებო სიმპტომები. რეაბილიტაციის პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტრესის მართვის ცოდნა და კვების შერჩეული რეჟიმის დაცვა. ყოველივე ეს აუცილებელია ხარისხიანი და უსაფრთხო ცხოვრებისთვის.

  • – როდის უნდა დაიწყოს კარდიორეაბილიტაცია?

– კარდიორეაბილიტაცია სტაციონარში ყოფნის პერიოდიდანვე იწყება. ეს რეაბილიტაციის პირველი ფაზაა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ხდება პაციენტის გააქტიურება ოპერაციიდან პირველი 24-48 საათის განმავლობაში. დაბალი რისკის მქონე პაციენტებს უფლება ეძლევათ, შეასრულონ მსუბუქი აქტივობები, მაგალითად, ჩაიტარონ პირადი ჰიგიენის პროცედურები.
დატვირთვა სამედიცინო პერსონალის დახმარებით იწყება, მერე და მერე კი პაციენტმა დამოუკიდებლად უნდა შეძლოს საწოლიდან წამოდგომა და ოთახში ან დერეფანში სიარული დღეში, სულ მცირე, ორჯერ. გაითვალისწინეთ: გულის შეკუმშვათა სიხშირე და არტერიული წნევის მაჩვენებელი ხუთწუთიანი დატვირთვის შემდეგ მნიშვნელოვნად არ უნდა შეიცვალოს.


რეაბილიტაციის მეორე ფაზა წარიმართება ამბულატორიულ რეჟიმში, ექიმის მეთვალყურეობით, სპეციალური აპარატურის დახმარებით ელექტროკარდიოგრაფიული კონტროლით. გრძელდება 3-დან 6 თვემდე. უპირველეს ყოვლისა, ხდება პაციენტის მდგომარეობის შეფასება და ფიზიკური აქტიურობის დაგეგმვა ფიზიკური დატვირთვის ტესტის მონაცემების საფუძველზე. ვარჯიში უნდა დაიწყოს ათწუთიანი მოთელვით, – მარტივი მოძრაობებით, კუნთების გაჭიმვით, რათა თავიდან ავიცილოთ კუნთების ტრავმა და თანდათან გავზარდოთ გულისცემის სიხშირე. მოთელვას მოჰყვება 15–30–წუთიანი აქტიური ფიზიკური ვარჯიში (ძუნძული, ფეხით ან ველოსიპედით სიარული). ვარჯიშის ბოლო 10 წუთი მოიცავს კუნთების გაჭიმვას და გაგრილებას, რაც კომპლექსის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია – დატვირთვის ინტენსივობის თანდათანობითი შემცირება ამცირებს პარკუჭოვანი არითმიის რისკს.


დროთა განმავლობაში იზრდება დატვირთვის ხანგრძლივობაც და ინტენსივობაც. მუდმივი კარდიომონიტორული მეთვალყურეობა უზრუნველყოფს დატვირთვის ზუსტ დოზირებასა და უსაფრთხოებას. მინდა, ხაზი გავუსვა ვარჯიშებს, რომლებიც მეხსიერების, კოორდინაციისა და კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებისთვის არის განკუთვნილი.
კარდიორეაბილიტაციის ბოლო, მესამე ფაზა მოიცავს პაციენტის დამოუკიდებელ ვარჯიშს შინ ან დარბაზში ელექტროკარდიოგრაფიული კონტროლის გარეშე. ამ ეტაპის მიზანია, განუვითაროს ადამიანს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ–ჩვევები და შეუნარჩუნოს ცხოვრების ჩვეული რიტმი. ვარჯიში კვირაში სამჯერ არის რეკომენდებული. ეს ეტაპი, წესისამებრ, არ მოითხოვს ფიზიკური ვარჯიშის დროს ექიმის ან მედდის მუდმივ მეთვალყურეობას. კარდიორეაბილიტაციის მესამე ფაზა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.

ვაფასებთ რისკებს

  • – აქვს თუ არა უკუჩვენება კარდიორეაბილიტაციას?

– გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია, საზოგადოდ, გულისხმობს ფიზიკურ აქტიურობას და კარდიორეაბილიტაციის მიზანიც სწორედ ფიზიკური აქტიურობის ინდივიდუალური შერჩევაა, თუმცა არსებობს მდგომარეობები, როდესაც რეაბილიტაციისგან დროებით თავი უნდა შევიკავოთ. ესენია:

  • არასტაბილური სტენოკარდია;
  • გულის არაკომპენსირებული უკმარისობა;
  • არაკონტროლირებადი არითმიები;
  • დატვირთვის ტესტის დროს აღმოცენებული იშემია (ქსოვილის სისხლმომარაგების დარღვევა), მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია ან არითმია;
  • დატვირთვაზე არტერიული წნევის ვარდნა ან გადაჭარბებული მატება;
  • კლინიკურად არასტაბილური დაავადებები – ცუდად კონტროლირებული დიაბეტი, განსაკუთრებით – ჰიპოგლიკემიის ეპიზოდებით მიმდინარე დიაბეტი, ცხელებით მიმდინარე დაავადებები და სხვა.

ამ მდგომარეობებს ადვილად შეაფასებს მკურნალი კარდიოლოგი და სათანადოდ მოამზადებს პაციენტს რეაბილიტაციის პროგრამისთვის.
სწორედ უსაფრთხო და ეფექტურ რეაბილიტაციას ემსახურება პროგრამის წინ პაციენტის კლინიკური შეფასება და მისთვის ინდივიდუალური პროგრამის შერჩევა.

ვის მივმართოთ
– “ავერსის კლინიკის” რეაბილიტაციის ცენტრში მოქმედებს კარდიორეაბილიტაციის პროგრამა –მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს ფიზიკურ აქტიურობას კარდიომონიტორული მეთვალყურეობით, სპეციალურად მომზადებული მეთოდისტების დახმარებით. პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო-შემეცნებით კომპონენტს. მასში ჩართულია ფსიქოლოგის სეანსებიც სტრესის მართვის სასწავლად და კოორდინაციის გასავარჯიშებლად.


მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: