პომიდორი – წითელი კენკრა ჩვენი ჯანმრთელობისთვის

გააზიარე:

ყველას გვინდა, კარგად გამოვიყურებოდეთ, ენერგიას ვაფრქვევდეთ და ჯანმრთელები ვიყოთ. ჯანსაღი საკვებით ამის მიღწევა შესაძლებელია. პომიდორს ჯანსაღი პროდუქტების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მისი უნიკალური თვისებების შესახებ კი ჩვენი სტატიდან შეიტყობთ.

პომიდორი ძაღლყურძენასებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მასში შემავალი ლიკოპენი, წითელი პიგმენტი, ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც, თანამედროვე კვლევებით, ეფექტურად ებრძვის კიბოსა და სხვა ქრონიკულ დაავადებებს.
ბოსტნეულად ცნობილი ეს წითელი ნაყოფი სინამდვილეში კენკრაა. მსოფლიოში პომიდვრის 3000-ზე მეტი ჯიშია გავრცელებული.

  • საიდან მოდის

პომიდვრის (Solanum lycopersicum) ველური და კულტივირებული ფორმები ცენტრალურ და სამხრეთ ამერიაკაში იყო გავრცელებული. მისი ღირსებები პირველად მაიას ტომებმა აღმოაჩინეს ათასობით წლის წინ და აქტიურად აშენებდნენ, მოგვიანებით კი პომიდორი ძალიან მნიშვნელოვანი საკვები იყო აცტეკებისთვისაც. ევროპულ წყაროებში ის პირველად XVI საუკუნეში მოიხსენიება. ცენტრალური ამერიკის დასაპყრობად ჩასულ ესპანელებს ეს წითელი, ლამაზი ნაყოფი უყურადღებოდ არ დარჩენიათ. მისიონერი ბერნარდინო დე სააგუნი 1530 წელს წერდა, აცტეკები პომიდვრის, ჩილისა და გოგრის მარცვლებისგან უგემრიელეს სოუსს ამზადებენო.
ევროპაში, კერძოდ, ესპანეთსა და იტალიაში პომიდვრის კულტივირება XVI საუკუნეში დაიწყეს. დიდი ხნის განმავლობაში პომიდორს მრავალი სახელი ჰქონდა. საფრანგეთში მას “სიყვარულის ვაშლს” (pomme d'oro) ეძახდნენ, რადგან ფრანგი კაცები მის ყვავილებს საყვარელ ქალს სჩუქნიდნენ, იტალიაში – “ოქროს ვაშლს” (პომო დ'ორო), რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ იმხადად გავრცელებული ჯიშები ყვითელი იყო, ავსტრიაში – “სამოთხის ვაშლს” (paradeiser).

  • დეკორატიული მცენარე

ესპანეთსა და იტალიაში პომიდორს შესანიშნავი კლიმატური პირობები დახვდა და კარგადაც ხარობდა, თუმცა მას არა საჭმელად, არამედ დეკორატიულ მცენარედ იყენებდნენ – მისი ნარგავებით ფანჯრებსა და ეზოებს ალამაზებდნენ.
ევროპელები თავდაპირველად პომიდვრის მწვანე ნაწილებს და მკვახე ნაყოფს მიირთმევდნენ და იწამლებოდნენ, რადგან მისი მწვანე ნაწილები მომწამვლელ ნივთიერებას სოლანინს შეიცავს. ერთხანს მწიფე პომიდვრისაც ეშინოდათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ პომიდორს ტყვიის შემცველ სათავსებში ინახავდნენ, სადაც ტყვია ნაყოფთან რეაქციაში შედოდა და ხალხს წამლავდა. ასე რომ, შუა და ჩრდილო ევროპაში დიდი ხნის განმავლობაში პომიდორი მისტიკურ, სასიკვდილო ნაყოფად მიიჩნეოდა.
როცა პომიდვრის ნერგები ესპანელი ექიმის ნიკოლას მონარდეს ალფაროს (Nicolàs Monardes Alfaro) ბაღში მოხვდა, მან ამ მცენარის ნაყოფში ბევრი სასარგებლო თვისება აღმოაჩინა. დაიწყეს პომიდვრის სამკურნალოდ გამოყენება. იყენებდნენ შეშუპების, ანთებითი პროცესების, თავის ტკივილის, პოდაგრის, იშიაზის დროს.
XVII საუკუნეში იტალიელი გლეხებიც მიხვდნენ, რომ მწიფე პომიდორი სულაც არ იყო მომწამვლელი. უფრო მეტიც – სასარგებლო და ძალიან გემრიელი გახლდათ. მას შემდეგ პომიდორი იტალიური კერძების ერთ-ერთი უმთავრესი ინგრედიენტია.

  • ტკბილი თუ მჟავე?

პომიდორს მოტკბო და მომჟავო გემო აქვს. მომჟავო გემოს მას, ერთი მხრივ, C ვიტამინი, მეორე მხრივ კი ხილის მჟავები, ლიმონმჟავა და ვაშლმჟავა აძლევს. კარგად დამწიფებული პომიდორი კი უფრო მოტკბოა, რადგან დამწიფებისას მასში შაქრის დონე იმატებს, ხოლო მჟავებისა მცირდება.
ზედმეტ მჟავიანობას ნაყოფის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები და წყალი ანეიტრალებს.

  • რას შეიცავს

პომიდორი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და ბიოლოგიურად აქტიური მცენარეული პიგმენტებით.
100 გრამი პომიდორი შეიცავს:

  • 506 მკგ ბეტა-კაროტინს, რაც დღიური ნორმის დაახლოებით 25,3%-ია. ის ებრძვის ჯანმრთელობისთის მავნე თავისუფალ რადიკალებს, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს;
  • 24,5 მგ С ვიტამინს, რაც დღიური ნორმის დაახლოებით 24,5%-ია. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას და ორგანიზმში რკინის შეწოვას.
  • 9 მკგ K ვიტამინს, რაც დღიური ნორმის დაახლოებით 13%-ია. ხელს უწყობს სისხლის შედედებას, ძვლებში ნივთიერებათა ცვლას, უჯრედების ზრდას.
  • 813 მკგ E ვიტამინს, რაც დღიური ნორმის დაახლოებით 6,8%-ია. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, მნიშვნელოვანია ნერვული სისტემისთვის, ებრძვის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას.
  • 39 მკგ ვიტამინ B9-ს, რაც დღიური ნორმის დაახლოებით 9,8%-ია. აუცილებელია სისხლისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის. მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე განვითარებისა და ზრდის პროცესებში.
  • 242 მგ კალიუმს, რაც დღიური ნორმის დაახლოებით 6,1%-ია. აუცილებელია ნერვული და კუნთოვანი კავშირების დასამყარებლად, არეგულირებს სისხლის წნევას.
  • 60 მკგ სპილენძს, რაც დღიური ნორმის დაახლოებით 4,8%-ია. ებრძვის ანთებით პროცესებს, ამცირებს რევმატული დაავადებების რისკს.
  • 0,5 მგ რკინას, რაც დღიური ნორმის დაახლოებით 4%-ია. მნიშვნელოვანია უჯრედებში ჟანგბადის ტრანსპორტირებისთვის.
  • რა არის ლიკოპენი?

ეს კაროტინოიდი ზოგიერთ ნაყოფს, მაგალითად, პომიდორს, საზამთროს, დამახასიათებელ წითელ ფერს აძლევს. კვლევების თანახმად, ლიკოპენი ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ეფექტურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და კანს დაბერებისგან იცავს. 100 გრამ მწიფე პომიდორში დაახლოებით 4-5,6 მგ ლიკოპენია. ლიკოპენის დღიური ნორმა კი დაახლოებით 6 მგ-ია.
ვინაიდან კაროტინოიდები ცხიმში ხსნადი ნივთიერებებია, ლიკოპენის კარგად ასათვისებლად უმჯობესია პომიდორს რამდენიმე წვეთი ზეთი მოაპკუროთ. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ლიკოპენს იღებს ორგანიზმი თერმულად დამუშავებული პომიდვრიდან, მაგალითად, ტომატ-პასტიდან, პომიდვრის სოუსიდან.
მოდი, ვნახოთ, რა რაოდენობის ლიკოპენს შეიცავს 100 გ პომიდვრის ესა თუ ის პროდუქტი:

  • ნედლი პომიდორი – 9,3 მგ
  • პომიდვრის წვენი – 10,8 მგ
  • კეჩუპი (უშაქრო) – 17,2 მგ
  • პომიდვრის სოუსი – 18,0 მგ
  • ტომატ-პასტა– 55,5 მგ

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები

  • ებრძის კიბოს

მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ პომიდვრის რეგულარული მიღება ძალიან კარგია კიბოს პრევენციისთვის, განსაკუთრებული როლი კი ამ საქმეში ლიკოპენს აკისრია. მისი მოქმედება განსაკუთრებით ეფექტურია პროსტატის კიბოს დროს. ხელს უშლის ძუძუს კიბოს განვითარებას. 50%-ით ამცირებს კანის კიბოს წარმოქმნის რისკს, რადგან ქსოვილებს UV გამოსხივებისა და თავისუფალი რადიკალებისაგან იცავს.

  • იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას

დღეში 200-300 გ პომიდორი ძალიან კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის. მასში შემავალი ნივთიერებები ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტეროლის დონეს და ზრდის კარგი ქოლესტეროლისას. შესაბამისად, სისხლძარღვების კედლები ელასტიკურია და დაცულია ათეროსკლეროზული ფოლაქებისგან. მასში შემავალი კალიუმი ამცირებს სისხლის შედედებას და, შესაბამისად, თრომბის წარმოქმნისა და მაღალი არტერიული წნევის განვითარების რისკს.
აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 46-დან 65 წლამდე ასაკის ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ დაახლოებით 12 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კვლევის დასაწყისში ყველას განუსაზღვრეს სისხლში ლიკოპინის კონცენნტრაცია. კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც მეტ ლიკოპენის შემცველ საკვებს მიირთმევდა, ინსულტის რისკი 55% ით შეუმცირდათ.

  • ძვლებისა და კუნთებისთვის

უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ პომიდორი დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ სისტმაზე. ლიკოპენი ხელს უწყობს ძვლებში ნივთიერებათა ცვლას, ებრძვის ძვლებისა და კუნთების განლევას და ამით ამცირებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების, მათ შორის – ოსტეოპოროზის, რისკს. ეს კაროტინოიდი ხელს უწყობს დაზიანებული ძვლის უჯრედების დაშლას და ახალი ძვლოვანი მასის განვითარებას. იაპონიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იღებენ პომიდორს, ასაკთან დაკავშირებული კუნთოვანი მასის განლევისგან დაცული არიან, ამიტომ პომიდორი ანტიასაკობრივ საკვებად ითვლება.

  • ჯანსაღი კანი, თმა, თვალები

ბეტა კაროტინთან ერთად პომიდორი სხვა კაროტინოიდებსაც შეიცავს: ლიკოპენს, ალფა კაროტინს, ასევე – კრიპტოქსანტინს (ჩრყპტოხანტჰინ), რომელთა ნაწილიც A ვიტამინად ფორმირდება და ორგანიზმს ამ მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტით ამარაგებს, ეს კი ძალიან კარგია კანის, ლორწოვანის, ძვლების, თვალების სიჯანსაღისთვის. პომიდორში შემავალი კაროტინოიდი ლუთეინი ეფექტურად ამცირებს თვალის დაავადებების, მაგალითად, კატარაქტის განვითარების რისკს.

  • ცალკე ლიკოპენი

ვიტამინებს, კაროტინოიდებს და სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს ერთად უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვთ, ვიდრე ცალ-ცალკე, იზოლირებულად, ამიტომ კაფსულებით ლიკოპენის მიღება ისეთი შედეგიანი ვერ იქნება. ასე რომ, რეგულარულად მიირთვით პომიდვრის სალათა.

  • როგორ შევინახოთ

პომიდორი სიცივის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ 12 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე ნუ შეინახავთ – შესაძლოა, გემო დაკარგოს. პომიდორი კარგად ინახება 13-18 გრადუსზე, ტენიან ადგილას. ასე ორ კვირამდე ძლებს და თითქმის არ კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს. ამასთანავე, უმჯობესია ცალკე შეინახოთ და არა სხვა ბოსტნეულთან ერთად.

ჯილდა გაჩეჩილაძე 

გააზიარე: