არის თუ არა დედისერთა ბავშვი ეგოისტი?
გააზიარე:
“მოწყენილი არ ხარ?” “მთელი დღე მარტო რას აკეთებ?” “არ გინდა, და ან ძმა გყავდეს?” – მთელი ბავშვობა მესმოდა თანატოლებისგან და ზოგჯერ ზრდასრული ადამიანებისგანაც. მაშინ გულწრფელად ვპასუხობდი: “არა!” ხუთი წლისამ ცხარე ცრემლით ვატირე ჩემი თანატოლი – ვუთხარი, რომ დედისერთობა ძალიან მაგარი იყო, რადგან არავისთვის მიწევდა სათამაშოების გაყოფა, მას კი სამი და ჰყავდა და, რა თქმა უნდა, სათამაშოებს ინაწილებდნენ. თორმეტი წლისამ კიდევ ერთხელ გავაცნობიერე დედისერთობის უპირატესობა, როდესაც სასკოლო სპექტაკლზე ჩემი მშობლები პირველ რიგში ისხდნენ, ხოლო ჩემი საუკეთესო მეგობრის დედამ მოსვლა ვერ მოახერხა, რადგან მეგობრის უმცროსი ძმა ავად გახდა.
დღეს თავად მყავს შვილი. როგორც კი ჩემს ბიჭს ორი წელი შეუსრულდა, კითხვები ახალი ძალით დამატყდა თავს: “დაიკო ან ძამიკო როდის უნდა აჩუქოთ, ცოდო არ არის მარტო?” “და-ძმა რომ გყოლოდა, ხომ კარგი იქნებოდა?” მაგრამ დღეს ჩემი პასუხია: “არ ვიცი”, – რადგან ნამდვილად არ ვიცი, და-ძმა რომ მყოლოდა, ჩამოვყალიბდებოდი თუ არა ისეთ პიროვნებად, როგორიც ახლა ვარ, უკეთესი ვიქნებოდი თუ უარესი.
ასეა თუ ისე, მიმაჩნია, რომ თუ დედისერთა ბავშვის მშობლები მოახერხებენ და თავიანთ დროსა და ენერგიას სწორად მოახმარენ შვილს, ბავშვი ვერც დანაკლისს იგრძნობს და არც ეგოისტად ჩამოყალიბდება, ისწავლის, როგორ დაამყაროს ხალხთან ურთიერთობა და და-ძმაზე არანაკლებ ძვირფას მეგობრებსაც შეიძენს.
იყო დრო, როდესაც დედისერთა ბავშვი იმთავითვე ეგოისტად და ნარცისად მიიჩნეოდა. XXI საუკუნეში, მრავალ კვლევაზე დაყრდნობით, ეს წარმოდგენა ნელ-ნელა გაბათილდა და ფსიქოლოგები შეთანხმდნენ, რომ მართალია, დედისერთობა გარკვეულ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე, მაგრამ მთავარი მაინც აღზრდის მეთოდი და მშობლების დამოკიდებულებაა.
დედისერთობა გამოწვევაა არა მარტო ბავშვისთვის, არამედ მშობლებისთვისაც. არ აქვს მნიშვნელობა, ეს გადაწყვეტილება შეგნებულად მიიღეთ თუ გარემოებებმა გაიძულათ – თუ მხოლოდ ერთი შვილის ყოლას აპირებთ და გინდათ, ის შემდგარ პიროვნებად აღზარდოთ, მისი ყველა ხუშტურის შესრულება და თან გადაყოლა არ ივარგებს. ფსიქოლოგები გვთავაზობენ რჩევებს, რომლებიც დედისერთების მშობლებს გაუადვილებს ბავშვის სწორად აღზრდას და ყველა იმ უსიამოვნო შედეგის თავიდან აცილებას, რასაც დედისერთას ყოლა უქადით.
- წაახალისეთ ახალი ურთიერთობები. ვინაიდან დედისერთა ბავშვს არ აქვს ფუფუნება, შინიდან გაუსვლელად ჰქონდეს კონტაქტი სხვა ბავშვებთან, მშობლებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მან თავი მარტოსულად არ იგრძნოს, ოღონდ ეს არ უნდა გააკეთონ მისი ყველა ახირების შესრულების ხარჯზე, რადგან სწორედ ეს უწყობს ხელს ბავშვის ეგოისტად ჩამოყალიბებას. მშობლებმა დედისერთა ბავშვს უნდა ასწავლონ ურთიერთობების დაფასება, ეცადონ, რაც შეიძლება ხშირად მისცენ თანატოლებთან კონტაქტის საშუალება. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თუ დედისერთა ბავშვს მშობელი სწორ მიმართულებას მისცემს, მას სხვა ბავშვებთან კონტაქტის დამყარება გაუადვილდება, რადგან მისთვის ყველა ურთიერთობა ახალია და და-ძმებთან ჩამოყალიბებული ურთიერთობის შაბლონის მიხედვით კი არ მოქმედებს, არამედ ყველა უცხო ადამიანს ინდივიდუალურად უდგება, ისე, როგორც კონკრეტულ სიტუაციაში მიიჩნევს საჭიროდ.
- მიეცით თავისუფლება. როდესაც ოჯახში ერთზე მეტი ბავშვია, მშობელი ფიზიკურად ვერ ახერხებს, მთელი ყურადღება ერთს დაუთმოს, ამიტომ ასეთ ოჯახში გაზრდილ ბავშვებს მეტი თავისუფლება აქვთ. და-ძმასთან თამაშის დროს ისინი დამოუკიდებლად აგვარებენ პრობლემებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ბავშვმა თამაშის დროს დას ან ძმას ჩაარტყა, შესაძლოა, მან ხელი შეუბრუნოს, მშობელმა კი ამ საქციელისთვის შენიშვნა მისცეს ან დასაჯოს. ბავშვი ბრაზობს, მაგრამ ხვდება: მის დას ან ძმას რომ გაეკეთებინა იგივე, ისიც დაისჯებოდა. დედისერთა ბავშვთან კი საქმე სხვაგვარადაა: მისი მთავარი კომპანიონი მშობელია, ავტორიტეტული ფიგურა. თუ პატარამ მშობელს ჩაარტყა, ის, რა თქმა უნდა, ხელს არ შეუბრუნებს, მაგრამ გაუბრაზდება, შენიშვნას მისცემს ან დასჯის, ეს კი ბავშვისთვის ორმაგი სტრესია, რადგან არა მარტო დაისაჯა, არამედ შეირყა ის უნიკალური ურთიერთობა, რომელიც მშობელთან აკავშირებდა – მშობელს აწყენინა და არა დას ან ძმას.ზედმეტი განცდების თავიდან ასაცილებლად მიეცით მეტი თავისუფლება. ნუ გაუკონტროლებთ ყოველ ნაბიჯს და ნუ მისცემთ შენიშვნას ყოველთვის, როცა რამეს არასწორად გააკეთებს. თუ სხვა ბავშვი უფროსი დის შემხედვარე იწყებს სიარულს, უმცროს ძმაზე ზრუნვისას კი სხვა ჩვილებთან ნაზად მოპყრობას სწავლობს, დედისერთას ამ ყველაფრის სწავლა თქვენი დახმარებით მოუწევს, ამიტომ ყველაფერში ნუ აგრძნობინებთ თქვენს ავტორიტეტს. მეტი თავისუფლება მიეცით თანატოლებთან ურთიერთობისას, ნუ ეცდებით, თავიდან აარიდოთ ყველა კონფლიქტური სიტუაცია, აცადეთ, თავად ისწავლოს პრობლემების მოგვარება და იმ კონკურენტულ გარემოზე მორგება, რომელიც სათამაშო მოედანზე სუფევს.
- ასწავლეთ თანაგრძნობა. ოჯახში, სადაც ერთზე მეტი ბავშვია, კომპრომისს, დათმობას, გაზიარებას და თანაგრძნობას პატარაობიდანვე სწავლობენ. დედისერთა კი, ვინაიდან ოჯახის ყველა წევრის ყურადღება მხოლოდ მისი კეთილდღეობისკენაა მიმართული, ცხადია, თავისით ვერ გაიაზრებს ამ უნარების მნიშვნელობას. ამაში მშობლები უნდა დაეხმარონ. მცირე ასაკიდანვე ასწავლეთ ოჯახის წევრების პატივისცემა, სხვა ბავშვებისთვის ნივთების გაზიარება, უკითხეთ წიგნები და უყურეთ მულტფილმებს, სადაც აქცენტი თანაგრძნობაზე, მეგობრობაზე, ერთსულოვნებაზეა დასმული.
- კარგი იქნება, თუ მთელი ოჯახი მიიღებთ მონაწილეობას საქველმოქმედო აქტივობაში, რომელშიც ბავშვიც აქტიურად ჩაერთვება, მაგალითად, დაეხმარებით ბავშვთა სახლს და სთხოვთ პატარას, თავისი სათამაშოებიდან რამდენიმე ცალი გადააწყოს სხვა ბავშვებისთვის. მანამდე, ცხადია, კარგად უნდა აუხსნათ, როგორ სჭირდებათ ბავშვთა სახლში მცხოვრებ ბავშვებს სათამაშოები და, საერთოდ, ყურადღება. ასე გაზიარებასაც ისწავლის და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობაც პატარაობიდანვე ჩამოუყალიბდება.
- წაახალისეთ ინდივიდუალიზმი. დედისერთა ბავშვი მიდრეკილია, რაც შეიძლება მეტად ასიამოვნოს მშობელს, მისი ქება დაიმსახუროს, რადგან არავინ ჰყავს ისეთი, ვისაც შეეჯიბრება. ის ვერ გკითხავთ, მისი ნახატი ჯობია თუ მისი დის. მას ერთი მიზანი აქვს – ნახატი მოგეწონოთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ამის გამო დედისერთა ბავშვები მიდრეკილნი არიან თვითკრიტიკისკენ, პერფექციონიზმისკენ და, შესაბამისად, მძიმედ განიცდიან უღიარებლობას, ამიტომ მშობლები თავიდანვე უნდა დაეხმარონ ბავშვს, გაითავისოს ინდივიდუალიზმის მნიშვნელობა. სხვაგვარად დედისერთას სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევის საფრთხე დაემუქრება. იმის შიშით, რომ არ გარიყონ, მეგობრობაზე უარი არ უთხრან, შესაძლოა უარი თქვას საკუთარ სურვილებზე და ვერ განიცადოს საყვარელი საქმის კეთების სიამოვნება.
არ გამოგეპაროთ, რის მიმართ იჩენს ბავშვი განსაკუთრებულ ინტერესს, რა გამოსდის ყველაზე უკეთესად და ატარეთ შესაბამის წრეებზე. ამით ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ: ახალი მეგობრების შეძენის საშუალებასაც მისცემთ და იმასაც გაარკვევთ, რომელი აქტივობაა მისთვის ყველაზე მეტად სიამოვნების მომგვრელი.
ლიკა ქათამაძე