რისი ეშინიათ ბავშვებს?

გააზიარე:

საწოლის ქვეშ დამალული მონსტრი, ჭექა-ქუხილი, დედისგან განშორება – რა აქვს ამ ყველაფერს საერთო? – ესენი ბავშვების ტიპური შიშებია. თქვენ, რა თქმა უნდა, იცით, რომ საშიში არაფერია, მაგრამ, აბა, სცადეთ და ბავშვი დაარწმუნეთ ამაში! გახსოვდეთ, მშობელს ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება ბავშვი ამ შიშებს. სტატიაში ამის რამდენიმე ეფექტურ საშუალებას შემოგთავაზებთ.

  • რა არის და როგორ მოქმედებს შიში

შიში ყოველთვის ცუდი არ არის. ის გვიცავს ისეთ სიტუაციებში აღმოჩენისგან, რომლებიც ჩვენთვის საზიანოა. შიში საფრთხის მოახლოებას გვამცნობს და თავის დასაცავად გვამზადებს. როდესაც ადამიანი საფრთხეს გრძნობს, ტვინი მეყსეულად რეაგირებს და გზავნის სიგნალებს, რომლებიც ნერვულ სისტემას ააქტიურებს. ეს იწვევს გულის აჩქარებას, სუნთქვის გახშირებას და წნევის მატებას. სისხლი კუნთებში იჭრება და სხეული ფიზიკური რეაქციისთვის (დარტყმა, გაქცევა, ხელის აფარება) ემზადება.
ზოგჯერ შიში განპირობებულია რაღაც უეცარი მოვლენით, რომელიც შეიძლება სრულიადაც არ იყოს საშიში. ეს იმიტომ, რომ შიშის რეაქცია მეყსეულად აქტიურდება, იმაზე რამდენიმე წამით ადრე, ვიდრე ტვინის შესაბამისი უბანი ფიქრს დაიწყებს და სიტუაციას შეაფასებს. მას შემდეგ, რაც ტვინი გაიაზრებს, რა ხდება (მხოლოდ ბუშტი გამსკდარა!), ის გამორთავს შიშის რეაქციას. ეს ყველაფერი წამებში ხდება.

  • შიშის ბუნება

ბავშვის შიშების ინტენსივობა და ხასიათი დროთა განმავლობაში იცვლება. ზოგიერთი შიში ბავშვობაში ყალიბდება და ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვება ადამიანს. მაგალითად, ქვეწარმავლების შიში. შესაძლოა, ბავშვს ცოცხალი ქვეწარმავალი თვალითაც არ ენახოს, მაგრამ მის მიმართ შიში და მყისიერი თავდაცვის ინსტინქტი გონებაში ჰქონდეს გამჯდარი და დიდობაშიც გაჰყვეს.
მეტისმეტად ემოციურ ბავშვებს მეტისმეტად ძლიერი შიშები აწუხებთ და ზოგჯერ გადაჭარბებული რეაქცია აქვთ ამა თუ იმ მოვლენაზე. არსებობს საშიშროება, შფოთვითი აშლილობა ჩამოუყალიბდეთ და მისგან თავის დასახსნელად სპეციალისტის ჩარევა გახდეს საჭირო, მაგრამ უმეტესად ბავშვის შიშები პროგნოზირებადია და მათ დაძლევაში დახმარება მშობლებსაც შეუძლიათ.

  • შიშის მრავალი სახე

გთავაზობთ იმ შიშების ჩამონათვალს, რომლებიც ბავშვს განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე ეუფლება და მათი დამარცხების გზებს.

სამ წლამდე შიშის წყაროა:

  • ინტენსიური ხმაური და უეცარი მოძრაობა;
  • დიდი ჩრდილები;
  • უცხო ადამიანები;
  • მშობელთან განშორება;
  • ცვლილებები სახლში (საწოლის სხვა ოთახში გადატანა, კედლების ფერის შეცვლა).

სკოლამდელ ასაკში:

  • სიბნელე;
  • ღამეული ხმები;
  • ნიღბები;
  • მოჩვენებები და საწოლის ქვეშ დამალული მონსტრები;
  • ძაღლები.

სასკოლო ასაკში:

  • ქვეწარმავლები და ობობები;
  • ჭექა-ქუხილი და სტიქიური უბედურებები;
  • სახლში მარტო დარჩენა;
  • ტელევიზორში ნანახი და მოსმენილი საშიში ამბები;
  • დაშავება, ავადმყოფობა, ექიმები, ნემსები და სიკვდილი;
  • გაკიცხვა და გარიყვა.

როგორ მოვიქცეთ

  • სამ წლამდე

იდეალურ შემთხვევაში, ჩვილის სამყარო გარემოცულია მშობლების მიერ შექმნილი უსაფრთხოებისა და სიმშვიდის შეგრძნებით. ყველაფერი, რაც ამ სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის: ხმაური, უცხო ადამიანები, – ბავშვისთვის შიშის წყაროა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც მშობელს შეუძლია, პროგნოზირებადი ყოველდღიური რუტინის შექმნაა. ბავშვის თვალთახედვის არეში რაც შეიძლება იშვიათად უნდა მოხვდეს ახალი სახე. ძლიერი მიჯაჭვულობა, რომელიც რეგულარული შეხების, საუბრის, სიმღერისა და მხედველობითი კონტაქტის შედეგად ყალიბდება, ბავშვის ცნობიერებაში ნდობისა და სიმშვიდის საძირკველს ქმნის.

  • სკოლამდელ ასაკში

ბავშვის თვალსაწიერის გაფართოებასთან ერთად მისი შიშებიც იცვლება. ახალი გამოწვევები ახალ შიშებს უდებს სათავეს. ამ შიშების ნაწილი გამოცდილების შედეგია, ნაწილი კი – წარმოსახვის უნარის დამსახურება. ამ ასაკის ბავშვებს არ აქვთ სათანადო გამოცდილება, რათა თავი დაირწმუნონ, რომ მონსტრი, რომელიც საწოლის ქვეშ იმალება და რომელიც არასოდეს უნახავს, მხოლოდ და მხოლოდ მათ წარმოსახვაში არსებობს.
კრისტინ ლაგატუტა (Kristin Lagattuta), მედიცინის დოქტორი და კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე ჩატარებული კვლევის შედეგად ასკვნის, რომ ამ ასაკის ბავშვებს შესწევთ უნარი, ნამდვილი გამოგონილისგან განასხვაონ, თუ ეს უკანასკნელი დადებით ემოციებთანაა დაკავშირებული, მაგრამ როგორც კი რამე საშიშზე მიდგება საქმე, რეალურისა და წარმოსახვითის გარჩევის უნარს შიშის გრძნობა გადაწონის. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბავშვმა იცის, რომ მის მიერ გამოგონილი კეთილი ფერია მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ საკუჭნაოში დამალული მონსტრი ან კედლიდან გადმოსული მოჩვენება უკვე რეალურად მიაჩნია, რადგან შიში, რომელსაც ეს არსებები მის ცნობიერებაში იწვევენ, ძალიან ძლიერია.

  • რას გვთავაზობენ ფსიქოლოგები

ფსიქოლოგებმა ირაციონალური შიშებისგან ბავშვის ხსნის საუკეთესო ხერხი მოიფიქრეს: ისეთი კონკურენტული ემოციის შექმნა, რომელიც შიშს გადაწონის და საბოლოოდ გააქრობს. მშობელმა მთელი თავისი შემოქმედებითი ნიჭი უნდა გამოიყენოს: თუ ბავშვს სიბნელის ეშინია, ჩააბნელეთ ოთახი და ფარნის შუქზე იკითხეთ მისი საყვარელი წიგნი; თუ მოჩვენებებისა – მისი საყვარელი სათამაშოებით მოუწყვეთ ჩრდილების თეატრი ან კედელზე პროექტორის გამოყენებით აჩვენეთ ჩრდილების ფილმი.
რასაკვირველია, ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ მაწანწალა ძაღლის მოფერება საშიშია, მაგრამ თუ ძაღლების ირაციონალური შიში აქვს, იმოქმედეთ: ბავშვთან ერთად გაესაუბრეთ შემხვედრი ძაღლის პატრონს, ჰკითხეთ, რა ჰქვია ძაღლს, შეიძლება თუ არა მისთვის გამარჯობის თქმა, ბავშვს აჩვენეთ, რა სასაცილოდ აქიცინებს ძაღლი კუდს და აუხსენით, რომ ამით ის სიხარულს გამოხატავს. აჩვენეთ ფილმები და ვიდეოები, სადაც ძაღლები ბავშვებთან მეგობრობენ. ნელ-ნელა ის ძაღლების კეთილ და მშვენიერ სამყაროში შეაბიჯებს.

  • სასკოლო ასაკი

ცოდნის დიდი აფეთქება, რომელსაც ბავშვი სკოლაში მისვლისას ეჯახება, მას ახალ, რეალურ, ცხოვრებისეულ საშიშროებებს აცნობს – ხანძარს, ომს, მძარცველებს, ავადმყოფობას... და ნელ-ნელა მის ცნობიერებაში რეალიზმი იკიდებს ფეხს.
თუ ბავშვს საზოგადოებრივ აუზზე ყოფნის შიში აქვს, მიზეზი უნდა იპოვოთ. დასველების და გაციების ეშინია? დახრჩობის? მაშველი არ მოსწონს და იმის პერსპექტივა აშინებს, რომ შესაძლოა, მისი გადასარჩენი გახდეს? როგორც არ უნდა იყოს, საუკეთესო გამოსავალი დიალოგია. მშვიდად, გონივრული კითხვებით გაარკვიეთ, სად უდგას ფესვები მის შიშს და ამოძირკვეთ.
ფსიქოლოგები ამ ასაკის ბავშვებში შიშის აღმოფხვრის კიდევ ერთ კრეატიულ გზას გვთავაზობენ: როდესაც ხვდებით, რომ ბავშვს რაღაც აწუხებს, დახატეთ მისი პორტრეტი და გაუკეთეთ ორი ფიქრის ბუშტი, მერე კი სთხოვეთ, ერთ ბუშტში ჩახატოს, რისიც ეშინია და რაც აწუხებს, ხოლო მეორეში – მოვლენების განვითარების ისეთი პერსპექტივა, რომელიც მისთვის საშიში არ არის. მაგალითად, ბავშვმა, რომელსაც საშინაო დავალების სახლში დარჩენის და მასწავლებლის რეაქციის ეშინოდა, ერთ ბუშტში გაბრაზებული, აყვირებული მასწავლებელი ჩახატა, ხოლო მეორეში – დიდი პლუსი და ნახატი ამგვარად ახსნა: თუ საშინაო დავალება სახლში დარჩა, მასწავლებელი ალბათ გაბრაზდება და უყვირებს, მაგრამ ერთხელ მის მეგობარს მოუვიდა ასე და მასწავლებელმა მხოლოდ პლუსი დაუსვა ხელზე, რომ სხვა დროს ასეთი რამ აღარ დამართნოდა.
ამ გზით ბავშვი პოზიტიურად განწყობას ისწავლის, მომავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება და შეიძენს უნარს, უარყოფით მოლოდინებს გაემიჯნოს და ამით გუნება არ გაიფუჭოს.

ზოგადი რჩევები ნებისმიერი ასაკის ბავშვების მშობლებისთვის
არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი ხუთი წლისაა თუ თხუთმეტის – ნებისმიერ შემთხვევაში გაგებით უნდა მოეკიდოთ მის შიშებს.

  • მკაცრად ნუ მოსთხოვთ ბავშვს, აღარ ეშინოდეს, რადგან მისი შიში ირაციონალურია. ყოველთვის გამოიყენეთ დიალოგის პრინციპი და მასთან ერთად გააქარწყლეთ შიში.
  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან საუბრის კილო მის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
  • გახსოვდეთ, შიშის უგულებელყოფა გამოსავალი არ არის.
  • აუცილებლად დაუფასეთ ბავშვს შიშთან ბრძოლის მცდელობა და უმნიშვნელო შედეგისთვისაც კი შეაქეთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: