პმს – რუტინა თუ გამოწვევა?
გააზიარე:
და ღმერთმა შექმნა ქალი და იმთავითვე უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა: ეშვა ადამიანი ხატად და მსგავსად თვისა. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გოგონა რეპროდუქციულ ასაკში შეაბიჯებს, მენარქეს (პირველ მენსტრუაციას) უკან მოიტოვებს და რეგულარული მენსტრუალური ციკლი დაეწყება. მისცე დასაბამი ახალ სიცოცხლეს და მომავალი აჩუქო სამყაროს – განსაკუთრებული მისიაა და მენარქე დასტურია იმისა, რომ ქალი უკვე მზად არის ამ მისიის შესასრულებლად. თუმცა ნათელს მუდამ თან ახლავს ჩრდილი. მენსტრუაცია მრავალი ქალისთვის დისკომფორტის წყაროა, ზოგიერთისთვის კი ძლიერი ტკივილისაც. დაბოლოს, მენსტრუაციის წინა პერიოდში ქალების უმრავლესობა დეპრესიული, გაღიზიანებული და ზედმეტად სენსიტიური ხდება.
- რა არის პმს
მენსტრუაციის პერიოდის მოახლოებას ხშირად თან ახლავს უჩვეულო შეგრძნებები და მდგომარეობები, მაგალითად, მკერდის გადიდება, ტკბილეულის ჭამის დაუოკებელი სურვილი... თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მენსტრუაციამდელ (ან პრემენსტრუალურ) სინდრომს, შემოკლებით – პმს-ს ვუწოდებთ. პმს არის იმ ქცევითი, ფიზიკური და ემოციური ცვლილებების ჯგუფი, რომლებიც წინ უძღვის მენსტრუაციას. ეს ცვლილებები უსიამოვნოა, მაგრამ ბუნებრივი და ჩვენს ცხოვრებაზე უსიამოვნო გავლენის მოხდენის უფლება არ უნდა მივცეთ. ასე რომ, თუ პმს პრობლემაა თქვენთვის, ეძებეთ მისი მართვის გზები, საჭიროების შემთხვევაში კი ექიმს მიმართეთ.
გამოკითხვების თანახმად, ყოველი ხუთი ქალიდან სამს სიცოცხლეში რამდენჯერმე ჰქონია მენსტრუაციამდელი სინდრომი (დანარჩენებთან ეს პერიოდი მსუბუქად, თითქმის შეუმჩნევლად ჩაივლის). პმს-ს უმეტესად ის ქალები უჩივიან, რომლებსაც სტრესულ პირობებში უწევთ ცხოვრება ან მუშაობა, ან დეპრესია აქვთ გადატანილი.
ახდენს თუ არა პმს-ს მიდინარეობაზე გავლენას ასაკი? დიახ, ახდენს. რაც უფრო იმატებს ასაკი 30 წლის შემდეგ, მით უფრო მძაფრად ვლინდება მენსტრუაციამდელი სიმპტომებიც. მეცნიერები ამას მენოპაუზურ პერიოდთან მიახლოებას უკავშირებენ. ეს უსიამოვნება ყველაზე მეტად იმ ქალებს ემუქრებათ, რომელთა გუნება-განწყობა განსაკუთრებით მგრძნობიარეა მენსტრუაციის თანმხლები ჰორმონული ცვლილებების მიმართ, რადგან მენოპაუზის წინარე პერიოდიც და თავად მენოპაუზაც ჰორმონების, კერძოდ, ესტროგენების ძლიერ დეფიციტს გულისხმობს.
- დამახასიათებელი სიმპტომები
ყველა ადამიანი ინდივიდია, ამიტომ მენსტრუაციამდელი ცვლილებები ყველა ქალს არ აწუხებს და არც ყველასთან ერთნაირად მიმდინარეობს. პრემენსტრუალურ სიმპტომებს ექიმები სამ ჯგუფად ყოფენ:
1. სხეულებრივი ცვლილებები
- მადის დაქვეითება და ამ ფონზე – ტკბილეულისადმი ლტოლვა
- მკერდის გადიდება
- კუნთების ტკივილი
- კრუნჩხვები
- წონის დაქვეითება
- დიარეა ან ყაბზობა
2. ემოციური ცვლილებები
- შფოთვა
- უმიზეზო ტირილი
- დეპრესიული განწყობა
- უძილობა
- უმიზეზოო გაღიზიანება
3. ქცევითი ცვლილებები
- გულმავიწყობა
- დაღლილობის შეგრძნება
ამასთან, ზოგიერთი შესაძლოა მხოლოდ მკერდის გადიდებას და უმადობას უჩიოდეს, ზოგს კი უმიზეზოდ ეტირებოდეს. მესტრუაციის დაწყების დღიდანვე აღნიშნული სიმპტომები უკვალოდ ქრება.
- მთავარი დამნაშავე
პრემენსტრუალური სინდრომის მიზეზი ექიმებისთვის უცნობია. სავარაუდო დამნაშავედ ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ ცვლილებებს მოიაზრებენ. მენსტრუალური ციკლი, რომელიც მოიცავს პერიოდს მენსტრუაციის პირველი დღიდან მომდევნო მენსტრუაციის წინა დღემდე, ორ ფაზად იყოფა. პირველი ფაზის დასასრული ემთხვევა ოვულაციას – მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას. ამ პერიოდში ორგანიზმი ესტროგენებისა და პროგესტერონის დეფიციტს განიცდის. სწორედ ამ ჰორმონების უკმარისობას შეუძლია გამოიწვიოს ზემოხსენებული ფიზიკური და ემოციური ცვლილებები. ესტროგენებისა და პროგესტერონის დონის დაქვეითება, თავის მხრივ, სეროტონინის დონის დაწევას იწვევს. სეროტონინი ნეიროტრანსმიტერია, რომელიც გავლენას ახდენს განწყობაზე, ძილსა და მადაზე. სეროტონინის დონის დაწევას მოჰყვება უგუნებობა, უძილობა, გაღიზიანებადობა და დეპრესია.
მენსტრუაციამდელი პერიოდის მიმდინარეობაზე არასასურველ გავლენას ახდენს:
- თამბაქო;
- სტრესი;
- ძილის რეჟიმის დარღვევა;
- ალკოჰოლის, მარილისა და ხორცის ჭარბი მოხმარება;
- დეპრესიული მდგომარეობა.
ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მათ შორის – შაკიკი, ალერგია და ასთმა, პრემენსტრუალური სინდრომის დროს მწვავდება, ამიტომ ამ დაავადებების მქონე ქალები ყოველთვის მომზადებულები არიან.
- როგორ მოვიქცეთ
გახსოვდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მთავარია, სწორ გზას მიაგნოთ და ბოლომდე მიჰყვეთ. ახლა კი რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას შემოგთავაზებთ:
- ივარჯიშეთ დღეში 25-30 წუთის განმავლობაში. თუვარჯიშს ვერ ახერხებთ, ბევრი იარეთ ფეხით.
- მიიღეთ ჯანსაღი საკვები, მეტი მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი.
- მიიღეთ კალციუმით მდიდარი პროდუქტები (რძის ნაწარმი, თევზი, მაგალითად, ორაგული).
- ერიდეთ ალკოჰოლს, კოფეინიან სასმელებს, მარილიან საკვებს, თამბაქოს.
- ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ.
- ტკივილის შემთხვევაში მიიღეთ იბუპროფენი ან პარაცეტამოლი, ოღონდ არ გადააჭარბოთ ინსტრუქციაში მითითებულ დოზებს.
პრემენსტრუალური სინდომის დროს ზოგიერთი ქალი ფოლიუმის მჟავას, B, E, D ვიტამინების, კალციუმის მიღებას ამჯობინებს, ზოგიერთი კი მცენარეულ საშუალებებში ეძიებს ხსნას. თუ თქვენც პრემენსტრუალური სინდრომით იტანჯებით, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან იმის თაობაზე, მისაღები იქნება თუ არა თქვენი ჯანმრთელობისთვის ამგვარი თერაპია, რადგან უსაფრთხოება უმთავრესია!
- ექიმთან წასვლის დროა
თუ ყველა ჩამოთვლილი საშუალება მოსინჯეთ, მაგრამ უპირატესობა მაინც პმს-ს მხარესაა, დროა, განგაშის ზარებს შემოჰკრათ და გინეკოლოგს ესტუმროთ. მკურნალობისას მთავარი პაციენტის ნდობა და ექიმის გულისხმიერებაა. თუ იგრძნობთ, რომ თქვენ მიერ არჩეული სპეციალისტი სათანადო დახმარებას ვერ გიწევთ, სხვას მიმართეთ. დაწვრილებით აღუწერეთ ექიმს თქვენი ჩივილები, რადგან პმს-ის ტესტი არ არსებობს – დიაგნოზი ანამნეზს ეყრდნობა. ექიმისავე რჩევისამებრ, ჩაიტარეთ სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც ექიმს დიფერენციული დიაგნოსტიკის, მაშასადამე, სხვა ორგანული დაავადებების გამორიცხვის საშუალებას მისცემს.
პრემენსტრუალური სინდრომია სავარაუდო, თუ აღწერილი სიმპტომები თავს იჩენს მენსტრუაციის დაწყებამდე 5-7 დღით ადრე, სულ მცირე, სამი ციკლის განმავლობაში და ქრება მენსტრუაციის დაწყებიდან მაქსიმუმ ოთხ დღეში.
ჩაინიშნეთ კალენდარში ან სპეციალურ სატელეფონო აპლიკაციაში ყველა სიმპტომი, მათი სიხშირე და სიმძიმე, რათა ექიმს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოთ.
რაც შეეხება მკურნალობას, ექიმები უმეტესად რამდენიმე მეთოდს მიმართავენ.
მედიკამენტური თერაპია
- ჩასახვის საწინააღმდეგო აბები -ხსნის თავის ტკივილსა და კრუნჩხვებს;
- ანტიდეპრესანტები – ხსნის დეპრესიას, შფოთვას;
- დიურეტიკები – იწვევს ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის გამოყოფას.
ფსიქოლოგიური თერაპია
ექიმები ხშირად ირჩევენ ამ გზას, რადგან ფსიქოლოგთან საუბარი არა მარტო არსებული პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება, არამედ მომავალი გამოწვევებისთვისაც გვამზადებს.
მაშ ასე, ცოდნა ანუ ძალა უკვე ჩვენს ხელშია. ისღა დაგვრჩენია, სათანადოდ მოვემზადოთ ფსიქოლოგიურად და მოვამზადოთ ჩვენი ორგანიზმიც ჰორმონული ცვლილებებისთვის, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ვიპოვოთ პრობლემის გადაჭრის გზა საკუთარ თავში და საჭიროების შემთხვევაში არ დავივიწყოთ ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე მდგომი ექიმები.
თამთა კაპანაძე