ფსორიაზი – ქრონიკული, მაგრამ მართვადი

გააზიარე:

ფსორიაზი მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული კანის ქრონიკული დაავადებაა. თავად ფსორიაზის სიმპტომებთან ერთად პაციენტები საზოგადოებაში ფესვგადგმული სტიგმის გამოც იტანჯებიან. დაავადების მიზეზებზე, სიმპტომებსა და მკურნალობის გზებზე გვესაუბრება ასოცირებული პროფესორი, ექიმი დერმატოვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი:

– ფსორიაზი კანის ქრონიკული დაავადებაა. ამ დროს მისთვის დამახასიათებელ ადგილებზე სპეციფიკური გამონაყარი ჩნდება. მეცნიერებს დღემდე უჭირთ იმუნურ სისტემაში მიმდინარე იმ ცვლილების ახსნა, რომლებიც შემდგომ კანის ანთებას და მასზე ქერცლის გაჩენას იწვევს, მაგრამ არავინ დავობს იმაზე, რომ იმუნურ სისტემას წამყვანი როლი აკისრია დაავადების განვითარებაში.
არანაკლები წვლილი მიუძღვის გენეტიკურ განწყობას, რომლის არსებობას ოჯახური ანამნეზი მოწმობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფსორიაზით დაავადებულ ყველა ადამიანს ჰყავს ამ დაავადების მქონე ნათესავი ან ოჯახის წევრი.

  • კლინიკური ფორმები

– განასხვავებენ ფსორიაზის რამდენიმე კლინიკურ ფორმას, თუმცა იზოლირებულად ისინი იშვიათად გვხვდება, უმეტესად ადგილი აქვს რამდენიმე მათგანის, მაგალითად, ვულგარული ფსორიაზისა და ფრჩხილების ფსორიაზის, თანხვედრას.

  • ვულგარული ფსორიაზისთვის დამახასიათებელია სიწითლე, ინფილტრაცია და ქერცლი თმისა და კანის საზღვარზე (თავის თმიან ნაწილზე, ყურის უკანა მიდამოზე, კეფაზე, ბოქვენზე), აგრეთვე – იდაყვებზე, მუხლისთავებზე, ჭიპისა და სახსრების მიდამოებში.
  • ნაოჭების ფსორიაზი ლოკალიზდება ნაოჭებში (მაგალითად, იღლიაში, საზარდულის ნაოჭში, მუხლებისა და მკერდის ქვეშ).
  • ფრჩხილების ფსორიაზი სხვადასხვანაირად გამოვლინდება: სათითისმაგვარი წერტილოვანი ჩანაჭდევებით ფრჩხილის ფირფიტაზე, ფრჩხილის გაყვითლებით და გასქელებით ან მისი რელიეფის სხვადასხვანაირი დარღვევით, მაგალითად, სიგრძივი ნახეთქებით და ხაზებით. ისიც შესაძლოა, ფრჩხილმა მხოლოდ ფერი იცვალოს – ფირფიტაზე სისხლჩაქცევისმაგვარი ჩანართები გაჩნდეს.
  • წვეთისებრი ფსორიაზი უმეტესად ბავშვებთან გვხვდება და მთელ სხეულზე გაჩენილი მცირე ზომის ფსორიაზული პაპულებით გამოვლინდება. ეს ფორმა დაკავშირებულია ყელის სტრეპტოკოკულ ინფექციასთან და ერთადერთია, რომლის მკურნალობისას ანტიბიოტიკოთერაპია შედეგიანია, რადგან, საზოგადოდ, ანტიბიოტიკოთერაპიას, ისევე როგორც სისტემურ სტეროიდულ თერაპიას დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ფსორიაზით დაავადებული ადამიანისთვის.
  • * პუსტულოზური ფსორიაზი ძალიან მძიმე ფორმაა. ამ დროს სხეულზე პუსტულები (ჩირქგროვები) ჩნდება. ეს, როგორც წესი, დაავადების გამწვავებაა, რომელიც არადეკვატურ მკურნალობას მოჰყვება.
  • ერითროდერმული ფსორიაზი პროცესში ჩაითრევს მთელ სხეულს, კანი ჰიპერემიული ხდება (წითლდება), ვითარდება სპეციფიკური ფირფიტოვანი აქერცვლა.
  • ართროპათიური ფსორიაზის დროს დამახასიათებელი ნიშნები ჩნდება სახსრებში. კანზე გამონაყარი შესაძლოა საერთოდ არ იყოს, ან ვულგარულ ფსორიაზს დაერთოს სახსრების დაზიანება.
  • არსებობს ხელისგულებისა და ფეხისგულების იზოლირებული ფსორიაზიც. განასხვავებენ მის ორ ფორმას: პუსტულოზურს, როდესაც ხელისგულებსა ფეხისგულებზე ჩნდება ჩირქოვანი გამონაყარი, რომელსაც ბარბერის ფსორიაზს უწოდებენ, და ჰიპერკერატოზულს, რომლის დროსაც იმდენად სქელი ქერცლი წარმოიქმნება, რომ კანი სკდება და ადამიანს სიარულისა და შრომის უნარი ერთმევა.

  • – ხომ არ აზიანებს ფსორიაზი შინაგან ორგანოებს?

– საბედნიეროდ, არა, თუ არ ჩავთვლით მის ართროპათიულ ფორმას, რომელიც სახსრების დაზიანებას იწვევს. ფსორიაზის დროს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამ შესაძლოა მდგომარეობა დაამძიმოს, თუმცა, შინაგანი ორგანოები ფსორიაზის დროს, ჩვეულებრივ, არ ზიანდება.

  • გამწვავების მიზეზები

– ფსორიაზის გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ დაუდგენელია, მაგრამ შესწავლილია მაპროვოცირებელი ფაქტორები – ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მის გამოვლენას ან გამწვავებას. ესენია:

  • ვირუსემია – ნებისმიერ ვირუსულ დაავადებას შეუძლია დაავადების გამწვავება, თუნდაც B და C ჰეპატიტს;
  • ანტივირუსული თერაპია – სამწუხაროა, რომ ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმს ვირუსების განადგურებაში ეხმარება, ხშირად ფსორიაზის გართულებას იწვევს. ამ დროს ექიმები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე: ერთი მხრივ, თავად ვირუსული ინფექცია ართულებს დაავადებას, მეორე მხრივ კი, მასთან ბრძოლა, – თუმცა ინდივიდუალური მიდგომით ამ ბრძოლაშიც შეიძლება გამარჯვება;
  • ბეტა-ბლოკერები, რომლებსაც იყენებენ კარდიოლოგიური დაავადებების დროს და სისტემური სტეროიდები;
  • ტრავმა და თვითდაზიანება. არსებობს კებნერის ფენომენი, როდესაც ტრავმის, სვირინგის, ოპერაციისას გაჭრილ ადგილას ჩნდება ფსორიაზის ელემენტები.

გართულებები

  • – რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ფსორიაზს?

– თუ დროულად და სათანადოდ არ ვუმკურნალეთ, ყველა დაავადება შეიძლება გართულდეს. არც ფსორიაზია გამონაკლისი. მისი გართულების შემთხვევაში პროცესი მთელ კანს მოიცავს და მას, სხეულის ყველაზე დიდ ორგანოს, გაუჭირდება თავისი ფუნქციის შესრულება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს. კანი მონაწილეობს თერმორეგულაციაში, ნივთიერებათა ცვლაში, ოფლის გამოყოფაში, ორგანიზმის დაცვაში... დაგვიანებული და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში – მაგალითად, არასწორი და ექიმბაშების მკურნალობით გამოწვეული ფსორიაზის მძიმე ერითროდერმული ფორმის დროს – მისი ფუნქცია იშლება და პრობლემები იჩენს თავს, კერძოდ, ტემპერატურის მომატება, შეშუპება და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები. დროული და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ გართულებებს, შრომისუნარიანობის დაქვეითებას და სხვა პრობლემებს.

ხალხური მეთოდები
– როგორც აღვნიშნე, ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა, მაშასადამე, დაავადება, რომელიც არ იკურნება. დროული და სწორი მკურნალობით შესაძლებელია ხანგრძლივი რემისიის მიღება, როცა დაავადების ნიშნები კანზე არ არის. განსაზღვრული ხნის შემდეგ დაავადება შეიძლება ისევ გამოვლინდეს, თუმცა ყოველთვის არა. ამიტომ სატელევიზიო თუ ჟურნალ-გაზეთებში განთავსებული რეკლამები, სადაც ექიმბაშები პაციენტებს განკურნებას ჰპირდებიან, ურცხვი ტყუილია. ექიმბაშის დამზადებულმა წამალმა შესაძლოა კანის სერიოზული დამწვრობა გამოიწვიოს და დაავადება დაამძიმოს. არსებობს მოარული აზრი, რომ სტეროიდების ინექციები არჩენს ფსორიაზს. ამ ინექციის გაკეთებიდან პირველ-მეორე დღეს შესაძლებელია კარგი შედეგი დადგეს, რადგან იგი ანთების სიმპტომებს აცხრობს, მაგრამ რამდენიმე დღეში ვითარდება მოხსნის სინდრომი და მდგომარეობა ორჯერ, სამჯერ მეტად მძიმდება.


ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება ცნობა, რომ საქართველოში არსებობს რეგულაცია, რომელიც ფსორიაზის მძიმე ფორმით დაავადებულებს შრომისუუნარობის სტატუსს ანიჭებს, რის შემდეგაც სახელმწიფო ყოველთვიურად მათ აძლევს ფულად დახმარებას. ჩვენ შევისწავლეთ პაციენტთა აღნიშნული კონტინგენტი და აღმოჩნდა, რომ უმეტესობა სწორედ ექიმბაშებთან მკურნალობით მივიდა ამ მდგომარეობამდე. ამიტომაც მოგმართავთ, ძვირფასო მკითხველო, ნუ მოიტყუებთ თავს და ნუ გაირთულებთ ცხოვრებას.

  • როდის მივიდეთ ექიმთან

– ფსორიაზი არ არის სიცოცხლისთვის საშიში დაავადება, ამიტომ საგანგაშო სიმპტომებზე ვერ ვილაპარაკებთ, მით უმეტეს, როგორც აღვნიშნე, ზოგჯერ ის თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ ნებისმიერი გამონაყარი, სიწითლე, კანის აქერცვლა, ფრჩხილის ერთი შეხედვით უმიზეზო ნებისმიერი ცვლილება ექიმთან ვიზიტის პირდაპირი ჩვენებაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მრავალგზის ნათქვამს: დროული და სათანადო მკურნალობა ყოველგვარ გართულებას თავიდან აგვაცილებს.

  • დიაგნოსტიკა

– ფსორიაზის დიაგნოსტიკის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მეთოდები არ არსებობს. დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ექიმის გამოცდილება და კლინიკური სურათის მართებული შეფასება. ფსორიაზზე ეჭვს ადასტურებს ტიპური გამონაყარი – ფსორიაზული პაპულა ან ბალთა, კანიდან წამოწეული ჰიპერემიული ელემენტი, რომელიც დაფარულია მოვერცხლისფრო-მოთეთრო ქერქით, და ე.წ. ფსორიაზული ტრიადა:
1. პირველ ეტაპზე მოვფხეკთ ფსორიაზულ წითელ პაპულას, რომელზეც ქერცლი არ შეინიშნება. რაც უფრო მეტად მოვფხეკთ მას, მით უფრო სქელი ქერცლით დაიფარება.
2. ქერცლის მოფხეკას რომ გავაგრძელებთ, გამოჩნდება აპკით დაფარული პაპულა. ამას ფსორაზული აპკის ფენომენს ვუწოდებთ.
3. აპკის მოცილებისას გამოჟონავს სისხლი, რაც მედიცინაში წერტილოვანი სისხლდენის ფენომენის სახელწოდებით არის ცნობილი.

  • მკურნალობა

– ფსორიაზის მკურნალობა, ისევე როგორც მრავალი სხვა დაავადებისა, ინდივიდუალურია, თუმცა ოქროს სტანდარტად მიიჩნევა:

  • ადგილობრივი სტეროიდული თერაპია. ალბათ, იკითხავთ: კი მაგრამ, სტეროიდული საშუალებები ხომ მაპროვოცირებელ ფაქტორებს შორის ვახსენეთო? დამაზიანებელია სისტემური სტეროიდები, რომლებიც ორგანოთა მთელ სისტემაზე მოქმედებს, ხოლო სამკურნალოა ადგილობრივი, რომლებიც კანის მხოლოდ იმ უბანზე ახდენს ზემოქმედებას, რომელზეც წაისვამთ. არსებობს სხვადასხვა სიძლიერის ლოკალური მედიკამენტები. მკურნალობა, წესისამებრ, იწყება ზომიერი სიძლიერის საშუალებებით, შედეგის უქონლობისას კი ძლიერმოქმედზე გადავდივართ.
  • აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ადგილობრივ სტეროიდულ თერაპიას აქვს გვერდითი მოვლენებიც, ამიტომ საჭიროა ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა და ამ ეფექტების გამოვლენისას დანიშნული წამლების ჩანაცვლება სხვა საშუალებებით, რომლებსაც ექსფოლიაციის და კანის ჩამოფცქვნის უნარი შესწევთ და ანთების საწინააღმდეგო ზემოქმედებასაც ახდენენ. აღნიშნული მედიკამენტები ფსორიაზის ყველა ფორმის დროს გამოიყენება.

არსებობს სხვა საშუალებებიც, რომლებიც ადგილობრივ სტეროიდულ თერაპიას ემატება ფსორიაზის ფორმის შესაბამისად. მაგალითად:

  • UVB (ultraviolet B rays) თერაპია ანუ თერაპია ულტრაიისფერი B სხივებით. ის ტარდება, როდესაც პროცესი გავრცელებულია კანის დიდ უბანზე. ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობა ფოტოთერაპიის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც სრულიად უვნებელია ორგანიზმისთვის. ის კანის მხოლოდ ზედა შრეებზე მოქმედებს.
  • ციტოსტატიკები, უჯრედის გამრავლების შემაფერხებელი მედიკამენტები. ისინი აფერხებენ კანის რქოვანა შრის პროლიფერაციას (გამრავლებას), ეს კი, თავის მხრივ, ხელს უშლის ქერცლის წარმოქმნას.
  • ბიოლოგიური თერაპია. ეს უახლესი სიტყვაა ფსორიაზის მკურნალობაში, თუმცა იმდენად ძვირია, რომ საქართველოში ვერ დაინერგა. დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ბიოლოგიური მედიკამენტები პროგრამულია და ამჟამად აღნიშნულ პროგრამაში 100 პაციენტია ჩართული.

ეს მედიკამენტები იწვევს დაავადების სრულ რემისიას, თუმცა პაციენტი არ არის დაცული რეციდივისა და ახალი ელემენტების გაჩენისგან.

  • რას ველოდეთ

– ფსორიაზის გაგონებისას უმრავლესობას შიში იპყრობს – წარმოუდგენიათ მდგომარეობა, რომელიც სიკვდილის ტოლფასია. მინდა, დავამშვიდო ისინი: ფსორიაზი არ არის განაჩენი. ზოგჯერ ის იმდენად უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობს, ადამიანს აზრადაც არ მოსდის, რომ ავადაა, ზოგჯერ კი – სულაც უსიმპტომოდ. რა თქმა უნდა, დაგვიანებულ და არასწორ მკურნალობას მძიმე შედეგებამდე მივყავართ, მაგრამ არჩევანი ჩვენზეა. დაბოლოს, მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა: ფსორიაზი არამც და არამც არ არის კონტაქტით გადამდები დაავადება, ამიტომ თამამად ჩაეხუტეთ შვილებს, შვილიშვილებს და უბრალოდ საყვარელ ადამიანებს.

--------------------------------------------
--------------------------------------------

  • ცოტა რამ ისტორიიდან

ახლა უკვე ბევრი რამ ვიცით ფსორიაზის შესახებ. ვიცით, როგორ ამოვიცნოთ, როდის მივიდეთ ექიმთან და როგორ ვიმკურნალოთ. რაც მთავარია, გავარკვიეთ, რომ ფსორიაზი გადამდები არ არის და ამ დაავადების მქონე ყველა ადამიანი საზოგადოების სრულფასოვანი წევრია.
თუმცა ძველად ყველაფერი ასეთი ნათელი და გასაგები როდი იყო. მოდი, ერთად ავხადოთ თავი საუკუნოვანი მტვრით დაფარულ სკივრს და კალენდარი ათწლეულებით უკან გადავფურცლოთ, რათა უფრო ნათლად დავინახოთ, რამხელა გზა გაიარა კაცობრიობამ უძველესი დროიდან ფსორიაზის თანამედროვე მკურნალობამდე.

  • საუკუნეების წინათ ფსორიაზი ცოდვებისთვის ღვთისგან მოვლენილ სასჯელად მიიჩნეოდა. დაავადებულებს როგორც ცოდვილებს საზოგადოებიდან რიყავდნენ, სამარცხვინო ბოძებზე აკრავდნენ და წვავდნენ.
  • ერთ-ერთი პირველი საშუალება, რომელსაც ფსორიაზის სამკურნალოდ იყენებდნენ, ადამიანის შარდი იყო. ეს მეცნიერებმა ეგვიპტეში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ უძველეს პაპირუსებზე ამოიკითხეს. იქვე განხილული იყო ჩაის ხის და თევზის ზეთის სამკურნალო თვისებებიც.
  • ჰიპოკრატე, მედიცინის მამა, ფსორიაზს ფიჭვის ხის ფისით მკურნალობდა. დაზიანებულ კანზე დადებული ფისი მართლაც ამცირებდა სიმპტომებს. ფიჭვის ფისიდან მოპოვებული დამამშვიდებელი ეფექტის მქონე ნივთიერებები დღესაც ფართოდ გამოიყენება სახის მოსავლელი და ჰიგიენური საშუალებების წარმოებაში.
  • 1872 წელს გერმანელმა დერმატოლოგმა ჰენრიხ კებნერმა აღმოაჩინა, რომ ფსორიაზი უმეტესად ისეთ ადგილებზე ჩნდება, რომლებმაც ოდესღაც ტრავმა გადაიტანა (მაგალითად, ცხოველის ნაკბენი ან ტატუ). მოგვიანებით ამ კონცეფციას კებნერის ფენომენი ეწოდა.

თამთა კაპანაძე

გააზიარე: