შევინარჩუნოთ ბუნებრივი სამკაული
გააზიარე:
“ყველას სურს, დიდხანს იცოცხლოს, მაგრამ სიბერე არავის უნდა”.
ძნელია, არ დაეთანხმო ამ სიტყვების ავტორს – ჯონათან სვიფტს. რას არ აკეთებს ადამიანი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, იმავდროულად კი უდიდესი შემართებით ებრძვის სიბერეს.
- რატომ არ გვინდა დაბერება?
ასაკთან ერთად, გარდა იმისა, რომ უამრავი დაავადება გვატყდება თავს, იცვლება გარეგნობაც: ჭკნება კანი, თხელდება და მეჩხერდება თმა... აბა, ვის გაუგონია ქალი უთმოდ! თუმცა თმის ცვენა ყოველთვის სიბერის ბრალი როდია.
ქალებთან თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ფორმა ანდროგენული ალოპეციაა. ის ქალების დაახლოებით მესამედთან ვლინდება და უმეტესად მენოპაუზის შემდგომ პერიოდში იჩენს თავს.
თმის ყოველი ღერი კანის უწვრილეს ხვრელში ზის, რომელსაც ფოლიკული ეწოდება. თმა ცვენას მაშინ იწყებს, როცა მიზეზთა გამო მისი ფოლიკული იკუმშება. ამ დროს თმის ღერი თხელდება და მოკლდება, საბოლოოდ კი ზრდას სრულიად წყვეტს, თუმცა ფოლიკული ცოცხალი რჩება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი ღერის წარმოქმნა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ქალებს თმის ცვენა შესაძლოა დაეწყოთ სქესობრივი მომწიფების დროს. თუ ამას ჰორმონული დისბალანსის სხვა ნიშნებიც დაერთო, ექიმთან კონსულტაცია და ანალიზების აღება მოგიწევთ.
ალოპეცია მოსალოდნელია ორსულობის ან ჩასახვის საწინააღდმეგო მედიკამენტების მიღების შეწყვეტის შემდეგ. ზოგჯერ მის განვითარებას ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დაძაბულობაც აძლევს ბიძგს. თმის ასეთი ცვენა, როგორც წესი, დროებითია. ცნობისათვის: ჯანმრთელ ადამიანსაც კი დღეში 100-150 ღერი თმა სცვივა.
ქალებში თმის ცვენის მიზეზი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ დაუდგენიათ. სახელი მიუთითებს, რომ ამ მდგომარეობაში მთავარი ბრალი ანდროგენებს მიუძღვით. ესენი მამაკაცური ჰორმონებია, რომლებიც ნორმაში ქალის ორგანიზმშიც სინთეზდება. სწორედ მათგან წარმოიქმნება ქალური ჰორმონები. თუ ჰორმონული ბალანსი დაირღვა და მამაკაცურმა ჰორმონებმა იმატა, მამაკაცურობის ნიშნებიც გამოვლინდება. ერთი მათგანია თმის ცვენა. ამიტომ ვითარდება ანდროგენული ალოპეცია უმეტესად მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, როდესაც ქალური ჰორმონების რაოდენობა ფიზიოლოგიურად იკლებს.
ვარაუდობენ, რომ ქალურ ალოპეციას კავშირი აქვს დაბერებასთან ან ამავე დარღვევის ოჯახურ ისტორიასთან.
- გამელოტების ქალური შტრიხები
მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალებს თმა მთლიანად არ სცვივათ, ასე რომ, გამელოტება არ გემუქრებათ. თმოვანი საფარი უმეტესად ქალას ზედა ნაწილზე, თხემის მიდამოში თხელდება. თავის ქალას კანზე, როგორც წესი, არც გამონაყარი ჩნდება და არც წყლულები. თმის ცვენის ხარისხი მსუბუქიდან ზომიერამდე მერყეობს და იშვიათად მიდის ტოტალურ ან თითქმის ტოტალურ სიმელოტემდე.
- ვადგენთ მიზეზს
დიაგნოზის დასმა უმთავრესად თმის ცვენის სხვა მიზეზების გამორიცხვას გულისხმობს. ყურადღება ექცევა ცვენის ტიპსა და ქალის ანამნეზს. შესაძლოა, თმის ცვენას თან ახლდეს ანდროგენების სიჭარბის სხვა ნიშნებიც, მაგალითად, თმის ანომალიური ზრდა სახეზე, მუცლის ან ბოქვენის მიდამოში, მენსტრუალური პერიოდის ცვლილება, კლიტორის გადიდება, აკნე. თუ ექიმი თმის ცვენით მიმდინარე კანის რომელიმე დაავადებას ეჭვობს, შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ანალიზი ან თავის კანის თმიანი ნაწილის ბიოფსია.
- ვუმკურნალოთ?
თუ თქვენი გარეგნობა გაკმაყოფილებთ, ნუ იმკურნალებთ, მაგრამ თუ თმის ცვენასთან ერთად გამონაყარი, კანის გაღიზიანება ან სხვა სიმპტომებიც შეამჩნიეთ, ექიმთან მისვლა მაინც მოგიწევთ. თუ გსურთ, ხშირი და გრძელი თმით კვლავ მოიწონოთ თავი, მკურნალობა აუცილებელია. ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ასოციაციის მიერ (FDA) არის რეკომენდებული, მინოქსიდია. ის თავზე ისმება. პრეპარატი აჩერებს ან ანელებს თმის ცვენას, ასიდან 20-25 შემთხვევაში კი ახალი ღერების ზრდასაც უწევს სტიმულირებას.
წამლის გამოყენება დიდხანს მოგიწევთ –როგორც კი პრეპარატის მოქმედება შესუსტდება, თმის ცვენა განახლდება.
ზოგჯერ მინოქსიდილი უეფექტოა. ასეთ დროს მკურნალობის ტაქტიკას ექიმი ინდივიდუალურად შეგირჩევთ. შედეგიანია თმის გადანერგვაც. ანდროგენული ალოპეციის პროფილაქტიკის საშუალება კი, სამწუხაროდ, არ არსებობს.
გვანცა გოგოლაძე