ირმა ფრანგიშვილი – მეთოჯინე მასწავლებელი, რომელიც ექიმობაზე ოცნებობდა

გააზიარე:

ოცდაორი წელია, ირმა ფრანგიშვილი სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად მუშაობს და მხოლოდ ორი წელია, რაც თოჯინებს აკეთებს. ამბობს, რომ ახალი, ზღაპრული, ფერადი სამყარო სწორედ თოჯინებში იპოვა. ეს მისი სამყაროა. აქ თავს ბედნიერად გრძნობს. საზოგადოებაც მეთოჯინედ იცნობს. ამ მინიატურული არსებების წყალობით ირმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც გაიცნეს.

– სამტრედიაში გავიზარდე. მძიმე ბავშვობა მქონდა, – იხსენებს ირმა, – ჩემი და-ძმა, რომლებსაც სწორი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ექვსწლიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ტრაგედია ტრიალებდა ჩვენს ოჯახში. დედა კითხულობდა სამედიცინო ლიტერატურას, რომლითაც მამა ამარაგებდა. შველას წიგნებში ვეძებდით, ხალხურ მედიცინას შევისწავლიდით, სამკურნალო მცენარეებს ერთად ვაგროვებდით... მას შემდეგ დედა უანგაროდ ეხმარება ყველას, ვისაც კი მისი რჩევა დასჭირდება და როდესაც განკურნებული ავადმყოფი მასთან მადლობის სათქმელად ბრუნდება, დედაზე ბედნიერი არავინაა.


ამ ყველაფრის შემდეგ ოჯახში გაჩნდა აზრი, სამედიცინოზე ჩამებარებინა, თუმცა მე თვითონ ძალიან მიყვარდა ხატვა. ბებია კი ხელსაქმეს მასწავლიდა და მეექვსე კლასში უკვე მე თვითონ ვიკერავდი კაბებს, ვიქსოვდი და მსიამოვნებდა, ჩემი ნახელავი რომ მეცვა.
მერვე კლასის დამთავრების შემდეგ სამედიცინო ტექნიკუმში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, როდესაც ჩემი ძმა გარდაიცვალა. ალბათ, ბედისწერა იყო – გამოცდებზე ვერ გავედი და მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში აღმოვჩნდი, რომელიც სამკერვალო წარმოების ტექნოლოგის სპეციალობით წითელი დიპლომით დავამთავრე.
ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა, თავისუფალ დროს კი კვლავ ხატვას, კერვას, ქსოვას და ძერწვას ვუთმობდი. საბოლოოდ მაინც ამ სფეროს დავუკავშირე ჩემი მომავალი – პარალელურად დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

  • – მეთოჯინეობა როდის გადაწყვიტეთ?

– ოცდაორი წელია, სკოლაში ვმუშაობ: 99-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ვარ და 77-ე სკოლაში გამოყენებითი ხელოვნების წრეს ვუძღვები. მიყვარს ბავშვებთან მუშაობა. მათგან დიდ სითბოს და სიყვარულს ვიღებ. ვმონაწილეობთ გამოფენებში, კონკურსებში და წარმატებასაც ვაღწევთ.
პირველად სწორედ სკოლაში გამიჩნდა სურვილი, მოსწავლეებთან ერთად თოჯინების სპექტაკლი დამედგა. მარიონეტები საკუთარი ხელით გავაკეთეთ და თექის ტანსაცმლით შევმოსეთ. სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეთა სასახლეში გამართულ კონკურსზე პირველი ადგილი მოვიპოვეთ.
იმ დღიდან თოჯინების მიმართ დიდი ინტერესი გამიჩნდა. 2017 წლის შემოდგომაზე ფოლკლორის ცენტრში ხელნაკეთი თოჯინების გამოფენაზე წავედი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ისეთი მეტყველი, რეალისტური თოჯინები ვნახე, თავი ზღაპარში მეგონა. დარბაზიდან გამოსვლა აღარ მინდოდა. იქვე გადავწყვიტე, მეთოჯინეობაში მეცადა ბედი. უკეთილშობილესმა ქალბატონმა იულია სოროკინამ ჩემი ოცნება რეალობად აქცია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. მისი მეშვეობით გავიცანი ახალბედა მეთოჯინეები, დავუახლოვდით ერთმანეთს და დღეს საერთო ინტერესები გვაერთიანებს.


არასოდეს დამავიწყდება პირველი გამოფენა 2018 წლის მარტში, მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეს. ეს იყო დღე, როცა საზოგადოებამ გამიცნო როგორც მეთოჯინე. მეც გავიცანი ცნობილი მეთოჯინეები, რომლებიც დიდი ხანია ამ საქმეს ემსახურებიან. შთაბეჭდილებებით და ემოციებით დატვირთული დავბრუნდი შინ.
მერე გვქონდა გამოფენები პარლამენტში, ფოლკლორის ცენტრში, თოჯინების თეატრში...


პრაღაში გაიმართა ხელნაკეთი თოჯინების საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც 22 ქვეყნიდან ჩამოსული მეთოჯინეები მონაწილეობდნენ, მათ შორის – საქართველოდანაც. ამ გამოფენის მიხედვით შედგენილ ხელნაკეთი თოჯინების საერთაშორისო კატალოგში ჩემი ორი თოჯინა შევიდა – “ვედრება” და “წითური გოგონა”. დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი პრაღიდან. მეთოჯინეობა ჩემთვის ახალი, ფერადი, ზღაპრული სამყაროა, რომელშიც ბედნიერი ვარ. მსიამოვნებს თოჯინების კეთების პროცესიც და საბოლოო შედეგის დანახვაც. ხალხის სითბო და სიყვარული, მათი თვალით საინტერესოდ დანახული თოჯინები, მათი შეფასებები მოტივაციას მმატებს.

  • – რომელია თქვენი პირველი თოჯინა?

– ეს გახლდათ “კეთილი ბერიკაცი”, რომელიც ჩემთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა.

  • – ყველაზე საყვარელი თოჯინა?

– “ვედრება”.

  • – ყველაზე წარმატებული?

– ყველაზე წარმატებული და ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია “ფრიდა კალო”. მისი ჩვენი პროტოტიპია ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ახლობელი გოგონა, ზეცაში გაფრენილი ანგელოზი – ნანუკი. ამიტომაც გვეძვირფასება ასე... ცოტა ხნის წინ გერმანელმა მეთოჯინემ, რომელიც პრაღაში, გამოფენაზე გავიცანი, მოკლე ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა: შენი “ფრიდას” ფოტო გერმანულ ჟურნალში დაიბეჭდაო და სურათებიც გამომიგზავნა. ეს მართლაც დიდი სიურპრიზი იყო.

  • – რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო?

– უმეტესად – განწყობა. ჩემი თოჯინები რეალისტურია, ერთმანეთისგან განსხვავდება, სხვადასხვა განწყობას, ხასიათს და ემოციას გამოხატავს. ჩაცმულობაც შესაბამისი აქვს.
ბოლო ნამუშევარში პრინცესას თვალები სულის ტკივილს ვერ მალავს. ეს განწყობა იმ ლამაზი პეპლისგან გადმომედო, რომლის სიცოცხლეც ესოდენ ხანმოკლე აღმოჩნდა.

  • – რა მასალას იყენებთ?

– უმთავრესად – პოლიმერულ თიხას, რომლისგანაც თავი, ხელები და ფეხები მზადდება, აგრეთვე – სადენს, სინთიპონს და ბევრ სხვა მასალას. თოჯინებში ფერებისადმი ჩემი სიყვარულიც აისახა. მრავალფეროვანს ვიყენებ – ტილოს, ჩითს, აბრეშუმს, მაქმანებს, ტყავს, ბუმბულს... ბევრი მეუბნება რომ ჩემი თოჯინები უფრო მეტად თბილი, კეთილი ან სევდიანია. ალბათ, ქვეცნობიერად რაღაცას ჩემსას ყოველთვის ვდებ მათში.

  • – დიზაინის სფეროში სხვა მიმართულებით თუ გიცდიათ ძალა? სამოსი, ჩანთები, ფეხსაცმელი – ყოველივე ამის მინიატურულ ვერსიებს ხომ ისედაც ქმნით თოჯინებისთვის...

– ჩემი დიზაინით შექმნილ კაბებსა და ჩანთებს ვკერავდი. მსიამოვნებდა, რაღაც განსხვავებული რომ მეცვა.. რამდენიმე ფეხსაცმელიც მაქვს შეკერილი და გაფორმებული. ვამზადებდი აქსესუარებს: თმის სარჭი, ყელსაბამი, გულსაბნევი, საყურე, სამაჯური... ერთ დროს სადღესასწაულო კაბებსაც ვკერავდი. ვმუშაობდი თექაზე, ვამზადებდი ნიღბებს... ქსოვილზე ხატვა – ბატიკაც ვცადე. მასშტაბურ პროექტებსაც შევეჭიდე – შევქმენი დიდი პანოები: "ზამთრის პეიზაჟი", "ჩვენი სკოლა". სხვადასხვა ნარჩენისგან გავაკეთე საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც საქართველოს მასშტაბით გამართულ ეკო ნაძვის ხის კონკურსზე გავიტანე და გავიმარჯვე ნომინაციაში "ზღაპრული სამყაროს ნაძვის ხე". და მაინც, მეთოჯინეობა ყველა ამ მიმართულებას თავის თავში აერთიანებს და ამიტომაც არის ასეთი ამოუწურავი და მრავალფეროვანი თემა.

ოჯახი
– შეიძლება ითქვას, ხელოვანთა ოჯახი გვაქვს: უფროს ვაჟს სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, უმცროსს – თეატრალური ინსტიტუტი. რძალიც ხატმწერია. პატარებსაც, ჩემს შვილიშვილებს, ძალიან უყვართ ხატვა. ჩემი მეუღლე იურისტია, მაგრამ ნამუშევრების აღქმა და შეფასება კარგად შეუძლია. ჩემი თოჯინების პირველი შემფასებელი სწორედ ის გახლავთ.

  • – რა გეგმები გაქვთ?

– თავდაპირველად ვერ წარმომედგინა, თოჯინა სხვისთვის როგორ უნდა მიმეცა, მაგრამ თურმე ისიც ბედნიერება ყოფილა, როდესაც მოსწონთ, გიკვეთავენ და ბოლოს შედეგით კმაყოფილები რჩებიან. რამდენიმე პორტრეტული თოჯინაც მაქვს დამზადებული. უმეტესად ქართველები მიკვეთავენ, როდესაც ორიგინალური საჩუქრით უცხოელების გაოცება სურთ... ძალიან მინდა, გავმართო პერსონალური გამოფენა და ჩემი ნამუშევრები უფრო მეტ ხალხს გავაცნო.

  • – დაბოლოს, ჯანმრთელობისა და სილამაზის თქვენეული რეცეპტი გაგვანდეთ.

– ასეთი რეცეპტი ნამდვილად არ გამაჩნია, თუმცა, ვფიქრობ, ჩემი ენერგიისა და სითბოს ულევი წყარო ბავშვებთან ურთიერთობაა. საზოგადოდ, ჩემი ცხოვრების კრედო სიკეთის კეთებაა, რაც ადამიანს აკეთილშობილებს, კეთილშობილება კი სილამაზისა და ჯანმრთელობის საწინდარია.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: