გრიგოლ მუხაძე – ადამიანი, რომელმაც საქართველოში ქირურგიის ეპოქა შექმნა
გააზიარე:
გრიგოლ მუხაძე სამართლიანად მიიჩნევა პრაქტიკული და მეცნიერული ქირურგიის ფუძემდებლად საქართველოში. არ დარჩენილა ქირურგიის დარგი, რომელსაც ის არ შეხებოდეს, სადაც გზა არ გაეკვალოს, სრულიად ახალი მიმართულებებისა და განშტოებებისთვის არ დაედოს სათავე. მან შექმნა ქირურგიის საკუთარი, უძლიერესი სკოლა, გამოზარდა უამრავი ქირურგი, რომლებსაც სიცოცხლის ბოლომდე მფარველობდა, დააარსა არაერთი სამედიცინო დაწესებულება... გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ გრიგოლ მუხაძე იყო ადამიანი, რომელმაც საქართველოში ქირურგიის ეპოქა შექმნა.
ექიმმა ხუტა პაჭკორიამ გრიგოლ მუხაძეზე წლების განმავლობაში ნაგროვები მასალა გაგვაცნო:
- ბავშვობა, სიყმაწვილე
– გრიგოლი თბილისში დაიბადა 1879 წლის 25 იანვარს. ბავშვობა მლეთის ქუჩაზე გაატარა. მამამისი მიხეილი გაჭირვებით არჩენდა წვრილშვილს. დედას, მარიამ ბაიდაურს, კერვა ეხერხებოდა და ქმარს თავისი ხელობით ედგა მხარში. წამოზრდილი ვაჟი მშობლებმა სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. გრიგოლი ცელქი და დაუდევარი მოწაფე ყოფილა, კოჭობანას თამაშს უფრო მეტ დროს უთმობდა, ვიდრე სწავლას. 14 წლისას მამა გარდაეცვალა. ცხრასულიან ოჯახს ძალიან გაუჭირდა. გრიგოლი მიხვდა სწავლა-განათლების ფასს, წიგნს ჩაუჯდა და ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე გახდა. სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრა და სწავლა სემინარიაში განაგრძო. ოჯახსაც ეხმარებოდა – გოლდიუსტის ასანთის ქარხნისთვის ასანთის კოლოფებს ამზადებდა. მერე მასწავლებლობა და რეპეტიტორობა დაიწყო, მუშებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა და მოწაფეებსაც ამეცადინებდა.
- ციმბირული წლები
– 1902 წელს, სემინარიის დამთავრების შემდეგ, სწავლის გასაგრძელებლად გრიგოლი ციმბირში, ქალაქ ტომსკში გაემგზავრა. იქ ცხოვრება სხვა საუნივერსიტეტო ქალაქებზე გაცილებით იაფი იყო, უნივერსიტეტი კი – საკმაოდ კარგი. სხვათა შორის, ეს სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული სპირიდონ ვირსალაძესაც.
გრიგოლს ციმბირშიც საკუთარი შრომით უწევდა თავის რჩენა – სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად მოსწავლეებს მათემატიკაში ამეცადინებდა. მეორე კურსიდან, როგორც წარჩინებულ სტუდენტს, სტიპენდია დაუნიშნეს, მაგრამ არ ჰყოფნიდა, რადგან უმცროსი ძმების განათლებაზეც უნდა ეზრუნა.
უნივერსიტეტში გრიგოლი მედიცინის რამდენიმე დარგით დაინტერესდა, მაგრამ საბოლოოდ ქირურგია აირჩია. დიდი მონდომებით სწავლობდა, ოპერაციებს ესწრებოდა, ქირურგებს ეხმარებოდა. საზაფხულო არდადეგებზე თბილისში ჩამოსულიც ვერ ისვენებდა, დღესა და ღამეს მიხეილის საავადმყოფოში ატარებდა, არანაირ საქმეზე არ ამბობდა უარს: ჭრილობის შეხვევაზე, ავადმყოფის მოვლაზე... ოპერაციებზე ასისტენტის მოვალეობას ასრულებდა. მაქსიმე ფინაგეევი, სასტერილიზაციოს თანამშრომელი, იხსენებდა: რომ არ გვცოდნოდა, გრიგოლი სტუდენტი იყო, გამოცდილი ექიმი გვეგონებოდაო.
1908 წელს გრიგოლ მუხაძემ წარჩინებით დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტი, თუმცა კიდევ სამი წელი დარჩა ციმბირში. ორდინატურა ჯერ პროფესორ ნიკალაი როგოვიჩის, მერე კი პროფესორ ვლადიმირ მიშის ხელმძღვანელობით გაიარა. მალე აითვისა პრაქტიკული ქირურგია და სამეცნიერო-კვლევით მუშაობასაც შეუდგა. მუშაობდა მინუსინსკში, კრასნოიარსკში, თავად ტომსკში. სამი წლის განმავლობაში ექვსი ნაშრომი გამოაქვეყნა: პროსტატის ჰიპერტროფიაზე, პროსტატექტომიაზე, კუჭის ნაწილობრივ რეზექციაზე კიბოს დროს, კოჭის ძაფის ქირურგიული დანიშნულებით გამოყენებაზე, ანგიოტრიფსიაზე სისხლდენის შეჩერების მიზნით. ეს ნაშრომები, ტომსკის საექიმო საზოგადოების რეკომენდაციით, ჯერ ადგილობრივ, მერე კი პეტერბურგის პრესაშიც დაბეჭდეს.
- მანგანუმის სამშობლოში
– 1911 წელს გრიგოლი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ჭიათურის სამრეწველო საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება ჩააბარეს. მალევე გავარდა ხმა, მუხაძე ბრწყინვალე ქირურგია და ურთულეს ოპერაციებს ატარებსო. საავადმყოფოს ეზო ურმებით ჩამოყვანილი ავადმყოფებით აივსო...
პროფესიონალიზმთან ერთად გრიგოლი უშუალობით და გულისხმიერებითაც გამოირჩეოდა. ხალხმა ისე შეიყვარა, ბავშვებს “მუხაძეს” არქმევდნენ. მისი ენერგია ყველას აოცებდა: დილაობით ოპერაციებს აკეთებდა, ნაშუადღევს სოფლებში დადიოდა მძიმე ავადმყოფების სანახავად, საღამოს კი თეატრში მედიცინის საკითხებზე ლექციებს კითხულობდა. იმავდროულად, ადგილობრივ სამთო სასწავლებელში სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას ასწავლიდა და ამ ყველაფერთან ერთად მეცნიერულ მუშაობასაც ასწრებდა. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ საკითხებზე აქვეყნებდა ნაშრომებს, წერდა ჰედონალის ნარკოზის, ელენთის კისტების, მეზენტერიული ჯირკვლების ტუბერკულოზისა თუ ენტეროლითების შესახებ, ცდილობდა, ხელისუფლების ყურადღება მიეპყრო მუშათა საყოფაცხოვრებო პირობებისთვის, სამეანო დახმარების დეფიციტისთვის, ვენერულ სნეულებათა გავრცელებისთვის, კრუპოზული პნევმონიით გამოწვეული სიკვდილიანაობისთვის, რაც პროფესიული იყო მანგანუმის მაღაროს მუშებისთვის და თვითონვე იგონებდა გზებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
გრიგოლი ყოველგვარი ნარკოზის ოსტატი იყო. თანამედროვე ქირურგს არ ეპატიება, პაციენტი ოპერაციის დროს ტკივილს გრძნობდესო, – ამბობდა. ფართოდ იყენებდა სპინალურ ანესთეზიას. პაციენტებს შორისაც გაითქვა სახელი ამ უჩვეულო მეთოდმა და თვითონვე სთხოვდნენ ხოლმე – “მხოლოდ ჭიპს ქვემოთ დამაძინეო”.
სადოქტორო განზე არ დაგრჩესო, ახსენებდა პროფესორი მიში. გრიგოლმაც, როგორც იქნა, მოიცალა და 1912 წელს პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ცნობილი მეცნიერის, პროფესორ ვლადიმირ ოპელის კლინიკაში დაამუშავა დისერტაციის თემა – სისხლის მიმოქცევის შემცირებული წრის გავლენა სისხლის საერთო წნევაზე. ამ ნაშრომისთვის მას მედიცინის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. სხვათა შორის, ქირურგებს შორის გრიგოლ მუხაძე პირველი ქართველი დოქტორი იყო.
1913 წელს გრიგოლმა მონაწილეობა მიიღო ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საერთაშორისო კონგრესში, იმოგზაურა გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში, ოპერაციებზე ესწრებოდა უცხოელ ქირურგებს და ბევრი რთული მეთოდი შემდეგ თავის კლინიკაშიც დანერგა.
- ლაზარეთი
– დიდი ქირურგი ჭიათურაში დიდხანს არ გააჩერეს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ათასორასსაწოლიანი მერვე ლაზარეთის მთავარ ქირურგად გადაიყვანეს. ჭიათურელებს ისღა დარჩენოდათ, საყვარელი ექიმისთვის გრანდიოზული გაცილება მოეწყოთ.
ლაზარეთში გრიგოლის ხელში 15 ათასმა დაჭრილმა გაიარა. სამი ათასს თავად მან გაუკეთა ოპერაცია. ძალ-ღონეს არ ზოგავდა, რომ დაჭრილებისთვის მოვლისა და მკურნალობის საუკეთესო პირობები შეექმნა.
დიაგნოზის დასმისას იშვიათად ცდებოდა. ერთხანს თბილისში გრიგოლის მასწავლებელი, ვლადიმერ ოპელი იყო სტუმრად. სამხედრო ჰოსპიტალში პაციენტი მიიყვანეს ბარძაყზე მტკივნეული გამობერილობით. გრიგოლმა ტრავმული წარმოშობის თეძოს არტერიის ანევრიზმა ივარაუდა. ოპელმა არ დაუჯერა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ უბრალო აბსცესთან ჰქონდა საქმე და გამობერილ ადგილს დანა დაუსვა. ჭრილობიდან სისხლმა იფეთქა, ავადმყოფი ვერ გადაარჩინეს. ოპელმა კეთილსინდისიერად აღიარა შეცდომა და ამ შემთხვევის შესახებ სტატიაც გამოაქვეყნა.
- სათავეებთან
– ჩამოთვლაც კი ძნელია, რამდენ რამეს იყო მოდებული გრიგოლი. სპირიდონ ვირსალაძესა და მიხეილ წინამძღვრიშვილთან ერთად დააარსა ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის გახსნაში... 1918 წელს თბილისის ახალდაარსებული ტრავმატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორად დანიშნეს, თუმცა მალე ინსტიტუტი უსახსრობის გამო დაიხურა და გრიგოლი მიხეილის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ გადაიყვანეს. ნიჭიერი ახალგაზრდა ექიმები შემოიკრიბა გარს და მათ დაოსტატებაზე ზრუნვა დაიწყო. მასვე მოუწია კლინიკაში დახვედრილი მძიმე სამუშაო პირობების გამოსწორებაც.
პარალელურად ჯერ ზოგადი ქირურგიის, მერე კი ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრასაც ხელმძღვანელობდა. დიდი ორატორი არ ეთქმოდა, მაგრამ მისი ლექციები ყოველთვის ღრმა და შინაარსიანი იყო, უხვად ილუსტრირებული. შეიმუშავა ავადმყოფის გარჩევის ახალი, შედარებით მარტივი სქემა, რამაც სტუდენტები ადვილად მიაჩვია სამედიცინო აზროვნებას.
გრიგოლის მოსაგვარებელი იყო ისეთი ყოფითი საკითხებიც, როგორიცაა სკამების, სამედიცინო ინსტრუმენტებისა თუ რეაქტივების შოვნა.
საოცარი მეხსიერება ჰქონდა – იცოდა სტუდენტების რაოდენობა ყველა ფაკულტეტსა და ყველა კურსზე, იცოდა, მათ შორის რამდენი ქალი იყო და რამდენი ვაჟი, ვინ კარგად სწავლობდა და ვინ ცუდად, რომელმა პედაგოგმა გააცდინა მეცადინეობა...
- ქირურგების მჭედელი
– ახალგაზრდა ქირურგების აღზრდას გრიგოლი უკიდურესად სერიოზულ საქმედ მიიჩნევდა და ამისთვის თავისი სქემაც კი ჰქონდა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდებს, რომლებიც დამოუკიდებლად იკაფავდნენ გზას. აკვირდებოდა სტაჟიორს, მის შესახებ ცნობებს აგროვებდა, ჯერ სისხლის გადასხმის კაბინეტში ამუშავებდა, ჰემატოლოგიას შეასწავლიდა, მერე კლინიკურ-დიაგნოსტიკურ განყოფილებაში მისცემდა დავალებას, ამის შემდეგ ავადმყოფებს ჩააბარებდა და სთხოვდა, ძირფესვიანად შეესწავლა ასეპტიკა, ანტისეპტიკა და გაუტკივარების ყველა წესი, კარგად სცოდნოდა სტერილიზატორებისა და ავტოკლავების გამოყენება. როცა ამასაც შეასწავლიდა, ახლა ჩირქოვან ქირურგიაზე გადაიყვანდა, ბოლოს ოპერაციაზეც გაუშვებდა, ჯერ – მარტივზე, ასისტენტთან ერთად, ბოლოს – რთულზე.
თუ რომელიმე ორდინატორი პაციენტს წესის მიხედვით არ მოამზადებდა საოპერაციოდ, თავისი ხელით არ ჩაუტარებდა ლაბორატორიულ გამოკვლევას, დროზე არ დაწერდა ისტორიას – 1-2 თვით ოპერაციების ჩამორთმევით სჯიდა.
უკვე კარგად მომზადებულ ორდინატორს ცოტა ხანს პოლიკლინიკის ქირურგიულ კაბინეტსა და კლინიკის სხვადასხვა განყოფილებაში ამუშავებდა.
ექიმები კლინიკაში ადრე უნდა მისულიყვნენ და გვიან წასულიყვნენ. ორდინატორს ოპერაციის წინა საღამოსაც უნდა ენახა პაციენტი, გაემხნევებინა, მოფერებოდა, ხოლო ოპერაციის შემდეგ ერთი კვირა ყოველ საღამოს მოენახულებინა. დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, სამუშაო თუ უქმე დღეებში, კლინიკა სავსე იყო თანამშრომლებით. გრიგოლიც სულ მათ გვერდით იდგა. როცა ექიმი ავადმყოფის გამო დიდი ხნით შემორჩებოდა კლინიკაში, მცირე საჩუქრით წაახალისებდა ხოლმე – კინოში, თეატრში ან კონცერტზე დაპატიჟებდა.
გრიგოლმა კლინიკის შემოვლა მაღალ მეცნიერულ დონეზე აიყვანა. ხშირად იმეორებდა, რომ ბევრი კარგი ოპერაცია ქირურგის დიდი ღირსებაა, მაგრამ არანაკლებია უნარი, ავადმყოფს თავიდან ააცილო უსარგებლო ოპერაცია. ახალბედა ქირურგებს, თუ სინანულს შეატყობდა, შეცდომისთვის არ სჯიდა. პირიქით, ეხმარებოდა, უფრო კარგად შეესწავლა ის საკითხი, სადაც შეცდომა დაუშვა. საჯაროდ, ავადმყოფის ან კოლეგის თანდასწრებით, შენიშვნას არ მისცემდა. მისი კრიტიკა ყოველთვის სამართლიანი იყო.
ხელმოკლე მოწაფეებს საკუთარ წიგნებს აძლევდა, კითხულობდა და ასისტენტებსაც აკითხებდა ლექციებს არა მხოლოდ ზოგადი ქირურგიიდან, არამედ მოსაზღვრე დარგებიდანაც, კვალიფიკაციის ასამაღლებლად გზავნიდა მათ მოსკოვში, ლენინგრადში, ევროპის ქვეყნებში.
მართავდა “შინაურ კონფერენციებს”. თუ ორდინატორის მოხსენება მოეწონებოდა, ქირურგიული სექციის სხდომაზეც გაიტანდა.
დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ორგანიზებულობას, ამიტომ ორდინატორებს გზავნიდა სააფთიაქო სამმართველოში ან საწყობში კლინიკისთვის საჭირო საოპერაციო მასალისა და მედიკამენტების შესაძენად. ორდინატორს თვითონვე უნდა შეედგინა სია, მოემზადებინა და გაეფორმებინა საჭირო საბუთები.
ასე გამოწრთობილ ქირურგს 2-3 წლით რაიონში გზავნიდა სამუშაოდ, თუმცა მზრუნველობის გარეშე არც იქ ტოვებდა. წინასწარ დათქმულ დღეს ასისტენტთან ერთად ჩადიოდა, ჩაჰქონდა ახალგამოცემული წიგნები ქირურგიაში, იარაღები, აპარატურა, მედიკამენტები, საოპერაციო და სახვევი მასალა. ჩაიბარებდა ანგარიშს, გასინჯავდა რთულ პაციენტებს, რამდენიმე დღე დარჩებოდა, გავიდოდა ხალხში, გაიგებდა, მოსწონდათ თუ არა მისი მოწაფე, პოპულარულ ენაზე წაიკითხავდა ლექციას და ახლა სხვა მოწაფესთან გადაინაცვლებდა.
ხანდახან რეგიონებში ექიმთა ბრიგადებიც მიჰყავდა. არ დარჩენილა საქართველოს არც ერთი კუთხე, მიუვალი მთის სოფელიც კი, გრიგოლ მუხაძეს ფეხი რომ არ დაედგას. ზოგჯერ სტუმრებიც ახლდა და მასთან ერთად ისინიც კითხულობდნენ ლექციებს. სამეცნიერო კონფერენციებს მართავდა ზემო სვანეთში, სამხრეთ ოსეთში...
- მამამთავარი
– გრიგოლს კლინიკაში ოთხი ათასამდე ოპერაცია აქვს ჩატარებული, უმეტესობა – რთული. მისთვის არ არსებობდა ქირურგიის პრიორიტეტული დარგი – მუცლის ღრუს, გულმკერდის, თავის ტვინის, უროლოგიურ, გინეკოლოგიურ თუ სტომატოლოგიურ ოპერაციებს ერთნაირი პროფესიონალიზმით აკეთებდა.
რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური ინსტიტუტის, ყოფილი მიხეილის საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობა გრიგოლს 1925-1937 წლებში ეკავა. მისი დირექტორობისას გაიზარდა საწოლების რაოდენობა, საავადმყოფოს დაემატა ახალი განყოფილებები. გრიგოლმა მოამზადა სპეციალისტები და საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ქირურგიის არაერთ დარგს: უროლოგიას, ორთოპედიას, ტრავმატოლოგიას, სტომატოლოგიას, ბავშვთა ქირურგიას, ონკოლოგიას, ძვალ-სახსართა ტუბერკულოზის ქირურგიას, ოტორინოლარინგოლოგიას, ნეიროქირურგიასა და გულმკერდის ღრუს ორგანოთა ქირურგიას. მოაწყობდა კლინიკას და თავის უკვე კვალიფიციურ მოწაფეს გადააბარებდა მიმართულებას, მაგრამ არ შეატოვებდა – სიცოცხლის ბოლომდე მხარში ედგა და რჩევა-დარიგებას არ აკლებდა.
არ იყო საქართველოში სამედიცინო დაწესებულება, სადაც რეპუბლიკურ საავადმყოფოში გამოცდილებამიღებულ ექიმს არ ემუშაოს.
გრიგოლი საოპერაციო დების მომზადებაზეც ზრუნავდა. თვითონვე შეადგინა სპეციალური პროგრამა ექვსთვიანი კურსებისთვის და ყველაზე რთულ საგნებსაც თავად კითხულობდა.
გრიგოლის ძალისხმევით დამკვიდრდა თბილისის ქირურგიულ კლინიკათა კონფერენციების ტრადიცია. ამ კონფერენციებს მუხაძე ახალგაზრდა ექიმებისთვის მეორე სკოლად მიიჩნევდა. სხდომას თვეში ორჯერ იწვევდა სხვადასხვა კლინიკაში. არჩევდნენ საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს, განიხილავდნენ საორგანიზაციო საკითხებს. 1933 წელს, დაარსებიდან 9 წლის შემდეგ, კონფერენციები ჯერ ექიმთა საზოგადოების ქირურგიულ სექციად, მერე კი ქირურგიულ საზოგადოებად ჩამოყალიბდა. სხდომებს მუდამ გრიგოლი თავმჯდომარეობდა. აქტიურად მონაწილობდა ამიერკავკასიისა და საკავშირო ყრილობების ორგანიზებაშიც.
მეორე მსოფლიო ომის წლებში გრიგოლ მუხაძე სამხედრო ნაწილებისთვის საგანგებოდ ამზადებდა კადრებს. იმ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით დაოსტატდა და გადამზადდა 500 ექიმი და უამრავი მედდა. განაგებდა და ხელმძღვანელობდა სამხედრო საველე ქირურგიის კურსს კლინიკაში, ჯარს სისხლით, შრატითა და პლაზმით ამარაგებდა, ქირურგიული საქმიანობის ორგანიზებასა და მკურნალობის პრაქტიკულ საკითხების გადაჭრაში ეხმარებოდა.
გრიგოლ მუხაძის დიდი ძალისხმევის შედეგია ცენტრალური კლინიკური ინსტიტუტის ბაზაზე სისხლის გადასხმის სადგურის დაარსებაც. გრიგოლმა შექმნა მისი ფილიალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ჩაატარა რესპუბლიკური კონფერენცია... საბოლოოდ დაარსდა სისხლის გადასხმის ინსტიტუტი, სადაც სისხლის გადასხმაში 1700 ექიმი გადამზადდა. გრიგოლმა გამოსცა სისხლის გადსხმის სახელმძღვანელო და ცნობარი, რომლებსაც მთელ საბჭოთა კავშირში ეყრდნობოდნენ.
საუკეთესო მოწაფეებთან ერთად გრიგოლ მუხაძემ საფუძველი ჩაუყარა კერძო ქირურგიის სახელმძღვანელოსაც. რამდენიმე თავი პეტერბურგში იუსტინე ჯანელიძეს დააწერინა, თუმცა პირველი ტომის უდიდესი ნაწილი თავად დაწერა. ეს ტომი მის სიცოცხლეშივე დაისტამბა, მეორეს კი ვეღარ მოესწრო – ის მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა კონსტანტინე ერისთავისა და კონსტანტინე ვეფხვაძის რედაქტორობით.
კომუნისტური პარტიის წევრი არ გამხდარა, თუმცა შეუძლებელია, მისი დამსახურება ვერ შეემჩნიათ. 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს, მოგვიანებით კი – საბჭოთა სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
- დაუღლელი და პრინციპული
– მიუხედავად რთული რეჟიმის, გრიგოლს არასოდეს ენანებოდა დრო ავადმყოფებისთვის, გულისყურით უსმენდა, ამხნევებდა, უმასპინძლდებოდა. ბავშვთა განყოფილებაში მუდამ კანფეტებით სავსე ჯიბეებით შედიოდა, პატარა პაციენტებიც მოუთმენლად ელოდნენ. უმნიშვნელო წვრილმანიც კი არ გამორჩებოდა: გამოსაცვლელი თეთრეული, დაულაგებელი კარადა თუ დაზიანებული ელექტროგაყვანილობა.
არც საოჯახო საქმეებს აკლებდა ხელს: მზის ამოსვლამდე დგებოდა, დააპობდა შეშას, დაანთებდა ღუმელს, დააპურებდა შინაურ ცხოველებს, ბაზრიდან სურსათ-სანოვაგეს მოიტანდა, მერე მოწაფეების ნაშრომებს ჩაუჯდებოდა. საოცარი სისწრაფით კითხულობდა, კლინიკაში წასვლამდე ერთი ნაშრომის მთლიანად წაკითხვას ახერხებდა და ავტორს შენიშვნებითურთ უბრუნებდა. მუშაობაში არაჩვეულებრივი მეხსიერებაც ეხმარებოდა, ყოველთვის იცოდა, რომელი წიგნი სად იდო, ვისი წერილი რომელ ჟურნალში იყო დაბეჭდილი.
მისი ჰობი მეფუტკრეობა იყო. კოჯორში, აგარაკზე მოწეულ თაფლს მოწაფეებსა და მეგობრებსაც უწილადებდა ხოლმე.
გრიგოლ მუხაძის ნამოწაფარი, ცნობილი ქირურგი გიორგი აბაშიძე, ორ საინტერესო ამბავს იხსენებს:
ერთხელ კლინიკის კიბეზე გრიგოლი ცაკის თავმჯდომარეს მიხა ცხაკაიას შეეჩეხა. გრიგოლმა მისი თანამდებობა არაფრად ჩააგდო და მისალმების შემდეგ სთხოვა, ქვემოთ ჩაბრძანდით, ქურქი და კალოშები გაიხადეთ და ისე ამოდითო. მანაც უსიტყვოდ შეასრულა ექიმის მოთხოვნა.
ერთხელაც რესპუბლიკის ხელმძღვანელები ავარიაში მოყვნენ და მძიმედ დაშავდნენ. ისინი რესპუბლიკური საავადმყოფოს სტაციონარში მოათავსეს. მეორე დღეს საქართველოს ჯანდაცვის სახელმწიფო კომისიის უფროსის მოადგილემ გრიგოლს განუცხადა: მიუღებელია საპასუხისმგებლო მუშკების წოლა პალატებში, სადაც საწოლები და ქვეშაგები საერთოაო. გრიგოლმა მიუგო: ჩვენი საავადმყოფო მუშებისა და გლეხებისაა და არა საპასუხისმგებლო მუშაკების, მათთვის არსებობს მეოთხე სამმართველოს საავადმყოფო, შეგიძლიათ, გადაიყვანოთ. მე სამუშაო კაბინეტს ვერ დავცლი, რომ მათ პირობები გავუუმჯობესო და ვერც იმის უფლებას მოგცემთ, ქვეშაგები სახლიდან მოიტანოთო.
- ოჯახი და უკანასკნელი წლები
– გრიგოლის რჩეული გახდა ეკატერინე ახმეტელი – ცნობილი რეჟისორის და, ძმასავით ნიჭიერი, განათლებული და თავისუფლად მოაზროვნე. 1915 წელს ეკატერინეს დედამ ტრავმა მიიღო და სამკურნალოდ გრიგოლთან მოხვდა. ქალ-ვაჟი მანამდეც იცნობდა ერთმანეთს, მაგრამ ამ ფაქტმა ისინი უფრო მეტად დააახლოა. მათ შეუღლებას დიდად შეუწყო ხელი ცნობილმა თერპევტმა შალვა მიქელაძემ, რომელმაც მეჯვარეობა იკისრა.
მუხაძეებს ქალ-ვაჟი შეეძინათ, მერი და გივი. მოგვიანებით, სანდრო ახმეტელისა და მისი მეუღლის დახვრეტისა და გადასახლების შემდეგ, იშვილეს მათი ვაჟიც, ექვსი წლის სანდრიკა. გრიგოლს განსაკუთრებით უყვარდა შვილობილი და დიდი მზრუნველობით ზრდიდა. 1945 წელს 16 წლის სანდრიკას ტრამვაიმ გადაუარა... მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა გრიგოლი ძალიან გატეხა, ჯანმრთელობა შეურყია. ერთხანს ისე ცუდად იყო, უკვე მოსკოვიდან მის გადმოსვენებაზეც კი საუბრობდნენ. გვერდიდან არ მოშორებია და, თამარი, რომელიც წლების განმავლობაში საოპერაციო დად მუშაობდა მასთან. როგორც კი გონზე მოვიდა, ოპერაციებზე დასწრება ითხოვა. ვინაიდან ნაავადმყოფარს ფეხით სიარული არ შეეძლო, ურიკით დაჰყავდათ. ერთხელ პალატის ექიმს ხელში სადისერტაციო ნაშრომი დაუნახა ბარძაყის ყელის მოტეხილობის დალურსმვით მკურნალობის შესახებ. გამოართვა, რეცენზია მიუწერა და ავტორს გაუგზავნა, თავისი კლინიკისთვის კი სასწრაფოდ გამოიწერა პორტატიული რენტგენი და დალურსმვისთვის საჭირო იარაღები.
ნაავადმყოფარ, დასუსტებულ გრიგოლს ახლობლები უფრთხილდებოდნენ, მაგრამ თვითონ ზოგავდა არ თავს. ერთხელ მიხეილ წინამძღვრიშვილმა სიყვარულით უსაყვედურა: გრიშა, ბიჭო, მოისვენე, ამდენს რომ დადიხარ, გზაში არ მოკვდეო. გრიგოლმა უპასუხა: საწოლში სიკვდილს ლექციის, მოხსენების, ოპერაციის ან მოგზაურობის დროს სიკვდილი მირჩევნიაო. მართლაც, 1948 წლის ოქტომბერში ქირურგიული საზოგადოების სხდომას გაუძღვა, მეორე დღეს კი გარდაიცვალა.
მარი აშუღაშვილი