ფსიქიკა კომფორტს მოითხოვს
გააზიარე:
“ფსიქიატრია ამ სახელით რამდენიმე საუკუნის წინ გამოეყო სამედიცინო დისციპლინებს. ის, რასაც შეისწავლის ეს დარგი – ადამიანის ფსიქიკის კომფორტი საზოგადოებასთან, გარემოსთან, საკუთარ თავთან ურთიერთობისას – გაჩნდა იმთავითვე, როგორც კი დედამიწაზე პირველმა ადამიანმა დადგა ფეხი”, – ამბობს ბატონი დავით ზურაბაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ადამიანის ჯანმრთელობა უხეშად შეიძლება ორ სფეროდ გავყოთ: ფიზიკურ ანუ სომატურ ჯანმრთელობად და ფსიქიკურ ჯანმრთელობად ანუ ფსიქოლოგიურ კომფორტად. ფიზიკური ჯანმრთელობა ნიშნავს, რომ ყველა ორგანო ნორმალურად მუშაობს, ხოლო ფსიქიკური – რომ ადამიანი დღისითაც და ღამითაც კომფორტულად გრძნობს თავს. ღამის კომფორტის მთავარი ნიშანი ის არის, რომ დილით ვიღვიძებთ დასვენებულები, გამოძინებულები, ენერგიით სავსენი, გვიხარია გათენება. დღის კომფორტი ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს სურვილი, საკუთარი ენერგია საითმე მიმართოს, დახარჯოს და გარემოსთან მისთვის მისაღები ურთიერთობა ჰქონდეს. თავად გარემოც შეგვიძლია ორად გავყოთ: ოჯახურ გარემოდ და მაკროგარემოდ ანუ სოციუმად. ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის მიზანია, ადამიანს მიკრო და მაკროგარემოში სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბება ასწავლოს. ადამიანს, რომელიც ამას ვერ ახერხებს, ეწყება ე.წ. ნევროზული რეგისტრის აშლილობა, რომელსაც ნევროზს უწოდებენ. ფსიქოზური რეგისტრის აშლილობა, შიზოფრენია, ამ მიზეზით არ იწყება. ნევროზი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, ვინაიდან ადამიანებმა არა მხოლოდ საზოგადოებასთან, არამედ საკუთარ თავთან ურთიერთობის უნარიც დაკარგეს და დამნაშავეს არა საკუთარ თავში, არამედ გარეშეთა შორის ეძებენ. ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, პირველ ყოვლისა, საჭიროა სათანადო განათლება, მაგრამ ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების პროცენტი მოსახლეობაში ძალიან მცირეა. კარგი იქნება, თუ ასეთ შემთხვევაში ადამიანი მიმართავს როგორც ფსიქიატრს, ასევე ფსიქოლოგს. მაღალკვალიფიცირებული ფსიქოლოგი მრავალ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, გირჩევთ, როგორ იცხოვროთ, როგორ მოაგვაროთ კონფლიქტები. დღეს ჟურნალ-გაზეთებში უამრავი ტესტი იბეჭდება: როგორი ხართ, როგორი პერსპექტივა გაქვთ, როგორი იქნება თქვენი ხვალინდელი დღე... ამ ყველაფერმა შესაძლოა ადამიანი შეცდომაში შეიყვანოს, მცდარი გადაწყვეტილება მიაღებინოს. ნებისმიერი ფსიქოლოგიური პრობლემის დროს დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ადამიანს, რომელსაც სათანადო განათლება და ამ განათლების დამადასტურებელი დიპლომი აქვს. უმუშევრობამ, კატაკლიზმებმა, არასტაბილურმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროზი და არა ფსიქიკური აშლილობა. შიზოფრენიას უმთავრესად ალკოჰოლი და ნარკოტიკები აპროვოცირებს. ასე რომ, მისი ტენდენცია არ იცვლება. სამაგიეროდ, ხშირდება ნევროზული რეგისტრის აშლილობები, რომელთა რაოდენობას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია, ვინაიდან რაც უფრო ჩქარ ტემპს მიჰყვება სახელმწიფო, მით უფრო იმატებს ნევროზული რეგისტრის აშლილობები. განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში ნევროზის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე დღევანდელ საქართველოში. რაც შეეხება თერაპიას, ნევროზისგან განკურნება შეიძლება ერთ
თვეშიც, ათ დღეშიც და ერთ კვირაშიც. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ პრეპარატებზე, არამედ პაციენტის სურვილზეც. ბევრს ნევროზი სოციუმთან ურთიერთობისთვის სჭირდება. მაგალითად, ცდილობს, მისი მეშვეობით ოჯახი წევრების ყურადღების ცენტრში მოექცეს. ასეთ ადამიანს არ სჭირდება გამოჯანმრთელება, რადგან ის ავადმყოფობას თავის სასარგებლოდ იყენებს.ფსიქოზური რეგისტრის დაავადებათა სამკურნალო პრეპარატები ძალიან განვითარდა. დღეს არა მხოლოდ მსოფლიო ბაზარზე, არამედ საქართველოშიც შეიძლება ისეთი პრეპარატების შეძენა, რომლებსაც ადამიანი თვეში ერთხელ იკეთებს და ჩვეულებრივ ცხოვრობს, არაფრით იზღუდება. მხოლოდ ალკოჰოლის და, თავისთავად ცხადია, ნარკოტიკების მიღება ეკრძალება. ალბათ დაგაინტერესებთ, რა კატეგორიის ადამიანებს სჭირდებათ სპეციფიკურ კლინიკაში მკურნალობა. არსებობს ასეთი ცნება: მრავალპროფილიანი ფსიქიატრიული დაწესებულება. ასეთ დაწესებულებაში შეიძლება მოათავსონ პაციენტი მშობიარობის შემდგომი მწვავე ფსიქოზით (ეს პათოლოგია იშვიათია), ქცევის პათოლოგიით, მწვავე ფსიქოზური რეგისტრის აშლილობით, სპეციფიკური ღაზოიანობის (ეჭვიანობის) ბოდვით, პირები, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და არანებაყოფლობითი მკურნალობა სჭირდებათ, ბავშვები და მოზრდილები ანორექსიით ან ბულემიით, ასევე – ავადმყოფები ალკოჰოლური ან ინტოქსიკაციური ეტიოლოგიის ფსიქოზით და სხვა. ამ ტიპის დაწესებულებებში უნდა იყოს სპეციფიკური სარეაბილიტაციო-საადაპტაციო ჯგუფები, რომლებიც პიროვნებას სოციუმს დაუბრუნებს, რათა შემდგომში მუშაობის გაგრძელება შეძლოს. ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. რაც შეეხება დაფინანსებას, ამჟამად სახელმწიფო სამი ტიპის ავადმყოფებს აფინანსებს: მწვავეს – დღეში 32 ლარი (15 დღე), ქვემწვავეს – დღეში 15 ლარი (45 დღე) და ქრონიკულს – 8,60 ლარი (წლების განმავლობაში). როდესაც მწვავე ფორმა გაივლის და დაავადება ქვემწვავე სტადიაში გადავა, 15 დღეს კიდევ 45 დღე მიემატება, საბოლოო ჯამში ეს სტაციონარული მკურნალობის ორი თვე გამოდის, რის შემდეგაც პაციენტს შეუძლია გაეწეროს.