როგორ ვასწავლოთ ბავშვს მეგობრობა?

გააზიარე:

პირველ მეგობრებს ბავშვი საბავშვო ბაღში ან სათამაშო მოედანზე იძენს, როცა უკვე აქტიურად იწყებს თამაშს სხვა ბავშვებთან. მაგრამ რატომ ხდება ზოგი მაშინვე ლიდერი თავის წრეში, ზოგი კი თანატოლებთან ურთიერთობის დამყარებასაც ვერ ახერხებს? ამას არაერთი მიზეზი აქვს. როდის შემოვკრათ განგაშის ზარებს? როგორ დავეხმაროთ შვილს მეგობრების შეძენასა და შენარჩუნებაში? საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვობისას მეგობრული ურთიერთობები?

  • პატარა მეგობრები

ბავშვები ძალიან სწრაფად ვითარდებიან. შესაბამისად იცვლება მეგობრული ურთიერთობების ხასიათი და სიღრმეც. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბავშვები მეგობრებს ადვილად თმობენ.
პირველ წლებში ბავშვისთვის მშობელია სამყაროს ცენტრი. ასაკის მატებასთან ერთად ვითარება იცვლება, რაც ნორმალურია. თანატოლებთან კონტაქტი ბავშვისთვის ერთგვარი ვარჯიშია, რომელიც მას მომავალი ცხოვრებისთვის ამზადებს. ამ დროს ის ურთიერთობათა სირთულეებს ეცნობა.
სამ წლამდე ბავშვების ერთად თამაში ცოტა ხანს გრძელდება, სამი წლიდან კი უკვე აქტიურად იწყებენ თამაშის დროს ურთიერთობას – საუბრობენ, იცინიან, ჩურჩულებენ, ცელქობენ, სხვადასხვა როლს ირგებენ. ასე ყალიბდება მათი ხასიათი და თვისებები.


მეგობრების გარემოცვაში ბავშვი სწავლობს, რომ არსებობენ სხვებიც, რომლებიც მას ჰგვანან, მასავით ფიქრობენ, გრძნობენ, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ეჯახება სამყაროს, რომლისაც მას, დიდისგან განსხვავებით, უკეთ ესმის, რადგან მისი ნაწილია. ადარებს თავს სხვა ბავშვებს, ხვდება, რომ არ არის განსხვავებული, რომ მისი მეგობრებიც ზოგჯერ იმარჯვებენ, ზოგჯერ კი მარცხდებიან. სწავლობს საკუთარი შესაძლებლობების უკეთესად შეფასებას.


ბავშვები ერთმანეთს სტიმულს აძლევენ. სამყაროს სხვა თვალით უყურებენ, ადვილად სჯერათ საოცრებების, განსაკუთრებულ ცნობისმოყვარეობას იჩენენ ყველაფრის მიმართ, რასაც მათ ყოველდღიურობა სთავაზობს. როცა ისინი თამაშში არიან ჩაძირულნი, შეუძლებელი არაფერია. ქვიშით სავსე ყუთები მატარებელია, პატარა გუბურა კი თვალუწვდენელი ოკეანე. ბავშვები ერთად ქმნიან წარმოსახვით სამყაროს და იმადროულად იფართოებენ ხედვას, სწავლობენ კრეატიულობას.
ოჯახის გარეთა ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია პუბერტატის ასაკში. როცა ყველას და ყველაფერს ემიჯნები, თავის დამკვიდრებას ცდილობ, ამ დროს მეგობარი დიდი ნუგეშია. სხვა ადამიანების ნდობა და რწმენა კი თავდაჯერებას გმატებს.

  • სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება

ჯანსაღი სოციალური ქცევის განსავითარებლად თავიდანვე აუცილებელია სოციალური კონტაქტები როგორც დიდებთან, ისე თანატოლებთანაც. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა ისწავლოს ახალ სიტუაციებთან ადაპტირება, მათი განსჯა და სათანადო მოქმედება. პირველ ნაბიჯებს ბავშვები მშობლებთან ერთად დგამენ, მოგვიანებით კი, დაახლოებით სამი წლიდან, ამ უნარ-ჩვევებს სხვა ბავშვებთან ერთან ივითარებენ. თუ ბევრი მშობლისთვის თამაში მხოლოდ დროის გაყვანას ნიშნავს, ბავშვისთვის ეს ნამდვილი სამუშაოა, რადგან ის ამ დროს სწავლობს:


* კონტაქტის დამყარებას – როგორ დაუახლოვდე სხვას, როგორი ქცევა იძლევა სასურველ შედეგს, რა ხდება, როცა ვინმეს რამეს ჩუქნი ან, პირიქით, ართმევ. სწავლობენ იმასაც, რომ ადამიანები ყველაფერზე ერთნაირად არ რეაგირებენ.
* კონფლიქტის მოგვარებას – ბავშვები ხშირად კინკლაობენ და კამათობენ, რაც შესაძლოა ადვილად გადაიზარდოს ხელჩართულ ჩხუბში. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მაშინვე ირაზმებიან სიტუაციის გასანეიტრალებლად, ბავშვისთვის ეს აუცილებელიც კია. ის სწავლობს, როგორ ჯობია აზრის გამოხატვა, რომ ხშირად საუბარი უკეთესია, ვიდრე დარტყმა, რომ მიზანს დათმობით უფრო მიაღწევ, ვიდრე აგრესიული რეაქციით.
* თანაგრძნობას – ეს გრძნობა ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობისას უვითარდებათ – მათ ხომ ყველაზე კარგად შეუძლიათ ერთმანეთის გრძნობებისა და განცდების გაზიარება. თუმცა ამ დროს აუცილებელია მშობლის დახმარება, რომ ეს გრძნობა აგრესიაში ან, პირიქით, ზედმეტ გულჩვილობაში არ გადაიზარდოს.
* პატივისცემას – ბავშვები ამ გრძნობასაც ერთმანეთთან ურთიერთობით სწავლობენ, განსაკუთრებით – ინტეგრირებულ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, სადაც სპეციალურ საჭიროებათა მქონე და ფიზიკურად ჯანმრთელი ბავშვები ერთად არიან.

  • რთული ფაზები

დიდობისკენ მიმავალ გზაზე ბავშვები რთულ მონაკვეთებსაც გადიან. ხშირად ვერც კი ვხვდებით, რა დაემართა უცებ ჩვენს დამჯერე შვილს: აღარ გვეკონტაქტება, ხშირად გაღიზიანებულია, უაზროდ ჩხუბობს. თუ იმ პერიოდში ოჯახში რაიმე ცუდი ამბავი არ მომხდარა ან ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ესე იგი ის ცდილობს მოსინჯოს ნებადართულის საზღვრები, გაიგოს, რა მოჰყვება მის ასეთ საქციელს. შვილის საქციელი უყურადღებოდ არ დატოვოთ, აუცილებლად გამოხატეთ საპასუხო რეაქცია და დაეხმარეთ. მოჩხუბარ ბავშვთან თამაშის სურვილი შესაძლოა არავის გაუჩნდეს და თქვენმა შვილმა დაკარგოს მეგობრები ან, პირიქით, თვითონვე თქვას უარი სხვებთან ურთიერთობაზე. აუხსენით ბავშვს, რა შეიძლება მოჰყვეს მის საქციელს და დაეხმარეთ შემობრუნებაში. მაგალითად, დაპატიჟეთ სახლში მისი მეგობარი, რომელსაც ეჩხუბა ან გაფუჭებული სათამაშო ახლით შეუცვალეთ.
ბავშვები პირველ წლებში ბევრს სწავლობენ მშობლებისგან და ერთმანეთს გადასცემენ, ამიტომ ჯანსაღი სოციალური ქცევის ჩამოყალიბებაში მშობლებს გადამწყვეტი როლი ეკისრებათ, კარგი საბავშვო ბაღი და მშობლების ყურადღება კი დადებითად მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე.

  • რატომ არ ჰყავს მეგობრები

"ჩემი შვილი ძალიან გულჩათხრობილია, სულ მარტო თამაშობს, მეგობრები არ ჰყავს", – ხშირად გაგვიგონია მშობლებისგან. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, ტექნოლოგიების საუკუნეში, როცა ბავშვი კომპიუტერსა და ტელევიზორს არის მიჯაჭვული და მეგობრებთან ცოცხალ ურთიერთობას გაურბის. მშობლებიც დროის უქონლობის გამო ვეღარ ეხმარებიან შვილებს. ურთიერთობის დეფიციტი განსაკუთრებით შესამჩნევია ოჯახებში, სადაც ერთი ბავშვია. ფსიქოლოგების აზრით, მარტო მყოფი ბავშვები დეპრესიულები არიან, ხშირად ავადმყოფობენ, ნერვიულობენ, ტირიან, არ აქვთ მადა, ხშირად უჩივიან თავისა და მუცლის ტკივილს, კოშმარები ესიზმრებათ, ეშინიათ, არ მიატოვონ, არ უარყონ, დაბალი თვითშეფასება აქვთ, უჭირთ კონცენტრირება, არიან ზედმეტად უმოქმედონი ან, პირიქით, ზედმეტად იმპულსურები. ასეთი ბავშვები შესაძლოა საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და თავს ზიანიც მიაყენონ. ფსიქოლოგები გვირჩევენ, არც ერთი ასეთი გამოხატულება უყურადღებოდ არ დავტოვოთ.


ზოგიერთი ბავშვისთვის მშობლებთან ან და-ძმასთან ურთიერთობა სავსებით საკმარისია. მათ არ სჭირდებათ სხვა მეგობრები. განსაზღვრულ დრომდე ეს ნორმალურია, ამიტომ სხვებთან ერთად თამაში არ უნდა დააძალოთ. თუმცა შესაძლოა, ასეთი ბავშვები ბოლოს მარტონი აღმოჩნდნენ.
ბავშვებს, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ, ეტლში სხედან, სათვალე უკეთიათ, აკნე აწუხებთ ან თუნდაც დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ოჯახში იზრდებიან, შესაძლოა კომპლექსები ჩამოუყალიბდეთ. არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ბავშვები ხშირად რჩებიან მარტო, უმეგობროდ.
ამის ერთ-ერთი მიზეზი კი შესაძლოა სწორედ თქვენი შვილის ცუდი საქციელი იყოს. თავაზიანობას, პატივისცემას და გულწრფელობას ბავშვი უწინარესად მშობლებისგან სწავლობს, ამიტომ, თუ ბავშვს თავისი ქცევის გამო ურთიერთობა გაუფუჭდა სხვა ბავშვებთან, მშობლები, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს უნდა უნდა დააკვირდნენ – როგორ ექცევით სხვებს? მეგობრული და გულწრფელი ხართ თუ ჩაკეტილი და დისტანციური?

  • როგორ შევუწყოთ ხელი

მორცხვ ბავშვს უჭირს მეგობრების შემოკრება, აქტიური კი, – როცა ირგვლივ ბევრი გასართობია, ბავშვებს ვეღარ ამჩნევს. მშობელს ეს არ უნდა გამოეპაროს. კოცონის ასაგიზგიზებლად ხშირად ნაპერწკალიც საკმარისია. მაგალითად, შვილს ძალიან დაეხმარებით, თუ სახლში მის პატარა მეგობრებს და მათ მშობლებს მოიწვევთ, მათთან ერთად სათამაშო მოედანზე ან აუზზე წახვალთ. ოღონდ ეს ყველაფერი შვილთან ერთად დაგგემეთ. ზომიერება და სიფრთხილე გმართებთ, რათა თქვენს პატარას არ მოეჩვენოს რომ ამას მისი ნაკლის აღმოსაფხვრელად აკეთებთ, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ არსებობდეს.


თუ თქვენს შვილს საღამოობით მარტოობასა და სიმშვიდეში ურჩევნია ყოფნა, პანიკას ნუ მიეცემით – ესე იგი მისთვის სავსებით საკმარისია ბავშვებთან ურთიერთობა საბავშვო ბაღში. მაგრამ თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი პატარა მუდამ მარტო თამაშობს და ბავშვებთან ურთიერთობას გაურბის ან ვერ ახერხებს, მას აუცილებლად უნდა დაეხმაროთ. დააკვირდით, როგორ იქცევა ის უცხო ბავშვების წრეში. დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. რამე რომ შეიცვალოს, ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი შვილი თვითონვე მიხვდეს, რატომ არ ჰყავს მეგობრები. თქვენ კი დროულად უნდა დაეხმაროთ მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში. იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევებიც გამოგადგებათ.

  • პრაქტიკული რჩევები

ბავშვებთან თამაში რომ ისწავლოს, თქვენი პატარა სათამაშო მოედანზე ხშირად წაიყვანეთ. ასწავლეთ, როგორ გაიცნოს უცხო ბავშვი და დაამყაროს მასთან კონტაქტი.
ბაღის მეგობარი სახლში დაპატიჟეთ, ოღონდ თქვენს შვილს მიეცით არჩევანის საშუალება. ასწავლეთ, როგორ გაუმასპინძლდეს სტუმარს. თამაშიც უმჯობესია თვითონ შეარჩიონ. თქვენ შეგიძლიათ უმნიშვნელოდ ჩაერიოთ, შეაქოთ და გაამხნეოთ.
ხშირად ესაუბრეთ იმის შესახებ, რაოდენ მნიშვნელოვანია სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და მეგობრობა. უამბეთ თქვენი ბავშვობის მეგობრებზე, თქვენს თავგადასავლებზე. აუხსენით, რომ მეგობრები ერთად უფრო ძლიერები არიან და მიზანსაც ადვილად აღწევენ. მაგალითად, სპორტულ შეჯიბრებებში.


ასწავლეთ მოსმენა. ვინც მოსმენა იცის, მას სხვა ადამიანებთან კონტაქტის დამყარება და მათი ნდობის მოპოვება უადვილდება.
ავარჯიშეთ კონფლიქტის მოგვარებაში. ასწავლეთ, რომ კონფლიქტებს კომუნიკაციით და შეთანხმებით აგვარებენ და არა ძალის გამოყენებით.
ავარჯიშეთ აზრის გამოხატვაში, ჩვილის ენით არ ელაპარაკოთ.
პატივი ეცით თქვენს შვილს და მის მოთხოვნებს, ოღონდ მეტისმეტად ნუ გაათამამებთ: ყველა პატარა ტრავმას დიდ ამბად ნუ წარმოაჩენთ. ნუ მიაჩვევთ ყოველთვის საუკეთესოს მიღებას, თორემ ამას მერე ოჯახის გარეთაც მოითხოვს.


მიეცით სხვებთან ურთიერთობის მაგალითი. მაგალითად, თავაზიანად ესაუბრეთ მოლარეს მაღაზიაში, საუბარი გაუბით გაჩერებაზე მდგომ ადამიანებს, რეგულარულად შეხვდით თქვენს შვილიან მეგობრებს და თქვენი შვილიც ისწავლის, რომ სხვების მიმართ გულწრფელი და თავაზიანი უნდა იყოს.
ბავშვები, რომლებსაც უცხო ადამიანებთან კონტაქტი უჭირთ, ხშირად წაიყვანეთ ხალხმრავალ ადგილებში, მაგალითად, სავაჭრო ცენტრში, აუზზე ან ზოოპარკში.
საზოგადოებრივი აქტივობები ხელს უწყობს მეგობრების შეძენას, ამიტომ ატარეთ ბავშვი სპორტის გუნდურ სახეობებზე, მაგალითად, კალათბურთზე, ფრენბურთზე, ისეთ წრეებზე, რომლებიც ურთიერთობას მოითხოვს, მონაწილეობა მიაღებინეთ თეტრალურ პროექტებში.
თუ ბავშვი გულწრფელად ბედნიერია მხოლოდ მშობლებთან ურთიერთობით და არ ჩივის, რომ მეგობრები არ ყავს, უმჯობესია, არ დააძალოთ ბავშვებთან ურთიერთობა. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია.
თუ, მიუხედავად ძალისხმევისა, ვერაფერს გახდით და შეამჩნიეთ, რომ ბავშვი უფრო და უფრო გულჩათხრობილი ხდება და არავის ეკონტაქტება, აუცილებლად ფსიქოლოგს მიმართეთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: